ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო
სხვა სხვანური კოშკებისგან განსხვავებით, ახალგაზრდაა, მაგრამ ომგამოვლილი, არც 90-იანმა წლებმა დაინდო, რამდენჯერმე გაიძარცვა - ამდენი რამ გამოიარა კოშკმა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აფხაზებისა და სვანების ძმობის ნიშნად, სოხუმში სვანმა კაცმა ააგო.
არეთა კვიციანი აფხაზეთში ბედის საძებნელად გასულ საუკუნეში ჩავიდა, სადაც აფხაზების მხარდაჭერით, ახალი ცხოვრება დაიწყო, განათლებაც მიიღო და ცნობილი მშენებელის სახელიც მოიპოვა.
არეთა კვიციანის უფროსი ვაჟი - კახა კვიციანი AMBEBI.GE-ს მამის ცხოვრებისა და კოშკის საინტერესო ისტორიის შესახებ უყვება:
- მამა დედმამიშვილებში უმცროსი იყო. რადგანაც მის ახალგაზრდობაში ცხოვრება ჭირდა, ხალხი შიმშილობდა, სოხუმში ბედის საძებნელად სრულიად ახალგაზრდა და მარტო წავიდა. გულიანი, ალალი, შრომისმოყვარე ადამიანი იყო, აფხაზებმა რომ გაიცნეს, დაიახლოვეს, სამშენებლო განხრით უმაღლესი განათლების მიღებაშიც დაეხმარნენ.
დღეს თუ ვინმეს სასმელი წყალი აქვს კოჩარაში, გვადაში, ჩლოუში, თხინაში, გუდაუთის რაიონში - წყალსადენი ყველგან მამაჩემის აშენებულია. იქ 40 კილომეტრის სიგრძეზე შეყავდა გზები და სათავე ნაგებობს აკეთებდა, წყლის რეზერვუარებიდან მილებით წყალი სოფლებში ნაწილდებოდა. აფზახეთში ბევრი ნაშრომ-ნაღვაწი აქვს.
- როგორია სვანური კოშკის აგების ისტორია?
- სოხუმში არის დასახლება, რომელსაც შრომას ეძახიან. იქ უკრაინას ქარხანა ჰქონდა, ტექნიკურ ბაზას აშენებდა, მაგრამ იქაურობა წყლით არ მარაგდებოდა. მამას შეკვეთა მისცეს, რომ იმ ტერიტორიაზე წყალი გამოეყვანა. მას რუსეთში დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა, ურთიერთობა ჰქონდა მთავრობის წევრებთანაც, მაგალითად, ალექსეი კოსიგინი (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე) ჩვენთან სახლშიც ნამყოფია...
მოკლედ, ამ კავშირების წყალობით, არეთა კვიციანმა რუსეთიდან აღნიშნული სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო მასალები ჩამოიტანა. წყლის გამოსაყვანად მთებში 30 კილომეტრი გზა იყო გასაჭრელი და აფეთქების პერიოდში მარმარილოს კარიერიც აღმოაჩინა. პარალელურად მარმარილოს საქმესაც შეეჭიდა, თან, აფხაზებისა და სვანების ძმობის სიმბოლოდ სვანური კოშკის აშენება გადაწყვიტა.
" მამაჩემის ძმადნაფიცი იყო ლევან არძინბა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მამას სახელმწიფო დონეზე მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ იქ სვანური კოშკი აეგო, არადა, იმ პერიოდში აფხაზეთში დაძაბულობის პირველი ნაპერწკლები უკვე ღვივდებოდა.
მოკლედ, რადგან მამას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველა იცნობდა, ამ მშენებლობის საწარმოებლად უარი არ უთქვამთ, თუმცა ერთი ასეთი ფაქტი კი მოხდა, რასაც პირადად შევესწარი...
ერთ დღეს მამაჩემი სახლში უხასიათოდ დაბრუნდა. რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. პირველ პირთან ვარ დაბარებული და მგონი, ცუდად არის საქმეო. პირველი პირი ვლადისლავ არძინბა იყო. წამოგყვები-მეთქი და წავედით. არძინბას მისაღებში რომ შევედით (მამას აფხაზები დათოს ეძახდნენ) მდივანმა - თქვენ ხართ დავითი? შებძანდითო, და კაბინეტზე ხელით ანიშნა. მე მისაღებში დავრჩი, კარი ოდნავ ღია დარჩა და საუბრის ხმა გამოდიოდა.
მამას არძინბა უხეშად შეხვდა - ვინ მოგცათ უფლება, რომ აქ ქართულ ისტორიულ ძეგლებს აშენებთ? (კოშკს გულისხმობდა). მამამ მოკრძალებულად მიუგო: "აფხაზებთან ძმობა და მეგობრობა მაქვს, ლეო კონსტანტინოვიჩ არძინბა ჩემი ძმადნაფიცია". საკუთარი ყურით მოვისმინე არძინბას სიტყვები და მახსოვს: "აა, შენ ხარ ის დავით კვიციანი, ლევანის ძმადნაფიცი?! რაც გინდა, ის ააშენე!" ხელი ჩამოართვა და გამოუშვა. მამა მისი კაბინეტიდან გახარებული სახით გამოვიდა.
სვანური კოშკი დღესაც ამაყად დგას იქ, 3 ჰექტარზე იყო მთელი კომპლექსით გაშენებული, სადაც 40-მდე ოთახი იყო, თავის მექანიზმებით, ტექნიკურად აღჭურვილი. მშენებლობა რომ დაამთავრა, ორ წელიწადში აფხაზეთში ომი დაიწყო... გააგრძელეთ კითხვა