„სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდურად ჩაცმა“
ამერიკელმა ჯეინ ევისმა ბლოგერობა 94 წლის ასაკში დაიწყო. ის ახლა 96 წლისაა და მისი გამომწერების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ბლოგის მთავარი თემა მოდაა, თუმცა ჯეინი თავის გამომწერებს იმასაც ასწავლის, როგორ იყვნენ ბედნიერი და გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად 96 წლის ასაკშიც კი. ის კალიფორნიაში ცხოვრობს. როგორც ამბობს, გონებას ბრიჯის თამაშითა და კროსვორდების შევსებით ავარჯიშებს, კარგ განწყობას კი ახლობლებთან ურთიერთობით ინარჩუნებს.A "არასდროს ჩაიქნიოთ ხელი, არ დანებდეთ" - ეს ჯეინის დევიზია. ახლა საახალწლო სამზადისშია და თავის ამერიკელ და ქართველ გამომწერებს სადღესასწაულო ჩაცმულობის შესახებ რჩევებს აძლევს.
- ახალი წელი სიხარულისა და სიყვარულის ზეიმია. სიყვარული, გარდა იმისა, რომ უნდა გასცეთ, სხვებისგანაც უნდა მიიღოთ. აუცილებელია თქვენი განწყობა თქვენს სტილზე მორგებულ სამოსზეც აისახოს. გამოხატეთ თავისუფლად ემოციები და განწყობა ტანსაცმლით.
- მოდის ბლოგერობამდე იყავით მსახიობი, მოდელი, ინტერიერის დიზაინერი. რა არ გავიდა მოდიდან?
- მკვეთრი, უშიშარი ფერის წითელი პომადა, რომელიც ღიმილს უფრო ასხივოსნებს, სიკეთე და კარგი მანერები - ამ სამს დრო ვერაფერს დააკლებს.
- თქვენ ხშირად პომადის ფერსა და ფრჩხილის ლაქს ერთმანეთს უსადაგებთ.
- მე იმ ეპოქის ქალი ვარ, როცა წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო სხვადასხვა ფერის პომადა და ფრჩხილის ლაქი წაგვესვა, ამიტომაც ისევ ფერთა ამ ჰარმონიას ვანიჭებ უპირატესობას. დღეს სილამაზეს აღარ აქვს საზღვრები, ასე რომ, ის გააკეთეთ, რაც მეტ თავდაჯერებას შეგმატებთ.
- ვინ არის თქვენთვის მისაბაძი?
- ჩემი ფავორიტი ბარბარა პალის სტილია, მისმა რჩეულმა დიზაინერებმა, ბალენსიაგამ, ჟივანშიმ და ვალენტინომ ის ჩემი ეპოქის საუკეთესო ჩამცმელ ქალად აქციეს. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ეს თანამიმდევრულობა, იმ პერიოდის აქტუალური შტრიხებით, ამ ქალის სავიზიტო ბარათია.
სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდურად ჩაცმა. აღმოაჩინეთ ის ფორმები და ფერები, რომლებიც გიხდებათ და შემდეგ შეიძინეთ იმ წლის მოდური სამოსი. ძალიან მოდურ ღონისძიებაზე გამოსაპრანჭად იყიდეთ იაფი და ტრენდული სამოსი, რადგან ახალი ტრენდის გამოჩენისთანავე თქვენი სამოსი დაკარგავს აქტუალურობას. ჩემი სტილისტი ჯინი სულ მთავაზობს იმ სამოსის მორგებას, რომელიც ჩემს ასაკს არ მიესადაგება, მაგრამ როდესაც სწორად ვუხამებთ სამოსს ერთმანეთს, ჰარმონია იქმნება და მშვენიერი ლუქი გამოდის.
- თავის მოვლაზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა.
- სილამაზის საიდუმლო არა მაქვს, მხოლოდ წესრიგია ჩემი საიდუმლო. აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენს სხეულზე, სულსა და გონებაზე. ყოველდღიურად რაღაც უნდა გააკეთოთ ისეთი, რაც ერთ-ერთისთვის მაინც მოგიტანთ სარგებელს. ვჭამ ჯანსაღ საკვებს პატარა ულუფებით, ვვარჯიშოდა სახის კანს დილა-საღამოს ვიტენიანებ. არ ვეწევი და მზის დამცავი ყოველთვის თან მაქვს. კროსვორდების შევსება და კარტის თამაში ჩემი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია.
- თქვენი სიყვარულის ისტორიაც გვიამბეთ.
-P პაემანზე ვიყავი კაცთან, რომელთანაც ოჯახის შექმნას ვგეგმავდი, რამდენიმე წუთით მარტო დავრჩი რესტორანში მაგიდასთან და Aამ დროს ჯო, ოფიციანტების მენეჯერი მომიახლოვდა და მითხრა, ტელეფონთან გთხოვენო. მაშინ იშვიათი იყო ტელეფონზე ზარი რესტორანში, მხოლოდ ძალიან სერიოზულ ხალხს ურეკავდნენ და ძალიან გამიკვირდა. ტელეფონის ოთახში შევედი, ყურმილი ავიღე და აღმოჩნდა, რომ თავად ჯო, ოფიციანტების მენეჯერი მირეკავდა... მოგვიანებით მას ცოლად გავყევი. ყოველ წელს, შობას, სადღესასწაულო კაბას მჩუქნიდა, შესაფერისი ხელთათმნითა და ფეხსაცმლით, მე კი მაშინვე ვიცვამდი და მოდელის როლს ვირგებდი მისი და ჩვენი ოთხი შვილის წინაშე.
- ბედნიერებისთვის ქალს რა სჭირდება?
- უნდა გასცეს და მიიღოს სიყვარული.
- ახალ წელს რას უსურვებთ ქართველ მკითხველს?
- მომავალ 2023 წელს გისურვებთ მეტ სიახლეს, სულიერ ზრდასა და სიყვარულს.
„არასდროს ჩაიქნიოთ ხელი, არასდროს დანებდეთ!“
"პირველი მსოფლიო ომის გარდა, მე-20 საუკუნის ყველა ომის მომსწრე ვარ. ახლა, როდესაც ვუყურებ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის განადგურების ამსახველ ვიდეოებს, ზუსტად ისე მიშფოთავს გული, როგორც მაშინ, როდესაც ჩემი ძმა მეორე მსოფლიო ომში წავიდა. მეგონა, ეს აღარ განმეორდებოდა. მალე 96 წლის გავხდები. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩემმა სხეულმა ამოწურა სასიცოცხლო რესურსი, მაგრამ არ დავნებდი. მე გადავურჩი მსხვილი ნაწლავის კიბოს, მოვიტეხე ორივე ბარძაყი, მაგრამ ფეხზე დავდექი, ხერხემლის მრავალჯერადი დაზიანებები გადავიტანე. რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ თავს ძალას ვატანდი, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა, თავს ვახსენებდი, რომ კიდევ მაქვს ცხოვრებაში მიზანი. გახსოვდეთ, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი, არასდროს დანებდეთ!"