„წარსულს არ უნდა ეომო!“ - კვირის პალიტრა

„წარსულს არ უნდა ეომო!“

მწერალ რეზო თაბუკაშვილის დიდ ოჯახს კინემატოგრაფიიდან, დრამატურგიიდან, ლიტერატურიდან ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. დიდ რეზოს თანატოლები ბაირონსაც კი ადარებდნენ, ოღონდ "ქართველი ბაირონი" ორიგინალს სჯობდა - გარეგნობით, თვისებებით... თაბუკაშვილების ოჯახზე კიდევ ბევრი დაიწერება, მე კი შესაძლებლობა მომეცა, ჩვენი დროის თანამედროვე მწერალს, არაერთი კრებულისა და წიგნის ავტორს, უმცროს რეზო თაბუკაშვილს მათ დიდ ოჯახზე, შორეულ თუ ახლო წარსულზე გავსაუბრებოდი:

tabukashvili2-1672596721.jpg

- არაერთხელ გითქვამთ, რომ ბაბუათქვენის­ მეგობრებთან მეგობრობდით, იმ თაობას კი სხვაგვარი ურთიერთობები ჰქონდა. რა მოგცათ მათთან გატარებულმა­ წლებმა?

- ძალიან კარგი ცხოვრებისეული­ გამოცდილება. ასაკობრივი ზღვარის დაცვით, თავისუფალი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.­ მათი დანახული სამყარო ვიცოდით, რომლისგანაც რაღაცას ვიღებდით, რაღაცას­ - არა, ჩვენც ვუზიარებდით მათ ჩვენებურად დანახულ სამყაროს. მაგალითებს გვიყვებოდნენ, თორემ ეს არასდროს ყოფილა შეგონება ან აღმზრდელობითი მიდგომა... საბოლოოდ ყველა­მ მისი გასავლელი გზა თავად უნდა გაიაროს. თუმცა­ შეიძლება­ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდე,­ უფროსებისგან­ მოსმენილი მაგალითი თუ გამოცდილება გამოგადგეს... ზოგადად, წარსულს არ უნდა ეომო. ბევრი ცდილობს ამით სახელის მოხვეჭას, არადა, იმ ეპოქის, შიშის, განსაცდელის სურნელიც არ უგრძნიათ. ვისაც ის სიმწარე თავის ტყავზე უწვნევია, ასე ხელაღებით არასდროს ილაპარაკებს და არც დაგამუნათებს, აი, მე რა მაგარი ვარო...

დიდი რეზოს ოჯახის წევრობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა.­ ზოგს ჰგონია, ეს ბევრ რამეში გეხმარება, არადა ხშირად შემაფერხებელიც კი არის, რადგან საკუთარი თავის დამტკიცება სხვა კუთხით გიხდება. ადამიანებთან ურთიერთობა ბებიაჩემს, მედეა ჯაფარიძეს, უფრო კარგად გამოსდიოდა, ადამიანის ნათელი მხარეების ამოქაჩვა შეეძლო. ამის განსაკუთრებული ნიჭი, ადამიანის დახმარების სურვილი ჰქონდა და გამოსდიოდა კიდეც. თუმცა, თუ ადამიანში რაღაც ისეთს, მიუღებელს დაინახავდა, ახლოს აღარ გაიკარებდა, მკაცრი და შეუვალი ხდებოდა... ალბათ, 13 წლის ვიქნებოდი, მედეამ მითხრა, შენ ეს ცხოვრება იოლი არ გეგონოსო, მაგ­რამ მაინც მგონია, არჩევანი ადამიანზეა, სხვები რას შეგიფასებენ, სხვა არის, მთავარია, შენ მიხვდე, რა გამოგივიდა და რა - არა.

- "თვითმფრინავის ბიჭების" ამბებში­ თქვენი­ ოჯახი აქტიურად მონაწილეობდა. ნათე­ლა მაჭავარიანი მოგონებებში წერდა, იმ პერიოდში,­ როდესაც ზოგი თავს მარიდებდა, ქალბატონი­ მედეა შუაღამისას მესტუმრა, მერე კი ფულიც გამომიგზავნა, გეგას სიგარეტი და საკვები შეუგზავნეო.

