"ამ ბარბაროსულმა ომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ამ ბარბაროსულმა ომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს"

ლატვიაში უკრაინის ყოფილი ელჩი, მწერალი, არაერთი წიგნის ავტორი, დიპლომატი რაულ ჩილაჩავა, რამდენიმე თვეა საქართველოში, თავისი ბავშვობის სახლში იმყოფება. უკრაინის ამბებს იქ მყოფი ოჯახის წევრებისგან იგებს...

- რუსეთის აგრესიას უკრაინა უკვე თითქმის მიჩვეული იყო. 2014 წლის თებერვლიდან, რაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცა, ომი, პრაქტიკულად, არ შეწყვეტილა. მართალია, შედარებით ლოკალური­ იყო და მას შემდეგაც, რაც პუტინმა თავისი ცნობილი ულტიმატუმი გაახმაურა, ყველას ეგონა, რომ აქცენტი სწორედ დონბასის შემომტკიცებაზე გაკეთდებოდა, მაგრამ 24 თებერვლის დილის ოთხ საათზე, როცა რუსეთმა ფაშისტური გერმანიის მსგავსად უკრაინის დედაქალაქის დაბომბვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ე.წ. სპეცოპერაციად გამოცხადდა, ნათელი გახდა, რომ დაიწყო ნამდვილი ომი, რომელიც მალე არ დამთავრდებოდა. ეს ვარაუდი გამართლდა მაშინვე, როგორც კი მსოფლიო რუსეთის არმიის კიევის გარშემო ჩადენილი ბარბაროსობის მოწმე გახდა. გოსტომელი, ირპინი, ბუჩა, ბოროდიანკა - ეს ის ადგილებია, სადაც რუსებმა უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და რომლის გამო პასუხისმგებლობასაც ვერ გაექცევიან. მერე იყო ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი, ხერსონი და სხვა დასახლებული პუნქტები, რომლებიც დამპყრობლებმა განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს.

- თავად გამოიარეთ მძიმე დღეები ოჯახის­ წევრებთან, ახლობლებთან, საყვარელ ჩაპასთან ერთად (საზოგადოებას ახსოვს ძალზე ემოციური დღიურები). რა განცდაა ჩახედო­ ომს თვალებში?

- უპირველესად­ ეს არის შიშის, სასოწარკვეთის, აბსოლუტური დაუცველობის შეგრძნება, როცა სასიკვდილო საფრთხე გემუქრება შენ, შენს ოჯახს, სამეგობროს, მთელ ქვეყანას, რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრე და რომელიც შენი ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ დროს ერთბაშად მოდის შეგნება იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი გლობალური ომის წინაშე სრულიად უმწეოა, რომ რაკეტის მცირე ნამსხვრევმა შეიძლება ერთბაშად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში ჩაწეროს, მისი მონაგრის გაქრობასთან ერთად მისი კვალიც სამუდამოდ გააქროს. როცა ბუჩაში დაზიანებული მანქანებიდან ცხედრები გამოჰქონდათ, მათ ასე, ჰაიჰარად გაჭრილ საფლავებზე მანქანების ნომრებს არჭობდნენ, რათა მერე პოლიციას მათი მეოხებით დაედგინა პატრონთა ვინაობა. ამათ კიდევ "გაუმართლა", რასაც ვერ ვიტყვით ქუჩებში დახოცილებზე, ან მათზე, ვისი სხეულებიც ბომბებმა და ჭურვებმა ნაკუწებად აქცია. მსგავსი რამეების დავიწყება შეუძლებელია და ისინი ხსოვნას სიცოცხლის ბოლომდე შემორჩება.

- უკრაინა თქვენი მეორე სამშობლოა... რას გიყვებიან ისინი თავიანთ ყოველდღიურობაზე, როგორ უძლებენ ამ მძიმე პერიოდს?.. ახლა ყველა ამბობს, რომ მთავარია უკრაინელი ხალხი არ გატყდეს.

