"ყველა ადამიანი თავისი ნაცხოვრები ცხოვრების შედეგია" - კვირის პალიტრა

"ყველა ადამიანი თავისი ნაცხოვრები ცხოვრების შედეგია"

მიხარია, რომ წინასაახალწლოდ თემურ ბაბლუანთან ინტერვიუ შედგა. საუბარი საახალწლო ტრადიციებით დავიწყეთ.

- ახალ წელს შევხვდით ისე, როგორც სვანეთიდან გვახსოვს, იმ წესებით... ყველაფერი მაინც ისე ხდება, როგორც ხდებოდა მამაჩემის, დედაჩემის დროს - ნაძვის ხეს ბავშვებისთვის ქალები რთავდნენ და მთელი ოჯახი ერთად ვხვდებოდით ახალ წელს.

სვანეთში გამთენიისას მოდიოდა მეკვლე, ჯერ კიდევ იწვა ხალხი, მერე გაიშლ­ებოდა სუფრა, ლოცავდნენ ერთმანეთს, იყო კეთილი სურვილების დიდი გრიგალები...მეკვლეს მობრძანება ტრადიციაა, რომელიც შენ გამოგხატავს. სადაც არავითარი წესი არაა, ჩემთვის მიუღებელია.

7 წლის ვიყავი, თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, მანამდე ლენტეხის რაიონის სოფელ ჩოლურში ვცხოვ­რობდი, იქ დავიბადე. მერე ყოველ წელიწადს ჩავდიოდი არდადეგებზე. იქ ნათესავები მყავს... ჩემთვის სვანეთი ძალიან ძვირფასი კუთხეა. ყველას უყვარს თავისი ადგილი, სადაც ბავშვობა ჰქონდა, სითბო ახსოვს, სიყვარული, სიკეთე, ადამიანური ღირსებების გამოვლინებები, ვისაც ეს არა აქვს, ღარიბია. ყველა ადამიანი თავისი ნაცხოვრები ცხოვრების შედეგია...

babluani-1672574557.jpg

ადრე ჩემი გვარი მესტიიდან 9 კილომეტრში ცხოვრობდა, იქ არის ჩვენი ისტორიული კოშკები. მოხდა ისე, რომ მძიმე წესების გამო ორჯერ ამოწყვიტეს ჩემი გვარი. ალბათ, რაღაც დააშავეს, ტყუილად არავინ არავის ერჩის. ბოლო ამოწყვეტის დროს ბიძა და ძმისშვილი, ბუბა და ჩაგა გადარჩნენ. სანადიროდ ყოფილან წასული­ და რომ ბრუნდებოდნენ, რომელიღაც სოფელზე გამოიარეს. იქ ჩვენი ქალი იყო გათხოვილი და იმან შეატყობინა, არ დაბრ­უნდეთ, ამოწყვეტილია ყველაო. როგორც ამბობდნენ, 22 გვარამდე დასევიათ. მერე გადმოვიდნენ აქეთ და ნელ-ნელა გავმრავლდით. მთაში ასეთი წესი იყო, ყველა შენი მოგვარე შენი და-ძმაა. ეს წესი იყო მტკიცედ, რაც ძალიან ადამიანურია.

- გუჯა ბურდულზე მიამბეთ, მას თქვენს შემოქმედებაში დიდი როლი აქვს, მგონი, თქვენს ცხოვრებაშიც... როდის დაიწყო თქვენი­ მეგობრობა?

- ძალიან ადრე. გუჯა ქუჩაში გავიცანი.­ უბნელები ვიყავით, ჩემზე უფროსი იყო. ძალიან მიყვარდა, წესიერი, ნიჭიერი და სუფთა კაცი იყო, ღირსების ხარისხი ჰქონდა ძალიან მაღალი. "ბეღურების გადაფრენაში" რომ გადავიღე, ეგ იდეა თემურ ბიჭიაშვილის იყო, რომელიც "მალიარის" როლს თამა­შობს. თქვა, ბიჭო, აქ გუჯა იქნებოდა ძალიან კარგი, ხომ შენი ძმაკაცია, მოდი, ავიდეთ, დაველაპარაკოთო. ჰოდა, ავედით. ზე­მელზე ცხოვრობდა, ის სახლი აღარ არის, დაუნგრევიათ. აღარც გუჯაა, აღარც ის სახლი... დავუძახე, ჩამოვიდა და გადავწყვიტეთ კიდეც საქმე.­ ჩვენგან განსხვავებით, გუჯა და თემური ახლოს არ იცნობდნენ ერთმანეთს. მიდით, ჩამოართვით ხელი ერთმანეთს-მეთქი. ჩამოართვეს. ახლა საქმე გვაქვს და წავედით-მეთქი და წავედით...

- წახვედით და საუცხოო ფილმიც გადაიღეთ, თუმცა კარგა ხანს იდო თაროზე.

- ფილმი რომ გამოვიდა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ვინც იყო ინტელიგენცია რუსეთში, უკრაინაში, ჩამოდიოდნენ და ნახულობდნენ კინოსტუდიაში. მახსოვს, ოპერის თეატრში გალაკტიონის იუბილე­ იყო, ევგენი ევტუშენკო გამო­სულა და უთქვამს, რა ბედნიერი იქნებოდა გალაკტიონი, ბაბლუანის "ბეღურების გადაფრენა" რომ ენახაო... მერე შევხვდი ევტუშენკოს, გავიცანი... ბელა ახმადულინასაც მოეწონა. ბევრი მოდიოდა სანახავად, მაგრამ დიდ ეკრანზე არ უშვებდნენ.

- რა მიზეზით, რას ამბობდნენ?

- მიზეზების მეტი რა ჰქონდათ. შეგნებულად არაფერი გამიკეთებია, გავაკეთე ის, რასაც ვფიქრობდი... გორბაჩოვი რომ მოვიდა, შევარდნაძისთვის უთქვამს, აკრძალული ფილმები რაც გაქვთ, ბიჭვინთაში გამომიგზავნეო. გაუგზავნიათ ეს ჩემი ფილმიც.­ რადგან ქართულად იყო, გააყოლეს დიმა გონგლიაშვილი, "ქართული ფილმის" ერთ-ერთი თანამშრომელი. ის მოჰყვა, ფილმის ნახვის შემდეგ გორბაჩოვს დაურეკავს შევარდნაძისთვის, რეჟისორს მადლობა უთხარითო. მადლობა არავინ მითხრა, არც მიამბო­ ამის შესახებ, მერე გავიგე შემთხვევით... რაისას უთქვამს გუჯა ბურდულზე, "ვო მუშჩინა", ანუ აი, კაციო. ამის მერე შევარდნაძემ დაურეკა რეზო ჩხეიძეს, მადლობა არ მითხრეს, მაგრამ ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა... ფილმსაც გაეხსნა­ გზა. რეზო ჩხეიძე კარგი კაცი იყო. ქართველი იყო შინაგანად, ცდილობდა ქართული კინემატოგრაფისთვის ხარისხი არ დაეკარგა, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა, იერი ქართველობის, გენეტიკა ყოფილიყო ეკრანზე.­ მიყვარდა ძალიან ეგ კაცი.

- როგორც ვიცი, რეჟისორობა თქვენი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა.

- ნამდვილად არ ყოფილა. მახსოვს, საავადმყოფოში ვიწექი. ტრავმა მქონდა სერიოზული, თავის ქალის ტრეპანაცია გამიკეთდა, ძვალი ამოღებული მაქვს... რომ გამოვიდოდი, ყაზახეთში გამგზავრებას­ ვაპირებდი. იქ ძმაკაცი მყავდა, რომან ჩიჩუა, ბავშვობის მეგობარი, იქ რაღაცას საქმიანობდა. დედაჩემს და ჩემს დას კი არ უნდო­დათ. ერთ დღეს ჩემი და მოვიდა საავადმყოფოში და მითხრა, თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტი გახსნეს და იქნებ ჩაბარება გეცადაო. საბუთების მოგროვება­ უნდა, მთელი ამბავი, არ მინდა-მეთქი. წასულა ჩემი და, მოუგროვებია საბუთები,­ შეუტანია და მითხრა, წადი გამოცდაზე, რაღა გინდაო. მე უკვე მოლაპარაკება მქონდა, ყაზახეთში აგვისტოს ბოლოს უნდა ჩავსულიყავი სამშენებლო ხელშეკრულებით. ხელფასიც მაღალი იყო. მე ეგეთ რაღაცებში გამოცდილება მქონდა. სვანები რომ ბრიგადებად სამუშაოდ დადიოდნენ, დავყვებოდი, სად არ ვყოფილვარ. მოკლედ, დის დაჟინებით გავედი გამოცდაზე და მიმიღეს... თენგიზ აბულაძის სახელოსნოში ვსწავლობდი. გვეუბნებოდა, რეჟისორობას სწავლობენ ან 20 დღეში, ან 200 წელშიო. კარგი ადამიანი იყო აბულაძე, სუფთა და ღირსეული. პრინციპში, გადაღება რასაც ჰქვია, "ღიმილის ბიჭებზე" რეზო ჩხეიძისგან ვისწავლე. ვუყურებდი, როგორ მუშაობდა და მას შემდეგ ზუსტად ისე ვმუშაობდი ყოველთვის.

- ეგ მიკვირს, ბატონო თემურ, მაგ ფილმში­ 17 წლის ხართ. ვინც თქვენთან ერთად თამაშობდა, თითქმის ყველა კინოში მოვიდა­ ფილმის გამოსვლის შემდეგ, თქვენ რატომ დაახანეთ?

- მე მამა ადრე გარდამეცვალა, დედასა­ და დაზე მე ვზრუნავდი, საჭმელი არ უნდა მოჰკლებოდათ, ვმუშაობდი, რაც თავი მახსოვს. მე-10 კლასში ვიყავი, ჩემი მეგობრის მამა ბალნეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი იყო, და სამსახურში მომაწყო. ორის ნახევარზე მთავრდებოდა სკოლა.­ მოვდიოდი სახლში და სამზე ბალნეოლოგიურში ვიყავი. მის ქვემოთ საამქრო იყო, საწოლებს­ და სხვადასხვა ინვენტარს არემ­ონტებდნენ. ჩემთან ერთად 3 კაცი მუშაობდა:­ სოკრატა და ბაგრატა, ძმები იყვნენ დედით, ერთს ქართველი მამა ჰყავდა, მეორეს - სომეხი, და რუსი მიშა. მეოთხე მე ვიყავი. იქ 9 საათამდე ვმუშაობდი. მერე მოვდიოდი და გაკვეთილებს ვამზადებდი.

- შემდეგში სად მუშაობდით?

- სად არ მიმუშავია, მაგას რა ჩამოთვლის. სანიტრადაც ვმუშაობდი ინფექციურში, მშენებლობაზეც მიმუშავია, ბრიგადები რაც უფრო შორს მიდიოდნენ, ციმბირისკენ, მით მეტი იყო ხელფასი... მივყვებოდი სვანებს და ვმუშაობდი მათთან ერთად. რუსული ახლაც არ ვიცი, მაგრამ მათთან შედარებით პუშკინი ვიყავი.

- მამა-შვილის ურთიერთობაზე უნდა გკითხოთ, რაც შესანიშნავად გადმოიტანეთ "უძინართა მზეში". თქვენი და მამათქვენის ურთიერთობას ჰგავს დათოს და გელა ექიმის ურთიერთობა?

- როგორ გითხრათ, მამას ყოველთვის­ უყვარს შვილი და შვილი ყოველთვის განიცდის მამის მდგომარეობას... მამა ექიმი კაცი იყო. როცა სვანეთში ვცხოვრობდით, ცხენით დადიოდა ხოლმე ავადმყოფებთან. დიდი ცხენი ჰყავდა, მარღია ერქვა... მამაჩემი ცოტა სხვანაირი კაცი იყო, მისი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, ერთხელ არ გამწყრომია. მახსოვს,­ მეოთხე კლასში ვიყავი, შეიგინა რაღაცაზე და მე რომ დამინახა, უი, ბოდიშიო, შენ არ შეიგინოო, მითხრა. მე უფრო თავისუფლად ვხმარობ ისეთ გამოთქმებს, რომელსაც მამაჩემი არ ხმარობდა. ქალაქგარეთ მუშაობდა, თეთრიწყაროში, სოფელ ჯორჯიაშვილში, იქ პატარა სოფლის საავადმყოფო იყო. შაბათობით ჩამოდიოდა. ძალიან გულუბრყვილო კაცი იყო. ერთხელ ეზოში ვდგავართ, მეზობლებიც არიან, ჩამოვიდა და ამბობს, ამერიკაში უნდა წავიდე, წავიკითხე, იქ ძალიან განვითარებულია მედიცინა, რამდენ რამეს ვისწავლიო. პატარა ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რაღაცნაირად, რომ... ღამით­ 2 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. ეს იყო 1957 წელს. დედაჩემი ჭკუაზე გადავიდა.­ ნათესავებს, ვისაც მივაკითხეთ, ყველა დაფრთხა.­ მესამე ღამეს, შუაღამისას მოვიდა. წვერგა­უპარსავი იყო. დააბრახუნა კარზე, დედაჩემს არ ეძინა. არც მე... შეშინებული იყო. ბავშვებს სძინავთო? კიო, დედამ. შემოვიდა­ და დაგვხედა, მე თავი მოვიმძინარე. მერე შუშაბანდში გავიდა და დედაჩემს უყვებოდა რაღაცებს... ბევრი წლის მერე აშშ-ში რომ ჩავედი, ნიუ-იორკში, ირაკლი კვირი­კაძე დამხვდა. პროდიუსერი ვიყავი ნანა ჯორჯაძის­ ფილმის, რომელიც "ოსკარის" ნომინაციაში მოხვდა. სასტუმროდან გამოვედით რესტორანში საჭმელად. მოვატანინე ღვინო, დიდ ბოკალში დავისხი და დავლიე მამაჩემის სადღეგრძელო. მამა, გაგიმარჯოს, მე ამერიკაში ვარ, შენ რომ გინდოდა, იმ მიწაზე ვარ და იქიდან ვსვამ შენს სადღეგრძელოს-მეთქი.

- დათო თუ გგავთ თქვენ?

- დათო მოცემულობაა. ასლის გაკეთება საჭირო არაა. დათოს როლზე ბევრი გავსინჯე, სანამ დათო კაზიშვილს გავიცნობდი. საოცარი გამოხედვა ჰქონდა, თვალებში ბუნებრივი სევდა ედგა. ძალიან კარგი, სუფთა, ვაჟკაცი ადამიანი იყო. ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია არ მინახავს. ვიცი, რომ ეკლესიაშია...

- შვილებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- მე ერთი ვიცი, არ ვერევი შვილების საქმეში. რაღაც შეიძლება მომეწონოს, რაღაც არა, რაღაცაზე შეიძლება გავბრაზდე, მაგრამ არ ვერევი. მაგალითად, გელა "13"-ის გადაღებას რომ აპირებდა, სცენარი წამაკითხა. ვუთხარი, მოდი, იქნებ­ სხვა რამ გადაიღო, უფრო მსუბუქი, მაინც პირველ ფილმს აკეთებ-მეთქი. არაფერი თქვა, წავიდა და გადაიღო. მეც გადამიღო­ რაღაც ეპიზოდში... მე სხვანაირად გადავიღებდი. რომ დაეჯერებინა, იქნებოდა სწორი? - არ იქნებოდა. ამიტომ ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. შენ შეიძლება კარგი გინდა, მაგრამ გეშლებოდეს.

- წლის განმავლობაში დროის ნაწილს საფრანგეთში ატარებთ ხოლმე. ბევრ ქვეყანაში შეგეძლოთ გეცხოვრათ, რატომ საფრანგეთში?

- ძალიან კარგად ვიცი საფრანგეთის ისტორია. ფრანგულ ლიტერატურას ჩემზე­ დიდი გავლენა ჰქონდა. ფრანგებიც და ქართველებიც ერთი ცივილიზაციის მიმართულების ხალხია. ისინიც ქრისტიანები არიან, ჩვენც. ძალიან მაღალი დონის აზროვნება აქვთ, ადამიანურები არიან, ვერ წაართმევ, როგორ უვლიან ქალს, როგორ ექცევიან... არ დამავიწყდება, პარიზში ოპერის წინ ვნახე მათხოვარი, გაშლილი ჰქონდა ლეიბი და იწვა. მივიდა ერთი პოლიციელი, ჩაიჩოქა და უთხრა, გადადი იქითო. რატომ? აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავსო. ვუყურებ, ვფიქრობ, როგორც სხვა ქვეყანაში მინახავს, ახლა წაავლებენ ხელს, წაათრევენ-მეთქი... არა, ჩაჩოქილი ელაპარაკება, სთხოვს. მერე მოვიდა მეორე პოლიციელი, იმანაც ჩაიჩოქა, ელაპარაკებიან. ასე გაგრძელდა 15 წუთი. ბოლოს ერთს იმის ბოთლები მიჰქონდა, მეორეს - ლეიბი და როგორც იქნა, წაიყვანეს. ეს ერთი პატარა დეტალია, ძალიან ადამიანურები არიან. ეს მათი ცხოვრების წესია.

- თემურ ბაბლუანი შეყვარებული რომ იყო, მის ქუჩაზე ლამპიონებს ნათურები დახსნა და მომავალ მეუღლეს აუტანა საჩუქრადო. მართალია?

- ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ... ლია ორთაჭალაში ცხოვრობდა. ავიდოდი, ქვემოთ ვინმე მახლდა ყოველთვის, ბოძებს­ ნათურებს მოვხსნიდი და მივუტანდი ხოლმე, აჰა, სინათლეს გჩუქნი-მეთქი. მერე პრობლემები ჰქონდა, ვიღაც ბიჭი აკითხავდა, აბნელებთ უბანსო...

- დიდხანს იყავით შეყვარებული?

- ახლაც შეყვარებული ვარ... სიყვარუ­ლს ორი მდგომარეობა აქვს: ერთი, გიხარია რომ ხარ, და მეორე, როცა აღმოაჩენ, რომ გინდა იცოცხლო ამ ადამიანისთვის. ლია პირველ კურსზე, თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი. მახსოვს, ყველანი დარბაზში ვიყავით, მღეროდნენ. მოწევა მომინდა­ და გავედი. ამ დროს გამოაცხადეს, ვიღაც ლექსს წაიკითხავსო. გარეთ რომ ვიდექი, ოვაციები შემომესმა. გავიფიქრე, რა წაიკითხა ასეთი-მეთქი. შევბრუნდი დარბაზში. ვიღაც გოგო იჯდა აღელვებული, ვიფიქრე, ეს იქნებოდა-მეთქი. ცუდად ხომ არა ხარ-მეთქი, ვკითხე. არაო... საერთოდ, კაცი არის ისეთი, როგორი ცოლიც ჰყავს.­ 4 შვილი გვყავს. ბიჭები - გელა და გიორგი. გოგონებიდან ერთს ბებიის სახელი დავარქვი, დედაჩემის დედის, მეორეს - მეორე ბებიის სახელი, სონიჩკას ნათლია გუჯა ბურდული იყო...

- როგორი ბაბუა ხართ?

- რა ვიცი, ყველას უყვარს თავისი შვილიშვილი. ძალიან სენტიმენტალური ბაბუა ვარ, ბევრად სენტიმენტალური, ვიდრე შვილებთან ვიყავი.

ღმერთმა მშვიდობა, სიკეთე მოგვცეს და როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჯობდეს, ისეთი ბედი და იღბალი მოგვცეს უფალმა. ყველას გილოცავთ ახალ წელს.