„ჩვენ კი არა, ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა შორდება ევროპას“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ კი არა, ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა შორდება ევროპას“

მწერალ კოტე ჯანდიერს განვლილი წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მომავალი წლის გეგმებზე ვესაუბრეთ.

- ყველა ნორმალური ადამიანისთვის 2022 წელი, პირველ რიგში, იყო უკრაინაში რუსეთის წამოწყებული უსამართლო, საშინელი ომისა და დასავლური ცივილიზაციის დაჯახების წელი ბარბაროსობასთან. მარიუპოლი, ბუჩა, ირპენი, უკრაინული დასახლებული პუნქტების, ინფრასტრუქტურისა და ენერგოსისტემის მხეცური განადგურება ნიშნავს, რომ კაცობრიობამ ნაბიჯი უკან, ბნელი საუკუნეებისკენ გადადგა. ამავე დროს ეს იყო უკრაინელი გმირი მებრძოლების, მთელი ხალხის უტეხი სულის დემონსტრირების წელი. საქართველოში ამ უბედურებას დაემატა საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და დაპირისპირება, რასაც დიდად შეუწყო ხელი ჩვენი უკრაინელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებმა, რეზოლუციებმა და, რა თქმა უნდა, საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარმა, რამაც ახალი იმპულსი მისცა სიმულანტი სააკაშვილის სადისტურ-რევანშისტულ დაჯგუფებას და მის შინაურ თუ გარეულ მომხრეებს. ქართული პოლიტიკა, მედიასივრცე­ და "ფეისბუკი" უსაგნო, ქვეყნისთვის­ დამაზიანებელი, პროვინციული კინკ­ლაობისა და სააკაშვილის შესახებ უსასრულო, უაზრო დისკუსიების ასპარეზად გადაიქცა. ეს ყველაფერი ხელს უშლის რეალური პრობლემების მოგვარებას, ცეცხლით მოცულ რეგიონში საქა­რთველოს გადასარჩენად საჭირო კონსოლიდაციას თუნდაც მთავარ, ეგზისტენციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

- წლის იმედგაცრუებად და ჩავარდნად საზოგადოების ნაწილი ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის გადადებას მიიჩნევს, განსაკუთრებით, უკრაინა-მოლდოვისთვის მინიჭების ფონზე. როგორ ფიქრობთ, ვშორდებით­ ევროპას და რუსეთის პირისპირ ვრჩებით?..

- ვფიქრობ, ჩვენ კი არა, ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა შორდება ევროპას, რომლის ხატებაც ჩვენს ცნობიერებაში დაკავშირებული იყო სამართლიანობასთან, დიქტატისგან თავისუფალ საზოგადოებასთან, ლოგიკასა და მაღალ კულტურასთან. როდესაც ევროკომისია თუ ევროპარლამენტი დაჟინებით მოითხოვენ ბანდიტებისა და სადისტების ციხიდან გამოშვებას, ხოლო ივანიშვილისათვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ამას რა ჰქვია? ჩემთვის ეს ისევე შორია ევროპისაგან, როგორც სტალინიზმი დემოკრატიისაგან. ეს ჩვენ გავლილი გვაქვს - საბჭოთა სინამდვილეში ადამიანების დაჭერა ან გათავისუფლება არა კანონის, არამედ "უფროსი ძმის" დირექტივებით ხდებოდა. მექრთამეობა კაცობრიობის მოვლენაა, მას ვხვდებით ყველა კონტინენტზე და მათ შორის ევროპაშიც, მაგრამ როდესაც გვიჩვენეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილეს სახლში ნაპოვნი ფულით სავსე ტომრები და ჩემოდნები, ამან საბჭოთა რაიკომებისა და აღმასკომების მექრთამე მაღალჩინოსანთა ესთეტიკა გამახსენა. როგორც შევიტყვეთ, კაილე მარტო არ არის და მისი მსგავსი პირები იქ კიდევ მრავლად არიან. ჩვენ გვეუბნებიან, მერე რა, რომ ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი ბანალური "ხაპუგა" აღმოჩნდა, მთავარია, ჩვენ ვამხილეთ და დავაპატიმრეთო. თავის დროზე საბჭოთა კავშირში ჯალათი ეჟოვიც „ამხილეს“და სიკვდილით­ დასაჯეს, ხოლო მის ადგილზე ზუსტად ისეთივე ჯალათი იაგოდა დანიშნეს. ამით რამე შეიცვალა საბჭოთა მოქალაქეებისათვის?