- მეორე სამშობლო, ცხადია, არ არსებობს, ის მუდამ ერთია, მაგრამ უკრაინა მართლაც ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოსავით მიყვარს. კიევშია ჩემი უფროსი ვაჟი, რაული, და სიახლეს უპირველესად მისგან ვიგებ. ის ჟურნალისტია, დიდი ინფორმაცია აქვს და მის მონაყოლს ვენდობი. მისგან და ბევრი სხვა ნაცნობ-მეგობრისგან ვიცი, რომ მოსახლეობას იშვიათად მიეწოდება შუქი, წყალი, გაზი, არ არის გათბობა სახლებში. პერმანენტული სარაკეტო იერიშები დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაირთოს საჰაერო განგაში. ხალხი დღეში რამდენჯერმე იძულებულია თავი ბუნკერებსა და მეტროსადგურებს შეაფაროს. ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლეა. უკრაინაში სიცოცხლის უფლების დარღვევის უმეტესობა გამოწვეულია მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში შორ მანძილზე მოქმედი ასაფეთქებელი იარაღის, კასეტური საბრძოლო მასალისა და უმართავი რაკეტების გამოყენებით; გარდა ამისა, რუსულმა ჯარებმა მასობრივად გაჟლიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ მსხვერპლს მოკვლამდე აწამებდნენ. გამაოგნებელი იყო ის, რომ იპოვეს წამებით დახოცილი შინაური ცხოველებიც, რაც ომების ისტორიას არ ახსოვს. უკრაინაში რუსმა სამხედროებმა უკვე ჩაიდინეს ოცი ათასამდე სამხედრო დანაშაული, 15 ათასი კაცი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, დახოცილია ასობით ბავშვი. ასევე ცნობილია უკრაინის მოქალაქეთა იძულებით გადაყვანის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. ფილტრაციის პროცედურის მეშვეობით. გაზრდილია ადამიანთა ტრეფიკინგისა და მათზე ძალადობის რისკი. ორ მილიონზე მეტი კაცი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლ-კარი, ათობით მილიონი კი ქვეყანაში პოტენციურად სასიკვდილო საფრთხეშია. მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, უკრაინა მზად არის სიძნელეების ასატანად, რაც უფრო ძლიერად უტევს რუსეთი, მით უფრო ძლიერდება უკრაინის მზადყოფნა გაუმკლავდეს საძულველ მტერს.

სამწუხაროდ, არ ველოდები სწრაფ და იოლ დასასრულს. კიევზე თავდასხმა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფდა, რომ მოსკოვმა ჩაიფიქრა სრულმასშტაბიანი ომი, რომლის დამთავრებას თვითონ სწრაფად ელოდა, მაგრამ უკრაინის არმიისა და მოსახლეობის უმაგალითო თავგანწირვამ ამის საშუალება­ არ მისცა. მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი­ რუსეთის უპირობო დამარცხებას, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს არცთუ ადვილი მისაღწევია ამერიკისა და ევროკავშირის ურყევი თანადგომის გარეშე. მიუხედავად გულგატეხილობისა, მაინც მაქვს იმედი, რომ ბოროტება ვერ იზეიმებს და უკრაინა შეძლებს არა მარტო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, არამედ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასაც.

- უკრაინის ელჩი ბრძანდებოდით ლატვიაში. როდესაც საქმე "ნაციონალურ საკითხს" ეხება, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი (უმეტესობა თუ არა), თავის თავს ამჟღავნებს. ალბათ, ეს გიგრძნიათ საქმიანობის დროსაც.

