წლის სპორტი 2022
წლის მთავარი სპორტული მოვლენა რამდენიმე დღის წინ ვნახეთ: კატარში მუნდიალისთვის უჩვეულო დროს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი დიდებული ფინალით დასრულდა - არგენტინის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ლიონელ მესი - პირველად და... და მინიმუმამდე დაიყვანა მის სიდიადესთან დაკავშირებული კითხვები. არგენტინა-საფრანგეთის მატჩი საოცრად სანახაობრივი და დრამატული გამოდგა და მის ფონზე მსოფლიო სპორტში მომხდარი სხვა ამბების გახსენება აზრს კარგავს. რაც შეეხება ქართულ სპორტს, 2022 წელს ჩვენს სპორტშიც უამრავი საინტერესო რამ მოხდა: ვნახეთ "დაგეგმილი" და მოულოდნელი გამარჯვებებიც, იმედგაცრუებაც, ახალი სახეებიც... როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა და მოჭიდავეებმა, ლაშა ტალახაძე მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ჩინებული სეზონი ჰქონდათ ქართველ მორაგბეებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრებს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, ახალგაზრდა ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძეს და სხვ. ინდივიდუალური წარმატებით გაგვახარეს ქართველმა ფეხბურთელებმა და კალათბურთელებმა, აი, თბილისში გამართული ევრობასკეტი კი, საქართველოს ნაკრებისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა... ტრადიციულად, წარუმატებელი (რიგ შემთხვევაში - სამარცხვინოც!) გამოდგა ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის ევროთასებისკენ მიმავალი გზა. სამაგიეროდ, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა პირველ ადგილზე უეფას "ერთა ლიგის" გათამაშება და C-დან B ლიგაში დაწინაურდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი ამავე ტურნირის პლეი-ოფში ითამაშებს... ცხადია, ყველაფერს ვერ გავიხსენებთ, მაგრამ მუნდიალთან ერთად, ქართული სპორტული წლის რამდენიმე მთავარ ამბავსაც გადავავლოთ თვალი:
ლაშა მეექვსე(დ)
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე (+109 კგ) მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ლეგენდარულმა ქართველმა ფალავანმა ტრავმირებულმა იასპარეზა ზღვის დონიდან 2640 მ სიმაღლეზე მდებარე ქალაქში და იმის მიუხედავად, რომ ცოტათი გვანერვიულა, ცხადია, სამივე დისციპლინაში შეძლო ოქროს მედლის მოპოვება: ატაცში 215 კილოგრამი ასწია, აკვრაში - 251, რამაც ორჭიდის ჯამში 466 კილოგრამი შეადგინა. ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგი 26 კილოგრამით ნაკლებია ლაშას საუკეთესო შედეგზე (492 კგ!), თუმცა ოქტომბრის ბოლოს გამიზეზებული ტრავმისა და კოლუმბიის დედაქალაქისთვის დამახასიათებელი უჟანგბადობის გამო წინასწარ ვიცოდით, რომ ქართველი გოლიათისა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მთავარი ტიტულის შენარჩუნება და ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულების დაგროვება იყო, ლაშასთვის ჩვეული რეკორდების დრო კი ისევ მალე მოვა!
ნონამ Netflix-საც აჯობა!

ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა ნოემბრის მიწურულს მერვედ გაიმარჯვა სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატზე. მანამდე კი, 2022 წლის სექტემბერში, ნონამ მორიგ, გაცილებით რეზონანსულ გამარჯვებას მიაღწია: მორიგებით დასრულდა მისი დავა ამერიკული სამაუწყებლო და საპროდუქციო კომპანია Netflix-ის წინააღმდეგ. ლეგენდარული მოჭადრაკის სარჩელი მოჰყვა 2020 წელს "ნეტფლიქსის" გადაღებულ მინისერიალს "ლაზიერის გამბიტი", რომელშიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეც არის ნახსენები, ოღონდ... მოხსენიებულია როგორც მოთამაშე, რომელიც "არის რუსეთიდან" და რომელსაც „არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ". საბოლოოდ, საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა. შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და არ ხმაურდება, თუმცა ნონამ "კვირის პალიტრას" უთხრა, რომ "შეთანხმება აღიარებას ნიშნავს! სწორედ ეს იყო მთავარი. ეს შედეგი პრეცედენტია რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, რომ არ შეიძლება რეალური ფაქტების დამახინჯება "სიტყვის თავისუფლებაზე" აპელირებით".