- აქტიურად კი არა, მთლიან პროცესში­ იყვნენ ჩართული. იმ ბიჭებთან ვმეგო­ბ­რობდი. სანამ ეს მოხდებოდა, ერთი წლით ადრე გავიცანი ირაკლი კოსტავა, გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი - ლიძავაში­ იყვნენ ჩამოსული. ჩემზე დაახლოებით ათი წლით უფროსები იყვნენ, მაგრამ მაინც ვმეგობრობდით. განსაკუთრებით, ირაკლი კოსტავა დაგვიმეგობრდა მე და ჩემს ძმას, გასართობად დავდიოდით... სკოლაში მე და ჩემს კლასელებს მასწავლებლებთან მსჯელობა გვქონდა - ზოგი შეუვალი იყო, მათ დახვრეტაზე ამბობდა, ღირსი არიანო...­ ეს ძალიან მძიმე იყო, რადგან წინა წელს ერთად ვატარებდით დროს, ბავშვურად, ლაღად ვერთობოდით, შემდეგ წელს კი ის ამბავი მოხდა და ბიჭები გაწირეს... ბევრმა­ დახვრეტას ხელი მოაწერა, ზოგმა უკან წაიღო. ჩემები ბოლომდე გვერდში დაუდგნენ...

- აფხაზეთი ყველასია და მის სიყვარულში ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებითო, ამბობთ.

- აფხაზეთი, ლიძავა ზღაპარი იყო... იქაური სახლის მხოლოდ ერთი ფოტო შემომრჩა, იმდროინდელი, როდესაც სახლი დასრულებული არ იყო, ნაძვები და კვიპაროსები ჯერ კიდევ არ იყო გაზრდილი­. ჭაც არ გვქონდა გათხრილი... ბავშვობის საუკეთესო წლები იქ გავატარე. ისეთი კარგი­ ზღვა არსად მინახავს. ჩვენს სოფელში დიდი ხნის წინ ჩასახლებული რაჭველები­ ცხოვრობდნენ, საბანაძეები. აფხაზი მეგობრებიც მყავდა. ზოგ მათგანთან ახლაც გვაქვს ურთიერთობა. წლების წინ მამაჩემს მოსკოვში შეხვედრიან დიდი პატივისცემითა და სიყვარულით... მგონია, ამ თაობასთან შეიძლება ლაპარაკი, ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც ერთმანეთისთვის ტყვია არ უსვრიათ, უნდა ისაუბრონ. ჩვენც, ვინც ვიომეთ, ალბათ, ჯობს შორიდან ვეცადოთ, რომ მათ დაილაპარაკონ იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ჩვენი და მამაჩემის თაობას გვქონდა. ის ჩვენი სამშობლოა, ისინიც, ისევე როგორც ოსები, ჩვენები არიან. სამედიცინო პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ, ძალიან კარგია და ყველა ნაბიჯი, რომელიც ერთმანეთთან დაგვაახლოებს, სასარგებლოა... ახლა კი არა, მაშინაც არავინ გველაპარაკებოდა ქართულად, ახლა, მით უმეტეს. შეიძლება იცოდნენ, მაგრამ პრინციპულად არ საუბრობდნენ ქართულად.

- არც ქართველები იყვნენ აფხაზური ენის სწავლით დაინტერესებული, არა?

- დიახ, თავადაც ცუდად იცოდნენ აფხაზური. ძირითადი ენა რუსული იყო... დრო ხშირად თავად გთავაზობს თამაშის­ წესებს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება... შეცდომა იყო ომის პირველ წლებში იმაზე ლაპარაკი, რომ აფხაზეთი ომით უნდა დაგვებრუნე­ბინა.­ ამას ამ გადმოსახედიდან ვხვდები. იგივე არ უნდა დაემართოს ამ თაობასაც... რუსებთან ომი, როგორც შეგვეძლება, გამართლებულია, მაგრამ აფხაზებსა და ოსებს­ უნდა ველაპარაკოთ. სახალხო დიპლომატია უნდა გააქტიურდეს. ერთმანეთთან ლაპარაკი რუსების გარეშე უნდა დავიწყოთ, რისი სურვილიც, ჯერჯერობით, მათ არა აქვთ. ჯერ ისევ მათთან ყოფნა ურჩევნიათ. იმედია, ღირსეულ აფხაზებს არც რუსების გადამეტებული აქტიურობა მოსწონთ, ძალიან დიდი მღელვარებაა ბიჭვინთის აგარაკების გამო... არც ჩვენ გვცალია მათთვის. მხოლოდ სამედიცინო პროგრამა საკმარისი არ არის. ჯერ აქეთ გადმოსულებს­ აფხაზები ხალხის მტრადაც აცხადებენ, მაგრამ ეს პროექტი მაინც ჩვენი დამაკავშირებელი ხიდი მგონია. მაგრამ მეტი აქტიურობა გვჭირდება... რაც მთავარია, სანამ აქ, ჩვენთან არ ვიქნებით გამყარებული,­ ვერც მათთან გვექნება წინსვლა. სანამ ასე აწეწილი ვიქნებით, ჩვენი ინტერესი არ ექნებათ.

