„ოცნებად მაქვს, ჩემს ქვეყანას ბედნიერი ახალი წელი მივულოცო“
საახალწლო სურვილებითა და განვლილი წლის განცდებით "კვირის პალიტრის" სტუმარია ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური.
- ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, როდესაც რაღაცას ვერ გავაკეთებთ და რაც არ გამოგვივა, როგორმე იმ წელს დავაბრალოთ, მთელი სიმძიმე მას დავაკისროთ და ჩვენ ამით გავთავისუფლდეთ. არადა, ხომ ვიცით, რომ მოჩვენებითია გათავისუფლება - არ თავისუფლდები, ვალდებულება არ გათავისუფლებს. მივეჩვიეთ სხვისთვის ყველაფრის დაბრალებას. ვერ გავრკვეულვართ, რა გვინდა, რას ვითხოვთ. ისიც არ ვიცით, რა გვჭირდება. ახალი წელი მოდის, მაგრამ მომავალი წლისთვის ისევ მასთანაც სამდურავი გვექნება, რომ მაინც ვერ შევძელით საკუთარი ნაჭუჭის გატეხა, ვერ გავედით საკუთარი სივრციდან. ისევ ჩვენს თავში ვართ ჩაკეტილი. ერთ სივრცეში ვტრიალებთ...
- რაში ხედავთ მიზეზს, რატომ არ გამოგვდის?
- იმიტომ არ გამოგვდის, რომ მე შენი გაკეთებული საქმე არ მომწონს, რადგან ვფიქრობ, რომ მე უკეთესად გავაკეთებდი და ვიწყებ თავიდან. არადა, შენს აშენებულ საქმეზე მე უნდა დავაშენო. მერე სხვამ ამაზე უკეთესი დააშენოს, განა ახლიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა. ასე მოვდივართ თითქმის 30 წელზე მეტია. სულ მუდამ ვწუწუნებთ, ვბობოქრობთ, ვჯავრობთ და თვითონ არ ვიცით, რა უნდა იყოს მიზეზი ჯავრისა. ის რომ, დღეს ეკონომიკურად მიჭირს, არ უნდა იყოს მიზეზი ჯავრისა, ის, რომ ქვეყანა თავზე გექცევა, ეს უნდა იყოს შენი ჯავრის მიზეზი, ის, რომ სარწმუნოება გექცევა თავზე, ეს უნდა იყოს შენი ჯავრის მიზეზი...
როგორ მეცოდება ახალი წელი - შენ ხომ გარკვეულწილად რაღაცის იმედით უნდა მიხვიდე, რაღაცა უნდა უთხრა, ისეთი რაღაც, რომ ძველი წელის დადანაშაულებად ღირდეს. ეს არა მაქვს მოფიქრებული, რა ვუთხრა ახალ წელს, რა უნდა ვუთხრა საკუთარ თავს. შენ ხომ ყოველ წელს ბედნიერი მომავლის გჯერა, უფრო უკეთესი წელი გგონია იქნება, მაგრამ რომ აკვირდები, ბევრით არაფრით განსხვავდება, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კიდევაც ჩამორჩებოდეს, ზოგიერთში იყოს ცოტა უკეთესი, მაგრამ ეს ცოტა უკეთესის პოვნა გვიჭირს, იმდენად მღვრიეა სივრცე ჩვენი ქვეყნის თავზე, რომ იმ უკეთესების პოვნისთვის დროს არ ხარჯავ. ასე რომ, ჩემთვის არ იქნება ეს წელი მაინცდამაინც სასიამოვნო მოსალოცი, იმიტომ, რომ ჩემთვის ისეთი თავზარდამცემი სირცხვილი, რაც ამ ხანებში მოხდა ეკლესიაში, არ მომცემს საშუალებას, რომ უკეთეს მომავალზე ვიფიქრო. ასეთი თავზარდამცემი არაფერი გამიგონია და არც წამიკითხავს. შეიძლება ასეთი საქციელით მიხვიდე ახალ წელთან?! ეს ვის უნდა დავუტოვო?! ვის უნდა შეაწმინდო ხელები, იმ ძველ წელს?! რა შუაშია ძველი წელი?! ჩვენს თავს ვერასოდეს გავუჯავრდით ისე, რომ გამოვფხიზლდეთ, ვერ გამოვედით იმ ლეთარგიული ძილიდან, რომელიც კარგა ხანია დაგვეუფლა და სხვისი სამართავი და სანუგეშებელი გაგვხადა. მე თუკი რაიმე ნუგეში მინდა, უფალს შევყურებ. დღეს სამყარო სულ სხვანაირია, სხვანაირ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ყოველ სიტყვას ასჯერ აწონვა და გაზომვა უნდა, იმიტომ, რომ შეიძლება შენს ნათქვამში ისეთი რაღაც გაგეპაროს, რომ მერე შემაწუხებელი გახდეს თვითონ შენთვის და იმისთვისაც, ვისთვისაც გქონდა ნათქვამი გამიზნული.
- ეს ყველაფერი მძიმეა, მაგრამ დავიჯეროთ, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება.
- იმედის ქონამ ჩვენი გასაკეთებელი არ მოგვაშორა. უნდა იცოდე არა ის, რას მიულოცავ, არამედ ის, მომავალში რა უნდა გააკეთო, რომ ხელის შეწმენდა არ დაგჭირდეს ძველ წელზე. შენთან უნდა მოვიდე, შენ უნდა ჩაგხედო თვალებში, შენში უნდა დავინახო ის სითბო, რაც მე მაკლია, და შენ უნდა დაინახო ის სითბო, რაც შენ გაკლია. ასე უნდა ვიაროთ ერთმანეთთან და ვესაუბროთ, ერთმანეთისთვის თვალების გასწორება უნდა შეგვეძლოს, რომ მომავალში ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ.