- ლატვიაში ოთხასი ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობს და დიდმა უმეტესობამ­ ვერ გაიარა ნატურალიზაცია, ანუ ვერ ჩააბარა საგანგებო გამოცდები ენის, ისტორიის, კონსტიტუციის ცოდნაში. ამიტომაც­ დღემდე ე.წ. არამოქალაქეებად რჩებიან. შესაბამისად, არა აქვთ სახელმწიფო და არჩევით თანამდებობებზე მუშაობის, არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამის გამო რუსეთის საელჩოს მუდმივი დავა აქვს ლატვიის ხელისუფლებასთან. ჩემი იქ ყოფნისას რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ფარულად ცდილობდნენ ლატვიაში მცხოვრები უკრაინელების გადაბირებას, მათ რუსებად გამოცხადებას და ამ გზით თანამემამულეთა რაოდენობის გაზრდას, რუსეთის მოქალაქეობას, რუსულ პენსიებს აძლევდნენ. ლატვიაში გამოდის რუსული პრესა, რომელზეც საელჩოს დიდი გავლენა­ აქვს, მოვლენებს მუდამ ანტიუკრაინული პოზიციიდან აშუქებს. ჩვენ გარეგნულად კეთილ ურთიერთობას ვინარჩუნებდით, მაგრამ ნიადაგ გვიწევდა ამგვარ გამოვლინებებთან ბრძოლა, რაც ადვილი არ ყოფილა, იმიტომ, რომ კაგებეშნიკურ ვერაგობებთან ერთად, დიდი ფულიც გვიპირისპირდებოდა.

- რას გვეტყვით თქვენზე, როგორ ცხოვრობთ ბავშვობის დროინდელ სახლში?..

- მე თითქოს წინათგრძნობამ მიკარნახა, რომ კიევის დატოვება მომიწევდა და შარშან ჩემს სოფელში ძველი სახლის გვერდით ახლის აშენება გადავწყვიტე. სახლი სწორედ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა და ახალმოსახლეობა, რომელიც სულ სხვაგვარად წარმომედგინა,­ დევნილის სტატუსით აღვნიშნე. ჩემი სოფელი, ძველი აბასთუმანი, ზუგდიდიდან თხუთმეტიოდე კილომეტრშია. აქ ოდესღაც­ დადიანებს პატარა სასახლე და კარის ეკლესიაც ჰქონდათ. მისი ბოლო მფლობელი იყო მსოფლიოში განთქმული მოჭადრაკე და რუსეთის არმიის გენერალი, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი, ანდრია დადიანი, რომელიც, სხვათა­ შორის, კიევში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა. კიეველი მეუღლე ჰყავდა ჩემს თანასოფლელს, "მამელუკის" ავტორს კონდრატე თათარიშვილს. ასე რომ, ვამაყობ დიდი წინამორბედებით, რომლებიც ცხოვრებამ უკრაინის დედაქალაქთან ჯერ კიდევ როდის დააკავშირა. შეუძლებელი იყო ამაზე არ მეფიქრა სოფელში ნახევარწლიანი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც მიუხედავად უმძიმესი განცდებისა, წარსულში ჯადოსნური მოგზაურობის კატალიზატორი­ გახდა. განსაკუთრებით ძვირფასია უახლოესი მეზობლებისა და სიყრმის მეგობრების საოცარი თანადგომა და ყურადღება, რისთვისაც მათ მადლობის ნიშნად მიწამდე ვუხრი თავს.

- შემოქმედებით სიახლეებზეც გვიამბეთ, უნდა გამოსულიყო ახალი წიგნი "ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს". თქვენი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან საინტერესო და ემოციური უნდა იყოს.

- დიახ, ეს წიგნი სოფელში დავასრულე, რომელიც ჯერ კიდევ ვარშავაში დავიწყე. ესაა ჩემი პატარა ოთხფეხა მეგობრის თვალით დანახული ომი და მისი საშინელებანი. წიგნი მოიცავს ჩაპას 27 წერილს ქართულად და ინგლისურად (მთარგმნელი - როზა ზარანდია), პირველი წერილი კი, რომელიც ერთგვარი წინასიტყვაობაა, მსოფლიოს თხუთმეტ ენაზეა წარმოდგენილი. აქვეა ლექსები ომის თემაზე, მკითხველთა გამოხმაურებები­ და ფოტოილუსტრაციები. წიგნი გამოვიდა და მისი წარდგინება შედგა კიდეც­ მწერალთა სახლში. სოფლად დავწერე ასევე­ ლექსების დიდი ციკლი სიყვარულზე, თითქოს მშობლიურმა გარემომ და ბუნებამ სიჭაბუკეში დამაბრუნა. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჯერ კიდევ სოფელში წასვლამდე დავწერე პატარა წიგნი "წერილები­ ევას" (ჩემი შვილიშვილია, ახლა დედასთან­ ერთად ლისაბონში ცხოვრობს), სადაც გადმოვეცი უკრაინის ისტორია. ვფიქრობ, ქართველ ბავშვებს ის იმ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან თავგადასავალს გააცნობს, რომელიც ასე შეუპოვრად იცავს საკ­უთარ დამოუკიდებლობას და ეროვნულ ღირსებას. არც ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედი დამვიწყებია და გამოვეცი ლექსების კრებული აფხაზეთზე "მელე" ("გაღმა" - მეგრულად).