tabukashvili3-1672596721.jpg

დამოუკიდებელი საქართველოს დროიდან "ამისტებად" და "იმისტებად" ვართ დაყ­ოფილი, იმდენად, რომ ზვიადიზმის პერი­ოდიდან, იმ მოტივით, ვინ უფრო პატრიოტიაო, და-ძმა დღემდე არ ელაპარაკება ერთმანეთს. სანამ ეს პათოლოგია არ მოიშთობა, ვერაფერს შევცვლით. ჯერ პერსონების კერპთაყვანისცემა, შემდეგ კი ტალახის სროლა ჩვევად ვაქციეთ. ამის ნიადაგზე საქართველო ავიწყდებათ. ვერ აცნობიერებენ, შედეგი როგორი შეიძლება იყოს, ასეთ გამეტებას რა შეიძლება მოჰყვეს ხალხისთვის, ქვეყნისთვის. ზოგჯერ მხოლოდ პარტიის ინტერესით მოქმედებენ, იმის იქით ვერაფერს ხვდებიან... ადამიანი, რომელიც "იზმის" წარმომადგენელია, ცოდოა. რაც დრო გადის, ეს უფრო მძაფრდება, ანგარიშსწორების მეტი სურვილი უჩნდებათ. ეს აგრესია ახალგაზრდა თაობაზეც გადავიდა, მათშიც გაჟონა, "ზვიადიზმზე" აღარაფერს ვამბობ, "სტალინიზმის" პატარა მიმდევრებიც გამოჩნდნენ... სიყვარულმა უნდა გადაგვარჩინოს. მჯერა, რომ ქართველებს გვაქვს სიყვარული, თორემ აქამდე ვერ მოვიდოდით.

ჩემს ბავშვობაში, ჭაბუკობის წლებში, სიტყვა "დამოუკიდებლობა" ძალზე აღმატებული და ძვირფასი იყო, აუხდენელ ოცნებად გვეჩვენებოდა. 9 აპრილის და შემდგომი პროცესების მომსწრე ვარ. შემდეგ მივიღეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ რაწამს მივიღეთ, დავიწყეთ დაპირისპირება, სათანადოდ ვერ მივხედეთ... იმედია, ეს რთული პერიოდი გადაივლის და მომავალში უფრო ცივი გონებით შევაფასებთ პროცესებს, რადგან ასეთი პატარა ერის ასეთი გახლეჩა, ერთმანეთის ამხელა სიძულვილი იმ მდგომარეობაში დაგტოვებს, რომელშიც ახლა ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოა უპირველესი და არა რომელიღაც ბელადის დაცვა და თაყვანისცემა.