მკლავჭიდი ისევ ჩვენია
ლევან საგინაშვილს 2018 წლის შემდეგ აღარ წაუგია. ქართველმა გოლიათმა გასულ სეზონშიც ისე დამაჯერებლად იასპარეზა, მისი დამმარცხებელი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს. ივნისის ბოლოს დუბაიში გამართულ King Of The Table 4-ზე "ქართველმა ჰალკმა" ექვსივე რაუნდი მოუგო სახელგანთქმულ კანადელ მკლავჭიდელ დევონ ლარატს. უფრო სწორად, მეტოქის წინასამატჩო ბაქიბუქით გაბრაზებულმა ლამის მკლავი მოამტვრია კანადელს და მომავალ გამარჯვებამდე შეინარჩუნა "მაგიდის მეფის" წოდება. "ყოველი შეჯიბრების წინ ვცდილობ უფრო მაგარი ვიყო, ვიდრე მანამდე. რაც შეეხება სტიმულს, მე თვითონ შევიქმენი მოტივაცია - მინდა ისე დავასრულო კარიერა, პროფესიულ მკლავჭიდში ერთი რაუნდიც არ წავაგო! ამ ეტაპისთვის ეს მაჩვენებელია 36:0", - მითხრა ლევან საგინაშვილმა ლარატის დამარცხების შემდეგ.
რაგბი ჩვენი თამაშია!
ისტორიული გამარჯვებებით გაგვახარა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა: გაზაფხულზე, "ბორჯღალოსნებმა" მეთოთხმეტედ მოიპოვეს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულის ტიტული, ივლისში, ბათუმის გადაჭედილ არენაზე, იტალიას აჯობეს (28:19), ნოემბერში კი, კარდიფის სტადიონზე შეკრებილი 64000 მაყურებლის თვალწინ, უელსის ნაკრებიც დაამარცხეს (13:12) და "ექვსი ერის" კარზე კიდევ უფრო ხმაურიანად დააკაკუნეს. წარმატებულ სვლას აგრძელებს პირველი ქართული ფრანჩაიზ-კლუბი "შავი ლომიც", რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა რაგბის ევროპის სუპერთასის ჩემპიონი. ავჭალის სტადიონზე გამართულ ფინალში "ლომებმა" 29:17 დაამარცხეს "თელ-ავივ ჰითი" და თასი საქართველოში დატოვეს.
წლის და საუკუნის ფოტო: მესი მსოფლიო თასით

მუნდიალის კატარში გამართვის იდეას ყველა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატმაც გაამართლა, ფინალური მატჩი კი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. სწორედ კატარის დედაქალაქის მთავარ არენაზე ვნახეთ კადრები, რომელსაც წლებია, არგენტინისა და მესის გულშემატკივრები ელიან: ლეო მსოფლიო თასით ხელში! ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა არგენტინის ნაკრებმა ზედიზედ ექვს მეტოქეს აჯობა და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. საოცრად დრამატული გამოდგა არგენტინა-საფრანგეთის ფინალი: სამხრეთამერიკელები სამჯერ იგებდნენ (მესიმ 2 ბურთი გაიტანა), თუმცა კილიან მბაპემ ძირითადი და დამატებითი დროის ბოლო წუთებზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (და ინგლისელი ჯეფ ჰერსტის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფინალში სამი ბურთი გაიტანა), მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს ემილიანო მარტინესმა საოცარი ბურთი მოიგერია, თერთმეტმეტრიანების სერიაშიც იყოჩაღა და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია! ტურნირის საუკეთესო მეკარედ სწორედ მარტინესი დაასახელეს, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ - 21 წლის არგენტინელი ენცო ფერნანდესი, 8 გოლით, "კატარი-2022"-ის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი! ბოლო რამდენიმე წელიწადია, ლეო მესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა მისთვის ბოლო მუნდიალის ჩემპიონობამდე. ლეგენდარულ არგენტინელს ჯადოსნური ფინტები და პასები არც კატარის მინდვრებზე მოუკლია ჩვენთვის, თუმცა თავსა და ენერგიასაც ზოგავდა, პრაგმატულად თამაშობდა და საბოლოოდ მიიღო კიდეც სანუკვარი ჯილდო - მსოფლიო ჩემპიონის ოქროს თასი. ლიონელ მესი - ფეხბურთელი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად იმსახურებდა მუნდიალზე გამარჯვებას. ჯერ არსად წავალო, დაგვპირდა. და ჩვენც ხომ ეს გვინდა?! რაც შეიძლება დიდხანს ვუყუროთ არგენტინელი გენიოსის თამაშს...
