უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერის დღიურებიდან... - კვირის პალიტრა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერის დღიურებიდან...

უკრაინის ომის დაწყების დღიდან საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე ათასი ქართველი მოხალისე ჩაერთო და უცხო ქვეყნის მებრძოლებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი საქართველოს აქვს... ცნობილია, რომ ქართველი მეომრები, ლეგიონის, რაზმის წევრები, პარტიზანები, უმეტესად ცხელ წერტილებში იბრძვიან. ახალჩასულებს, ხშირად ქართველები ასწავლიან იარაღის მოხმარებას და წვრთნიან. "კვირის პალიტრის" რესპონდენტი 35 წლის მაღალი მომზადების მსროლელია, მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ავღანეთის ორი საერთაშორისო მისია გამოიარა. რუსეთ-უკრაინის ომში მარტის დამდეგიდან იბრძვის და არაერთ ურთულეს ოპერაციაში მონაწილეობდა. ხანმოკლე შესვენებების დროს "ომის ჩანაწერების" გაკეთებას შეუდგა...

"რუსების ოპერაცია ჩავარდა..."

"ადრიანი გაზაფხულია. უკრაინის კლიმატს ჯერ კარგად არ ვიცნობ, ამიტომ­ ყველა­ ნაბიჯზე ვფრთხილობ... ვიღაცას­ ქუჩებში ბრძოლა ურჩევნია, ვიღაცას ტყეში­. მე თუ მკითხავ, საერთოდ მშვიდობა ჯობია,­ მაგრამ შეუძლებელია რუსეთის მეზობლად არსებობდეს ქვეყანა და მშვიდად ცხოვრობდეს.

წერაზე არასდროს მიოცნებია, კურსების გავლისას ჩასანიშნ აუცილებელ ლექციებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ახლა მომინდა, რასაც ვხედავ, დავწერო... ჩემგან 4-5 კილომეტრში, ალბათ, ყველა სხვადასხვა სახის საცეცხლე საშუალება მუშაობს. რუსები ცდილობენ წინ წაიწიონ და დაკავებული პოზიციები გაასწორონ, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევთ. როდესაც პოზიციების დათმობა გვიწევდა, ხალხი ამბობდა,­ აქედან თუ არ გავედით, პროუკრაინელობისთვის დახვრეტა არ აგვცდებაო.

ერთ-ერთ დეოკუპირებულ რეგიონში გვიამბეს, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების რეზერვი გაანადგურეს, შემდეგ თავად­ შემოიტანეს პური და სხვა რამეები და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მათ გარეშე­ ვერ გადავრჩებოდითო. ექიმი, რომელმაც უამ­რავი უკრაინელი სამხედრო, სამოქალ­აქო პირი თუ კოლაბორაციონისტი გადა­არჩინა, იმიტომ დაუხვრეტიათ, რომ იმ ადამიანების სია არ მიაწოდა, რომელთაც ოჯახის წევრები უცხოეთში ჰყავთ. მხოლოდ იმით შეიძლება თავის დამშვიდება, რომ პარტიზანებმა ამის ჩამდენები მალევე გაანეიტრალეს...

რაციაში მეგობარმა გადმომცა, შენგან მარცხნივ სეპარატისტების სნაიპერების გადაადგილება დაფიქსირდაო. ისედაც მქონდა ინფორმაცია, რომ ელიტური დანაყოფების წევრები იყვნენ შემოსული, ალბათ, სიტუაციის დასაზვერად. ძირითადად, ასე იქცევიან, შემდეგ მოჰყვება ქვეითი და მძიმე ტექნიკა. შესაძლოა ამის მიხედვით გეგმავდნენ შეტევას. მათსას ვინ გაიგებს. მოკლედ, დავალება მივიღეთ, მათთვის გეგმა­ უნდა ჩაგვეშალა. რამდენიმე ჯგუფმა გამთენიისთვის აღჭურვილობა ჩავალაგეთ. უკვე ისმოდა ნაღმსატყორცნების ხმა, რუსები, როგორც წესი, შეუთანხმებლად მოქმედებდნენ... რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ და ხერსონისკენ ავიღეთ გეზი. რაღაც მანძილი­ მანქანით ვიარეთ, შემდეგ ფეხით. ეს ჩემთვის ახალი არ არის, ვატყობ, არც ჩემთან ერთად მყოფი ორი ბელარუსისთვის - კარგად მომზადებული არიან. შეთანხმებულად ვმოქმედებთ, ყველა სიტყვასა და ქმედებას ვწონით, აქ შეცდომა დამღუპველია, რადგან ხშირად ჩვენ უკან მთელი ნაწილი, დასახლება, ქალაქი ან სოფელი დგას... არ ვიცი, ქართული აქტიურობის დამსახურება იყო თუ არა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენს სიტყვას ითვალისწინებდნენ - ცოცხალი ომიც გამოვლილი გაქვთ და წვრთნებიცო, უთქვამთ. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და წამით მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს... გზად შევჩერდით და ერთი უკრაინელი ბიჭი ავიყვანეთ, მეგზურობა უნდა გაეწია.

