დუშეთის თაფლის გემო ამერიკაში
ამერიკული მარკეტების დახლებზე ჩვენი თანამემამულის, გიორგი მაისურაძის წარმოებული თაფლი გამოჩნდა. გიორგიმ პენსილვანიის შტატში მოაშენა ფუტკარი და თაფლის წარმოება ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომით განავითარა. თაფლის გარდა, ამზადებს საკვების დანამატ პროდუქტს, აგრეთვე სანთელსა და სანთლის კომპოზიციებს. ამბობს, რომ მისი თაფლი ამერიკელებსა და ქართველ ემიგრანტებს ძალიან მოსწონთ, თავად მას კი ზოგიერთი სახეობა წინაპრების კუთხის, დუშეთის თაფლის გემოს ახსენებს.
გიორგი მაისურაძე:
- 14 წლის ასაკში ჰეპატიტი დამემართა და ღვიძლის გამორეცხვებისთვის ნატურალური თაფლი გახდა საჭირო. მარტყოფში მამას მეგობარს ფუტკარი ჰყავდა და თაფლთან ერთად მამას ორი სკაც აჩუქა, მოუარე და იმდენი თაფლი გექნება, ნათესავებსაც უწილადებო. დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში გვქონდა მამაპაპისეული სახლი. მამამ წამოიღო ნაჩუქარი სკები, მაგრამ რადგან ამ სასარგებლო მწერის მოვლა არ ვიცოდით, ფუტკარი დაგვეხოცა. მერე ვიყიდეთ ორი სკა. მამა ფუტკარს უვლიდა, მე კი მეფუტკრეობაზე ვკითხულობდი წიგნებს და ცოდნას მას ვუზიარებდი. ერთხელ ისეთი პრობლემა შეგვექმნა, წიგნების დახმარებით ვერ გამოვასწორეთ. გავიგე, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილში აკადემიკოს არჩილ ლოლუას ფუტკარი ჰყავდა. მასთან კონსულტაციაზე მისულმა პირველად ვნახე ფუტკრის შხამის მიღების პროცესი. ვიყიდე აპარატი და ჩავერთე მეფუტკრეობის ფერხულში. როცა ამერიკაში წავედი, ფუტკრის 120-მდე არასტანდარტული ოჯახი დავტოვე საქართველოში.
ამერიკამდე იტალიასა და საბერძნეთში მომიხდა ცხოვრება. ყველგან ვეძებდი მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციას. იტალიაში დავდიოდი გამოფენებზე, ბაზრობებზე და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ყველა რჩევას ვიმახსოვრებდი.
პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ. რამდენიმე წელი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიურ ლაბორატორიაში ვიმუშავე. დისერტაცია დაწერილი მქონდა, მაგრამ სამეცნიერო მუშაობის მიტოვება მომიხდა. სამაგიეროდ, ჩემი პროფესია მეფუტკრეობაში დამეხმარა. ჩვეულებრივ, თუ მეფუტკრეს პრეპარატების შერჩევაში სხვა უწევს კონსულტაციას, მე თავად ვაფასებ სიტუაციას და პირადად ვარჩევ, რომელი პრეპარატი გამოვიყენო ამა თუ იმ პრობლემის დასაძლევად.
ფუტკრის შხამის მიღების ექსპერტის სტატუსი მაქვს, საქართველოში მეფუტკრეებს ტრენინგებს ვუტარებდი. თავადაც ვიღებდი ფუტკრის შხამს, მაგრამ როგორც ყველაფერი, ეს სფეროც ჩვენს ქვეყანაში მონოპოლიზებულია და აქედან გამომდინარე, არასტაბილური. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამერიკაში დარჩენა.
- ამერიკაში ფუტკრის მოვლა ემიგრანტისთვის იოლია?
- ამერიკაში ჩასვლისთანავე მივაკითხე მეფუტკრეთა ფედერაციას. პარალელურად, სამუშაო ვიზის მოპოვებას ვცდილობდი და საემიგრაციო სამსახურში საბუთები შევიტანე, როგორც ექსტრაორდინარულმა ადამიანმა, 10-წლიანი ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება მომცეს.