მოდელობიდან - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაომდე

ოქტომბრის ბოლოს მარსელში გამართულ FIA Motorsport Games-ზე ქართველმა ავტომრბოლელებმა შვიდ დისციპლინაში იასპარეზეს და სახელგანთქმულ სარბოლო ტრასა "პოლ რიკარზე" ქართული ავტოსპორტისთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებასაც მიაღწიეს: მევლუდ მელაძე და ყოფილი მოდელი ირინა ონაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. მსოფლიო საავტომობილო თამაშები საავტომობილო სპორტის ყველა სახეობას აერთიანებს და FIA-ს ყველაზე მაღალი რანგის ტურნირად ითვლება. მელაძე და ონაშვილი "სლალომში" გამოვიდნენ და... სამოდელო პოდიუმის შემდეგ ირინამ საავტომობილო სპორტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პოდიუმიც მოსინჯა: "თავდაპირველად, ეგონათ, მოდელის გარეგნობის გოგონა მხოლოდ სილამაზისთვის გვყავდა წაყვანილი. თუმცა პირველივე გარბენის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ირინა ონაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი ქალია. მოდიოდნენ ავტოსპორტის "მამები" და გვეუბნებოდნენ, ავტოსპორტში ასეთი ლამაზი ქალი არც გვინახავს, "უფრო „მსხვილ" სახეობებშიც ჩავრთოთო", - თქვა მევლუდ მელაძემ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
„დანპაცუ-შიკი" „გაგამარუსთვის"
გასული სეზონი სევდიანიც გამოდგა: "გაგამარუს" (თეიმურაზ ჯუღელი) და სუმოს ქართველი გულშემატკივრისთვის. ქრონიკული ტრავმების გამო 35 წლის სუმოისტი იძულებული გახდა "ინტაი" (კარიერის დასრულება) გამოეცხადებინა. გაგას წასვლა ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს გადაწყდა, თუმცა პანდემიის გამო გაცილების ცერემონიალი თითქმის ორი წლით გადაიდო. შესაბამისად - "დანპაცუ-შიკიც" 2022 წელს ვნახეთ - გაცილების ცერემონიალი, რომლის დროსაც მოჭიდავეს თმას სჭრიან (სუმოისტის სპეციალურ ვარცხნილობას „ჩონმაგე" ჰქვია) და ამ სიმბოლური ქმედებით ოფიციალურად ასრულებენ მის კარიერას. გასულ ზაფხულს თმა "გაგამარუმაც" შეიჭრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ კარიერის დასრულებით არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყებაო! წლების წინ გაგა ელიტური დივიზიონის ლამის ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტი იყო, გასულ წელს კი 90(!) კილოგრამი დაიკლო და „სუმოს "შემდგომი" ცხოვრებისთვის ემზადება. ამგვარად, სუმოს ელიტურ დივიზონში ერთადერთი ქართველი სეკოტორი შემოგვრჩა - "ტოჩინოშინი" (ლევან გორგაძე).
პირველად ევროპაზე
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სადებიუტო ცდაზე მოახერხა კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა: ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანს (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (2:1) ვაჯობეთ და ვადაზე ადრე მოვიპოვეთ პლეი-ოფის საგზური. მეოთხედფინალში საქართველო ბოლო წამამდე, უკანასკნელი ძალით ეომა რუსეთის ნაკრებს, მაგრამ სენსაციის მოსახდენად არც იღბალი ეყო და არც ენერგია. გამოცდილებამ, "უფრო გრძელმა" სათადარიგო სკამმა და იღბალმა შემდეგ ეტაპზე რუსები გაიყვანა. დღეს ყველაფერი გავაკეთეთ და თავაწეულები ვბრუნდებით სამშობლოში, მაგრამ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზეც დავბრუნდებით, აგერ ნახავთ თუ არა! საქართველოს გაუმარჯოს!" - ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ თქვა.
კვარადონა

"ტკბილი ლუკმა" ბოლოსთვის მოვიტოვე: გასული სეზონის მთავარი ვარსკვლავი ქართულ (და არა მარტო!) სპორტში - ხვიჩა კვარაცხელია. 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე თვეში გადარია ნეაპოლი, მთლიანად - აპენინის ნახევარკუნძული და... ცხადია, საქართველოც! ბიჭი, რომელიც „"ნაპოლიში" გადასვლისთანავე იქცა იტალიის სერია "ა"-ს და ჩემპიონთა ლიგის ყველაზე საინტერესო მოთამაშედ. ფანტასტიკური ტექნიკა და პასები, გოლები იტალიის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე, საოცარი შეფასებები ცნობილი მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისგან, რამდენიმე თვეში გასამმაგებული სატრანსფერო ღირებულება - სიზმარი, სახელად "ხვიჩა კვარაცხელია" გრძელდება და ახალგაზრდა ქართველი პოპულარობით მხოლოდ ნეაპოლის ყველა დროის მთავარ ვარსკვლავს - დიეგო მარადონას ჩამორჩება. თუმცა ხვიჩას ვინმესთან შედარება არ უყვარს (რამხელა პატივიც უნდა იყოს!). სამხრეთ იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა, თამაშობს და თამაშით სიამოვნებას იღებს თვითონაც და მაყურებელიც. სწორედ ეს არის ფეხბურთის მთავარი მიზანი - ითამაშე სიამოვნებისთვის! ჩვენ კი ორმაგად გვიხარია, რომ წლების შემდეგ ისევ გვყავს "ჩვენი კაცი" დიდ ფეხბურთში. "ნაპოლის" და საქართველოს ნაკრების ახალი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია.