„დღეს ზელენსკი უპრეცედენტო ფიგურაა...“ - კვირის პალიტრა

„დღეს ზელენსკი უპრეცედენტო ფიგურაა...“

"2022 წლის მთავარი ამბავი მთელი მსოფლიოსთვის რუსეთ-უკრაინის ომია, რომელიც, სავარაუდოდ 2023 წელსაც მთავარი ამბავი იქნება", - ამბობს ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ პუტინს სურს მსოფლიო რუსეთის უძლეველობაში დაარწმუნოს და ეს ძვირად უჯდება. "ერთმა პარადოქსმა იჩინა თავი - პუტინმა მართლა აჩვენა, რომ დასავლეთს უჭირს მისი დასჯა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ამის საშუალება არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის­ დაშლის გამო მოსალოდნელი დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების ეშინია", - ამბობს საყვარელიძე. მსოფლიოს მთავარ ამბავზე, ამ ამბის შედეგად საქართველოს პრობლემებსა და ახალ შესაძლებლობებზე, მთავარი ამბის მთავარ გმირებსა და მათ მიმართ ქვეყნის ლიდერების დამოკიდებულებაზე, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ბაიდენმა თქვა, არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთივე გაურკვეველ სიტუაციაში, როგორშიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგო. მაშინ პოსტსაბჭოთა სივრციდან ზოგიერთი ქვეყანა ჩინეთს მიეკედლა,­ ჩვენ - ევროპას და ასე შემდეგ... თუ ახლა რუსეთი დაიშალა, გაჩნდება კიდევ არაერთი ახალი რუსული სუბიექტი და შეეცდებიან ამა თუ იმ ქვეყანასთან მიკედლებას, რაც წარმოქმნის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პრობლემას. არის კიდევ ერთი თავსატეხი - რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაფანტული ბირთვული იარაღი. თუ რუსეთი დაიშალა, ბირთვული იარაღი აღმოჩნდება რამდენიმე სხვადასხვა რუსული სუბიექტის ხელში­, რომლებსაც დასავლეთის მიმართ არავითარი პასუხისმგებლობა არ ექნებათ.

- რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა?

- არც რუსეთს არა აქვს, მაგრამ ის ერთია და მისი გაკონტროლება, შეშინება,­ დარტყმა უფრო ადვილია. ამით იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას, იცავს მის სუვერენიტეტს, მაგრამ­ მის ინტერესებში არ შედის რუსეთის დაშლა.­ ამ ომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი­ საკითხი გამოკვეთა - მსოფლიო დონის­ ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა აღიარეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული სამხედრო ინტერვენცია სათანადოდ ვერ შეაფასეს. ქართველებს იმის თქმაც შეგვიძ­ლია, რომ 90-იან წლებში სულ არ იყო პუტინი, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთი და ცხინვალი წაგვართვა. შესაბამისად, თუ დასავლელმა ლიდერებმა აქცენტები პიროვნებებზე გააკეთეს, შეცდომებს ისევ დაუშვებენ, პრობლემა უფრო ღრმად დევს, ეროვნულ ხასიათში, გენეტიკაში.

- მთელი წლის განმავლობაში გვაშანტაჟებდა პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით. შეძლებს პუტინი თუნდაც მისთვის კრიტიკულ მომენტში ბირთვული ომის წამოწყებას?

- ეს ადრე უფრო რეალური იყო. რუსულ ელიტას უკრაინის ომიც კი უმძიმესი სირთულის წინაშე აყენებს. ამასთან, უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ამერიკელებმა პუტინს კარგად აუხსნეს, რა შეიძლება მოუვიდეს რუსეთს და თავად პუტინს, თუ ბირთვულ იარ­აღს გამოიყენებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის სცენარი?

- მე იმ ვერსიას უფრო რეალურად მივიჩნევ, რომ რუსეთი უკრაინაში დამარც­ხდება. დამარცხებაში ვგულისხმობ უკან დახევას საკუთარ საზღვრებამდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის დაბომბვას შეაჩერებს. შეიძლება რუსეთმა ომი უკრაინის დეოკუპაციის შემდეგაც გააგრძელოს, ეს კი იმის აუცილებლობას ქმნის, რომ პუტინი მხოლოდ უკრაინაში­ კი არა, თავად რუსეთ­შიც უნდა დამარცხდეს. დასავლეთი­ უკრა­ინას­ იმდენ იარ­აღს არასდროს მიაწვდის, რომ რუ­ს­ეთი საბოლო­ოდ­ ჩამოაქციოს. დასავლეთს დაშლილი კი არა, დასუსტებული და უკრაინასთან დამარცხებული რუსეთი აწყობს.­ დასავ­ლეთს ხელში უჭირავს თოკი, რომლითაც უნდა მიუშვებს და უნდა მოქაჩავს უკრაინას.

- პრეზიდენტი ზელენსკი შეეგუება საბელს, რომელიც, თქვენი თქმით, დასავლეთმა მოაბა?

- დღეს ზელენსკი უპრეცედენტო ფიგურაა­ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ რუსული არმიის უკრაინაზე თავდასხმის პირველ ეტაპზე ამერიკაში წასვლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მას მერე იბრძვის. ამ ბრძო­ლითა და თავგანწირვით ბევრი რამის­ უფლება მოიპოვა, მათ შორის შეიარაღების მოთხოვნისაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი საბელს მოუშვებს, თუ თავად არ დასჭირდა. დასავლეთს ხელს არ აძლევს­ რუსეთის დაშლა, მაგრამ ზელენსკის ინტერესებთან თანხვედრაში არიან იმით, რომ უკრაინის დეოკუპაცია უნდა მოხდეს.

