"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?" - კვირის პალიტრა

"მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?"

წელიწადი ხდება, რაც პოლიტიკოსი­ გოგი წულაია ემიგრანტების სიაში ჩაეწერა. ამჟამად ოჯახით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ჯერჯერობით, უსტატუსოდ ცხოვრობს. როგორც მეუბნება, "მიშასგან­ ისტორიის გაკვეთილი ისწავლა", ამიტომ არ გაიმეორებს სააკაშვილის შეცდომას და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქა­რთველოში არ დაბრუნდება... "მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო, რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას?" - მეუბნება და ქუთაისიდან დროებით გადახვეწილი თავის სტრასბურგულ ცხოვრებაზე მიყვება:

- იანვარში 1 წელი შესრულდება, რაც სტრასბურგში ვარ. ჩემი დაჭერის საშიშროება ისევ იყო და ვარჩიე გამორი­დება. თავიდან მარტო წამოვედი, შემდეგ­ ოჯახიც წამოვიყვანე. სანამ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება და უსამართლობის ზეიმი იქნება, ალბათ, არ ჩამოვალ. მიშას რას უშობიენ და მე რაღას მიზამენ? მიჭირს ემიგრაციაში, რადგან ენა არ ვიცი. საფრანგეთში დამკვიდრება არ არის ასე მარტივი. ამას დაუღალავი შრომა, მოთმინება სჭირდება... თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საფრანგეთში არ ვაპირებ სიკვდილს - თუ არ იქნება ეს ხელისუფლება და ჩემი დაჭერის შანსი, აუცილებლად ჩამოვალ.

- ადექით და ასე პირდაპირ წახვედით თუ ვინმეს იმედად? მოსამართლე როგორ დაარწმუნეთ საზღვრის დატოვების აუცილებლობაში?

- მე ნათლულმა დამაკვალიანა, ვის იმედადაც ჩამოვედი. ჯერ უსტატუსოდ ვცხოვრობ. პატარა ხანში მოვითხოვ თავშე­საფარს როგორც პოლიტდევნილი. ჩემს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო დასრულდა, არაფრის გამო მომისაჯენ 6 თვე (მაქსიმუმი იყო 6 თვემდე პატიმრობა). მოსამართლეს შეეძლო მოესაჯა­ 4 თვე, რომელიც უკვე მოვიხადე (გირაოს გადახდის შემდეგ) და გაბათილებულიყო ყველაფერი ან ჯარიმა დაეკისრებინათ. მოსამართლემ მითხრა, ჯარიმას ვერ მოგცემ, მიმალვაში ხარო, არადა, ინტერნეტით ვერთვებოდი. მიმალვაში როგორ ვარ, როცა გაგაფრთხილეთ, სამკურნალოდ მივდივარ-თქვა. ეს ყველამ იცოდა. ვთვლი, რომ ქალბატონი ლია ორკოდაშვილი ერთ-ერთი ნორმალური მოსამართლეა, მაგრამ რაღაც დოზით ზეწოლას ვერ გაუძლო და მაინც მომისაჯა 6 თვე. ახლა რომ ჩამოვფრინდე, აეროპორტიდან ციხეში წამიყვანენ.

- ანუ მიშას მაგალითს არ გაიზიარებთ...

- ბერნარდ შოუს აქვს კარგი ნათქვამი: "ისტორიის გაკვეთილები პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანები ვერ იღებენ ისტორიიდან გაკვეთილებს". მიშადან მე ვისწავლე­ ისტორიის გაკვეთილი, ამიტომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, არ ვაპირებ ჩამოსვლას. მერამდენე არჩევნები უნდა წავაგო,­ რომ მივხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვაკეთებ პოლიტიკას. მაგრამ ახლა თუ არა ვარ პოლიტიკაში, არ ნიშნავს, რომ საერთოდ დავანებებ თავს. ჩემს ქვეყანაში უფრო ნაკლების გაკეთება შემეძლო, ვიდრე ემიგრაციაში გავაკეთებ. ადრე წამოსული ემიგრაციის თუ არ მიკვირდეს, მე მოვკვტე, ტანჯვას გავდივარ ენის არცოდნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგი სავსეა ქართველებით და ყველა მცნობს. ალბათ, ათჯერ მეტად გამიჭირდებოდა, ცნობილი რომ არ ვიყო, ყველგან კარგად მხვდებიან. ვისაც "ოცნება" მოსწონს, ცოტა ანტაგონისტურად მიყურებს... დაწყებული მაქვს ფრანგული ენის შესწავლა. გაგანია საბჭოთა დროს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, პარიზში დასათვალიერებლადაც კი თუ ჩავიდოდი, თვარა საცხოვრებლად ჩამოსვლაზე ფიქრი ხომ ზედმეტია. დისიდენტური აზრები კი მაწუხებდა, მარა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ასე თავისუფლად ვივლიდით უცხოეთში, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ამიტომ აგდებულად ვუყურებდი უცხო ენის შესწავლას და ახლა ვისჯები.

