"მძარცველი შეიარაღებულია? არა, დანა-ჩანგლითაა მოსული!" - კვირის პალიტრა

"მძარცველი შეიარაღებულია? არა, დანა-ჩანგლითაა მოსული!"

2 წელი გავიდა ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმიდან და ყველას­ უკვირს, როგორ მოახერხა ნახევარი­ მილიონი დოლარის გატანა ბანკიდან ბადრი ესებუამ მაშინ, როცა მისი დანაშაული­ პირდაპირ ტელეეთერში გადაიცემოდა, მან კი გაქცევაც შეძლო. ესებუას დღემდე უშედეგოდ ეძებენ, ხშირად ახსენებენ ჟურნალისტები შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამ საქმეს და ისიც პასუხობს, ვეძებთ­ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთო... ამ ფაქტის შემდეგაც ბანკებზე თავდასხმა და გაძარცვა არაერთხელ მოხდა.­ ამ საქმეში ლამის რეკორდსმენია ჩვენი ქვეყანა - ყოველწლიურად ათეულობით ასეთი დანაშაული ხდება. ესებუასთვის მიბაძვა ბევრმა სცადა, მაგრამ ბევრს არ გაუმართლა და ციხეში აღმოჩნდა.

ერთი ასეთი დანაშაული ქუთაისში 20 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს წყალტუბოელი 37 წლის გრიგოლ ნარსია "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, 14 მძევალი აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, თავდაპირველად შეიარაღებულ მამაკაცს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ ფილიალში შეჭრის შემდეგ­ სამხედრო ფორმა ჩაიცვა. მას თით­ქმის 9 საათს ჰყავდა მძევლად მოქალაქეები, რომლებიც პერიოდულად ბანკის შენობიდან ვიდეოებს ავრცელებდნენ. თავად ნარსიამ მოსთხოვა მძევლებს სოცქსელში, პირდაპირ ეთერში ჩართვა და ასე გახდა ცნობილი მისი მოთხოვნებიც. სამართალდამცავებს მან სამი საათი მისცა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მძარცველი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, დღის ბოლოს კი თანხის ოდენობა შეამცირა და 1.5 მილიონი დოლარი მოითხოვა. მძევლების გასათავისუფლებელი ოპერაცია 9 საათს­ გაგრძელდა... არც ნარსიას გაუმართლა, ის დააკავეს და ყველა მძევალი გაათავისუფლეს. გრიგოლ ნარსია ახლა ციხეშია მძიმე ბრალდებებით. მის ბანკზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოებს მთელი საქართველო უყურებდა და იმ დღეს გავრცელებულ ფრაზებს მთელი სოცქსელი აზიარებდა. შემდეგ ეს ფრაზები გაჩნდა ქუთაისში, თეთრ ხიდზეც. მისი იუმორი დაეხმარა, ალბათ, მძევლებს დროის გაყვანაში. შეგახსენებთ ამ ფრაზებს:

როცა ბანკის თანამშრომელმა 112-ში დარეკა და აცნობა, რაც ხდებოდა, ოპერატორმა ჰკითხა:

- შეიარაღებულია?

მძევალმა მას სხარტად უპასუხა:

- არა, დანა-ჩანგლითაა მოსული.

ოპერატორის მორიგ კითხვას, მძევლები თუ არიანო, ასეთი პასუხი მოჰყვა:

- არა, ნამცხვარი გვაქვს და ყავა გვინდა.­

ვიდეოჩართვის დროს მძარცველმა მძევალს მიმართა:

- აჩვენე აგენი, ყუმბარები, დედა რო მეე...ნებათ, - რასაც ქუთაისელი მძევლის შეშფოთებული პასუხი მოჰყვა:

- მაგენს კი არა, მე მომე...ნება დედა, აქანაა ბომბები, იქ კი არა.

მძარცველი: - ჩართე ლაივი და რასაც გეტყვი, გადაეცი.

- მოდი, ჩემო ძმაო, დაენახე და შენ თვითონ წამოუყენე შენი პირობები.

ამის შემდეგ მოთხოვნები მძარცველმა­ გაახმოვანა:

- 2 მილიონი დოლარი მინდა 3 საათში.

- 3 საათი აქანა უნდა ვიყო? 3 საათი­ რად უნდა? - შეეპასუხა მას მძევალი.

მძარცველი: - უნდა კაცო, სანამ ეგენი მოილაპარაკებენ, აქამდე მოვლენ, უნდა.

მძევალი: - მიეცით ამ ღვთისნიერ კაცს მისი კუთვნილი თანხა, რასაც ითხოვს, და გამოგვიშვებს, წავა მის მშვიდ გზაზე.

