"მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს..."
ურთულესი 2022 წელი მოიტოვა მსოფლიომ უკან. შეიძლება ითქვას, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ევროპის შუაგულში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამ მსოფლიოს გეოპოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა. ახალ 2023 წელს ყველა შიშითა და იმედით შევყურებთ. გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ვაფასებთ ჩვენს რუბრიკაში "კვირის თემა", ასევე ვისაუბრებთ ახალი წლის პერსპექტივებზე. როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ნება მიბოძეთ ჩვენი საუბარი დავიწყო ახალი წლის მილოცვით. "კვირის პალიტრის" რედაქციას და თქვენს მკითხველს წარმატებულ და ბედნიერ 2023 წელს გისურვებთ. მსოფლიოსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა დაჰბედებოდეს. წლის კი არა, საუკუნის მოვლენაა ის, რაც ხდება უკრაინაში. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რუსეთმა რამდენი რამ ვერ გაითვალისწინა, როდესაც უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. თუნდაც ის, რამდენად ბრძოლისუნარიანია უკრაინელი ერი. ეს მაინც უნდა სცოდნოდათ რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და პუტინს, რომელიც კე-გე-ბეს ღვიძლი შვილია. კატასტროფულად არასწორად შეაფასეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და დასავლეთის მზადყოფნაც. სავარაუდოდ, ეს შეცდომა დაუშვეს 2014 წლის მოვლენების გამო, როდესაც, ფაქტობრივად, უბრძოლველად მოახდინეს ყირიმის ანექსია და კონფლიქტის კერები გააჩინეს დონეცკსა და ლუგანსკში.
თუმცა რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა. მეტიც, ძალიან იზარალეს და არაერთი მიმართულებიდან უკან დახევამ მოუწიათ. ომის გავლენა მსოფლიოზე უდიდესია, თუმცა ჯერ კიდევ პროცესში ვართ და საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია. დღეს ყველა ხვდება, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ომამდე იყო. თუ რეალურად შევაფასებთ ვითარებას, უნდა ვაღიაროთ, რომ, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომში ვართ ჩართული. მთელი ევროპა, ნატო და ამერიკა ამ ომში ირიბად მონაწილეობენ... თუ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სახელმწიფოებს შევადარებთ, ევროპასა და ამერიკასთან ერთად, დღევანდელ ომში მეტ-ნაკლებად ჩართული არიან იაპონია და ჩინეთიც. მეტი სახელმწიფო არც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.
რა ცვლილებებს მივიღებთ ომის დასრულების შემდგომ ჯერ რთული სათქმელია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იყო იალტის კონფერენცია, რომელმაც ევროპის ქვეყნების ახლებური საზღვრები დახაზა.
რუსეთმა დაიწყო მსოფლიო წესრიგის არევა და საზღვრების ახლებურად გავლება სცადა, მისი მიზანი იმპერიის აღდგენა იყო. ჩემი აზრით, ეს არის ასევე ცივილიზაციათა ომი, რომლის დროსაც დასავლური ცივილიზაცია ეჯახება აზიურ ავტორიტარიზმს. აი, ასეთი დაპირისპირება გვაქვს. ამ ომის დასასრულზეა დამოკიდებული მსოფლიოს ბედი, ახლა წყდება, წავალთ განვითარებისა და ცივილიზაციის გზით თუ დავუბრუნდებით შუა საუკუნეების ავტორიტარიზმს. ეს ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგად იციან.
ჩემი აზრით, რუსეთის საბოლოო დამარცხება ის იქნება, თუ დღევანდელი ავტორიტარული რუსეთის ნაცვლად გაჩნდება ახალი რუსეთი. ეს არის ზეამოცანა, რასაც კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს. თუ ომი დასრულდა იმით, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ახალი ომის საფრთხე არ ამოიწურება, უბრალოდ, ეს განსაზღვრული ხნით გადაიდება.
ვიმეორებ, იმპერიალისტური რუსეთი უნდა დამარცხდეს და ახალი რუსეთი დაიბადოს, თუნდაც დღევანდელ საზღვრებში. თუ ასე მოხდა, კაცობრიობა მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელოვან ხანგრძლივ ეტაპზე გადავა. ის, რომ რუსეთმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს და დაიპყროს უკრაინა, რისი იმედიც თავიდან ჰქონდათ, ეს დღეს აღარც განიხილება.
- მაინც რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომის აქტიური ფაზა?
- რთული სათქმელია, მსოფლიო დღეს მიდის უდიდეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ რისკებზე. წამყვანმა ქვეყნებმა კარგად იციან, რა დევს სასწორზე. ეს ომი იაფი არავის უჯდება, არც მასში ირიბად მონაწილე და არც განზე მდგომ ქვეყნებს. მაგალითად, ხორბლის კრიზისი ისეთ ქვეყნებს შეეხო, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ამ ომთან კავშირში.
სამწუხაროდ, არა მაქვს იმედიანი პროგნოზი ომის დასრულების შესახებ. ჩემი აზრით, თუ რუსეთში მნიშვნელოვანი ძვრები არ დაიწყო, ომი შეიძლება 2023 წელსაც არ დასრულდეს. ჯერ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის საფუძველი არც არსებობს. პარალელის გავლება ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრასთან მთლად ზუსტი არ იქნება, მაგრამ შეგვიძლია მაინც დავუშვათ ამგვარი შედარება და გავიხსენოთ, რომ ავღანეთში ომი 10 წელს გაგრძელდა, საბოლოოდ კი საბჭოთა კავშირი არა მარტო იძულებული გახდა ჯარი გამოეყვანა, არამედ ამას დიადი საბჭოეთის დაშლაც მოჰყვა. თუ მიზანი არის, რომ ახალი რუსეთი გაჩნდეს, ამას დრო დასჭირდება.
არ გამოვრიცხავ, რომ მალე უკრაინამ დასავლეთისგან არა მარტო თავდაცვითი იარაღი მიიღოს, არამედ შორს მოქმედი სამხედრო შეიარაღებაც. ნატოც შეიძლება ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში. ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება გაზაფხულზე, როდესაც კლიმატური პირობების გამო შენელებული სამხედრო მოქმედებები გააქტიურდება. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი, მაგრამ შეძლებს კი? მისი რესურსი იწურება, თანაც უკრაინისგან განსხვავებით, მისი შეიარაღება არ ივსება. 2023 წლის გაზაფხული შეიძლება გახდეს ორიენტირი იმისა, თუ საით წავა და როდის დასრულდება ეს ომი.
- უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში გაკვირვებას იწვევდა და აჩენდა კითხვებს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ. უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან რით შეიძლება აიხსნას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, ერთი მხრივ, უკრაინის თითქოს მხარდამჭერი, იმავდროულად კი მისი პრეზიდენტისა და მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება?
- საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით ეშინია აგრესორი რუსეთის, ვიდრე უკრაინის ან დასავლეთის - ეს არის მთელი ახსნა... "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, მისი არაფორმალური ლიდერის ჩათვლით, მშვენივრად იცის, რას წარმოადგენს რუსეთი და რისი გაკეთება შეუძლია. მათ იციან, როგორ შეიძლება დაემუქროს ზოგიერთ პერსონას საფრთხე. ისინი სწორედ ამ პერსონალური შიშის და არა სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო ცდილობენ რუსეთი არ გააღიზიანონ. თუ უკრაინელები რამეს იტყვიან, ეს აბრაზებთ, მაგრამ კარგად იციან, რომ ეს მათ პირად უსაფრთხოებას არ შეუქმნის საფრთხეს, არც დასავლეთის კრიტიკით დაემუქრებათ რამე, აი, რუსეთი კი რას გააკეთებს, ეს არ იციან. ლავირებას ცდილობენ და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და უკრაინის ხელისუფლებაც ეჭვით გვიყურებენ. არ ვიცი, რას ფიქრობენ რუსეთში, მაგრამ ფაქტია, დღეს ჩვენი ხელისუფლება თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს. იქით გადადის აგრესიაზე, რაც შეიძლება მეტად რომ დაუმტკიცოს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ უკრაინის გამო რუსეთს არ უპირისპირდება. "აბა, ომი გინდათ?" მესიჯიც სწორედ ამის გამო მოიგონეს. დასავლეთის წინააღმდეგ კი კოკისპირული ლანძღვა-გინება ისმის. კრიტიკას ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ე.წ. ხალხის ძალა ამბობს. გულუბრყვილო არავინ არის არც საქართველოში და არც მის გარეთ, მშვენივრად ვიცით, რომ ეს ხალხი კვლავაც "ქართული ოცნების" ნაწილია.
- აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით ჩვენი საზოგადოება მასშტაბურად უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის ამ პოზიციას?
- მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიში არა აქვს, რადგან ოპოზიციური ძალები უკიდურესად დასუსტებულია. მშვენივრად ხვდებიან, რომ ხვალვე რომ ჩატარდეს არჩევნები, გამარჯვებას ისევ იზეიმებენ. დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასუსტებული ოპოზიციაა, რომლის ფონზე "ქართული ოცნება" ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას. არ ვიცი, მომავალ წელს რა უნდა შეიცვალოს ისეთი ოპოზიციურ ფლანგზე, რომ რომელიმე ძალა ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდეს. გეთანხმებით, გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, სულ ცოტა, 80%, უკრაინის სოლიდარული იქნება და ხელისუფლებისგან უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მაგრამ ხელისუფლებას ამის არ ეშინია, რადგან არ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად განწყობილი მასა აიყოლიოს, წარმართოს და სწორად მოახდინოს ამ პროტესტის პოზიციონირება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ამიტომაც ხელისუფლება სტრატეგიულ გეგმებს კი არა, ტაქტიკურს მიჰყვება, იმის გათვალისწინებით იქცევა, დღეს რა სჭირდება და რა პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. როგორც ჩანს, ივანიშვილის მიდგომაა ასეთი.