თუკი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კატარის შეიხისაგან იღებდა ფულით სავსე ტომრებს, რა გარანტიაა, რომ პატივცემული კუბილიუსი და მისი მსგავსი „ევროდემოკრატიის ბურჯები "ნაცმოძრაობის" "შეიხებისაგან" არ იღებენ ქრთამს?! როდესაც ქართულ ციხეებში წამებით სულს ხდიდნენ სულხან მოლაშვილსა და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ეგ "დემოკრატიის რაინდები" დუმდნენ (არავის ხმა არ ამოუღია მათიას იორშისა და თომას ჰამერბერგის გარდა). განა გასაკვირი იქნება, თუ გაირკვევა, რომ მაშინ ისინი დუმილში იღებდნენ ფულს, ახლა კი ცილისწამებასა და ბოროტმოქმედთა მფარველობაში იღებენ ასტრონომიულ თანხებს? ან რა ლოგიკა და სამართალია, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ანიჭებ დსთ-ის წევრ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი რუსული ორიენტაციის მომხრეა, და უარს ეუბნები­ საქართველოს, რომელიც თავისი დასავლური მისწრაფების გამო 30 წლის განმავლობაში სამჯერ აღმ­ოჩნდა რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი და ახლაც, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაშია ჩრდილოელ მეზობელთან?ამას ისიც დავუმატოთ, რომ ყველა პარამეტრით (ეკონომიკური მაჩვენებლებით, კორუფციის დონით, მმართველობის გამჭვირვალობით და სხვ.) საქართველო ბევრად წინ არის აღმოსავლეთპარტნიორობის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ჩვენი მეგობრების ეს ალოგიკური, უსამართლო გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისათვის და ამავე დროს სრულ წინააღმდეგობაშია ევროპულ პრინციპებსა და პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციებთან.

ჩვენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრების ცუდი გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით, რომ იდეოლოგიის მიუხედავად, ტოტალიტარიზმი დაუნდობელია განსხვავებული აზრისა და სიტყვის მიმართ­. ეს არის მისი საფირმო ნიშანი. ესაა ერთი იდეოლოგიის, ერთი აზრის, ერთი გენერალური ხაზის ტოტალურად, ნებისმიერ ფასად (თუნდაც ცეცხლითა და მახვილით) გავრცელებისა და დანერგვის პრაქტიკა, იმის მიუხედავად, თუ რა იდეოლოგია უდევს საფუძვლად - მარქსისტულ-კომუნისტური, რელიგიურ-ფუნდამენტალისტური, ფაშისტური თუ ფსევდოლიბერალური.

