"მამაჩემს უნდოდა მიწის კაცი გამოვსულიყავი, მაგრამ გიტარის კაცი გამოვედი" - კვირის პალიტრა

"მამაჩემს უნდოდა მიწის კაცი გამოვსულიყავი, მაგრამ გიტარის კაცი გამოვედი"

არ ვიცი, ვინ იყო გიტარის წინაპარი, მისი ბაბუა თუ ბაბუის ბაბუის ბაბუა, მაგრამ დახვეწილი იუმორის პატრონს, ხვიჩა­ მაღლაკელიძეს, "გიტარის მამად" რომ მოიხსენიებენ ხოლმე, სულაც არ ვაპროტესტებ... ხვიჩა მაღლაკელიძე შობა-ახალი წლის გეგმებითა და ტრადიციებით "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ვიყიდე გოჭი, ოღონდ ოცნებაში, ასევე ოცნებაში შევიძინე ინდაური, ჰოდა, კურდღლის წელიაო, და ახლა სტაფილოს რიგში ვაპირებ ჩადგომას. წელს შობა-ახალ წელს ბათუმში, ოჯახთან ერთად ვხვდები.

- ახალი წლის შეხვედრის როგორი ტრადიცია გაქვთ?

- ამ დღეს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც იშლება სუფრა, სასმელებითა და რაც შეიძლება ბევრი ქოლესტერინის შემცველი საჭმელებით. ერთადერთი გამონაკლისი ის არის, რომ 23.30-ზე გავდივარ სახლიდან და ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, სხვასთან ვაგრძელებ ახალი წლის შეხვედრას, ესაა ჩემი სამსახური - გიტარას ვუკრავ, მუსიკოსი ვარ...

- კონცერტი გაქვთ ხოლმე, ამას გულისხმობთ, ხომ?

- ამას მოკვდავების ენაზე კორპორაციულ საღამოს უწოდებენ, თქვენ დაარქვით­ კონცერტი, კი ბატონო. ისე, შენ უკრავ და შენ წინ კაცი ღეჭავს... ასეთი სიტუაციაა, დგას ნაძვის ხე, ბავშვები ლექსებს ამბობენ, შიგადაშიგ მეც გამოვდივარ, ვუკრავ, ვულ­ოცავ ახალ წელს სხვადასხვა ენაზე, გააჩნია, ვინ არიან სტუმრები და სად არის საღამო. წელსაც ასეთ კორპორაციულზე ვიქნები, ოღონდ ბათუმში. ხშირად კორპორაციულზე მთელი ოჯახი მივდივართ. წელსაც ასე ვაპირებ. მერე ბავშვები შინ ბრუნდებიან, მე და ჩემი მეუღლე კი ვრჩებით და ვაგრძელებ სიგიჟეს... ვცდილობ არ დავლიო ბევრი, რომ არ მომთენთოს.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ორი ბიჭის მამა ვარ, ირაკლი არის 21 წლისა, ილიკო - 12-ის... თბილისში 2000 წელს გადმოვედი საცხოვრებლად. ბათუმში ხან ახალ წელს ჩავდივარ, ზაფხულობითაც ვცდილობ წავიდე. მეუღლე სპორტის მასწავლებელია, სკოლაში ასწავლის სპორტს, ადრე რომ ფიზკულტურას ეძახდნენ. უფროსი ბიჭი სტუდენტია, არქიტექტურას სწავლობს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერ ბენდუქიძეში ჩააბარა, მაგრამ მოუწია პანდემიამ და ტყუილად უნდა მეხადა ფული, ზუმით ნასწავლი არქიტექტურა რა იქნება... ისე, კი ჰგავს ჩვენი ქალაქი ზუმით ნასწავლი არქიტექტორის აშენებულს. იმის გამო, რომ გადასახადი დიდი იყო, ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა. 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა,­ ფაქტობრივად, უფასოდ სწავლობს. უმცროსი ჯერ გიტარას მაინცდამაინც არ სწყალობს, პიანისტია, გაისად ამთავრებს მუსიკალურ სკოლას. ასე ვართ სახლში - ერთი არქიტექტორი, ერთი პიანისტი და ერთიც გიტარისტი და რადგან ყველა ჩვენგანისთვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მეუღლე გვპატრონობს სპორტული აქტივობებით.

- კვებაშიც თუ იცავს მეუღლე ჯანსაღი ცხოვრების წესს?

- ჩემს შემთხვევაში ვერა, იმიტომ, რომ ძალიან ვუძალიანდები. ერთხანს მებრძოდა, იყო დილით ჰერკულესის ფაფების კეთება, მდუღარე წყლის დასხმა და მთელი უბედურება, მაგრამ ამას გადავურჩით და მივედით ასეთ კონსენსუსამდე: "მაცალე, ქალო, რასაც მინდა, იმას შევჭამ, ერთხელ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე და ნუ გამტენი ფაფებით, არ მინდა ჯანმრთელი სიკვდილი".