- ანუ პოლიტიკურად რომ ვთქვათ, პოლარიზაცია უნდა შევამციროთ და გავაქროთ...
- ეგ პოლარიზაცია მაგათი მოგონილია, პოლიტიკოსების. უმაგათოდაც გვჭირდებოდა ერთმანეთთან დაახლოება. ერთი სასაუბრო ენა გვჭირდება, ერთი მიზნის გარშემო ფიქრის თავმოყრა, რომ გავიგოთ მიზეზი ერთი ნაბიჯით წინ და ორი ნაბიჯით უკან სიარულის. გონება როგორმე მოვიკრიბოთ და ერთმანეთს ნუ გავწირავთ, უნდა გვიხაროდეს ახალი წლის მოსვლა, იმიტომ, რომ დეკემბერი შენი მონანიების, გულში გლოვის პერიოდია იმ გაუკეთებელ საქმეებზე, რომ უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე; იმ ჩადენილ ცოდვებზე, რომლებიც მოინანიე, მაგრამ არა გულწრფელად და შენში დაიტოვე. ამით უნდა მივიდეთ ახალ წელთან. ამას თუ შევძლებთ, მერე ცოტა მეტი მოთხოვნა გვექნება. მინდა მაინც ასე მივულოცო ყველას - მომავალ წელს ნაკლები გვქონოდეს საწუწუნო და სადარდებელი, მომავალ წელს არ დაგვჭირდეს იმის თქმა, "რა გითხრათ, რით გაგახაროთ"...
- თქვენი ბავშვობის დროინდელი ბედნიერი ახალი წლები როგორი იყო?
- სიტყვა "ბედნიერება" არასოდეს მყვარებია. არ შეიძლება ერთი კაცის ბედნიერება იყოს ბედნიერების ჭერი, სახურავი, როდესაც შენს ირგვლივ მოჟამული სივრცეა. მე ომის შემდგომი თაობა ვარ და მაშინ ბედნიერებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. იყო შიმშილი, სიღატაკე, მაგრამ ვის მოუვიდოდა აზრად ეწუწუნა ან თავისი ცუდად ყოფნა სხვისთვის დაებრალებინა?! მაშინ ბალიშა კანფეტი თუ გვქონდა, ბედნიერი ვიყავით. არ იყო ადვილი საშოვარი. თუ პაპა შემოვიდოდა და შემოგიყრიდა სახლში, ბედნიერი იყავი, ეს მართლა სასწაული იყო. დღეს ეს აღარ გაძლევს ბედნიერების გარანტიას. ბავშვებს ისეთი ბავშვობა აღარ აქვთ, როგორიც მე მქონდა. დღეს ბავშვებში ნაკლებადაა ერთმანეთის მონატრების სურვილი, დრომ გააცივა და ჩვენ ამაში ხელი შევუწყვეთ. დღევანდელი ბავშვი გონიერია, მაგრამ გონება ცივია გულის გარეშე. გულის სითბო აკლია გონებას. უზარმაზარი გონებისანი არიან და გულის ცეცხლი როგორმე უნდა გავუღვივოთ ყინულის დასადნობად. თუ შეიძლება რაიმეს იმედი გქონდეს, ჩემი შვილიშვილების თაობის.
- თოვლის პაპა გსტუმრობდათ ხოლმე?
- მაშინ დიდი თოვლი იყო ხოლმე და თოვლის პაპას ვაკეთებდით, ნახშირისთვალებიანს. გამორჩეული სათამაშო, განსხვავებული, არ გვქონია, ნაძვის ხეებს არ ვრთავდით, არ იყო საშუალება. ყველა ოჯახს ვიღაც მოხუცი ჰყავდა და ის შემოდიოდა, მოგიტანდა ტკბილეულს, დაგლოცავდა - ეს იყო ნამდვილი პაპა. თუ პაპა არა გყავდა, ბებიებიც კარგად ასრულებდნენ თოვლისბებიობას, ბევრ ოჯახში არ იყო იმ დროს მამაკაცი. განსხვავებული სუფრა იშლებოდა ხოლმე შობა-ახალ წელს, მეტი რწმენა ჰქონდათ მომავალი წლის, მეტი მოლოდინი... ყველაფერს მოიკლებდნენ ხოლმე, თუკი რამე განსხვავებული მოეპოვებოდათ, ახალი წლისთვის ინახავდნენ...
- მგონი, ამაში არ შევცვლილვართ ქართველები...
- ახლა ცოტა გადაჭარბებულად ვიცით ხოლმე... მომავალი წელი ისეთი ყოფილიყოს, რომ ყველა ქართველს შესძლებოდეს თქმა, მაქვს იმედი მომავლისაო, რომ გვირაბის ბოლოს ანთებული სინათლე უფრო თვალსაჩინო გახდა. სულ ვწუწუნებ და არ მინდა მოწუწუნე პაპად დამიმახსოვრონ. მინდა ის, რაც ჩვენ ვერ შევქმენით, უმცროსებმა შეძლოთ. ჩვენ ყურწაგდებული ვიყავით, ამათ კი ყურწაგდებულობის დრო აღარ ექნებათ, თუ უნდათ ღვთივკურთხეული ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნოდეს.
- რაზე ოცნებობთ?
- ოცნებად მაქვს, ჩემს ქვეყანას ბედნიერი ახალი წელი მივულოცო. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეძლებს ატაროს.