ცნობიერებით უფრო დასავლეთს ვეკუთვნით და ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კლიშე "საბჭოთა ადამიანი", არადა, მაშინ საქართველო, თბილისი, ბევრად ევროპული იყო. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, მაგრამ მენტალობით, ურთიერთობებით, კულტურით ბევრად ევროპული ვიყავით. დღეს ბევრი რამ ბრტყლად, ერთ ფერშია წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში, ამ თაობისთვის, და მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი საბჭოთა კავშირში დაიბადა, საბჭოთა ადამიანია, არადა, ასჯერ ქართველები, პატრიოტები ვიყავით და დამოუკიდებელი საქართველოს უდიდეს ოცნებას, ჩემი თაობის არაერთი წარმომადგენელი შეაკვდა. არც ერთმანეთისთვის დაგვიკლია, ტყვიაც ვესროლეთ, მაგრამ ყველაფრის ერთ ფერში გადმოცემა, გადახაზვა და ჯიქურ შებრძოლება, კარგი სახელის დამკვიდრების ცდა არასწორი მგონია. იმ ბნელ საბჭოთა წლებში ჩვენი თაობა კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, წარსულს... ბევრი რამ, წიგნი თუ ინფორმაცია, ძნელი მოსაპოვებელი იყო, მაგრამ თუ მოიპოვებდი, იმ წაკითხულს, გააზრებულს უკვე სხვა ძალა ჰქონდა. თუმცა არ გაგვიმართლა, რადგან რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ, თორემ ძლიერი თაობა მოდიოდა, ინტელექტით, ქართველობით, პატრიოტიზმით... წიგნის ფასი მაშინ სხვანაირი იყო. დასავლეთიდან რაც აღწევდა, გაფილტრული, საუკეთესო ხარისხის იყო. დასავლეთის ლიტერატურას, მგონი, ჩვენ უფრო კარგად ვიცნობდით.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია "მამა არსენი". ის ბერის ცხოვრებაზეა, რომელმაც ციხეში 28 წელი გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მრევლი დაიბარა. მათ ძალიან მძიმე წლები ჰქონდათ გადატანილი, მათ შორის მეორე მსოფლიო ომი. ყველას სთხოვა, თქვენი ამბები­ დამიწერეთო... ამ წერილებით გაირკვა, რომ მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს, მაგრამ ადამიანობა არ დაუკარგავთ და სიყვარული შეინარჩუნეს. შეიძლება ადამიანმა ჯოჯოხეთი გამოიაროს, გამოცდა ჩააბაროს, მაგრამ თუ სიყვარული დაკარგა, გამოდის, მას ჯოჯოხეთი მოსწონებია. დღეს ძალიან ადვილად ბოროტდება ადამიანი.

- ერთგან ამბობთ, თანამედროვე საზოგადოებას სათნოება აკლიაო. ასე მგონია, დიდი ხანია ეს სიტყვა არავის გახსენებია.

- 60-იან წლებში ერთი ქვეყნის ზოოპარკში დიდი სარკე დაუდგამთ წარწერით: "ყველაზე საშიში მხეცი" - ადამიანი იყო ნაგულისხმები, საკუთარ თავზე მიანიშნეს.­ კარგია, თუ ეს სიტყვა წამომცდა.­ ამ დროში ვერავის მოსთხოვ სათნოებას, თანაგრძნობა, სიყვარული, ყველა ის გრძნობა, რაც მტრობის მიღმაა, ადამიანის ბუნებაში უნდა იყოს. ღვარძლი და აგრესია ყოველთვის იყო ადამიანის ბუნებაში, მისი არსებობა ეპოქებით არ განისაზღვრება, თუმცა­ დროდადრო უფრო თვალსაჩინო ხდება. სანამ დედამიწა ტრიალებს, მტრობაც იქნება და სიყვარულიც. გააჩნია, ვინ საით მოინდომებს წასვლას, სინდისი რის ნებასაც მისცემს, მისი ცხოვრების წესი როგორია, როგორ უყურებს სამყაროს, რას ითხოვს მისგან და თავად რისი გაცემის ენერგია აქვს.

- თქვენი ახალი წიგნი "კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება", რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სერიაში "იკითხე ქართული XXI" გამოსცა, უკვე იხილა მკითხველმა. მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს არის წიგნი ბიჭებსა და გოგონებზე, რომლებიც არასოდეს გაიზრდებიან. ზოგის აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ ეპოქაში ასეთი ბევრი გვყავდა.

- ასაკთან ერთად, ადამიანი ცხოვრების­ რაღაც ვაგონების ჩახსნას ცდილობს, მაგრამ ეს ადვილი არ არის. მთლიანობაში ცხოვრება ძალიან რთული და გადასარევია, მაგრამ როგორც ბებიაჩემმა მითხრა, იოლი ნამდვილად არ არის. სირთულეებს­ კი ისევ სიყვარულის ძალით დავძლევთ. ყველას თავისი "ილეთი" აქვს, ზოგი რას იყენებს, ზოგი რას, გააჩნია, რა გზას აირჩევ. უფალი გვეუბნება, ჩემკენ სავალი გზები­ იპოვეო. გააჩნია, როგორ გაგიმართლებს­ და ცოტა იღბალიც გჭირდება.