„ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის“ - კვირის პალიტრა

„ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის“

28 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მათ შორის იყვნენ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახებიც, რომელთა თქმითაც, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და ქუჩაში კიდევ ბევრჯერ გამოვლენ. რატომ არიან დარწმუნებული, რომ ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს, ამ კითხვას "ნაციონალური" რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანების ოჯახის წევრები პასუხობენ.

"ნაცმოძრაობიდან" მამაჩემთან კაციშვილი არ მისულა და ერთი სიტყვა "ვიზიარებ" არ უთქვამს"

თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა: - აქცია პრევენციის მიზნით გავმართეთ, ვინაიდან ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქალბატონ სალომეზე ევროკავშირიდან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. გვინდოდა შეგვეხსენებინა სანდრო გირგვლიანის დედაზე ნათქვამი­ მისი სიტყვები, "ირინა ენუქიძის თვალები მიდგას თვალწინ" და "სააკაშვილს არასოდეს შევიწყალებ". გვინდოდა სცოდნოდა, რომ დავუდგებოდით გვერდში, დასავლეთის, ასევე, ქართული პოლიტკლასის ზეწოლისთვის რომ გაეძლო. ვინც იქ ვიყავით, ყველას მისთვის გვაქვს ხმა მიცემული. ზოგიერთმა ისიც თქვა, ეს აქცია "ოცნების" ორგანიზებული იყოო. როგორ იყო მათი ორგანიზებული, როცა "ოცნებაც" გავლანძღეთ? რაც შეეხება მიშას შეწყალებას, დიაგნოზი დადონ, რა სჭირს. ჩვენ კაციჭამიები არა ვართ მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მოსიყვარულე ქრისტიანი ადამიანები ვართ. ღმერთმა დაიფაროს, მართლა უსაშველო სჭირდეს, პირველად ჩვენ შევეხვეწებით მის შეწყალებას პრეზიდენტსაც და ყველას. პირიქით, ვხედავთ, სააკაშვილი აქეთ გვამადლის, თქვენი პრეზიდენტი და დავით აღმაშენებელზე მაგარი ვიყავი, მადლობები უნდა მიხადოთო. ევროინტეგრაცია ჩვენც გვინდა, მაგრამ რაც მიშამ გააკეთა, ეს ევროპული და ამერიკული ღირებულებების ჩარჩოებში არ ჯდება. გამო­უშვან მიშა, ოღონდ გვითხრან, რა სჭირს. სხვა პატიმრებს რადგან მასავით კავშირები­ და ფული არა აქვთ, უნდა დაიხოცონ, თვითონ ფულით რომ მოისყიდა პიარჯგუფები და ვიღაცები? ახლა მოიგონეს, კვდებაო, მაგრამ არაფერი გამოსდით. ამათ დანაშაულების აღიარება არ სურთ. ვინმე მისი წარმომადგენელი მივიდეს დაზარალებულ ხალხთან და შეუნდობენ, ქრისტიანი ხალხი ვართ. ყველას მაგივრად მიშას მე ვერ ვაპატიებ, სანამ მამაჩემს ვხედავ, ყოველ ღამით სულხანს სანთელს რომ უნთებს და ტირის. "ნაცმოძრაობიდან" მამაჩემთან კაციშვილი არ მისულა და ერთი სიტყვა "ვიზიარებ" ან "ლამაზად არ გამოგვივიდა" არ უთქვამს... ეს რომ ვინმემ უთხრას, შეიძლება მე ვაპატიო. ჩემს ძმას მაინც ვერ გააცოცხლებენ და იქნებ მამას მაინც მოულბეს გული. გიულიმ, ვერ გამიგია, ეს ხალხი ვინ არისო, და ისიც დაგვაბრალა, იმასაც გაიძახოდნენ, სააკაშვილი მოკალით, მოკალითო. ჩვენ სააკაშვილივით მკვლელები არა ვართ, ვიღაცას ეს რომ დაეძახა, იქვე ენას ამოვგლეჯდი, მაგრამ ისინი ასეთი პროვოკატორები არიან.

"მე ვპატიობ იმას, ვინც ოდნავ მაინც გამოხატავს სინანულს"

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა: - დარწმუნებული არა ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს. სააკაშვილის მიერ განადგურებული ოჯახები სწორედ იმისთვის მივედით ორბელიანის სასახლესთან, რომ გვინდოდა პრეზიდენტისთვის ხალხის ხმა მიგვეწვდინა - უამრავი ადამიანი გვირეკავდა და გვეუბნებოდა, არ დაგვეშვა, რომ პრეზიდენტს შეცდომა ჩაედინა. პრეზიდენტი ხალხის არჩეულია და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ მოგვიწევდა კრიმინალი სააკაშვილის შეწყალებაზე ქუჩაში გასვლა. პრეზიდენტს მარტივად შეეძლო ეთქვა ხალხისთვის, ხალხო, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მის შეწყალებას, ვთქვი, "არასოდეს" და ასეც იქნებაო. მას ხალხი ხელში აიყვანდა და ისე მიიყვანდა თავის რეზიდენციაში. სიცრუეა, რომ მიშა მომაკვდავია. მომაკვდავი თეფშებს ვერ ისვრის და ექიმებს ვერ სცემს. სააკაშვილი ფსიქიკურად ვერ არისო. სულ ასეთი არ იყო, გაუწონასწორებელი ფსიქიკით? რას ჰქვია, საზღვარგარეთ გაუშვან? აქ ფაქტობრივად, სანატორიუმშია, და არა ისეთ ციხეში, თვითონ რომ შექმნა. ძალიან კარგადაა, არავის გვჯერა მისი სიმულაციების. ჩვენც არანაკლები დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტები გვყავს, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს. კარგად ვხედავთ, რა ხდება ევროპა-ამერიკაში - ცდილობენ გამოიხსნან სააკაშვილი და წაიყვანონ, მათ სხვა აზრები აწუხებთ - ჩვენი ჩართვა უნდათ ომში რუსეთის დასასუსტებლად და ესაა ყველაზე დიდი უბედურება. კიდევ კარგი, ასეთი ხელისუფლება და ამისთანა პატრიოტი პრემიერი გვყავს - არ აკეთებს იმას, რაც მათ სურთ.

მე ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ, მიმტევებელი, მაგრამ წარმოუდგენელია გამოსწორდეს და კარგი გახდეს სააკაშვილისნაირი ბოროტება. მეორეც - ვპატიობ იმას, ვინც ოდნავ მაინც გამოხატავს სინანულს, ბოდიშს იხდის, ან ეტყობა, რომ ჩადენილს განიცდის. ამ ყველაფრის ჩამდენ სააკაშვილს სინანული რომ არ ექნება, ეს ნამდვილად ვიცი და ვის უნდა შევუნდო და ვაპატიო? მის მიმდევრებსაც ერთი სული აქვთ, როგორღაც აქედან გააქციონ და მერე რამენაირად დაიბრუნონ ხელისუფლება.­ რევანშის წყურვილით არიან შეპყრობილი და მერე ნახეთ, რას გვიზამენ. გამოვა თუ არა, უცხოეთში წავა, იქ მოიკრებს ძალას, კარგად გამოიკვებება და მერე ნახავთ, რას იზამს. მე ამ ადამიანის არ მჯერა, ბოდიშების მოხდა რომც დაიწყოს, მის გულწრფელობას ვერ დავიჯერებ. გიული ალასანიამ დიდი ტყუილი დაგვაბრალა - აქციაზე ყვიროდნენ, მოკალით, მოკალითო, რაც აბსურდია. ან გაუგებარ ხალხს ვის ეძახის ეგ მართლა გაუგებარი? ცოტა ჭკვიანად იყოს, მომაკვდავი შვილის დედას ეგ არ ჰგავს, ამ ხნის ქალი წითელ-ყვითელ სამოსში და "სნეგუროჩკასავით" გვევლინება.

"საუბედუროდ, ბევრი მურმანია, ვინც სახე დაკარგა"

გურამ გირგვლიანი, სანდროს მამა: - მურმან დუმბაძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, გირგვლიანი არ მოუკლავთ,­ უბრალოდ, გაიქცა და გაიყინაო. ასეთ ხალხს რა ვუპასუხო? მათ ხომ ძალიან კარგად იციან სანდროს საქმე? მაგრამ შავზე თეთრი უნდა თქვან და ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ მიშა დაიხსნან და მისი რეჟიმი "გააპრავონ". როგორ გარდაიცვალა სანდრო, შალვა შავგულიძესა და დავით ჯანდიერს ჰკითხოს, სტრასბურგის დასკვნაც გადაიკითხოს, მაგრამ ამაზე არ იღებს ხმას, ვითომც არ ყოფილა. ბიჭს 12 ჭრილობა რომ ჰქონდა, ამას კი არ ამბობენ, გადავარდა და გაიყინაო. ნაძირალა კიდევ კარგი სიტყვაა. საუბედუროდ, მურმანი ერთი არაა, ბევრი მურმანია, ვინც სახე დაკარგა...

ტელევიზიით ინტერვიუებს რომ არ ვარიგებ, ამ ხელისუფლების მადლობელი კი არა ვარ. ეს არაა ბოლომდე მიყვანილი საქმე. ვითხოვდი ყველას საკადრისი პასუხი გასცემოდა და სამართალი აღსრულებულიყო. სადაა მერაბიშვილის მეუღლე, ვის დასჯასაც ვითხოვდი? სალაყაია დღეს აღარავის ახსოვს. რაღაც კი გაკეთდა, მაგრამ მე შედეგი არა მაქვს, ისევე, როგორც რეჟიმისგან დაზარალებულ ბევრ სხვას. ცხონებული ირინა ვერ გააჩუმეს, ბოლომდე ჩაჰყვა მათ. სანდროს საქმე იმ რეჟიმისთვის ყველაზე მტკივნეული იყო, მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში. ეს აწუხებთ­ დუმბაძეებსა და მისთანებს. როცა მიშაზე ვიდეოჩანაწერი ვნახე, ადამიანურად, როგორც ქრისტიანს, შემეცოდა, მაგრამ ემოცია არა მაქვს, რაც მქონდა, მათ წაიღეს... მიშა რაც იყო, ის დარჩა! მე იმათი მიკვირს, ვინც მისი მონები­ გახდნენ, ბევრი მათგანი ჩემი ახლობელიცაა­ და თან ისეთები, სანდროზე რომ ვითომ გული უკვდებოდათ და ახლა მიშას გულშემატკივრები გახდნენ. მკითხონ, მე რა დღეში ვარ? ისინი ვიღაცები ხომ არა, ჩემი შვილი და მეუღლე იყვნენ...

გამორიცხულია ზურაბიშვილმა სააკაშ­ვილი­ შეიწყალოს.­ მიშას დაავადება ისაა, პატარა სივრცეში სიცოცხლე არ შეუძლია, არ ჰყოფნის 2 ოთახი. მისი მომხრეები რომ ამბობენ, მიშამ არაფერი იცოდაო, ნულოვანი ტოლერანტობა მე გამოვაცხადე? სხვამ გასცა სანდროს დასჯის ბრძანება? დასჯა თუ უნდოდათ, განყოფილებაში წაეყვანათ და იქ ესწავლებინათ ჭკუა! მტერს, მიშა თუ ალაპარაკდა, აქ დიდი ამბები წავა. მისი სიცოცხლე პირველ რიგში "ნაციონალებს" არ აწყობთ, რადგან დიდი ამბები გასკდება.