- როგორც აღმოჩნდა, ომმა შესაძლებლობებიც გააჩინა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაჩქარებულად მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, მაგრამ უარი უთხრეს საქართველოს. ამის მიუხედავად, ჩვენი ევროპული პერსპექტივა შენარჩუნებულია და ევროკომისიამ ცნობილი 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა მოგვცა რეფორმების გასატარებლად და უკვე მომავალი წლის ბოლოს გვეცოდინება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.
- თუ გახსოვთ, თავიდან იყო დათქმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს პირობები 2022 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას არ თუ ვერ შეასრულებდა ამ მოკლე დროში და ვადა 2023 წლის ბოლომდე გადასწიეს. რას იზამს ჩვენი ხელისუფლება და მივიღებთ თუ არა სტატუსს, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, როგორ წარიმართება პროცესები უკრაინაში. თუ გაზაფხულზე გამოიკვეთა, რომ რუსეთის მარცხი გარდაუვალია, მაშინ საქართველოს ხელისუფლება გახდება უფრო თამამი და გარწმუნებთ, სტატუსის მისაღებად უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რადგან იმ პერიოდში მისთვის ეს იქნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხომ ძალაუფლებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი... ევროკომისიის პირობების ძირითადი პუნქტების შესრულებას ფორმალურად ისედაც ცდილობენ: გაგზავნეს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ამბობენ, რომ იანვარში შეიძლება მოხერხდეს სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმებაც... ასე რომ, დღეს იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ უკვე ჩააგდო 12 პუნქტის შესრულება, არ შეიძლება... მოკლედ, ჯერ დრო გვაქვს. მე მაინც იმედიანად ვუყურებ ამ პროცესს, თუმცა ვიმეორებ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში.
- საქართველოში მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რაც წლის მიწურულს განსაკუთრებით გააქტიურდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. მოგეხსენებათ, სასამართლოში განიხილება სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა ან მისთვის პატიმრობის გადავადების მოთხოვნა. ბოლო სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს გაიმართა, პროცესი უკვე ამ წელს გაგრძელდება. ბევრი მითქმა-მოთქმაა იმაზე, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც კი გაიმართა, რასაც სალომე ზურაბიშვილის ძალიან მკაცრი განცხადებები მოჰყვა.
- დავიწყებ იმით, რაც ხდებოდა ბოლო დღეებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჯერ მივიდა მოქალაქეების ერთი ნაწილი და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, მერე კი მივიდნენ მისი შეწყალების მოწინააღმდეგეები, ორივე მხარე საკმაოდ აგრესიული იყო. ვფიქრობ, ეს პროცესები ძალიან სახიფათოა, რადგან საზოგადოების ორად გახლეჩას, ამდაგვარ საკითხებზე დაპირისპირებას სიკეთე არასდროს მოუტანია. ამას შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოჰყვეს. კარგი იქნება, რომ ხელისუფლებამ ეს საფრთხე დაინახოს და არ დაუშვას მოქალაქეების ერთმანეთზე წაკიდება.
ამგვარი დამუნათება და თავდასხმა პრეზიდენტზე ყოვლად მიუღებელია. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, თუ ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს გავიხსენებთ, წარმოუდგენელია სააკაშვილი მართლაც გაუშვან. მე ადრეც ვთქვი, რომ ამას გააკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავენ, რომ მისი მდგომარეობა მართლაც უკიდურესად დამძიმდა. მათ სააკაშვილის სიკვდილი ნამდვილად არ აწყობთ და ეცდებიან, ეს არ დაუშვან. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ზეწოლაც. მოკლედ, არაერთი ფაქტორის თანხვედრა იქნება საჭირო სააკაშვილის გასათავისუფლებლად. რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი მხოლოდ იმ მუხლებით, რომლებითაც უკვე გასამართლებულია. არადა, რამდენიმე საქმე კვლავ მიმდინარეობს სასამართლოში და რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" არ დაუშვებს სააკაშვილის რამდენიმე საათით გათავისუფლებასაც კი. ამიტომ ზურაბიშვილზე ზეწოლა და მისთვის გამუდმებით შეწყალების მოთხოვნა არასწორი და არაფრისმომცემია.