პუტინს საახალწლო "სიურპრიზს" უმზადებენ - კვირის პალიტრა

პუტინს საახალწლო "სიურპრიზს" უმზადებენ

გასულ წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებაა, რომელიც 2023 წლის დამდეგიდანვე უფრო სისხლისმღვრელი და დაუნდობელი გახდება.

ახალი წლის დღეებში მებრძოლი მხარეების მოქმედებების ტაქტიკა, ასე თუ ისე, ცნობილია, თუმცა საახალწლო სიურპრიზებიც არ გამოირიცხება.

რუსეთ-უკრაინის ათთვიანი ომის პირველ ახალ წელს პუტინი საახალწლო "საჩუქრის" გარეშე დარჩა, რადგან 2023 წლისთვის კრემლში ელოდნენ, რომ ოკუპირებული უკრაინის დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გავიდოდნენ, რუსმა ოკუპანტებმა კი ქალაქი ბახმუტიც ვერ აიღეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტთან ყველა ძალას მოუყარეს თავი, რათა ახალ წლამდე როგორმე აეღოთ ქალაქი (ან ნანგრევები, რაც ამ უკვე ყოფილი ქალაქის ადგილზე დარჩა ოთხ თვეზე მეტი ხნის განუწყვეტელი დაბომბვის შემდეგ) და ეს "საახალწლო საჩუქრად" მიეძღვნათ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის. მართალია ბახმუტის დაკარგვა გააადვილებს რუსი ოკუპანტების შემდგომ შეტევებს კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ, მაგრამ ეს უკრაინის არმიისთვის დიდი მარცხი არ იქნება, რადგან ბახმუტიდან 30-ოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკამდე უკრაინელებმა უკვე მოასწრეს სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოწყობა. მიუხედავად ამისა, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაც ბახმუტსა და მის დამცველებს რეზერვს რეზერვზე ახმარს, მაშ, რატომ უღირს უკრაინის გენშტაბს ბახმუტის დაცვა ამ ფასად?

საქმე ის არის, რომ ხარკოვისა და ხერსონის განმათავისუფლებელი კონტრიერიშების შემდეგ საბრძოლო ინიციატივა უკრაინის არმიის მხარეს გადავიდა და ბახმუტის დათმობა, რომლის დასაბრუნებლად უკრაინელებს შეიძლება ათჯერ მეტი დანაკარგი ჰქონდეთ, არ შედის ოფიციალური კიევის გეგმებში.

ბახმუტზე იერიშის გაძლიერებით რუსეთის გენშტაბმა გეგმის ერთი ნაწილი შეასრულა - ბახმუტის დასაცავად მიიზიდა უკრაინის არმიის ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც გვიან შემოდგომაზე, წვიმის სეზონის დაწყებამდე, კიევს შეიძლება მელიტოპოლის გასათავისუფლებლად და ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად ჰქონდა მობილიზებული.

ბოლო თვეებში ბახმუტს რუსი ოკუპანტები ძირითადად აღმოსავლეთიდან უტევდნენ, თუმცა ბოლო დღეებში შეტევების მიმართულებამ სამხრეთ-დასავლეთისკენ, გორლოვკასა და ტორეცკისკენ გადაინაცვლა. შეიცვალა შეტევების ტაქტიკაც - თუკი აქამდე აქცენტი უკრაინელების თავდაცვის ზღუდეებზე დიდი ძალით იერიშზე კეთდება, ახლა ოცკაციანი მოიერიშე ჯგუფებით ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებიდან დაარტყან უკრაინელების პოზიციებს, რაშიც ძირითადად პუტინის "პირადი მზარეულის", პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯგუფები მონაწილეობენ.

აქამდე კრემლში იმედოვნებდნენ, რომ ახალ წლამდე შეძლებდნენ არა მარტო ბახმუტის, არამედ კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობასაც და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, რათა რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობისთვის დაემტკიცებინათ, რომ ხელისუფლება იცავს ახალმიერთებულ "რუსულ მიწებს".

საბედნიეროდ, კრემლის ეს ოცნება ვერ ახდა, მეტიც, დიდი ალბათობით, რუსი ოკუპანტები ვერც ბახმუტს დაიკავებენ და უკრაინის არმიამ შეიძლება თავად "შესთავაზოს" დიდი სიურპრიზი ახალი წლის დღეებში რუს დამპყრობლებს, ისე, რომ პუტინის არმიას ბახმუტისთვის აღარც ეცალოს.

რა სახის და სად შეიძლება უკრაინული "სიურპრიზების" მირთმევა რუსი ოკუპანტებისთვის? ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის არმია გააქტიურდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს მიმართულებით, რომლის გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინის გენშტაბს ეძლევა კარგი შესაძლებლობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით დაიწყოს შეტევა ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დასაბრუნებლად.

თუმცა კიევის მთავარი საახალწლო სიურპრიზი შეიძლება სულ სხვა, ისეთი რამ იყოს, რასაც მთელ მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი ექნება - კერძოდ, ახალი წლის დღეებში უკრაინული ქალაქების ფრთოსანი რაკეტებითა და ირანული კამიკაძე-დრონებით თავდასხმის მოხშირების საპასუხოდ უკრაინამ საჩვენებელი საჰაერო დარტყმა თავად... მოსკოვსაც კი მიაყენოს!ეს ტექნიკურად შეუძლებელი სულაც არ არის - უკრაინელებმა ბოლო ერთ თვეში ორჯერ დაარტყეს მათი კონტროლირებული ტერიტორიიდან თითქმის 700 კმ-ით დაშორებულ რუსულ სტრატეგიული დანიშნულების "ბირთვულ" საავიაციო ბაზას სარატოვის ახლოს. არადა, უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მოსკოვის წითელ მოედნამდე უფრო ნაკლები მანძილი, 470 კმ-მდეა და პუტინისთვის უკრაინული საახალწლო "საჩუქრის" გაგზავნა რეაქტიული კამიკაძე-დრონის სახით დროული იქნებოდა.