ერთ სოფელს რომ ჩავუარეთ, კოცონის­ გარშემო შეკრებილ ხალხს მოვკარით თვალი­ - დიდი ქვაბით აკეთებენ საჭმელსო, აგვიხსნა ბიჭმა. მოხუცები გასათბობად ადმინისტრაციულ შენობებში დადიოდნენ. ვინც კერძო სახლში ცხოვრობდა, გარეთ ანთებდა ცეცხლს, მაგრამ კორპუსის მოსახლეობას რა ექნა... მისი ახლობლები,­ რომელთა ოჯახებსაც ახლა კოლაბორაციონისტები და "რაშისტები" შავ დღეში აგდებდნენ, ჩვენი, ქართველების ჯგუფის, მომზადებული აღმოჩნდა, საზღვაო სპეცდანიშნულების ძალებში მსახურობდნენ. რამდენიმე პროფესიონალი სნაიპერი იყო. რამდენიმე თვეც ემზადებოდნენ. პოზიცია მოვაწყვეთ და შესაფერის მომენტს, მტრის გამოჩენას დაველოდეთ...

ზუსტი ხედვის ოპტიკურ აღჭურვილობაში რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული­ ტექნიკა შევამჩნიე, მათი სიმბოლიკებით. ადრიან ზაფხულში აქ ქარი იცის და იმედია, ხელს არ შეგვიშლისო, ამოოხვრასავით გულს ამოაყოლა ჩვენმა მეგზურმა­ უკრაინელმა. შორ მანძილზე დაგეგმილი ოპერაციის დროს საბრძოლო მასალას ყოველთვის ვუფრთხილდებით, მით უფრო ასეთ ვითარებაში. ყველა დეტალი უნდა გათვალო: მანძილი, მიმართულება, დერივაცია, რაც ტყვიის მექანიკურ გადახრას გულისხმობს, ოპტიკა მილიმეტრებში, აბსოლუტური სიზუსტით გავასწორე და გაფაციცებული დაველოდე საჭირო მომენტს...

ჩამოცხა. ხანდახან მაღალი ტემპერატურა,­ თუ სამიზნე აგვიანებს, ანუ ლოდინი გვიწევს,­ ყურადღებას ადუნებს. ჯგუფის წევრები­ ერთმანეთთან საუბარსაც ვერიდებით, გასაგები მიზეზების გამო. ძირითადად, ჟესტი­კულაციით, თვალებითა და ნიშნებით ვესაუბრებით ერთმანეთს. ვითარებას ისიც ართულებდა, რომ წელიწადის ამ დროს ტყეში ძალიან ბევრი მწერია, რომელიც მოურიდებლად გეხვევა. აღჭურვილობაში გვაქვს მწერების საწინააღმდეგო საშუალებაც, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ეჩვევიან და ისევ განაგრძობენ ჩვენს წამებას.

უეცრად ჩვენგან მარცხნივ, ხეებში ჩაფლულ დასახლებაში, რომლის მხოლოდ ნაწილი ჩანდა, ჭურვი შენობას მოხვდა. აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა, ცეცხლის ბურთი ჯერ ჰაერში აიტყორცნა და შემდეგ იქაურობა შავმა კვამლმა დაფარა. სროლა ახლო მანძილიდან იყო. ამ დროს სასწრაფოდ ვადგენთ, საიდან გახსნეს ცეცხლი... მას მსხვილკალიბრიანი იარაღი მოჰყვა. მთელი პერიმეტრის მიმართულებით ისროდნენ და სამიზნეს ამუშავებდნენ. მათი პოვნა არ გაგვჭირვებია - შეთანხმებულივით, ერთდროულად, სინქრონში დავცხეთ!.. შემდეგი მომდევნო წუთი არაფერი მახსოვს. უეცრად დუმილი ჩამოწვა, ტყვიამფრქვევისა და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღის ხმა მიჩუმდა, შემდეგ კი ისევ აკაკანდა. ჩემ ახლოს ხეს უზარმაზარი­ ტოტი მოსწყდა და ლიწინით დაეცა მიწაზე. თუმცა რამდენიმე წუთში ეს ხმაც შეწყდა. მივხვდი, რომ რუსების დაგეგმილი ოპერაცია ჩავარდა ან გადავადდა. იქ გაჩერება არც ერთი წუთით არ შეიძლებოდა. სასწრაფოდ ჩავალაგეთ აღჭურვილობა და იქაურობას მოვშორდით. გზაში ჩემმა ოფიცერმა გვითხრა, ავტომატის ღვედი გაწყვეტილი მაქვსო.

საღამოს ინფორმაციის გაცნობისას რუსები მათთვის დამახასიათებელი პრიმიტივიზმით წერდნენ, რომ მოწინააღმდეგის ჩასაფრებას გადააწყდნენ და მძიმე ბრძოლა გაუმართეს. ჰყავდათ დაჭრილებიც... სინამდვილეში დაღუპულები ჰყავთ, რომელთაც იქვე ტოვებენ და ჩვენ ეს უამრავ პრობლემას გვიქმნის... მომდევნო რამდენიმე საათი­ მნიშვნელოვანი იყო - სანამ იმ სექტორზე ძალების მობილიზება მოახერხეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიცია გაიმყარეს.

"სნაიპერები არასდროს ისვენებენ"

საქმეში ჩაუხედავი, ომისგან შორს მყოფი ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როდესაც მთელი დღე ან ღამე სამიზნეს უთვალთვალებთ, არ გშიათ, გწყურიათ ან არ იღლებითო... მაშინ არაფერს ფიქრობ, გარდა იმისა, რომ სამიზნე არ გამოგრჩეს. გონებიდან და გულიდან თიშავ ყველაფერს, ჭამა, სმა, ძილი, დასვენება და ყველა საქმე მოიცდის, მაგრამ თუ შეცდომა დაუშვი, მტერმა შეგნიშნა და დაგასწრო, ვეღარასდროს შეჭამ, დალევ და სამუდამოდაც დაისვენებ, თან მტრის ჯავრი გაგყვება, რომ გაჯობა. ის კი არა, სანგარში მქონია შემთხვევა, მთელი დღე ორმხრივ ღია ცეცხლში ვყოფილვართ, ჭამა კი არა, წყლის დალევაც არავის გახსენებია. ყოველი შენი გამტყუნებული ან აცდენილი ტყვია ნიშნავს­ დაღუპულ ერთ შენიანს, რადგან ომი მორევაზეა. ძალის აღდგენა აუცილებელია. ღამე ვჭამთ, ვისვენებთ, ვმსჯელობთ და თუ რამე ხარვეზი იყო, განვიხილავთ.

