„უცხოელმა ექსპერტებმა უკადრებელი იკადრეს“ - კვირის პალიტრა

„უცხოელმა ექსპერტებმა უკადრებელი იკადრეს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება. 29 დეკემბრის სხდომაზე 2 მოწმე დაჰკითხეს - ამერიკელი ტოქსიკოლოგი დეივიდ სმიტი და კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი თამარ აბაშიძე. ამერიკელი ტოქსიკოლოგი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.­ მისი თქმით, სააკაშვილი მძიმე­ მეტალებით არის მოწამლული, რომელიც ყველა ორგანოს აზიანებს. "მე გავეცანი უამრავ სამედიცინო ჩანაწერს, ლაბორატორიულ ტესტებს, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშების შედეგებს, გაფართოებულ სამედიცინო ჩანაწერებსა და 170-გვერდიან დასკვნასაც. ჩემი აზრით, ის მოწამლულია სხვადასხვა მეტალით, მათ შორის ვერცხლისწყლით, დარიშხანითა და ბარიუმით, რომლებიც სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს. ასეთი მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში წამლავენ სხვადასხვა ორგანოს. შედეგად, მას დაუზიანდა თავის ტვინი, განსაკუთრებით თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, თავის ტვინის გარე ნერვების დაზიანება, ასევე კუნთების განლევა. დაზიანებული აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რაც იწვევს გასტრიტს, მუდმივ დიარეას და შესაბამისად, კახექსიას და წონაში მკვეთრ კლებას, მას დაზიანებები აქვს ღვიძლსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, ისეთი, როგორიცაა გული და თირკმელი", - თქვა ტოქსიკოლოგმა და დასძინა, რომ სააკაშვილს საქართველოში დეტოქსიკაციის მიზნით არ ჩატარებია სპეციფიკური თერაპია, რითაც ორგანიზმიდან მძიმე მეტალები გამოიდევნება და პაციენტის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში არსებობს სიკვდილის ან ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების გარდაუვალი რისკები, მათ შორის, შეიძლება უნარშეზღუდული გახდეს. "ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა", - თქვა დეივიდ სმიტმა.

დაჰკითხეს ასევე კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ბოლო ორი თვის განმავლობაში წონის უარყოფითი დინამიკა უფიქსირდება. ექიმმა უპასუხა კითხვას, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვადია, რა მიზეზით აქვს სააკაშვილს აგვისტოდან დღემდე 38 გრადუსი ტემპერატურა? "ტემპერატურას ტალღისებური ხასიათი აქვს, 38 გრადუსზე მეტიც ჰქონია. ლაბორატორიული კვლევებით მიზეზი გარკვეული არ არის. ამიტომ პროცესში ფთიზიატრები ჩაერთვნენ. ცხელების სომატური მიზეზი დადგენილი არ არის. შესაძლოა ეს იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის მიზეზით წარმოშობილი ტემპერატურა. ენცეფალოპათიას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები", - განაცხადა თამარ აბაშიძემ. რაც შეეხება კითხვას, რატომ იკლებს წონაში სააკაშვილი, ექიმის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში წონის კლების უარყოფითი დინამიკაა.­ "შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო საკვების მიღების შეუძლებლობა, სურდა, მაგრამ ვერ ჭამდა. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ შეძლო საკვების მიღება. შემდგომ ისევ გაძნელება დაიწყო. ამას დაერთო მკვეთრად გამოხატული ემოციური ფონი, შფოთვა, მოუსვენრობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკაც გაუარესებულია". ამასთან, კითხვაზე, სურს თუ არა სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, ექიმმა უპასუხა: "მე ექიმი ვარ. ეს უკვე გულისხმობს მისი ინტერესების დაცვას - სადაც უკეთესი მკურნალობა იქნება, მივესალმები. ჩემი სურვილია მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად". ექიმმა მიხეილ სააკაშვილს დაუზუსტებელი ეტიოლოგიის პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპათიის დიაგნოზი დაუსვა­. იგი არ ეთანხმება ამერიკელი ფსიქიატრის დიაგნოზს - დემენციას.

პენიტენციარული სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის კითხვას, "თქვენ ამბობთ­, რომ პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპათიის მართვა შესაძლებელია. როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება გაკეთდეს "ვივამედში"? ნევროლოგმა ასე უპასუხა: "არა ვარ კომპეტენტური ამაზე პასუხის გასაცემად... ასეთი პაციენტი არ მიმართავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვმოქმედებთ გაიდლაინებით, პროტოკოლებით, განახლებადი ინფორმაციით". ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექიმს სთხოვა,­ დაეხასიათებინა სააკაშვილის მდგომარეობა "ვივამედში"”შესვლიდან დღემდე, და ექიმის პასუხი ასეთი იყო: "ერთ ეტაპზე გვქონდა გაუმჯობესება, როცა საკვების მიღება განახლდა... იყო გარკვეული გაუმჯობესება­ ნევროლოგიურადაც, ემოციურადაც, ლაბორატორიული მონაცემებიც სტაბილური იყო. შემდეგ ისევ შეიცვალა. ეს იყო აგვისტოს ბოლო და სექტემბრის დასაწყისი. ისევ წამოვიდა უარყოფითი დინამიკა. ბოლო თვეების განმავლობაში უფრო უარყოფითი ნევროლოგიური დინამიკაა. თუმცა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მაჩვენებლები სტაბილურია". თამარ აბაშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მძიმე ნევროლოგიური ავადმყოფია.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და სასამართლო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამერიკელი ექსპერტების­ ჩვენებას თვალს ადევნებდა.

- ასეთი ნაქები უცხოელი ექსპერტები­ არიან და დიდი ინტერესით ვუყურებდი,­ მასტერკლასის მოლოდინი მქონდა და შედეგი - ვაი. პირველ პროცესზე, როცა დაიკითხა გოლდსმიტი, გავოცდი. ახლა მეორე პროცესის შემდეგ მართლა გაოგნებული ვარ. ალბათ, ამ ადამიანს ჰგონია, რომ აქ პაპუასები დარბიან. გაოგნებული ვარ, თუ პროფესიონალი ხარ, შენი დონე როგორ უნდა დააგდო ასე.

- რას გულისხმობთ?

- ბოლო დროს ძალიან ბევრი საუბრობდა დარიშხანზე, რომელიც თითქოს მის ორგანიზმში აღმოჩნდა. დარიშხანს საწამლავად არ იყენებენ, თუ პროფესიული მოწამვლაა, რადგან ორგანიზმში დიდხანს რჩება და მისი აღმოჩენა იოლად შეიძლება. მძიმე მეტალებს ეს თვისება აქვს. როცა კითხვები დაუსვეს ექსპერტს, სად წერია დასკვნაში, რომ ორგანიზმში დარიშხანი აქვსო, მან ამის ძებნა ფურცლებში დაიწყო და ჩემდა გასაკვირად ტრანსლაცია შეწყდა. აღმოჩნდა, რომ დარიშხანი არ ყოფილა აღმოჩენილი და ასეთი რამ არსად წერია დასკვნაში. შემდეგ როცა ჰკითხეს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნაში სად წერია შუბლის წილებში თეთრი ნივთიერების შემცირებააო, ისევ დაიბნა ექსპერტი - ჯერ ამბობს, დასკვნაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შედეგი გამოვიყენეო, და მერე კი, დიაგნოზი რომ დასვეს, იმით ვიხელმძღვანელეო. ექსპერტი რომ ხარ და ხელს აწერ დოკუმენტს, არ უნდა გადაამოწმო დიაგნოზი? ეს ხომ უპასუხისმგებლობაა, მერე ვერცხლისწყალს ეძებდა და აღმოჩნდა, რომ კონცენტრაცია არ ყოფილა მომწამლავი. ისევ გაიჭედა ექსპერტი და ისევ შეწყდა ტრანსლაცია. რატომ ემთხვეოდა ეს გათიშვა? იმ კაცს შუბით მორბენალი ველურები ვგონივართ? ჰგონია, საქართველოში არ იციან ტოქსიკოლოგია? შალვა ხაჭაპურიძემ ხომ იცის, რაც წერია დასკვნაში და ამიტომ იყო, რომ ატეხა ერთი ამბავი და შეეწინააღმდეგა ახალ ექსპერტიზას. შალვა ხაჭაპურიძემ იცის, რომ ეს ვარაუდებზე აწყობილი დასკვნაა და გრამს არ იწონის. დასკვნა არგუმენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, ხოლო ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს. ეს რომ არ იყო, ისტერიკა დაემართებოდა ხაჭაპურიძეს აბა, რა იქნებოდა? აქ რომ დანიშნულიყო ექსპერტიზა, იცოდა, რაც მოხდებოდა.

- თვლით, რომ ეს შეკვეთილი დასკვნაა?

- ფაქტია, უკადრებელი იკადრეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი სამედიცინო ექსპერტიზა თავისი სისტემატიზებით, კანონმდებლობით ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ამერიკული. რისი ექსპერტი ხარ, თუ ვერაფერს ასაბუთებ? გამოდის, ამბობ იმას, რაც დამკვეთს მოეწონება? ეს უკვე ფინანსური დაინტერესებაა.

- უშვებთ, რომ ფინანსური დაინტერესების გამო ყალბი დასკვნა დაიწერა?

- ასეთი შეფასებისგან თავს შევიკავებ­. ეს დასკვნა მოსამართლემ უნდა შეაფასოს. იმას კი ვიტყვი, რომ ის ორი ექსპერტი აზრზე არ არის, რა არის სასამართლო მედიცინა. კი ამბობენ, რომ ბევრ პროცესში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ჩვენთან ასეთი დასკვნა სირცხვილია. ექსპერტი აპელირებს იმაზე, რომ ადამიანი მოწამლულია, მოწამვლის ერთადერთი დასაბუთება კი ის იყო, რომ თავის ტვინში შემცირებულია თეთრი ნივთიერებაო. ამ ორ კვლევაში თუ არ არის ასეთი რამ, ეს საიდან მოიტანეს? გოლდსმიტის მსჯელობა, როცა მოწამვლასა და თეთრი ნივთიერების შემცირებაზე საუბრობდა, ამაზე იყო აგებული. 20 კითხვა რომ დამისვათ და მე გითხრათ, აღარ მახსოვს-მეთქი, ვერაფრით დამიმტკიცებთ, რომ მახსოვს. მე თუ ტესტის გასაღები ვიცი, თავისუფლად მოვატყუებ ნებისმიერს. ამის სიმულირება შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მოტყუება - იქ ან ჩანს, ან არ ჩანს. თეთრი ნივთიერების შემცირება არც ერთ კვლევაში არ წერია, საიდან მოიტანეს? გამოგონილია და ამ გამოგონილზე ეწყობა გოლდსმიტის დემენცია და ტოქსიკოლოგ სმიტის მსჯელობა მოწამვლაზე. გამოდის, ორივე მსჯელობა მცდარია, თუ ის მცდარ მონაცემს ეყრდნობა.

- "ემპათიის" დასკვნაზე რას იტყვით?

- არ წამიკითხავს, მაგრამ ის, რაც პრესრელიზად დადეს, კვამლია, მეტი არაფერი. შალვასაც იმიტომ ჰქონდა ასეთი არაადეკვატური რეაქცია, როცა დაისვა ექსპერტიზის ჩატარების საკითხი სამი სხვადასხვა დამოუკიდებელი საექსპერტო გუნდით. იცის, რომ ბოლი უდევს ჯიბეში.

- არის ალბათობა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გააყალბონ დასკვნა?

- შანსი იმისა, რომ გააყალბო, ყველგან­ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გააყალბებს. ამ საქმეში ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოსამართლემ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. თუ ეს ადამიანი ცუდად არის, გაუშვას სამკურნალოდ, თუ ეს ადამიანი და ექსპერტები რაღაცებს იგონებენ, ესეც გაარკვიოს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი სიმულაცია-აგრავაციის საკითხი - მართლა იგონებს თუ არა. ამ დასკვნით მოსამართლე ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, შავი ბოლია, მეტი არაფერი.

- ქართველმა ნევროლოგმა თქვა, რომ სააკაშვილს ნევროლოგიური პრობლემები აქვს.

- სააკაშვილს ნევროლოგიური პრობლემები რომ ექნება, ეჭვი არ მეპარება, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს, რომ ადრეც ჰქონდა და ახლა გამძაფრებული ექნება, მაგრამ მძიმეა თუ დასკვნაშია დამძიმებული?

- თვლით, რომ ახალი ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს?

- დიახ, თუნდაც მე არ ვიყო ამაში ჩართული.

- მძიმე მეტალის ექსპერტიზა თმის ღერით უფრო სარწმუნოა?

- როდესაც თმის ნიმუშებს იღებ, დიდი მნიშვნელობა აქვს სისუფთავესა და შენაღებია თუ არა თმა. როგორც ვიცი, სააკაშვილი თმას იღებავდა, საინტერესოა, როგორ აიღეს ნიმუშები? ამას ხომ თავისი წესები აქვს.