"ლოგიკურია ეჭვი, რომ ზურაბიშვილს მიშას გათავისუფლება გადააწყვეტინონ"
"მიშა სააკაშვილი არის ისეთივე პატიმარი, როგორიც ყველა სხვა, ციხე კი ვერავისთვის ვერ იქნება ბაირამობა", - ამბობს ხათუნა ხოფერია:
- არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის რეალობა, სადაც უწევთ ყოფნა და თავიანთ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. მიშა ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინარული ქცევით. დარწმუნებული ვარ, ახლაც ილუზორულ სამყაროშია და ფიქრობს, რომ, წესით, ახლა მსოფლიო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში უნდა მონაწილეობდეს. ახლა სადაც არ უნდა წაიყვანონ, ისეთ გარემოს ვერსად შეუქმნიან, როგორშიც უნდა ცხოვრება. მან უკვე ამოწურა თავისი რესურსი.
სწორედ თავისი არაადეკვატური ილუზიების საფუძველზე ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა უნდა ითქვას, მისი არაჯანსაღი ილუზიები ვიღაცამ კარგად გამოკვება. სავარაუდოდ, შეუქმნეს წარმოდგენა, რომ აქ უამრავი მომხრე ელოდა და როგორც კი მისი ჩამოსვლის ამბავს გაიგებდნენ, ხელში ატაცებულს ატარებდნენ. ვფიქრობ, ეს ვიღაც, უფრო სწორად, ვიღაცები, არიან ისინი, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში არიან ჩართული. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ომი დაიწყებოდა და მიშა მოიშორეს.
- მათ შორის ქართველებიც იყვნენ?
- რა თქმა უნდა. სატვირთოს მძღოლი, რომელმაც მიშა შემოიყვანა, ამბობს, რომ ის ტელეფონზე ვიღაცის ზარს ელოდა. ისიც ფაქტია, რომ მის ჩამოსვლას ძალიან მალევე მოჰყვა ომი უკრაინაში. ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიშა აქ რაღაც დავალებით გამოუშვეს, მაგრამ რაღაც მომენტში საჭირო აღარ გახდა. მიშა ერთი საცოდავი კაცია, რომელსაც ვიღაცები თავს არ ანებებენ, როგორც შეუძლიათ, ისე ძიძგნიან, რომ რაღაცას გამორჩნენ, რაღაცით იხეირონ, მისი ფაქტორით როგორმე კარიერა გაიკეთონ. ამ ხალხს ყურადღების ღირსადაც კი არ ჩავთვლიდით, მაგრამ ისე ირჯებიან, ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღონ და ქვეყანა ომში ჩართონ.
- იმ აქციაში, რომელიც პრეზიდენტის სასახლის წინ გაიმართა, თქვენც მონაწილეობდით. რაიმე ინფორმაცია გქონდათ, რომ პრეზიდენტი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას აპირებდა?
- მე "ფეისბუკში" წავიკითხე ჯამბულ გამცემლიძის პოსტი, სადაც ის ორბელიანის სასახლესთან აქციას აანონსებდა. ია მეტრეველი, ჯამბული და მოლაშვილის ოჯახის წევრები რა აქციასაც დააანონსებენ, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან ორჯერ გააკეთა განცხადება, რომ არა და არასდროს შეიწყალებდა სულხან მოლაშვილის მკვლელს. თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა არაორდინარულმა და არასახელმწიფოებრივმა განცხადებებმა ყველას გაგვიჩინა კითხვები, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო დროს სიტუაცია ძალიან დაიძაბა და ის არაფერს ამბობს. ლოგიკურია ეჭვი, რომ მას მიშას გათავისუფლება გადააწყვეტინონ. ჩვენ იქ ზურაბიშვილზე ზეწოლისთვის კი არ მივედით, გვინდოდა მას იმის თქმის საბაბი ჰქონოდა, რომ სააკაშვილს ხალხის განწყობის გამო ვერ შეიწყალებს. როგორც ჩანს, ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ ეს არ სჭირდებოდა, გამოვიდა სოფლის დედაკაცივით და დაიწყო ივანიშვილის ბოსტანში კენჭების სროლა. ივანიშვილს რომ დაუწყო საქმეების გარჩევა, ამ დროს სად იყავი და იმ დროს სად იყავიო, თავად სად იყო 2005-2006 წლებში, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით იმის დასამტკიცებლად, რომ ზურა ჟვანია მოკლეს?! სად იყო, სააკაშვილი იტალიაში ციგით რომ აკატავებდა?! დიახ, მაშინ მიშას მარჯვენა ხელი იყო და ხმას არ იღებდა.
ხათუნა ბახტურიძე