როდესაც იმ რაიონში შევდივართ, სადაც რუსები არიან, სულ ვფიქრობ, სამყაროში ახლა კი არა, ოდესმე თუ არსებობდა ან იარსებებს სამართალი, როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი სასტიკი იყოს? ადგილობრივ რუსებს, რომელთაც ბრალად უკრაინელებთან დარეკვას ან საინფორმაციო მესიჯის გაგზავნას აბრალებდნენ, თითები დაუხვრიტეს - კედელთან მიაყენეს და თავში კი არ ესროლეს, თითებგაშლილი ხელები კედელზე მიაბჯენინეს და ცალ თითზე ერთმა ესროლა, მეორეზე - სხვამ. რა მნიშვნელობა აქვს, "ვაგნერელია", "კადიროველი" თუ ბურიატი. მოხუცებს გაუსწორდნენ ასე, სიცილ-ხარხარით. ნასვამები იყვნენ და ზოგჯერ პირველივე ცდაზე ვერ ახვედრებდნენ ტყვიას, ამიტომაც ცვლიდნენ იარაღს ან მანძილს ამცირებდნენო. ზოგს ორივე ხელის თითები გადაგლეჯილი, ან მაჯებში წაწყვეტილი ჰქონდა. ამბობდნენ, ფიზიკურად კი გადავრჩით, მაგრამ სინამდვილეში ბევრჯერ მოვკვდითო. ადამიანისგან მსგავსი სადისტობა ვერ წარმოედგინათ... უარესებიც გვინახავს, 13-14 წლის გოგონები გვინახავს დახვრეტილი ავტოფარეხებში. რუსების შესვლის შემდეგ უამრავმა ისარგებლა პრივილეგიით, იმიტომ, რომ მათ მხარეს იყო და პირდაპირ სახლიდან გამოყარა არაერთი ადგილობრივი, პირადი დაპირისპირების ნიადაგზე ჩაუშვა ან სულაც რამე დააბრალა. ასეთ დროს სამართალი უსაქმურების გამოგონილ ფრაზად ჟღერს. სინამდვილეში სამართალი იყო მის მხარეს, ვინც იმარჯვებდა. ომს სენტიმენტები არ უყვარს, მაგრამ პრიორიტეტს მაინც იმ ადგილს ვანიჭებდით, სადაც მოსახლეობას მათ რეჟიმში უწევდა გადარჩენა და ასეთი იყო ძალიან ბევრი, თითქმის ყველა... ამიტომ, ვის ახსოვს სიცხე, ყინვა ან სიცივე, როდესაც სექტორი გაქვს ჩაბარებული, მასზე ხარ პასუხისმგებელი, რომ არაფერი გამოგეპაროს. ამ დროს დრო ჩერდება... სწავლა, თეორია, პრაქტიკა, ანგარიში, ზუსტი გათვლა, მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ჩვენი დაუწერელი კანონი, რომელსაც თითქოს მესამე თვალით ხედავ, თავად უნდა განსაზღვრო ზუსტი წამი და გასროლამდე­ უნდა გრძნობდე, რომ შენი გასროლილი ტყვია მიზანს მოხვდება. ზოგი ამას ინსტინქტს უწოდებს, მე მეექვსე გრძნობას დავარქმევდი, რომელიც გამოცდილებამ შემძინა. ალბათ, ყველას და მეც მიგემია გაცუდებული ტყვიის სიმწარე. რამდენიმე გასროლის შემდეგ გაცუდდა, არ გაისროლა იარაღმა... ამ დროს სისხლი გეყინება. ნებისმიერ წუთს შეიძლება დრონი მოფრინდეს და იქაურობა ცეცხლის ალში გაახვიოს, მაგრამ გამბედაობა და მოთმინება უნდა მოიკრიბო, რკინის ნერვებს უნდა მოუხმო და სიტუაციის ჩაწყნარებას დაელოდო. შემდეგ კი ჯგუფთან ერთად საევაკუაციო ჯგუფს დაელოდო და იქაურობას სწრაფად გაეცალო.

"ყველაზე რთული დაჭრილების გამოყვანაა"

რამდენიმე დღის წინ მეთაური დამიკავშირდა, პირადად უნდა გესაუბროო. მის მაღალ პროფესიონალიზმზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი და ვიცოდი, თუ ვინმეს ასე, პირადი მოლაპარაკებით უშვებდა საქმეზე, ესე იგი ბოლომდე ენდობოდა. კოორდინატები გადმომცა, ჯგუფი თავად შეარჩიე, ძალიან სწრაფად წადით ოპერაციაზე, სწრაფადვე დაასრულეთ და წამოდითო.

ენას კარგად ვფლობ, როგორც რუს­ულს, ისე ინგლისურს და უკვე უკრაინულსაც, მაგრამ ვაღიარებ, თუ თავად მომიწევს­ არჩევა, ქართველები მიმყავს... ღამის ოპერაცია იყო. ზოგს ეძნელება, თუმცა უკვე იმდენად თანამედროვე ღამის ხედვის აპარატები გვაქვს, რომ პროფესიონალს არავითარი სირთულე არ ექმნება. მოწინააღმდეგის დანახვისთანავე უნდა გაგვესროლა, ასეთი იყო დავალება, მაგრამ დაზვერვაზე წამოსულ ჯგუფს გადავეყარეთ. თავისიანებთან კოორდინაცია არ ჰქონდათ, რუსები­ ვეგონეთ და ამასობაში განვაიარაღეთ, ჯგუფის ნაწილი ბაზას დაუკავშირდა, დამხმარე­ ტრანსპორტი გამოიძახა და შეშინებული რუსები წაასხეს. ჩვენ დავრჩით... სოფელში­ ტერიტორიული დაცვის პოსტი იყო და მათთან კოორდინირებულად­ უნდა გვემოქმედა. ჩვენი ყველა ნაბიჯის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. ერთი შენობა შევარჩიეთ, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა შემოსასვლელი... გამთენიამდე არ გამოჩენილან. დილით კი პირდაპირ ტანკებით წამოვიდნენ. მეთაური საქმის კურსში ჩავაყენე და შემდეგ ბრძანებას დაველოდე. პარალელურად, რუსების ძლიერი საარტილერიო შეტევა იქაურობას აზანზარებდა და როგ­ორც შეგვეძლო, ისე ვარიდებდით თავს, რომ შენობის ნამსხვრევებს არ დავეზიან­ებინეთ... შუადღისთვის ცოცხალი ძალა გამოჩნდა­. რამდენიმე მეტრში მოგვიახლოვდნენ თუ არა, თითქოს იცოდნენ, ჯგუფს რამდენიმე მათგანი გამოეყო და პირდაპირ იმ შენობის კიბისკენ გამოემართნენ, სადაც დაბანაკებული ვიყავით. მათი განეიტრალება უხმოდ უნდა მომხდარიყო, მაყუჩიანი იარაღი ამ დროს ყველაზე კარგი გამო­სავალია, ოღონდ ისე, რომ პასუხი ვერ მოასწრონ, თორემ გასროლაზე მათი ხალხი ამოცვივდება. ხუთი დავითვალეთ. ამ დროს გადამწყვეტი სისწრაფე და ოპერატიულობაა. ჩვენი გუნდიდან ერთი ახალბედა მსროლელი აღმოჩნდა და ძალიან განიცადა, ომამდე სამხედრო მომზადება გავიარე, მაგრამ ასეთი მაინც ვერ წარმომედგინა და ცუდად გავხდიო... კავშირი არ ჰქონდათ, ერთი გაფუჭებული, წებოვანლენტშემოხვეული რაცია ჰქონდათ, რომელიც არ ირთვებოდა. ალბათ, ამან გადაგვარჩინა, რომ ამათი ბედით არ დაინტერესდნენ - ანუ მოწინააღმდეგესთან რამდენიმე კმ-ში გამოუშვეს ნაწილი და კავშირი არ ჰქონდათ. ლამის გადავიხარხარეთ - კარგად ჩაინიშნე, რომელი ფირმისაა, ახალ აღჭურვილობას რომ მოგვცემენ, მოვითხოვოთო... იმ დროს ხუმრობის დრო ნაკლებად გვაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ ვითარება­ ცოტა შევამსუბუქოთ. სანამ კარგად გათენდებოდა, წასვლა უნდა მოგვესწრო. ფანჯრიდან ვხედავდით სამხედრო მანქანების შემოსვლას. ყველაფერი ჩავალაგეთ და ფრთხილად გამოვედით. ეს ძალიან რთული პროცესია. იარაღის ნაწილი ჩალაგებული გაქვს, მაგრამ იმის გარანტია, რომ მოწინააღმდეგეს არ გადაეყრები, არ არსებობს. ერთი სული მქონდა, ინტერნეტის დაფარვის ზონამდე მიგვეღწია და შტაბისთვის ინფორმაცია გადამეცა. ჩვენების პასუხმაც არ დააყოვნა - იქიდან სხვა სოფელში გვიწევდა წასვლა. დაღლილი, გამოუძინებელი ვიყავი, ჩემზე და სხვებზე არ ვდარდობდი, ის ახალბედა მეეჭვებოდა. შევ­ხედე თუ არა, თავი დამიქნია - ფორმაში ვარ, არ იღელვოო და პირჯვარი გადაიწერა. როგორი ამოუხსნელი და უცნაური იყო ამ დროს ის ჟესტი, არადა, დიახ, გვჭირდებოდა უფლის შეწევნა, რადგან უდიდესი ბოროტება იყო ჩვენ პირისპირ.

იმ სოფლამდე დაახლოებით ორი საათი ვიარეთ, ჯერ მანქანით, მერე ფეხით. იქვე მისულებს გვითხრეს, რომ ერთი მცირე დანაყოფი, დიდი რეზერვით, იყო ჩვენი სამიზნე, ოღონდ უხმაუროდ უნდა გვემუშავა. ახალბედამ გამაოცა რისკიანი და ოპერატიული ქმედებით. სოფელი დაკარგული იყო, მაგრამ დანაყოფი, რომელიც ჩვენი სამიზნე იყო, დანარჩენი მიმართულებებით ამარაგებდნენ თავიან ნაწილებს, ჩვენ კი შეფერხება გვჭირდებოდა... გამოსვლისას ერთი ბიჭი, რომელიც დაზღვევაზე იდგა, მძიმედ დაგვიჭრეს. ბაზამდე კი მივაღწიეთ, მაგრამ შიდა სისხლდენა ჰქონდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ყველაფრის განწყობა დავკარგეთ, ჭამის, დასვენების. თუმცა ასე არ შეიძლება, პრაგმატიზმი აუცილებელია, რადგან ეს ერთ­ჯერადი შემთხვევა არ იყო. ომი გრძელდებოდა, ჩვენ კი უნდა გვეცოცხლა და ჩვენი მისია შეგვესრულებინა. იმ დღეს მეორე ჯგუფი დაჭრილების გამოსაყვანად წავიდა, რაც ყველაზე მეტად მიმძიმს. რამდენჯერ მინატრია, მირჩევნია პირდაპირ მომკლან, ვიდრე დავიჭრა და ბიჭებს ჩემ გამო საფრთხე შევუქმნა-მეთქი. ერთხელ ვთქვი კიდეც და ეწყინათ, ასე ნუ ამბობო... ალბათ, სუბიექტური ვარ.

მესამე დღეს კიდევ ერთი მიმართულებით წავედით, ღამით. ჩამქრალი ფარებით მივდიოდით. ერთი ზედმეტი, საეჭვო მოძრაობა და, ყველაფერი დასრულებულია. თავად მანქანაა ბომბი, იმდენი რამე გვიდევს­ საბარგულში, ნაღმები, ყუმბარსატყორცნები, საბრძოლო მასალა, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი, პირადი იარაღი, ოპტიკური სამიზნეები... ზაპოროჟიესთან ვართ, ერთ-ერთ დასახლებასთან... რამდენიმე კაცს კორექტირება გვიწევდა,­ სხვებმა ცეცხლი გახსნეს - მოულოდნელი ცეცხლი ყოველთვის ამართლებს. რუსებს ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ, ბევრი გარბოდა, სიღრმეში შესული ჩვენები გადმოსცემდნენ მიტოვებული, ნაალაფარი სამხედრო ტექნიკის შესახებ ცნობებს, ზოგი არაფრად ვარგოდა, ნაწილი რემონტს ექვემდებარებოდა... შეტევა რამდენიმე საათს გაგრძელდა, ჩვენი არტილერია შეუსვენებლად მუშაობდა. მოულოდნელად ავტომანქანა წამოვიდა, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, იქნებ სამოქალაქოები იყვნენ და ცეცხლის გახსნა არ შეიძლებოდა... უეცრად სტვენისმაგვარი ხმა გავიგონეთ და მანქანის უკანა მხარე აიწია ჰაერში, მოსრიალდა და გვერდზე გადავარდა. ტერიტორიული თავდაცვის უკრაინელებმა ესროლეს, თორემ შეიძლება დაესწროთ. ის შეტევა ჩვენი წარმატებით დასრულდა. დილით გათავისუფლებულ სოფელში შევედით. იქაურობა გადაბუგული იყო. ქუჩაში ძ-წარწერიანი, გაჩანაგებული ტექნიკა ეყარა... ძალიან დაღლილები ვიყავით, გვშიოდა. საიდანღაც, დაბომბილი სახლიდან, მოჩვენებასავით გამოვიდა ორი მოხუცი, თერმოსით ცხელი კენკრის წვენი ჩამოგვისხეს რკინის ჭიქებში. ვუთხარი, ქართველები ვართ-მეთქი და ეშმაკურად გაგვიღიმეს, ჩვენების დაბრუნებას გაუმარჯოსო... ხომ ვიცოდი, რამდენი დამცირება, შიში, სიცივე, შიმშილი გადაიტანეს, მაგრამ ხალისი არ დაუკარგავთ.­ მათ დანახვაზე დაღლილობა და შიმშილი ერთბაშად მომეხსნა. მათ გამო კიდევ მზად ვიყავი რამდენიმე ღამე გამეთენებინა.