დემოკრატიის სახელით მოქმედი დღევანდელი ლიბერალური ტოტალიტარიზმი სრულ წინააღმდეგობაშია დემოკრატიის სულთან, ერების კულტურულ სუვერენიტეტთან, ევროპულ ფასეულობებთან. პოლიტკორექტულობად“ მონათლული ტოტალური ცენზურაა იმის მიზეზი, რომ დღეს ადამიანები ერიდებიან საჯარო სივრცეში იმის თქმას, რასაც სახლში ლაპარაკობენ; მეტიც, არსებობს აკრძალული სიტყვების გრძელი ჩამონათვალი, ამ შავ სიაში შეტანილია სიტყვები: "ქრისტესშობა", "ღვთისმშობელი" და "მაცხოვარი". ყველას ვურჩევდი წაიკითხოს უმბერტო ეკოს ბრწყინვალე ესეი "პოლიტკორექტულობის შესახებ", სადაც არაჩვეულებრივი მახვილგონიერებითა და ირონიით განხილულია ტოტალიტარული ლიბერალიზმის სიგიჟემდე მისული მენტალური და ლინგვისტური დოგმები. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროპა არცთუ შორეულ მომავალში გათავისუფლდება ამ ფსევდოლიბერალური ბანგისგან და აღიდგენს თავის ფასეულობებსა და კულტურულ სუვერენიტეტს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამისი ხილული ნიშანია თუნდაც ურს ფიშერის განავლის მონუმენტის გატანა ფლორენციის მთავარი მოედნიდან. პალაცო ვეკიოს წინ აღარ დგას ეს იდეოლოგიური და ესთეტიკური სიმახინჯე და იქ კვლავ ბენვენუტო­ ჩელინის, ვეროკიოსა და მიქელანჯელოს შედევრები ელოდება მნახველებს. ამიტომ, როგორიც არ უნდა ჩანდეს დღევანდელი ევროპული რეალობა,­ ჩვენ, ქართველებს, არავითარი სხვა გზა, არჩევანი და თავშესაფარი არ გაგვაჩნია. ჩვენ ევროპის ხალხებთან ერთად უნდა მოვიხადოთ ეს ტოტალიტარული სენი, რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მომავლის პერსპექტივა. პუტინის რუსეთმა კი ნებაყოფლობით უარი თქვა კულტურაზე, საღ აზრზე და ევრაზიული სტეპებიდან მომავალი ბარბაროსობისკენ აიღო გეზი.

- რამდენიმე თვეა ოპოზიცია-ხელისუფლების დაუსრულებელი თემაა ექსპრეზიდენტის პატიმრობა და მისი უცხოეთში გადაყვანა ან გათავისუფლება, რისთვისაც სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკის ობიექტიც ვართ. რა გამოსავალი არსებობს ამ შემთხვევაში?

- მარკ ტვენის ერთი საგაზეთო ხუმრობა მახსენდება: "ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ ერთობ გადაჭარბებულია". მე რომ ამ მთავრობისა ვიყო, მოვიწვევდი ნევროლოგებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან, ტოქსიკოლოგებსა და თერაპევტებს ბერლინის შარიტეს კლინიკიდან ან ისრაელიდან, რათა ერთხელ და საბოლოოდ გავიგოთ, რა სჭირს ამ კაცს, ან სჭირს თუ არა რამე პატიმრობაფობიის გარდა. ამ საქმის ორგანიზებაში დახმარებისათვის მივმართავდი ევროპარლამენტის სწორედ იმ "გულანთებულ", "ჰუმანისტ"“დეპუტატებს, რომლებიც აგერ უკვე რამდენი წელია გვაცვიფრებენ თავიანთი „"მიუკერძოებლობითა" და "ობიექტურობით". ამით ბოლო მოეღებოდა ტრაგიკომედიად ქცეულ დავას "კვდება-სიმულანტობს". მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიგიჟის გაგრძელება ხელს აძლევს ბევრს ჩვენშიაც და საზღვარგარეთაც. ხელისუფლებას კი ამ საერთაშორისო ბინძურ თამაშში მხოლოდ ერთი პრეფერენცია რჩება - დარჩეს ერთადერთ პროდასავლურ ძალად, რომელსაც "ნაცების" რევანშისტული გეგმების ჩაშლა შეუძლია. წმინდა პარტიული თვალსაზრისით ეს სერიოზული ელექტორალური და საარჩევნო რესურსია, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი ამ ბიპოლარული დაპირისპირების (შეიძლება ითქვას, ცივი სამოქალაქო ომის) მძევლად რჩება. მძევლობაში, ცხადია, არაფერია სასიამოვნო. აბა, ვის სიამოვნებს არჩევანი ცუდსა და გარანტირებულად უარესს შორის? მაგრამ ჩვენი ახალი "უფროსები" პირდაპირ გვიცხადებენ, არჩევანი უნდა გააკეთოთ უარესის სასარგებლოდ, ვინაიდან ეს არის საფასური, რომელიც უნდა გადაიხადოთ კანდიდატის სრულიად გაურკვეველი სტატუსის მოსაპოვებლადო. ჭეშმარიტი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითია, არა?!

