"რაც ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოხდა, არ ველოდი" - გაიცანით ფოთის სკოლის დირექტორი, რომლის ვიდეო ინტერეტჰიტი გახდა
"თეთრი ციდან ფიფქი ცვივა, გვირილების ხელაო" - ამ სიმღერაზე ფოთის IV საჯარო სკოლის დირექტორის გივი ხომერიკის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოსწავლეებთან შექმნილმა პერფორმანსმა სოციალური სივრცე მოიცვა. მათ დიდი მხიარულების და საოცარი ემოციების კორიანტელი დაატრიალეს. ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს ათასობით მოწონება აქვს.
იმისთვის, რომ გაგვეგო, ვინ არის ეს საოცრად ენერგიული, აქტიური და ხალისიანი დირექტორი AMBEBI.GE გივი ხომერიკს ფოთში დაუკავშირდა.
როგორც გავარკვიეთ, ჩვენი რესპონდენტი უკვე 11 წელია, რაც სკოლის დირექტორია, 25 წლის იყო, ამ თანამდებობაზე პირველად რომ აღმოჩნდა. მოსწავლეებს სამოქალაქო განათლებასაც ასწავლის. პირველი განათლებით ჟურნალისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ პროფესია შეიცვალა, ფინანსისტი გახდა. მოგვიანებით კი სკოლის დირექტორობა მიანდვეს.
- ბატონო გივი, ამ საახალწლოდ მთელი სკოლა მუსიკალურ ფერხულში ჩააბით, თავადაც მღერით, უკრავთ, ცეკვავთ - თქვენს ვიდეოში გადამდები მხიარულებაა...
- რაც ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოხდა, ამას არ ველოდებოდი... ზოგადად ბავშვი მიყვარს, მუსიკაც, რომელიც ოჯახიდან მომყვება. ჩვენს ოჯახში მუსიკა სულ იყო, არის და იქნება. თუმცა გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ისე ვმღერი, რომ ნოტებს ვერ ვცნობ. გუნდშიც არასდროს მივლია. ჩემი მუსიკის ასეთი სიყვარული, მამაჩემის დამსახურებაა. მამა ბიტლომანია და ყველაფერი „ბიტლზის“ სიყვარულით დაიწყო. მან ჩაგვიდო ეს სიყვარული. მერე უკვე როკი, როკ-ენ-როლი 60-იანების, 70-იანების, 80-იანების და ეს ყველაფერი აქტუალური იყო ჩვენთან და ჩვენთვის სამოყვარულო დონეზე. მოყვარულები ვართ და არანაირი სხვა ამბიცია თუ პრეტენზია არ გვაქვს და გვქონია.
ეს ნამუშევარი, რაც საზოგადოებამ ნახა, დადგმული არ ყოფილა. თავად სიმღერა თბილისის ბიჭუნათა კაპელის ნამღერია, კაპელის, რომელსაც ბატონი გელა ფარჩუკიძე ხელმძღვანელობს. საახალწლო ღონისძიება რომ უნდა გაგვეკეთებინა, ამ ეს სიმღერა ავარჩიე, მოვჭერით, დავამონტაჟეთ, გიტარა შემოვიყვანეთ და ასეთი იმპროვიზაციით გავაცოცხლეთ. მოსწავლეებიც ამას ცოცხლად აჰყვნენ, მათგანაც არც ერთია პროფესიონალი. იმ დღეს სკოლაში განსაკუთრებული სტუმარიც არავინ გვყოლია, გაკეთდა მშობლებისთვის და თავად ბავშვებიც რომ გახალისებულიყვნენ. ხომ გეუბნებით, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ხალხი ვიდეოს ასე აიტაცებდა. არადა, ასეთი ბავშვების განვითარებისთვის არაერთი გაგვიკეთებია.
- როგორც ჩანს, მოსწავლეების დიდი მეგობარი ხართ, მათი კარგად გესმით...
- სკოლაში თუ მუშაობ, უმთავრესია, რომ ბავშვი გიყვარდეს. სამოქალაქო განათლებას კი ვასწავლი, რასაც მერე დავეუფლე, მაგრამ პროფესიით ფინანსისტი ვარ. ჩემი მოწოდება მასწავლებლობა არ ყოფილა. გულახდილი რომ ვიყო, ეს არ მდომებია, მაგრამ რადგან სკოლაში მოვხვდი, ამ საქმეს ვემსახურები, ყველა მოთხოვნას ვუპასუხე, რაც სახელმწიფომ ჩემ წინაშე დააყენა.
მთავარია, რომ ბავშვები გიყვართ...
- დიახ, მაგრამ რამდენად კარგი მასწავლებელი ვარ, ეს ალბათ სხვამ უნდა შეაფასოს, ყოველ შემთხვევაში, ბავშვებს ჩემთან უშუალო და გახსნილი ურთიერთობა აქვთ... მე ვარ უბრალო ადამიანი და ამ უბრალოებიდან მოდის მერე ყველაფერი. ჩემთვის არ არსებობს დაკეტილი ზღვრები, არ მახასიათებს სიმკაცრე, რასაკვირველია, თავის დროზე, დოზირებულად ისიც საჭიროა. ზოგადად კი მიმაჩნია, რომ ბავშვი ლაღ გარემოში უნდა გაიზარდოს. ის ლაღი უნდა იყოს. ასეთი ვარ მე ჩემი შვილებისთვის, მოსწავლეებისთვის. ის კი არა, ჟურნალისტობა რომ მაქვს ნასწავლი, ერთი, რაც ვიცი, ჟურნალისტს კარს და ტელეფონს არ ვუხურავ. ნებისმერ კითხვაზე ყოველთვის მაქვს და მექნება პასუხი. გააგრძელეთ კითხვა