მარტოკაცი ველური ბუნების წიაღში - კვირის პალიტრა

მარტოკაცი ველური ბუნების წიაღში

ერთ დროს საჭურე ხევსურებით დასახლებული სოფელი ყოფილა - ხორნაულების, ბურდულების, ჭინჭარაულებისა და არაბულების ოჯახები აქ მე-19 საუკუნის ბოლოს მოსულან. დღეს ამ სოფელში­ ნასახლარები და გაველურებული ბუნება თუ დაგხვდებათ... თიანეთის ლამაზ სოფელს სამი წლის წინ ერთადერთი მოსახლე, შალვა ხორნაული დაუბრუნდა. "გული მტკივა­ ნასოფლარებზე, არ მინდოდა ჩემი სოფელიც მათ რიგებში ჩამდგარიყო... მე კი ვცხოვრობ აქ, მაგრამ მეცოტავება ჩემი ცხოვრება. მინდა სხვებმაც მოაკითხონ, განვითარდეს და გაძლიერდეს სოფელი, სადაც ერთ დროს 30 კომლი ცხოვრობდა, აქ სკოლაც იყო, ჰქონდათ ბიბლიოთეკა, ყველაფერი წარსულში დარჩა... ძალიან მინდა გადავარჩინო ჩემი სოფელი", - მეუბნება 31 წლის შალვა ხორნაული, რომელმაც წინაპართა­ სოფლის აღორძინება გადაწყვიტა და სამი წლის წინ საჭურეს მიაკითხა. ახალგაზრდა­ კაცმა თან ორი ძროხა, ორი ქართული ნაგაზი და რამდენიმე ფრინველი წაიყვანა. მარტოკაცი, რომელიც ფერმერობას გეგმავს, საჭურეში თავის სამოთხეს იწყობს, მალე თავისივე ხელით აშენებულ პატარა სახლსაც გადახურავს, რომლის აშენება ველურ ბუნებაში წამოიწყო.

- ჩემი წინაპრები ხევსურეთიდან საჭურეში მე-19 საუკუნეში გადმოსახლდნენ. ჩემს სოფელში ხორნაულები, არაბულები, ჭინჭარაულები და ბურდულები ცხოვრობდნენ. ჩვენი პირვანდელი სოფელი ხორნაულთაა, სამწუხაროდ, ისიც ნასოფლარად იქცა. ამ სოფელში როშკიდან გადადიხარ. იქ უფრო ველური პირობებია, სამანქანე გზა მარტო როშკამდე მიდის და როშკიდან კიდევ ნახევარი დღე უნდა იარო, ხორნაულთაში რომ გადახვიდე. ბავშვობიდან მიწევდა საჭურეში სიარული, იმ დროს მოვესწარი, როცა სოფელში მოხუცებიღა ცხოვრობდნენ. ულამაზესი სოფელია და სულ მომწონდა აქ ამოსვლა. თიანეთში დავიბადე, სკოლა დავამთავრე და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ცოტა ხანს გავჩერდი­ თიანეთში, ვცადე, მაგრამ ჩემი სპეციალობით სამსახური ვერ ვიშოვე,­ თბილისში ცხოვრება კი ძალიან რთულია. გულმა ისევ აქეთ გამომიწია. ალბათ, ამის მოტივატორი ჩემი სოფლის სიყვარული იყო და ისიც, რომ მენანებოდა, ერთ დროს სიცოცხლით სავსე სოფელი ნასოფლარად რომ გადაქცეულიყო. 15 წელია, რაც სოფელი დაიცალა. მინდოდა აქ დამკვიდრება და ფერმერობის დაწყება, ვფიქრობ, ამ საქმეს ბოლომდე მივყვე.

kaci2-1672578134.jpg

მესამე წელი მიილევა, რაც აქა ვარ. ჩამოვედი და გატყევებული დამხვდა სოფელი. ყველაფერი თავიდან დავიწყეთ - 2015 წლიდან რამდენიმე კაცმა, რომელთაც საჭურეში ნაკვეთები აქვთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება” დავიწყეთ. ერთი მეზობელი მყავს, მამუკა არაბული, რომელმაც მამაპაპისეული სახლი თავიდან აიშენა. მართალია,­ ჯერ არ არის საჭურეში გადმოსული, მაგრამ რამდენიმე წელში აპირებს. წყალიც ჩვენი ხელით გამოვიყვანეთ, უბრალოდ, სახელმწიფომ სოფლის პროგრამით გვიყიდა­ წყლის მილი (1კმ და 200მ), ჩვენი ხელით გავჭერით მიწა და წყალი გამოვიყვანეთ, გზის საკითხიც მოვაგვარეთ - ჩვენი­ ხელით გავაკეთეთ ყველაფერი, გაუვალი ადგილები იყო, ეკალბარდებიანი, ბილიკებიც გამქრალი... ჩემმა მეზობელმა არაბულმაც შარშან აიშენა სახლი, მესაზღვრეა. რამდენიმე წელიწადში პენსიაში გავა და, სავარაუდოდ, ისიც აქ დასახლდება, მეზობელიც მეყოლება...

ერთი წელი ბიძის ხის ქოხში გამოვიზამ­თრე, საქონლის სადგომიც ხისავე მქონდა, თუმცა დამენგრა - თოვლმა ჩამიტეხა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სოფელში დენი არაა. თავიდან გამიჭირდა მარტოობა, როცა კაცი არაა დამლაპარაკებელი, უღრან ტყეში ხარ. მიუხედავად ამისა, მოტივაცია მქონდა და ძალაც თანდათან მემატებოდა. იმდენად დიდი იყო სურვილი, მინდოდა საქმე ბოლომდე მიმეყვანა. ესაა, აქ რომ სამუდამოდ დარჩე, ზამთარში ელემენტარული პირობებია საჭირო... წელს ერთი ოთახის ამოშენება დავიწყე, სახურავი ჯერ ვერ გადავხურე, დამიზამთრდა და ვერ დავასრულე. პაპის სახლიც თავიდან ასაშენებელია. ეს ზამთარი გადაივლის და გაზაფხულზე დავასრულებ სახლს, საქონლის სადგომსაც გავაკეთებ, რომ მგელმა არ მომისპოს. სადგომიც ხისაა და უბრალოდ გადავფარე, წვიმაში რომ არ მოჰყვეს საქონელი. ზამთარია მათთვის ძნელი, თორემ ზაფხულში ღია სადგომი უკეთესია.

kaci3-1672578134.jpg

სოფლის მეურნეობასაც მივდევ, მომყავს­ კარტოფილი, კიტრი, პამიდორი, ლობიო, სიმინდი, ბოსტნეული, რასაც ვწვდები, ყველაფერი საკმარი მაქვს. ბევრი შრომა მიწევს­ - თოხნა-ბარვა, ხვნა-თესვა, მერე თიბვა იწყება, ბევრია საქმე...

ჩემი ორი ძროხით ავედი სოფელში. ამ შემოდგომაზე გაიზარდა სულადობა და 7 სული ძროხა მყავს, 2 მაკეა და მალე მოიგებს. მათ გარდა სამი ქართული ნაგაზი (დედალ-მამალი და მათი ლეკვი), ორი კატა, კურდღლები, იხვები და ბატებიც მყავს. მეფრინველეობა-მესაქონლეობის გაფართოება­ მინდა. ამ ზაფხულს რძის ნაწარმი გავყიდე, ფაქტობრივად, ეს იყო ჩემი შემოსავალი, თორემ სხვა რა უნდა იყოს სოფელში? ყველის ამოყვანაც ვიცი. ზოგადად, თიანური რძის ნაწარმი, ხორციც და ბოსტნეულიც უგემრიელესია და განთქმული. ცარიელ მიწაზე დავიწყე კაკლის ნერგების ჩაყრა, ვაშლი და მსხალი დავამყნე, უეკლო მაყვლის რამდენიმე ძირიც დავრგე, ძალიან მსხმოიარე გამოდგა და მესამე წელია კარგ მოსავალს ვიღებ. ამ კლიმატში რაც უფრო გაამართლებს და გაიხარებს, იმას მოვამრავლებ. თუ ისე მოხდა, რომ სხვებიც მომბაძავენ, ამოვლენ და მე დავასაქმებ, ამაზე კარგი რა იქნება. ვცდილობ სხვებიც ავიყოლიო, მაგრამ ჯერ არაფერი გამომდის...

დედა ცარიელ სოფელში ჩემი გაშვების სასტიკი წინააღმდეგი იყო. ახლა თიანეთში­ ვარ, ჩემს ოჯახში და დედას არ უნდა იმის გაგონება, რომ ისევ უკან ვბრუნდები, ვეცოდები მარტო და ეს წლები სულ ასეთ ჭიდილში ვარ... მე კი ძალიან ბედნიერი ვარ, იქ ფიზიკურად თუ იღლები, სულიერად ისვენებ, თან ირგვლივ ისეთი ბუნება და სილამაზეა... მარტო მე არ ვფიქრობ ასე, ჩემთან ვინც ამოსულა, მეგობრები და ნაცნობები, ყველა მეუბნება, რა კარგი გარემოა, აქ ჩვენც დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდითო. თიანეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზეა, ჩემი სოფელი კი 1400-ზე, შორიც არაა თიანეთიდან, სადღაც 7 კილომეტრამდე მანძილია. საჭურე მაღალზეა, ულამაზესი ხედებით, ფაქტობრივად, ისევ ველური ბუნებაა, მარტოკაცმა ხელი მაინც ვერ დავატყვე. იყოს როგორიცაა, მელამაზება...

ბოლო წლებში სოფელში ტურა მომრავლდა. აქ მელაც და მგელიც ბევრია, თითქმის ყოველ წელს მაზარალებს, არ შეიძლება რაღაც რომ არ შემიჭამოს. ამ შემოდგომითაც პატარა მოზვერი დამეკარგა, ვეძებე და სამი დღის მერე ვიპოვე შეჭმული.

დახმარების პროგრამები კია, მაგრამ დაფინანსება არ მომითხოვია, რადგან იმდენ პირობას წამომიყენებენ, თავის დამცირება უფრო გამოვა. აქ რომ რამე განავითარო, პირველ რიგში, ელექტროენერგიას მომთხოვენ, რაც პერსპექტივაშიც არ ჩანს. სოფლამდე 4 კილომეტრამდე კაბელია გასაყვანი, დენი რომ მოვიდეს. ორჯერ შევიტანეთ განცხადება თიანეთის მერიაში, ჯერ პასუხი არ ჩანს... მინდა სახლის აშენება დავამთავრო, რომ ზამთარს გავუძლო და საქონლისთვის ხეირიანი გომურიც ჩავდგა, მერე ვიფიქრებ მათ მომრავლებაზე. ახლა ისინი თიანეთს ჩამოვრეკე, მაგრამ თიანეთშიც არა მაქვს იმის პირობები, საქონელი რომ შევინახო ისე, როგორც მინდა.

ცოლი ახლახან მოვიყვანე და პატარა მყავს, მეხუთე თვეშია თაია. რა თქმა უნდა, მეუღლეც მომყვება საჭურეში, ხატია უფრო მოწადინებულია, ძალიან მოსწონს ჩემი სოფელი. რაც პატარა მეყოლა, მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, მე კი გამოვიზამთრებ იქ, მაგრამ სანამ სახლის აშენებას არ დავამთავრებ, პატარას იქ ვერ ავიყვან. მოვაწესრიგებ ყველაფერს და ოჯახს მერე ავიყვან.

ჩემს სოფელს რომ ვუყურებ, გული ძალიან მტკივა. მე კი ვცხოვრობ იქ, მაგრამ მეცოტავება. მინდა სხვებმაც მოაკითხონ საჭურეს, განვითარდეს სოფელი, სადაც­ ერთ დროს 30 კომლი ცხოვრობდა, სკოლაც­ იყო (4 კლასამდე),­ ბიბლ­იოთეკაც და ყველაფერი წარსულში დარჩა... რაიონის ხელისუფლება­ უნდა დაინტერესდეს მისი განვითარებით­ და ქაღალდზე დაწერილად არ უნდა დარჩეს­ ის პროგრამები, რომლებიც მთიანი­ რეგიონებისთვის შეიქმნა. პირველად გზა, წყალი და დენის პრობლემა უნდა მოგვარდეს, თორემ მე არავის ვთხოვ, მოვიდეს­ და სახლი ამიშენოს. ჩემთვის­ სახელმწიფოს ყველაზე დიდი გვერდში დგომა ის იქნება, რომ ჩემს სოფლამდე ელექტროენერგია მოიყვანონ, სხვა სათხოვარი არა მაქვს. ჩემს სოფელს ერთი მხრიდან სოფელი მამადაანები, მეორე მხარეს - წიკვლიაანთკარი ემიჯნება, თიანეთში მარტო ჩემს სოფელში არაა დენი. ძალიან მინდა გადავარჩინო ჩემი სოფელი და არ ვიცი, ამიხდება თუ არა ოცნება...