- რამდენად სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს საქართველო დასავლეთთან ან ომში მყოფ უკრაინასთან ურთიერთობაში?

- უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. ზელენსკიმ და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებმა ხომ თქვეს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სხვა დამოკიდებულება გვაქვს და ქართველი ხალხის მიმართ სხვაო. ასევე ამბობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ეს საკითხი უფრო ღრმა და პრობლემურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. "ოცნება" შიშობს, დასავლეთმა რაიმე ისეთი­ არ მოახვიოს თავს, რაც არ უნდათ. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნება ან საქართველოს ომში ჩართვა. დავუშვათ, არ შეკამათებოდა ჩვენი ხელისუფლება დასავლეთს, რა მოხდებოდა? მეც არა ვარ დარწმუნებული­, რომ ომში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ ფაქტია, "ოცნების" ხელისუფლებას ნამდვილად შეექმნებოდა საფრთხე. ამაზე უარესი კი რა უნდა იყოს ხელისუფლებისთვის?

- გამოდის, "ოცნების" ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რისკავს?

- რატომ, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა მხოლოდ "ოცნების" მთავრობას შეუქმნიდა საფრთხეს?

- თქვენ ფიქრობთ, რომ დასავლეთი არასტაბილურ ვითარებას შექმნიდა ქვეყანაში, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აპირებს, როგორიც, მაგალითად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია?

- გეთანხმებით, დღეს დასა­ვლეთს საქართველოსთან ნამდვილად აქვს პარტნიო­რული დამოკიდებულება. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ევროპა უნდა განვითარდეს თბილისამდეო, მაგრამ მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, უკრაინა და მოლდოვა ევროპული­ ქვეყნები არიან, საქართველო კი გეოგრაფიულად შორს არის ჩვენგანო. ამ ორ განცხადებას თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ თავად ევროპაში შეიცვალა საქართველოსადმი დამოკიდებულება სწორედაც ენერგეტიკული პროექტების გამო. პოლიტიკა დინამიკური პროცესია - ჯერ კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი, შემდეგ კი განაცხადეს, ევროპა თბილისამდე უნდა გაფართოვდესო. როგორ გაფართოვდება ევროპა თბილისამდე, თუ სტატუსს არ მოგვცემენ?! უკრაინის ომმა, ასევე რეგიონში განვითარებულმა სხვა პროცესებმა საბოლოოდ საქართველოსთვის პოზიტიური შედეგი მოიტანა და ეს, ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია. სინამდვილეში, 12-პუნქტიანი რეკომენდაციები სულაც არ არის იმის განმსაზღვრელი, მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში. ამის დასტურად ერთ ამბავს გიამბობთ: 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძე ჯაბა იოსელიანმა იმ მოტივით ჩამოიყვანა საქართველოში, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან. იფიქრა, გამოგვადგებაო, მაგრამ რუსებმა აფხაზეთი ისე დაგვამხეს თავზე, დასავლეთიდან სამძიმრის დეპეშაც კი არ გამოუგზავნიათ. მთელი საქართველო შევარდნაძიანად ფეხზე დაიკიდეს. მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ და ალიევმა ბაქო-ჯეიჰანის პროექტი გააკეთეს და ამერიკაში ჩაიტანეს, ვაშინგტონმა ცალსახად გამოაცხადა, ჩვენი ინტერესები კავკასიაში გადისო, და ევროპაც დაინტერესდა. ასე რომ, დასავლეთის საქართველოს სიყვარულს ნავთის სუნი ასდის. ამას მე კი არ ვიგონებ, ჯორჯ ბუშმა თქვა.

- დღემდე გაურკვეველია სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი. თქვენ როგორ ახსნით მის უჩვეულო დაბრუნებას საქართველოში?

- მიშა უდავოდ ნიჭიერი კაცია, მაგრამ ეს მის დანაშაულებს ვერ გაამართლებს.­ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ის რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა და მით უფრო, ზელენსკიმ გამოუშვა. თუ ადამიანი რევოლუციის მოსაწყობად მოგყავს, ბევრ ხალხსაც ახვედრებ, მიშა კი ბათუმში წავიდა, მერე კი დაიჭირეს ბინაში, სადაც ხინკალს ჭამდა. მისი ქცევა არ ტოვებდა რევოლუციონერის შთაბეჭდილებას. მგონია, მიშა იქიდან რაღაცას გამ­ოერიდა. ისეთი ბედნიერი სახით მიდიოდა ციხეში, მაშინ ის ნამდვილად იყო მისთვის უსაფრთხო ადგილი. - მისი მხარდამჭერების ნაწილი საზოგადოებას მოუწოდებს მეტად ემპათიური იყოს, მაგრამ ამ დროს თავად არიან აგრესიული. - სულ მაქვს განცდა, რომ მიშას გამო კი არა, მისი მემკვიდრეობისთვის იბრძვიან.­ ნახეთ, რა თავგამოდებით ამტკიცებენ, დემენცია­ სჭირსო. ეს ისეთი დიაგნოზია, რომლის მქონეს პოლიტიკასთან ახლოს აღარ გააკარებენ. "ნაციონალები" კი ამბობენ, მას "ოცნება" კლავსო,­ მაგრამ თავად პოლიტიკურად კლავენ. სწორედაც მმართველ გუნდს არ აწყობს მისი პოლიტიკური სიკვდილი. ათი წელია, ხალხს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით აშინებენ...

ხათუნა ბახტურიძე