- თავი როგორ გაგაქვთ უცხოობაში?

- აქ თუ მარტო ჩამოდიხარ, ბინას არა, მაგრამ 1 თვეში დაფინანსებას - 440 ევროს გაძლევენ. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ქვეყანა და როგორ პატრონობს ადამიანებს. აქ სახელმწიფო გარჩენს. რა ვალი აქვს ფრანგებს ამისანა ქართველების, რომ ასე მოექცნენ? ათიათასობით ქართველი ჰყავთ გადარჩენილი. საფრანგეთი სავსეა ქართველი ავადმყოფებით, რომელთაც საქართველოში კარგად ვერ უმკურნალეს. აქ ისეთებს ნახავთ, "აგრადა" სამჯერ რომ უნდა ჰქონდეთ გადაკრასკული (ბოდიშს ვიხდი ასეთი­ გამოთქმისთვის). აქ მედიცინა სასწაულ დონეზეა. 270-ათასიან სტრასბურგში,­ როგორც მეუბნებიან, 30 ათასი ქართველია. ეს სამი წლის წინანდელი მონაცემია, ანუ სტრასბურგის 10% ქართველებია... აქ თავისუფლების სასწაული ხარი­სხია, მთავარია, არაფერი დააშავო. ვინ გაქცევს ყურადღებას, რა ენაზე ლაპარაკობ, თეთრი ხარ, შავი თუ მწვანე, საყურე გაქვს ყურში, გახეული შარვლით თუ მოკლე კაბით დაიარები? არავინ მოგჩერებია, არ დაგსდევს, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მაქანე რომ განსხვავებულების ცემა-ტყეპაა გაქანებული, აქ ისეთი სიმშვიდეა, მდინარეს უყურებ და იხვი, ბატი, გედი, თახვი, წავი, ერთმანეთის მტრები რომ არიენ, ყველა ერთად ცურავს და ვითომ არაფერი. პარიზში, ბორდოში, შამპანში, ბევრგან ვარ ნამყოფი და ერთი მაწანწალა ძაღლი თუ არსებობდეს... აქ ძაღლებიც არ უყეფენ ერთმანეთს. აქანა ავჩარკა გოუვლის ფინიას და არც იგი ყეფს, არც აგი, რა სიკვტილი სჭირთ ამნაირი, არ ვიცი. ის დასკვნა მაქვს, რომ ცხოველებზეც გადადის ის სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე, რაც ადამიანებშია.

- ქუთაისი გენატრებათ, ალბათ...

- მენატრება რომელია? დილიდან საღამომდე მენატრება, მჯერა, ჩამოვალ და მაგ ქალაქში გავსვენდები. მაინც ჩემი მირჩევნია ყველაფერს. ჩემი მეგობრები მენატრება, მათთან ჩაჯდომა, ქეიფი და მოლხენა. ტრაგედიაა ენის ბარიერი, ვერც შენ აგებიებ და ვერც ის გაგებიებს... ვფიცავ ყველაფერს, აქ ვერავის ნახავთ ჯიპით და დიდი მანქანებით, ჩვენ რომ გადავდივართ ყირაზე, ასე კი არაა. აქ ჯიპზე დაინახავ მხოლოდ მოხუცს - 80 წლის ქალი მომჯდარია და უბერავს.­ ახალგაზრდები ველოსიპედით დადიან. საფრანგეთში ულამაზესი კათოლიკური ეკლესიებია... ამას წინათ, ტაძარში ორგანის მუსიკას ვუსმენდი, ფლოსტებით შამევიდა მღვდელი, ჩაატარა მესა, გამევიდა და ჩვეულებრივი ადამიანივით დადის, ხალხშია სულ, მესაზე მრევლიც გამოდის სიტყვით, ენას ვერ ვიგებდი, მაგრამ განცდა მქონდა, ყველა ჩართული იყო და ერთიანი. მრევლი არ პრუტუნობდა და ერთმანეთში არ არჩევდა, გუშინ როგორ უღალატა­ ქმარმა ცოლს. ისე, ცოტა ათეისტური ერია, მრევლით სავსე არაა ეკლესიები, მარა ვინცაა შიგნით, მართლა ლოცულობს.

- ბატონო გოგი, თბილისის ანძა მართლა სჯობია ეიფელს?

- ახლა, რად უნდა ლაპარაკი, ჩვენი­ ანძა რომ ლამაზია, დიდ მთასთან შეზრდილი­, თავისი პეწი აქვს, მაგრამ ეიფელი მაინც ეიფელია. ისე, ჩვენი ემიგრანტების პრობლემაზეც უნდა ვთქვა: საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ვინც ჩაბარდა, საფრანგეთის მიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი ყველას უწერს: თქვენი ქვეყანა არის უსაფრთხო, მიბრძანდით იქო. არადა, რაის უსაფრთხო, ბოლო-ბოლო­, ბავშვი დაიღუპა აუზში, 2 ბავშვია ქუთაისში გარდაცვლილი შენობიდან აგურის თავში­ დაცემით. აქ ასობით ავადმყოფს უწერენ, თქვენს ქვეყანაში შესაბამისი მკურნალობაა, წამალიც არსებობს, წადით, იქ იმკურნალეთო. წამლის სააგენტოს გამოქვეყნებული აქვს, რომ საქართველოში არსებობს ეს წამლები, მაგრამ როდ­ესაც მიდიან და ითხოვენ, ეუბნებიან, შემცვლელი გვაქვს ინდურიო. არადა, არაა ინდური იმ ხარისხის, როგორიც ფრანგული. ამის გამო დეპორტს უკეთებენ, აქანეც იღბალზეა ყველაფერი. აქაური ემიგრაცია ამას სალომე ზურაბიშვილს აბრალებს - ჩამოვიდა და მან დააჯერა მაკრონი, რომ ჩვენი ქვეყანა კარგი და უსაფრთხოაო.

- თქვენც რომ ჩაგიწერონ, მიბრძანდით თქვენს უსაფრთხო ქვეყანაშიო, რას იზამთ?

- სანამ მაგას ჩამიწერენ, იმ სალომეს თვითონ იგენი მოუხაზავენ, ისე მიდის საქმე. მერე მეც ვეტყვი, ე, იმ სალომეს რომ დოუჯერეთ, მისთვისაა საფრთხის შემცველი და ჩემთვის რაღა სიკვტილი იქნება-თქვა?!

- რუსეთ-უკრაინის ომზე, სააკაშვილის გაშვება-არგაშვებაზე რა აზრის ხართ?

- ბადრი მერკელია, რომელიც ბახმუტში დაიღუპა, აქ იყო, სტრასბურგში, კარგად ვიცნობდი. მანამდე უკრაინაში იბრძოდა და მოხვდა იმ არეალში, რომელიც რუსებმა ფოსფორის ბომბით დაბომბეს. ბადრის კიბოს ნიშნები ჰქონდა, სტრასბურგში დაიწყო მკურნალობა, მაინც ვერ გაძლო და ისევ უკრაინაში დაბრუნდა. ნამდვილი გმირია. მეუბნებოდა, ჩვენი გამარჯვება უკრაინის გამარჯვებაშიაო. ამ განწყობით დაბრუნდა უკრაინაში. წასვლამდე ვუთხარი, ეტყობა, ეს ომი კაი დიდხანს გაგრძელდება,­ მოდი, მკურნალობას მორჩი და მერე წადი-მეთქი. დაიჟინა, იქ ჩემი მეგობრები იღუპებიან, უკრაინაში იჭედება საქართველოს ბედი და მომავალი, აქ ვერ გავძლებო, წავიდა და დაიღუპა. აი, ასეთი ადამიანები იბრძვიან უკრაინაში. მეც მჯერა, რომ უკრაინის გადარჩენა ჩვენი­ გადარჩენაც იქნება. რას ჩერჩეტობენ, ნეტაი რას მიაღწევენ უკრაინის და ევროპის­ ლანძღვით? ზელენსკი თუ იყო მასხარა (როგორც უძახიენ), დიდი პოლიტიკოსი და ლიდერი გახდა, პუტინი იყო პოლიტიკოსი­ და გახდა მასხარა - ესაა რეალობა. შვილებს ვფიცავ, 26 მაისს კიღამ მომკლეს, იმდენი მირტყეს, არასდროს ვიყავი მიშას მომხრე. როცა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ბადრი პატარკაციშვილის შტაბში ვიყავი. მაშინ ჩემს ოჯახზე იყო ზეწოლა და ჩემს ბიჭს დეემუქრენ, სკოლაში მიაკითხენ, ატყუებდნენ, მამამისმა გამოგვიშვა, გაგვატანეთ თემურიო. მერე მე გამოვედი ტელევიზიით და პირდაპირ ვაგინე ვანო მერაბიშვილს - ვანო, შენი დედა-თქვა, თუ რამე გინდა, მოდი და გამისწორდი, ჩემს შვილებს თავი დაანებე-თქვა. მაგრამ მიშა რომ უნდა წავიდეს ციხიდან და იმკურნალოს, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი. ის მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ კი არა, ისეთმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს, ნდობა რომ ექნება დიდი. ამას რომ ვამბობ, თურმე მე ვარ "ნაციონალი" და არა ისინი, უწინ მართლა მიშას მონები რომ იყვნენ და ახლა "ოცნებაში" არიენ. მიშას დროს ადამიანებს ჩალის ფასი რომ ჰქონდათ და კლავდნენ, მიტომ არ მომწონდა იგი, მიტომ გადავაგდეთ და შენ თუ მიშას მოკლავ, შენც ხომ მკვლელი ხარ და თქვენს შორის რა განსხვავებაა? არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიღუპოს კიდევ ერთი პრეზიდენტი. მთელი სტრასბურგი რომ შამეიაროთ, სულ 10-ოდე აფთიაქი იქნება და გუშინ სიამაყით აცხადებენ ტელევიზიით, გლდანში "ავერსის" ახალი ფილიალი იხსნებაო. აგი უნდა გიხაროდეთ, თქვე დედააფეთქებულებო, თუ ტრაგედია უნდა იყოს ამდენი აფთიაქი? ჯანდაცვაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ემიგრაციის შეჩერების გზებზე და სხვა პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ, სულ იმაზე ხომ არა, მოკვდეს პრეზიდენტი თუ არ მოკვდეს?! "ოცნება" ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას და რატო გოუშვებს?

- შუაგულ ევროპაში ხართ და რას ფიქრობთ, მიგვიღებს ევროკავშირი ოჯახში?

- ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, არ მიგვიღებენ. დღესაც აქტიურად აგრძელებენ ევროპის, ამერიკის, ჰააგის სასამართლოს და ყველას ლანძღვას. ესენი ევროპას ეუბნებიან, კი ბატონო, ვიქნებით ევროპაში­, ოღონდ ვმართავთ ჩვენი ჭკუით, ჩვენს გემოზე და სულ ჩვენ ვიქნებით, არჩევნები უნდა გავაყალბოთო და ასე... დასავლეთი პასუხობს, მასე არ გამოვაო, და მიდის ჭიდაობა. მაგენი დასავლეთს აშანტაჟებენ, მაშინ წავალთ რუსეთისკენო, ევაჭრებიენ თავისი ჭკუით. ამერიკის და ევროპის იმდენი შრომა და ფულია ჩადებული იმაში, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული, სამართლიანი და განვითარებული ყოფილიყო, მათ შედეგი უნდათ. ამერიკელები ერთხელაც ხომ ჰკითხავენ მათ ხელისუფლებას, ე ამდენი ჩვენი ფულები რომ გადაყარეთ, თქვენ პატარა ხომ არ გაკლიათო? რა ვიცი, პარტნიორები ბოლომდე გვიჭერენ ხელს და უნდათ თლა წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს მათი ფული.

ახლახან წავიკითხე, ქუთაისის მერიის 2023 წლის ბიუჯეტი 88 მილიონი იქნება, საიდანაც 46% ხელფასებსა და პრემიებზე მიდის. წარმოგიდგენიათ? 6 წლის უკან მერიის ბიუჯეტის პროექტი დავწვი­ და მაშინ იყო 33%, ახლა 46-ზე არიენ ასული, მერე ალბათ, 60%-ზე ავლიენ, თუკი ხალხმა ყური არ გააპარტყუნა. რესტორნის ხარჯები კიდო ცალკეა. ამ ქალაქში მერი დგას და თავის პატარა მანქანას თვითონ რეცხავს და ასხამს ბენზინს თავისი ხარჯით.

- გისმენთ და, გოგი წულაია პოლიტიკის გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება...

- კაი პოლიტიკოსი ვარ თუ გლახა, ბედნიერად ვთვლი თავს. რაც გიყვარს, იმ საქმეს რომ აკეთებ და იქიდან გაქვს იმდენი შემოსავალი, ლამაზად და ნორმალურად რომ ცხოვრობ (არა მდიდრულად), ამას რა ჯობია. ვეცდები, ემიგრაციაში ვიმუშაო ემიგრანტებთან, მინდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც შევისწავლო ემიგრაციის პრობლემები, მათთან ვითანამშრომლო და აქ ვაკეთო პოლიტიკა. ვთვლი, რომ ქართულ პოლიტიკაში ვერაფერი შევქმენი, ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო. ვფიქრობ, აქეთ გავშალო ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა ემიგრაციასთან.

ჩემს სამშობლოს და ყველა თქვენგანს საუკეთესო ახალ წელიწადს გისურვებთ!