2019 წლის შემოდგომაზე გადავწყვიტე, გამეკეთებინა საფუტკრე. იმ დროს უკვე ვმეგობრობდი ამერიკის სამეცნიერო წრეებში პატივცემულ პიროვნებასთან, სკოტ სტენლისთან, რომელიც გატაცებული იყო მეფუტკრეობით. სწორედ მან გამიკვალა გზა უცხო ქვეყანაში, რომ შემეძინა ფუტკარი და თაფლის წარმოება-რეალიზაცია დამეწყო. სკოტმა თავის საფუტკრეში რამდენიმე სკა ჩამადგმევინა და 2020 წელს, ამერიკაშიც დავიწყე ჩემი უსაყვარლესი საქმე. ჩინეთიდან გამოვიწერე სკები, 10 ცალი ნუკლეუსი კი, ანუ ფუტკრის 4-ჩარჩოიანი პატარა ოჯახი სკოტის დახმარებით შტატის ინსპექტორ ნეითს შევუკვეთე. მოგვიანებით კიდევ ვიყიდე სამი კლასიკური ჯიშის ფუტკრის 4-4 ცალი დედა ფუტკარი. ამჟამად ფუტკრის 30-მდე ოჯახი მყავს.
- ამერიკულ ფუტკარსაც ქართულის მსგავსი მოვლა სჭირდება?
- ამერიკაში სუფთა ჯიშის ფუტკრები სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავთ ჩამოყვანილი, რადგან აქ არ არის თაფლის მომცემი ენდემური ჯიშის ფუტკარი. სხვადასხვა ფუტკარი შეჯვარდა და მაგალითად, ერთ სკაში შეიძლება ნახოთ რუსულიც და იტალიური ოქროსფერიც. ცხადია, კავკასიური ფუტკრის ჯიშიც ჰყავდათ, მაგრამ ვერ გაამართლა - სამრეწველოდ ვერ გავრცელდა. დამკვიდრდა ის ფუტკარი, რომელიც სწრაფი კვერცხისმდებლობითა და გამრავლებით გამოირჩევა. კავკასიურ ფუტკარს ქურდობა-ყაჩაღობა სჩვევია, რაც პრობლემებს ქმნის და მასთან მუშაობა რთულია.
ნებისმიერი ჯიშის ფუტკარს საკუთარი მეთოდოლოგიით ვუვლი. ვაკვირდები, როგორ ცხოვრობენ, შრომობენ და შესაბამისად ვუწევ დახმარებას. შედეგსაც აქედან გამომდინარე ვიღებ. ჩემი ამერიკული ფუტკრის ზოგიერთი სახეობის თაფლის გემო ძალიან წააგავს დუშეთის თაფლის გემოს.
- ამერიკელებსაც მოსწონთ თქვენი თაფლი?
- თაფლი პირველად სკოტმა გამომიწურა. როდესაც დააგემოვნა, გაოცება ვერ დამალა, ასეთი გემრიელი თაფლი ამ ტერიტორიაზე არ გამისინჯავსო. 2021-22 წლებში თაფლის რეკორდული მოსავალი მივიღე. გასული წლის გაზაფხულზე 8 ოჯახიდან 18 შევქმენი და 800 კილოგრამი თაფლი მივიღე. ეს ორჯერ მეტი მოსავალია, ვიდრე იღებენ პენსილვანიის შტატის სხვა მეფუტკრეები. ამჟამად მყავს 30 ოჯახი და წლევანდელი თაფლის მოსავალი 1 400 კილოგრამს შეადგენს. ადგილებისა და ფუტკრის წარმოშობის გათვალისწინებით, რამდენიმე სახეობის თაფლს ვაწარმოებ.
ნიუ-იორკიდან დაახლოებით სამი საათის სავალზე, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ჰერშის შოკოლადის უძველესი ქარხნის ახლოს, სამ ადგილას მაქვს სკები. ეს ქალაქი ამერიკის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია და გარემო ჯანსაღია. ამერიკელები პატრიოტი ხალხია და იციან, რომ მათ ქვეყანაში მცენარეების დამტვერიანების პრობლემაა. ამიტომ ყველა მათგანი თავს ვალდებულად თვლის დაეხმაროს ქვეყანას. ფუტკარი ამ მხრივაც სასარგებლო მწერია და ხელს უწყობს მცენარეთა დამტვერიანებას. ქალაქ ჰერშის მიმდებარედ შეძლებული ხალხი ცხოვრობს და მათ არ სჭირდებათ ტერიტორიების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, მაგრამ მაინც აქირავებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ამერიკისთვის არის სასარგებლო. გადასახადს ნატურით ვიხდი, თაფლის შემოსავლის 10%-ს მიწის მესაკუთრეს ვუტოვებ.
