„ვერ წარმომედგინა, ოჯახი ასეთ ბედნიერებას თუ მაჩუქებდა“ - კვირის პალიტრა

„ვერ წარმომედგინა, ოჯახი ასეთ ბედნიერებას თუ მაჩუქებდა“

უნივერსალურ მებრძოლად აღიარებულ­ მსოფლიო ჩემპიონს (საბრძოლო ხელოვნებაში) რატი წითელაძეს, რომელიც ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი კინორეჟისორიცაა, ამერიკამ წელს არაჩვეულებრივი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო­ მიღწევებისთვის „ექსტრაორდინარული ბარათი" მიანიჭა. "აჭარის ძალიან პატარა სოფელ ნაკირ­ნათევში დავიბადე, იქ, სადაც ათამდე ოჯახი ცხოვრობს. ბავშვობა­ დედაჩემის სოფელ მარადიდში გავატარე­, ახალგაზრდობა კი ულამაზეს ბათუმში... მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი საბრძოლო ხელოვნებაში,­ ჩემს ფილმებს აჩვენებდნენ 400-მდე კინო­ფესტივალზე და გავხდებოდი­ ევროპული­ კინოაკადემიის ნომინანტი, მივიღებდი ჯილდოს "ოქროს გლობუსისგან", შემარჩევდნენ კანის, ბერლინალეს, ტორონტოსა­ და სხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე და როგორც მსახიობი ფილმებში ვითამაშებდი", - ამბობს რატი წითელაძე.­ ჩვენ მას და მის ულამაზეს მეუღლეს, ფოტოხელოვან ოლგა სლუსარევას წინასაახალწლოდ შინ ვეწვიეთ:

- გასულ წელს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჯადოსნურ ზღაპარში - შევქმენი ჩემი პატარა სამყარო ოლგასთან ერთად, და მყავს პატარა ანგელოზი. წელს ამისრულდა კიდევ ერთი სანუკვარი ოცნება - ამერიკამ თავის დიდ ოჯახში მიმიღო. პატარაობიდან ვოცნებობდი ჰოლივუდში წასვლაზე. ბევრი დამცინოდა, მაგრამ ვინც კარგად მიცნობდა, სჯეროდათ, რომ დაუღალავი შრომით ყველაფერს მივაღწევდი. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, იმდენად, რომ ხშირად მშივრები ვიძინებდით. ამის მიუხედავად, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგი მომავალი მქონოდა. ჩემთვის ისინი ჩემი გმირები არიან. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩემი პირველი დიდი ნაბიჯი თბილისში ჩამოსვლა იყო. ასეთი დიდი ქალაქი არასდროს მქონდა ნანახი, ყველაფერი უცხო და უჩვეულო მეჩვენებოდა. აი, ამ მშვენიერ ქალაქში მივხვდი, რომ შემეძლო ოცნება მიზნად მექცია.

- რა უპირატესობას განიჭებთ ბარათი, რომელიც ამერიკამ მოგცათ?

- ამერიკა ასეთ ბარათს ოსკაროსნებს,­ ნობელიანტებს, ასევე უმაღლესი დონის არტისტებსა და სპორტსმენებს ანიჭებს უნიკალური მიღწევებისთვის.

ოლგა: - ახლა მთავარი საფიქრალი ჩვენი შვილია. ჩვენმა პატარამ, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, არც დღე გვაძინებს და არც ღამე, გვაიძულებს მხოლოდ მის გარშემო ვიტრიალოთ.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?

რატი: - ჩემთვის ახალი წელი ჩვეულე­ბრივი დღეებისგან არაფრით განსხვავდე­ბოდა. ახლა განსაკუთრებულად­ მოვემზადე. ჩემი პატარა­ ოჯახი აჭარაში, ჩემს სოფელში წავიყვანე და აჭარული ახალი წელი ვაჩვენე.

ოლგა: - რატისგან განსხვავებით, ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის დიდი დღესასწაული იყო. ძალიან მიყვარს ნაძვის ხე, სადღესასწაულო სუფრა, საჩუქრები... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, საჩუქარი მისთვისაც ვიყიდე.

რატი: - შარშან მე და ოლგა პირველად შევხვდით ახალ წელს ერთად. მე როგორც მჩვეოდა, ყურადღება არც გავამახვილე დღესასწაულზე და არც საჩუქრებზე ვიზრუნე, ოლგამ კი ისეთი ძვირფასი ნივთები მაჩუქა, რომ სირცხვილისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. ეს ამბავი ძველით ახალ წელს გამოვასწორე.

ოლგა: - რატიმ პატარა ლეკვი, სანშაინი მაჩუქა. ის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, რაც ოდესმე მიმიღია.

- როგორი მეუღლე და მამაა ამერიკელების მიერ უნივერსალურ მებრძოლად აღიარებული მამაკაცი?

- ჩემთვის რატი ყოველთვის უნივერსალური იყო. ვამაყობდი მაშინაც, როდესაც წარმატებულ სპორტსმენად აღიარეს, და მაშინაც, როცა ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი კინორეჟისორი გახდა. რატი ჩვენი პატარისთვის დედაც არის და მამაც.

რატი: - ოლიაც საუკეთესო დედაა. როდესაც ვმეგობრობდით, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო იყო მეგობრებს შორის. მერე მის ხელოვნებას გავეცანი და აღვფრთოვანდი მისი ნიჭიერებით. როდესაც ჩემი შეყვარებული გახდა, ვფიქრობდი,­ რომ ის ყველაზე ლამაზი გოგო იყო დედამიწაზე. დავქორწინდით და ისე მოგვეწონა ერთად ცხოვრება,­ რომ ვფიქრობდი, ამაზე კარგი რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. ახლა ოლია ჩემი შვილის დედაა და მე ისევ აღფრთოვანებუ­ლი ვარ მისით. ოლიამ ცხოვრება სხვა თვალით დამანახა. ადრეც ვიცოდი, რომ თუ ვინმე შემიყვარდებოდა, ჩემს სულსა და გულს ვაჩუქებდი, იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, ჩემი შვილის სიყვარულში ბოლომდე დავიხარჯებოდი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, ოჯახი ასეთ ბედნიერებას თუ მაჩუქებდა. უფრო მხიარული და გულახდილი გავხდი.

ოლგა: - ამ ურთიერთობამ მხოლოდ­ რატი არ შეცვალა, მეც ისეთი განცდა მაქვს,­ რომ სამყარო უფრო ფერადი გახდა.­ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ, მგონია რომ მთებს გადავატრიალებ.

- საახალწლოდ სურვილების ჩაფიქრების თუ გჯერათ?

- მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს. მინდა ბავშვები ავად არ ხდებოდნენ.

- ოლგა, თქვენ რუსი ხართ, რატი - ქართველი, ბავშვის გაზრდას რომელი ტრადიციებით აპირებთ?

რატი: - ჩვენ ერთმანეთს ძირითადად­ ინგლისურად ვესაუბრებით. ქართული იცის, ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბრის კომპლექსი აქვს. მე მომწონს, როდესაც ქართულად საუბრობს, მაგრამ თავად ეშინია, რომ სიტყვას გამართულად ვერ იტყვის. აი, შვილს კი ქართულად ესაუბრება. ჩვენი შვილი აუცილებლად ქართულ ტრადიციებზე გაიზრდება, მაგრამ დედამისი, ალბათ, რუსულ კულტურასაც აზიარებს.

ხათუნა ბახტურიძე