- ერთია, როდესაც ჩამოდიხარ სტუმრად სამშობლოში და სხვაა ხანგ­რძლივად ჩამოსვლა - შეცვლილია ქართველი საზოგადოება?..

- ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, როცა საქართველო ომების, პუტჩის, შიდა დაპირისპირებების შედეგად სოციალურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციას განიცდიდა, სამსახურებრივი საქმიანობის გამო აქ იშვიათად მიწევდა ჩამოსვლა და ცვლილებებსაც შედარებით ნაკლებად ვამჩნევდი. ახლა კი, როცა თითქმის წელიწადია შინა ვარ, ქვეყანას ვეღარ ვცნობ. წავიდა უფროსი თაობა, საგრძნობლად შეთხელებული არიან ჩემი თანატოლები... შეცვლილია­ ფასეულობები, ზნეობრივი­ ორიენტირები.­ თვალში საცემია გათიშულობა,­ განსხვავებული აზრის მიუღებლობა, კლანურობა, ურთიერთსიძულვილი. ბევრგან ვიყავი და უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს დაცლილი სოფლები, გამოკეტილი სახლები... ძალიან დამთრგუნა თბილისის თანამედროვე­ არქიტექტურამ. არაფერს ვამბობ უაზრო, ბრიყვულ აბრებზე, როცა ინგლისური სიტყვები გადმოტანილია ქართული ასოებით, ქართული სახელწოდებები კი თითქმის არ გვხვდება. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ცუდი დავინახე. აღმაფრთოვანა გზების, გვირაბებისა და ესტაკადების უდიდესმა მშენებლობამ, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე და დასავლეთის მიმართულებით მიმდინარეობს, ძალიან დამშვენებულა ჩემი მშობლიური ზუგდიდი, სიამაყის განცდას ბადებს რესტავრირებული დადიანების კომპლექსი. გამახარა იმანაც, რომ ბევრგან, მათ შორის ჩემს სოფლამდეც, გაყვანილია ბეტონის გზა, ყურადღება მივაქციე იმასაც, რომ მაღაზიებში, აფთიაქებში, რესტორნებში მომსახურე პერსონალი კარგად ფლობს ინგ­ლისურ ენას, მაღალ დონეზეა მომსახურება, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- დასასრულ, რა დაანახა მსოფლიოს, კაცობრიობას ამ ომმა?..

- ნებისმიერი ომი, ძალადობა იარაღის გამოყენებით დარღვევაა ადამიანის უფლებისა, იყოს ცოცხალი და თავისუფალი. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დაგვანახა წარმოუდგენლად ბევრი ასეთი დარღვევა, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, ინგრევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ცხადი გახდა, რომ უკრაინამ 90-იან წლებში­ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა ნებაყოფლობით უარი თქვა მსოფლიოში მესამე ბირთვულ პოტენციალზე. ამჟამად უკრაინა სრულიად დამოკიდებულია მსოფლიო თანა­მეგობრობის მხარდაჭერაზე და მადლობა ღმერთს, მხარდაჭერა ძალიან საგრძნობი და მნიშვნელოვანია, მეტიც, ფასდაუდებელი. დავინახეთ ისიც, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იყო და რჩება იმპერიული ბაცილით შეპყრობილ უზარმაზარ მონსტრად, რომლის მტაცებლური მადის მოთოკვა მხოლოდ პროგრესული მსოფლიოს ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ამ ბარბაროსულმა ომმა ესეც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.