მეორე მძევალი, ცოტა მოგვიანებით: - ფულის ღორი ხო არა ხართ, რა გახდა ეს 2 მილიონი დოლარი, მოუტანეთ ამ კაცს...

მძარცველის სიტყვებს, ხელი მეღლება და დამივარდება ყუმბარაო, მძევლის სხარტი პასუხი მოჰყვა: - მომე, მე დევიკავებ.

მძევალი მძარცველს: - აუ, მაგას ნუ მახებ კისერზე, თუ არა, იგი არაა პრობლემა.

კიდევ ერთი მძევალი მძარცველის გულის მოლბობას ცდილობს: - შენი ჭირიმე, არ ჩანხართ ცუდი ადამიანი.

მძარცველი: - ხაჭაპური არა მაქვს, თვარა გაგიყოფდით.

მძარცველი: - გადათვალეთ რამდენი ვართ, ვინმე ხომ არ გვაკლია?

მძევალი: - 12 ვართ, ფეხბურთი მაინც ვითამაშოთ.

მძევალი მძარცველს: - მოდი, კაი კაცი, ერთი აგათვალიერო, ვაჩვენო ხალხს შენი შეიარაღება. აქეთ მობრუნდი, ახლა იქით.

პოლიციელი: - გამოუშვი ქალები.

მძევალი: - ჰო, გამოუშვებს არა, ცეკვა-ცეკვით გამოვალთ კიდო.

მძარცველი: - გათიშე ლაივი.

მძევალი: - არ გიღებ, შენ გენაცვალე, შენ, აგერ ამას ვუღებ, შენთვისაც კაია, ხალხმა ნახოს, თვარა დავკრავ ამ ტელეფონს ძირს, მე სულ მკიდია...

"თავიდან ჩვენი შეშინება უნდოდა და ჰაერში გაისროლა, კარი რომ ჩაკეტა, მერე აღარ ძალადობდა"

იმ დღეს 14 მძევალს შორის იყვნენ მეგობრები, ლევან და შალვა ასათიანები. ბიჭებმა ბანკის ორ თანამშრომელ გოგონასთან ერთად მძარცველისგან თავის დაღწევა­ სამი საათის შემდეგ შეძლეს.

ლევან ასათიანი: - რიგის ნომერს ველოდებოდი და ამ დროს შემოვიდა. ფორმა ეცვა, ეგ შევნიშნე. თავიდან ვერ მივხვდი, რა და როგორ მოხდა. სადღაც 10 წუთში გავაცნობიერე, რომ მძევლად ვიყავით აყვანილი. პანიკა იყო, თუმცა თვითონ­ ცუდად არ გვექცეოდა. ერთმანეთის დახმარების უფლებასაც გვაძლევდა. მუქარა ან ფიზიკურად შეხება, მსგავსი არაფერი ყოფილა. ითხოვდა თანხას და ასახელებდა, დროის რა მონაკვეთში უნდა მიეტანათ. როცა დაინახა, ადამიანები ცუდად ხდებოდნენ და პანიკაში იყვნენ, თვითონაც აწყნარებდა და ეხმარებოდა. არ მახსოვს, რომ შეურაცხყოფა მოეყენებინოს ჩვენთვის, ან ზეწოლა მოეხდინოს. 112-ში ბანკის თანამშრომელმა დარეკა და მან შეატყობინა ეს ფაქტი. იყო მომენტი, როცა გვეშინოდა, ეს ბუნებრივია, რადგან გაცნობიერებული გვქონდა, რომ მძევლები ვიყავით, მაგრამ შიშს არ ავყევით. ერთი ქალი ძალიან ნერვიულობდა. ყველანი ვცდილობდით მის დამშვიდებას და მერე ისიც დაწყნარდა. 14 კაცი ვიყავით და ყველას მოქმედებას ვერ აკონტროლებდა. ამიტომ მოვახერხეთ და სამართალდამცავებმაც შეძლეს, რომ თავიდან 4 კაცი გამოვსულიყავით. მას ეს გაკონტროლებული რომ ჰქონოდა, ვერ გამოვიდოდით. დარბაზიდან არ ჩანდა ის ადგილი, საიდანაც ჩვენ გამოვედით. ოთახში მოძრაობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი შალვა არ იყო დარბაზში და მისი ძებნა დავიწყე. შევამჩნიეთ, რომ პოლიციის თანამშრომლები გვანიშნებდნენ, მივსულიყავით კართან და გამოვსულიყავით. შენობას სხვა გასასვლელიც ჰქონდა - ეს არ იცოდა მძარცველმა. ეტყობა, იმ კარის კოდი ბანკის თანამშრომელმა გოგონამ იცოდა და იმ ქაოსში მოახერხა კოდის აკრეფა. ამ გზით ბანკიდან გავიდა თვითონ და კიდევ ერთი გოგონა, რის შემდეგ ჩემი მეგობარი და მეც გამოვედით პოლიციის დახმარებით. ჩვენც რომ გავედით, ნარსია მიხვდა, რომ სხვა გასასვლელი ჰქონდა ბანკს და დაძაბულობა წავიდა. უფრო რთული კადრები რომ აჩვენეს, ჩვენ შემდეგ არის გადაღებული. ჩვენი მძევლად აყვანიდან სადღაც 3 საათში გამოვედით. შეიარაღებული ადამიანი შიგნით დავტოვეთ, მას იარაღი ჰქონდა და ხელყუმბარაც ეჭირა, მაგრამ იმ სამი საათის განმავლობაში აგრესია არ ჰქონია. თავიდან ჩვენი შეშინება უნდოდა და შეგვაშინა კიდეც - ჰაერში გაისროლა, კარი რომ ჩაკეტა, მერე აღარ ძალადობდა.

„რომ ამბობენ, "ლიმონკა" გახსნილი იყოო, ტყუილია"

შალვა ასათიანი: - არ იყო ადვილი ის სამი საათი, რომელიც ბანკში გავატარეთ. ქალები რომ ძალიან ცუდად იყვნენ, შევეცადეთ ცოტა ხუმრობით გაგვენეიტრალებინა სიტუაცია. ზოგს შაქარი ჰქონდა, ზოგს ხელი გაუშეშდა, ზოგი ტიროდა და ჩვენც რომ ავყოლოდით, ნერვიულობით უფრო დიდი შიში და პანიკა შეიქმნებოდა.

- იმ ფრაზებმა და იუმორმა, ბანკიდან რომ ისმოდა, დღის ბოლოს, როცა სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა, გაახალისა ადამიანები. ამას როგორ ახერხებდით?

- არ იყო ადვილი, მაგრამ ეს გვშველოდა ცოტათი. იმ კაცსაც კი ეცინებოდა ჩვენს ხუმრობებზე და მის ასეთ კარგ განწყობას რომ ხედავდნენ გოგონები, ცოტათი განიტვირთა დაძაბულობა. როცა 112-ში დარეკა ბანკის თანამშრომელმა და აცნობა, რომ მძევლად ვყავდით აყვანილი, ოპერატორმა თავიდან არ დაიჯერა... ჩვენი მისამართით მუქარა არ ყოფილა... რას გვეტყოდა, დაგვპატიჟა რესტორანში (იცინის). თქვა, თუ დაეთანხმებიან ჩემს მოთხოვნებს, არაფერს დაგიშავებთ. ამ მთავრობაზე, ხალხსა და ბანკის თანამშრომლებზეა­ ყველაფერი დამოკიდებული, გამოგზავნონ ფული და ყველაფერი მშვიდობიანად იქნება, დაუბრუნდებით თქვენს ოჯახებს, თუ არადა, არ ვიცი, მერე რა მოხდებაო. თავიდან ერთი ქალი რომ ცუდად გახდა, ბანკის თანამშრომლებს უთხრა, თუ გაქვთ რამე წამალი დაალევინეთო. რომ ამბობენ, "ლიმონკა" გახსნილი იყოო, ტყუილია. ჩვენი წამოსვლის შემდეგ გაღიზიანდა, აღმოაჩინა, რომ აკლდა მძევლები, რომ სადღაც გასასვლელი იყო და მერე აღარც საპირფარეშოში უშვებდა ხალხს, რომ არ გაპარულიყვნენ. აგრესიული არ ყოფილა, თავის ყველა ქმედებას აკონტროლებდა. ხელი არ უხლია არავისთვის, შეგინებითაც არ შეუგინებია, თავიდან შეაგინა ერთ გოგოს, რადგან მან მოატყუა, უთხრა, გასაღები არა მაქვსო. მოკლედ, წესიერი მძარცველი იყო, ორი მილიონი უნდოდა მხოლოდ. ეს რომ თქვა, მე ვუთხარი, ჩემი ძმა, 300 ლარზე მეტი არა მაქვს-მეთქი...

მძარცველის ჩვენებიდან

მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარსიას თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

"ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავისი უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი... ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა და ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრებინა. მითხრეს, რომ ფული მოტანილი ჰქონდათ და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე, რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა, თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს. გულწრფელად ვნანობ ჩემს ჩადენილ ქმედებას...", - ვკითხულობთ გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში.

ნარსიას საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ის განაჩენის მოლოდინშია.