ლაჩინის დერეფნის გადაკეტვით ბაქო ერევანს თავის პირობებს უყენებს - კვირის პალიტრა

ლაჩინის დერეფნის გადაკეტვით ბაქო ერევანს თავის პირობებს უყენებს

ახალი წლის წინ დაძაბულობა გამწვავდა ყარაბაღშიც - მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს ერთადერთი გზა, რომელიც გათავისუფლებული შუშიდან ხანქენდისკენ (სტეფანაკერტისკენ, როგორც ამ ქალაქს სომხები უწოდებენ) მიემართება.

ორი წლის წინ ამ ვიწრო გზის გზაჯვარედინზე, საიდანაც ქალაქ შუშაში შესახვევი იწყება, დიდი ბრძოლა გაიმართა, რაც მაშინ აზერბაიჯანელი სპეცდანიშნულების ძალების გამარჯვებითა და შუშას (რომელსაც სომხები შუშის უწოდებენ) გათავისუფლებით დამთავრდა.

იგივე ბედი ელოდა ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრ სტეფანაკერტს (ხანქენდის), რომელსაც უკვე პანიკაში ტოვებდა სომეხი მოსახლეობა, მაგრამ მათ სულზე მიუსწრო სამმხრივმა ხელშეკრულებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ყარაბაღში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების კონტინგენტის ჩაყენებას.

გასაგებია, რომ მაშინ ალიევს სხვა გზა არ ჰქონდა და უნდა დასთანხმებოდა პუტინის ამ მოთხოვნას, თუ არ სურდა რუსეთს სამხედრო დახმარება აღმოეჩინა სომხეთისთვის.

ყარაბაღის ბოლო ომის დამთავრებისთანავე "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში შეშვებით აზერბაიჯანი გაიზიარებდა საქართველოს ბედს, რომლის ხელისუფლებამ უდიდესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ კი აფხაზეთსა და მის მიმდებარე სამეგრელოს რაიონში რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ჩაყენებით, რაც ცხვირში მოგვხვდა უკვე აგვისტოს ომის დროს.

დაძაბულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტების ჯგუფმა სცადა ხანქენდიში (სტეფანაკერტში) შესვლა და იმის გაპროტესტება, თუ ადგილობრივები წესების დარღვევით როგორ ამუშავებენ ბუნებრივი წიაღისეულის საბადოებს, რაც, მათი აზრით, აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსების განადგურებასა და ეკოკატასტროფას იწვევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები არ გაუშვეს ხანქენდისკენ, რასაც პასუხად ამ ქალაქისკენ მიმავალი ერთადერთი გზის გადაკეტვა მოჰყვა.

ის გარემოება, რომ ყარაბაღში ეკოლოგიური მონიტორინგის ჩატარებას ეკოაქტივისტების გარდა აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურების - ეკოლოგიისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებიც აპირებდნენ, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურმა ბაქომ თავიდანვე იცოდა მონიტორინგის შესახებ და მისი ნებართვით გაიმართა აქციაც.

ბაქოს გააქტიურებას თავისი მიზანი აქვს - ყარაბაღის ბოლო ომიდან ორი წლის შემდეგაც ყარაბაღის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი და რუსი სამშვიდობოების ჩაყენებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი ისევ "გაიყინა".

არადა, სწორედ ახლაა საუკეთესო მომენტი, რომ პრეზიდენტმა ალიევმა აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა - ყარაბაღის იმ დარჩენილი ნაწილისთვის, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გაწევა სომხეთის რესპუბლიკას აღარ შეუძლია, ოფიციალურ ერევანს შიდა პრობლემები თავზე საყრელად აქვს, ხოლო რუსეთი უკრაინასთან ომის ჭაობშია ყელამდე ჩაფლული.

ასეთ დროს ყარაბაღის "გაყინული" პრობლემის "გალხობა", თუნდაც ეკოაქტივისტების "გახურებით", შეიძლება ოფიციალური ბაქოს გამიზნული ნაბიჯი იყოს.

ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს ორი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების საკითხი: ლაჩინის, რომელიც ყარაბაღელ სომხებს სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, და ზანგეზურის, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით ჯერ ნახიჩევანთან, შემდეგ კი თურქეთთან უნდა "მიაერთოს".

ეს კი არაფრით არ ესადაგება სომხეთის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯერ კიდევ მთავარი პარტნიორი რუსეთი, პირიქით, მხარს უჭერს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას.

სამაგიეროდ, მეზობელი ირანი, რომლის საზღვრის ახლოს უნდა გაიაროს ზანგეზურის დერეფანმა, ამის წინააღმდეგია და ოფიციალურ ერევანს ყველანაირად გვერდში დადგომას ჰპირდება ზანგეზურის დერეფნის პროექტის ჩასაგდებად.

რამდენად შორს წავა თეირანი სომხეთის მხარდაჭერაში, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ნათელია, რომ ირანის ხელისუფლებამ ძალზე ნეგატიურად აღიქვა ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანის არმიის გამარჯვება და არ მიესალმება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ გაძლიერებას, მით უმეტეს, ისრაელისგან მიწოდებული თანამედროვე შეიარაღების სახეობებით.

უფრო მეტიც, აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვართან ირანის არმიამ რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლება გამართა, რომელთა ლეგენდა მოიცავდა აზერბაიჯან-ირანის სასაზღვრო მდინარე არაქსის ფორსირებასა და მობილური სარაკეტო დანადგარებიდან ბაქოსკენ ბალისტიკური რაკეტების გაშვების იმიტაციას.

ამას ემატება ხმები იმის შესახებ, რომ ირანი, რუსეთის გარდა, სომხეთსაც აწვდის "შაჰიდის" კამიკაძე-დრონებს, რისი დადასტურების შემთხვევაშიც აზერბაიჯანს ბევრი რამის გაანალიზება მოუწევს.

პ.ს. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ყარაბაღელმა სომხებმა დროებით შეაჩერეს იმ კარიერის დამუშავება, რომლის მონიტორინგისთვისაც არ დაუშვეს აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები. საპასუხოდ სომხები აზერბაიჯანელებისგან, ალბათ, შუშასთან გადაკეტილ და სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გახსნას ელოდებიან.