- უპრეცედენტო საერთაშორისო თანადგომის, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე უკრაინის ომი მაინც გრძელდება. რა გვასწავლა თუ დაგვანახა ამ ომმა, რომელსაც დასასრული ჯერ არ უჩანს, ჩვენ, მსოფლიოს?..

- ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.­ მან თავისი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა შუასაუკუნეობრივი მენტალობის, უფრო ზუსტად, ველურობის სასარგებლოდ და ამას, ცხადია, არა აქვს მომავალი, მაგრამ რა ფასად დაუჯდება უკრაინას რუსეთის მარცხი, რამდენი უკრაინული ქალაქი, რამდენი უკრაინელი მებრძოლი და მშვიდობიანი ადამიანი შეეწირება ამ სისხლის ღვრას, ჯერ არ ვიცით. დასავლეთის მოტივაცია და პრაგმატული ლოგიკა გასაგებია: პუტინის ურდო აბსოლუტური ბოროტებაა, რომელიც მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს უქმნის ხიფათს. ამიტომ ისინი გვთავაზობენ მარტივ ფორმულას: ომისთვის საჭირო ფული, სამხედრო ტექნიკა, კადრების მომზადება - ჩვენი, ხოლო განადგურებული ინფრასტრუქტურა და გვამები კი - თქვენი, მთავარია, ომი უკრაინის ტერიტორიას არ გასცდეს. თუ უკრაინას საქართველოც დაემატება, ძალიან კარგი, კიდევ ერთი არაევროპული ტერიტორია, რომელიც გახდება დამატებითი საბრძოლო პოლიგონი რუსეთთან. ვიღაცებს, ალბათ, მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საფასური. შესაძლოა ამას სამმილიონიანი ქვეყნის სრული განადგურება, მისი ისტორიის დასასრული მოჰყვეს. ჩვენს ტერიტორიაზე ომი არ უნდა დავუშვათ. არც პარტნიორებისათვის ყველაფერზე თავის წახრაა სწორი, მაგრამ არც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ვინმეს საქართველოს დასავლური ვექტორის ცვლილებაზე ლაპარაკის საბაბი მივცეთ. ამიტომ, დისკუსია დასავლელ პარტნიორებთან საჯარო სივრციდან დიპლომატიურ ველზე უნდა გადავიტანოთ, სწორად უნდა ვიმუშაოთ ევროსტრუქტურებსა და ამერიკულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კონკრეტულ პოლიტიკოსებთან, ლობისტებსა და მედიასთან. მათ განვუმარტოთ ქვეყნის წინაშე მდგარი რისკები და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება.

- რას ელოდებით 2023 წელს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყნის სასიკეთოდ, ევროპასთან უფრო დასაახლოებლად?

- წარმოუდგენელია, ამდენი ხნის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა თუნდაც რამდენიმე ევროპარლამენტარის, გონიერი კონგრესმენისა და ჟურნალისტის დარწმუნება ჩვენს სიმართლეში?! არ უნდა დავიშუროთ არც დრო, არც შრომა და არც ფული, თუკი საჭირო იქნება. უნდა შევწყვიტოთ პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენელთა საჯაროდ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება. ეს კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის სახიფათოა. წყალქვეშა კაბელი და ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ენერგოუსაფრთხოების თემა მკვეთრად ზრდის საქართველოს როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. ეს გარემოება ახალ, ძალიან გაზრდილ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პარტნიორებთან ურთიერთობაში.

ვუსურვებ დამდეგ წელს სიკეთე, წარმატება და მშვიდობა ჰქონოდეს საქართველოს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს!