"ქართულმა კულტურამ უნდა იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი" - კვირის პალიტრა

"ქართულმა კულტურამ უნდა იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი"

"სახლში ქართულად ვსაუბრობდით. ასე ჩამინერგეს სამშობლოს სიყვარული, რომელიც არასოდეს მენახა... მაგიდას ჩემი დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის ფოტო ამშვენებდა როგორც შეხსენება მიწის და სამშობლოს ყივილისა... ისტორიული უსამართლობის გამო ისედაც დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა სამშობლოში ჩამოსვლისა და მის სამსახურში ჩადგომის შესაძლებლობა. გადავწყვიტე, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისათვის მიმეძღვნა. ჩემი წინაპრებისგან ასეთი ხასიათი მერგო - არასოდეს ვნებდები ბედს, არასოდეს ვუშინდები წინააღმდეგობას", - სალომე ზურაბიშვილი.

ამ არეულ და წინააღმდეგობებით სავსე­ დროში, ამ ორად გახლეჩილ საქართველოში, მას კონსტიტუცია ავალებს იყოს ყველას პრეზიდენტი და გამაერთიანებელი ყველა მხარის, მაგრამ ეს მისია დღეს ძალიან რთულია. მას ხან ერთი მხარე აკრიტიკებს, ხან მეორე, ხანაც ორივე ერთად. ასეთი საქართველოს პრეზიდენტია ის, მაგრამ დღეს მაინც არის სივრცე, რომლის წინაშეც ყველა დაპირისპირებული მხარე თუ არ ერთიანდება, დუმს მაინც - ეს ჩვენი ქართული კულტურაა. დღეს საქართველოს პრეზიდენტს ამ კუთხით გაგაცნობთ, მით უფრო, კულტურის განვითარებისთვის მისი აქტივობების ნუსხა სოლიდურია. აქ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უმასპინძლა ქართულ ფენომენს, ეროვნულ კულტურას ორბელიანების სასახლემ 2022 წელს.

პრეზიდენტი კულტურისათვის-2022

ემიგრანტების ოჯახში დაბადებული გოგონა ვერც იფიქრებდა, რომ ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა. პატრიოტმა მშობლებმა სამშობლოს სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს. როდესაც­ ლევან ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, მან კატეგორიული­ უარი განაცხადა, მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო. ამიტომ არც არის გასაკვირი, როდესაც მას პრეზიდენტად­ ირჩევდნენ, პირველ და უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კულტურის მხარდაჭერა დაისახა მიზნად, რადგან სამშობლოსთან დამაკავშირებელი ხაზი ემიგრაციაში კულტურაზე გადიოდა. ასეც მოხდა, მიმდინარე წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება გაიმართა: გამოფენები, კლასიკური მუსიკის კონცერტები, წიგნის პრეზენტაციები, ფილმის ჩვენებები, საზოგადოების გამორჩეული და ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოებები. აქ თავს იყრის საზოგადოება, რომლისთვისაც ქართული კულტურა ფასდაუდებელი განძია და რომლებიც სწორედ ამ დარგს ემსახურებიან თავდადებით.

ორბელიანების სასახლეში საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავი აღინიშნა, სადაც უკრაინისა­ და უკრაინელი ხალხისადმი მიძღვნილი სოლი­დარობის საღამოც გაიმართა. გამოიფინა უკრაინელ ქალთა ნამუშევრებიც, სახელწოდებით "ჩამოქცეული ცა". "წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი", - სალომე ზურაბიშვილი.

სასახლემ ასევე უმასპინძლა ლვოვის სიმფონიურ ორკესტრსა და უკრაინელი მებაჟე-ოფიცრების შვილებს და ბავშვებს მიკოლაევის ოლქიდან.

სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები მიიღო და ორბელიანების სასახლეში აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუAშევრების გამოფენა გაიმართა, სასახლეში ასევე აღინიშნა დედაენისა და აფხაზური ენის დღეები:

"დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე უპირველესად ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისათვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზეთის გადარჩენა. საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს რეალური ხიდი და გზა ევროპისაკენაა", - სალომე ზურაბიშვილი.

შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ორბელიანების სასახლის ეზოში გაიმართა ფილმ "შინდისის" ღია ჩვენება.

2022 წელს, პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილეს, "შეფიცულთა რაზმის" წევრს მიხეილ (მიხა) ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლისა და სამშობლოსთვის თავგანწირვისთვის. მისი ეროვნული გმირის ორდენი კი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა, სადაც მიხეილ ხელაშვილის პირადი არქივია დაცული. ეროვნულ მუზეუმს პრეზიდენტმა პირადი არქივიდან საჩუქრად გადასცა ასევე საფრანგეთში გამოცემული გენერალ გიორგი კვინიტაძის პირველი პასპორტი.

ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა, გაფორმდა საქართველოსა და ვატიკანის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმი. პრეზიდენტის ხელშეწყობითა და ინიციატივით ვატიკანში სიქსტეს კაპელაში გაიმართა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი, სადაც შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები. "შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალურად ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ლამაზი საღამოს დაგეგმვაზე ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად. ჩვენ დღეს გავხდით ემოციური, ისტორიული მომენტის მომსწრენი, რომელიც ჩვენს მოგონებებში დარჩება. თქვენო უწმინდესობავ, სიქსტეს კაპელაში თქვენი "ავე-მარიას" გაჟღერებით ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ევროპაში, ევროპის გულში", - საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტისას გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც პოლონეთისა და საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული მარკის "გრიგოლ ფერაძე" პრეზენტაცია გაიმართა. "გრიგოლ ფერაძე არის ის ადამიანი,­ რომელიც ჩვენ, ქართველებს, გვაძლევს რწმენას, რომ არ ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს - ერთმანეთის მოძულე ერი, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ვიყოთ, რომ ჩვენში სხვა შესაძლებლობები და სხვა ღირსებებია და ამ ღირსებებს უნდა დავუბრუნდეთ" - საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო ასევე პროექტი "რეგიონების კვირეული" ორბელიანების სასახლეში, რომელიც ყველა რეგიონს შესაძლებლობას მისცემს წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენით თუ სხვადასხვა თემაზე დისკუსია-საუბრებით. კვირეული "სვანური დღეებით" გაიხსნა.

"იმ დღიდან, რაც მე მოვედი აქ, ორბელიანების სასახლეში, პრიორიტეტად დავისახე ჩვენი რეგიონების განვითარება. "კოვიდის" მიუხედავად, ჩვენ, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად მოვიარეთ რეგიონები. მსურს ორბელიანების სასახლეში რეგიონები იყვნენ არა სტუმრები, არამედ მასპინძლები. 2023 წლიდან, როცა ჩემი ოფიციალური ვიზიტებისას გავემგზავრები სხვადასხვა ქვეყანაში, ვაპირებ თითოეულ ქვეყანაში თითოეული რეგიონის წარმომადგენელი წავიყვანო, რათა მათ შეძლონ ურთიერთობის დამყარება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან", - საქართველოს პრეზიდენტი.

გარდა რეგიონებისა, მიმდინარე წელს, პრეზიდენტის უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით სასახლემ არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა: საქართველოს პრეზიდენტმა თანამედროვე­ ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსი მწერალი დიმიტრი დიმიტრიადი და რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი მიიღო. გაიმართა ასევე კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი და ხელოვან ზეინაბ ბარნოვის გამოფენა "ქართული დეტალი", რეჟისორ ირინა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება და ასე შემდეგ.

წლის ერთ-ერთი ბოლო და დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო თანამედროვეობის უდიდესი პოეტის ტარიელ ხარხელაურის ლექსების ახალი კრებულის "სამყარო სამყაროს მიღმა" პრეზენტაცია-საღამო, რომლის დასრულების შემდეგ პოეტი პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

"ჩვენ პოეზია ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება"

საღამოს დასრულების შემდეგ საშუალება მოგვეცა ქალბატონ სალომეს გავსაუბრებოდით:

- ძალიან დიდი სურვილი მქონდა ეს საღამო შემდგარიყო და ქართული პოეზიის ბერმუხისთვის სათანადო პატივი მიგვეგო. ჩვენ პოეზია ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ამ ყველაფრის დასაძლევად.

- ბრძანეთ, რომ მსგავსი საღამოები ტრადიციულ სახეს მიიღებს...

- დიახ, ჩვენ სასახლეში სულ გვაქვს მსგავსი საღამოები. სამწუხაროდ, ისეთი პოეტები, როგორიც ხარხელაურია, ეპოქაში ერთხელ იბადებიან. ჩვენ ჩვენი მხრიდან მომავალშიც მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პოეზიის ახალი მარგალიტების აღმოჩენას და მათ განვითარებას.

- ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის წინ ამბობდით, რომ კულტურა იქნებოდა თქვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

- კულტურას მაცოცხლებელი ძალა აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და გავამდიდროთ. ეს ის დარგია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ეს არის მთავარი ღერძი. კულტურა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, ის, რაზეც დგას სახელმწიფო! ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს და მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება! მე არ ვიცი, სხვა ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება მოგვცეს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო სულიერი სიმშვიდე. დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ქართულმა კულტურამ იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი.

- როგორ ფიქრობთ, კულტურა გადაგვ­არჩენს?

- უკვე გადაგვარჩინა!

რუსუდან შაიშმელაშვილი