- თქვენ და გიტარა ბავშვობიდან მეგობრობთ... მუსიკის ნიჭი მშობლებისგან გერგოთ?

- ჩემი მშობლები არ უკრავდნენ გიტარას, დედა მღეროდა, მამა უფრო მსმენელი აბიტურიენტი იყო... გიტარა ჩემს ერთ-ერთ ინტერესს წარმოადგენდა სხვა ინტერესთა პარალელურად. ბავშვობიდან ხან რას მოვკიდე ხელი, ხან რას: მულტფილმების გადაღებაო, ილუზიონისტობაო, ესპერანტოსაც ვსწავლობდი ერთხანს, 13 წლიდან გიტარაზეც ვერთობოდი და შემომესწავლა. თან ისეთი დრო იყო, ქუჩაში ყოფნა ძალიან ცუდად აისახებოდა ახალგაზრდ­ობაზე. გიტარამ ჩამკეტა სახლში და ძალიან კარგი ქნა, რომ გამოვიხედე, ვეღარ ვიცანი სამყარო...

- თქვენც ვეღარ გიცნეს, ისე უკრავდით...

- ადრე, ცოტა არ იყოს, აგდებით უყურებდნენ, გიტარითა და ფანდურით რომ გაგევლო, აუცილებლად გაგლახავდნენ, რა პონტია, ბრატო, გეტყოდნენ, რატომ დადიხარ გიტარით და არა კასტეტითა და დანითო. მაგრამ მაინც ბევრი ხალხი დამამეგობრა გიტარამ, მათ შორის ისეთი, ვინც საზოგადოებისთვის ცუდი იყო, მაგრამ ჩემთან კარგი აღმოჩნდა, რომ მოიხიბლა ამ ინსტრუმენტით. მშვიდობის მტრედი ხომ არსებობს, ალბათ, არსებობს მშვიდობის გიტარაც, ასე ვფიქრობ მე.

- მეუღლეც გიტარამ გაპოვნინათ?

- დიახ, გიტარის წყალობით მოვხიბლე, გადავრიე და გავალურჯე და აგერ უკვე 23 წელია ცოლ-ქმარი ვართ, შევაბერდით ერთმანეთს.

- მოლხენა და პურმარილები მაინცდამაინც პოპულარული აღარაა პანდემიის შემდეგ.

- მოლხენას თითქოს იმდენ დროს ვეღარ ვუთმობთ, როცა მივირთმევთ ხოლმე, მერე უკვე გაქცევაზე ვართ. იმასაც მივხვდი, რომ თურმე ერთი ბოთლი ვისკითაც შესანიშნავად შეიძლება დროის გატარება... სასმელი მიყვარს. ერთი დადებითი ის მაქვს, რომ დროზე შემიძლია გაჩერება. რომ ვატყობ, უკვე თანამესუფრე ორად მელანდება, მაშინვე ვანებებ სმას თავს და გადავდივარ მინერალურ წყალზე. გურმანი რომ ვარ, მეტყობა პროფილშიც, ანფასშიც... მხოლოდ ჭამა კი არა, მომზადებაც მიყვარს. კულინარიული იუთუბგვერდიც მაქვს - "კაცი ვიცი კუხნაში". ნახეთ, ერთი რაებს ვაკეთებ და რა დღეში ვარ.

- საახალწლოდ რას ამზადებთ?

- შტოლენს, ბავარიულ ნამცხვარს, რომელიც გატენილია ხმელი ხილით. ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, არ ჰგავს საფუვრით გაზულუქებულ ფუნთუშას, რომელსაც შეჭამ და მერე ერთი კვირა გძმარავს. შტოლენი ნოყიერი ნამცხვარია, რაც უფრო ძველია, მით უფრო გემრიელია.

- რა დევს თქვენს საშობაო სუფრაზე?

- საცივი, გოჭი აუცილებელია, მიყვარს სიგიჟემდე. ასევე დიდ პატივს ვცემ ფხალეულს და ნიგვზით ამოჭყენტილი და ამოლესილი, გურულად რომ ვთქვათ, ყოველთვის გვაქვს შობა-ახალი წლის სუფრაზე. ღვინოც აუცილებელია, ოღონდ ბოთლის.

- ღვინოს თვითონ აყენებთ?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე სართულზე ადესა მაქვს ამოყვანილი. ბავ­შვობაში მამაჩემი სულ დამატარებდა სოფელში, უნდოდა ჩემგან მიწის კაცი გამოსულიყო, მაგრამ გიტარის კაცი გამოვედი.

გისურვებთ რაც შეიძლება ცოტა პრობლემას ცხოვრებაში და თუ მაინც შეგვხდათ, მათი ღიმილითა და იუმორით გადაჭრას. მაგალითად, მოგივიდა გაზის გადასახადი 400 ლარი - მოკვდი სიცილით, აბა, მეტი რა უნდა ქნა... მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწრონ ჩვენი ოჯახები და ქვეყანა. ყოველთვის თან გვდევდეს იუმორის გრძნობა, იუმორი გადაგვარჩენს.