შარშან პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის მთავარმა კამპუსმა შემომთავაზა ჩემი საფუტკრეების კვლევა ბაქტერიოლოგიურ-ვირუსულ ინფექციებზე. სინჯები საკვლევად წაიღეს და მომწერეს პასუხი, რომ ჩემი საფუტკრეები სუფთაა, შესაბამისად, პროდუქციაც ჯანსაღია.
- თაფლის გარდა, კიდევ რა პროდუქტს აწარმოებთ?
- წელს დავამზადე ჰომოგენატი. ჰომოგენატი მიიღება ფუტკრის მამალი ბარტყისგან და საკვების ძლიერი ენერგეტიკული დანამატია. დადებითად მოქმედებს მენოპაუზის პერიოდისა და სექსუალური პრობლემების დროს. წელს გაჩნდა მოთხოვნა საეკლესიო სანთელზეც.
ჩემი ფუტკრის პროდუქტების მომხმარებელთა 70% ქართველი ემიგრანტია. შემკვეთთან თაფლი და სანთელი თავად მიმაქვს. სანთლისგან სხვადასხვა ფიგურასაც ვამზადებ. ამერიკაში საქართველოს საელჩოს გადავეცი სანთლით შექმნილი კომპოზიცია - ამერიკის რუკაზე თავისუფლების ქანდაკება დგას, ხოლო საქართველოს რუკაზე ჩვენი ქვეყნის სიმბოლო, ქართვლის დედა.
ჩემი თაფლი აფთიაქშიც იყიდება. მომხმარებლებს მოსწონთ ახალი სერვისი, რომელიც წელს დავაფუძნე - 100-120 დოლარის ფუტკრის პროდუქტების შეკვეთის შემთხვევაში, მთელი ამერიკის მასშტაბით უფასოდ მიმაქვს.
- ფუტკრის შხამს არ აწარმოებთ?
- ფუტკრის პირველი მტერია ტკიპა ვაროა. მეფუტკრეების ამოცანაა გამოიმუშაონ ისეთი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი გახდება ნაკლები ქიმიური მედიკამენტის გამოყენებით მეტი ვაროას მოცილება. ელექტროშოკით შხამის მიღების დროს არაერთხელ მაქვს ნანახი კოლექტორებზე ვაროა. არადა, კოლექტორზე ტკიპა არ უნდა ხვდებოდეს. გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა ეს მეთოდი ფუტკრის ტკიპის მოსაცილებლადაც ეფექტური იყოს. ამიტომაც დავიწყე კვლევა. პირველი ექსპერიმენტის დროს დამუშავებული ოთხი სკიდან ორში ვნახე ჩამოვარდნილი ვაროა. ერთწლიანი კვლევის შემდეგ დასკვნაც გავაკეთე: მართალია, შხამის აღების ამ მეთოდით ვაროას მთლიანად ვერ გავანადგურებთ, მაგრამ მის გაკონტროლებაში დაგვეხმარება. ამ ფორმით შესაძლებელია მეფუტკრეებმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი, დაზოგონ დრო, ხარჯები მედიკამენტებზე და მიიღონ უფრო სუფთა ფუტკრის პროდუქტები.
რაც შეეხება ფუტკრის შხამს, ერთადერთი ადამიანი აღმოვაჩინე ამ გიგანტ ქვეყანაში, რომელიც ფუტკრის შხამზე მუშაობს. ამასობაში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ფუტკრის შხამი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შიდსისა და კიბოს სამკურნალოდ, თუმცა მის ეფექტურობას ამ მიზნით ჯერ კიდევ იკვლევენ. ფაქტი ერთია, ფუტკრის შხამი უძვირფასესი პროდუქტია, ის მომაკვდინებლად მოქმედებს ბაქტერიებსა და ვირუსებზე.
- თქვენს ბიზნესს ამერიკაში სახელიც შეურჩიეთ?
- პირველ წელს ისე გავყიდე თაფლი, ეტიკეტირება არ გამიკეთებია, ახლა კი ჩემს პროდუქციას ლოგოსთან ერთად ჩემი და ჩემი მეუღლის სახელებით შექმნილი აბრევიატურა MaGio Honey ამშვენებს.
ნელი ვარდიაშვილი