"ამ გადარეული სიყვარულის მერე, ნუგზარ შარიამ მალევე შეირთო მეორე ცოლი. ეს შემთხვევით გავიგე... გავქვავდი"
უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.
ლია გუდაძე
სულ მინდოდა ამ მომხიბლავ ქალთან ინტერვიუს ჩაწერა. მაინტერესებდა, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე ეშხიანი იყო, თუ ჯადოსნური კამერა აჩენდა ასეთად. მსახიობს სახლში ვესტუმრე. ქალბატონი ლია გულღიად შემომეგება. უმაკიაჟო და შუახანს გადაცილებულიც კი ისეთი მომხიბლავი იყო, მივხვდი, კამერები და გრიმი არაფერ შუაში იყო, ის ბუნებრივად გახლდათ ასეთი ლამაზი.
აი, რა მიამბო მან:
- ნუგზარი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი, ერთი კურსით ჩემზე წინ იყო. მას უკვე ფილმებში იღებდნენ, პოპულარული ბიჭი იყო, გოგონები ეხვეოდნენ. გავიცანი და მორჩა, სხვაზე არც მიფიქრია. ინსტიტუტში რომ მხვდებოდა, განსაკუთრებულად მესალმებოდა, ხელს მკერდზე მიიდებდა, თავს ოდნავ დახრიდა და მერე ამომხედავდა. მეღიმებოდა, ვფიქრობდი, როლშია შეჭრილი-მეთქი. გაცნობიდან დიდი ხანი არც იყო გასული, ერთ დღესაც ინსტიტუტის დერეფანში შემეფეთა, ჩვეულებრივად ვაპირებდი მისალმებას, მაგრამ ვინ მაცალა? უცებ მაჯახა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ენა ჩამივარდა. იმდენ ლამაზ გოგონას მოსწონდა, არც ერთი არ ეტყოდა უარს, მე რატომ გამომარჩია, ვერ გავიგე. ცოტა დროს გაძლევ, ხვალ მითხარი პასუხიო, თქვა და გამეცალა. ნუგზარი ძალიან მიზანსწრაფული იყო, მისთვის ბარიერი არ არსებობდა. ისეთ სიტუაციას შექმნიდა, რაც მას ხელს აძლევდა. თავისი ცხოვრებაც ასე წარმართა. დიდხანს აღარ მიფიქრია, მალევე გავყევი ცოლად. ძალიან თბილი მეუღლე იყო. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა, როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ვყოფილიყავი, იმდენს იზამდა, მაინც გამამხიარულებდა. ბევრი მეკითხება, თუ ასე გიყვარდათ ერთმანეთი, რატომ დაშორდითო? ნესტანი რომ შეგვეძინა, მე ხშირად შინ ვიყავი, ის კი პოპულარობის ზენიტში იყო, ფილმებში კვლავ იღებდნენ, იშვიათად ნახავდით შინ.
გავბრაზდი, მოვკიდე ხელი პატარა ნესტანს და მშობლებთან დავბრუნდი. მეგონა, ამ ნაბიჯით ჭკუაზე მოვიდოდა და რაღაცას შეცვლიდა ოჯახის სასიკეთოდ. ნუგზარი ხშირად მაკითხავდა კამოზე, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. პირდაპირ გადაღებიდან მოვარდებოდა ცხენით, შემოაგელვებდა ეზოში და გვეძახდა მე და ნესტანს. მთხოვდა, შემომიჯექი უკან და გაგასეირნებო. ვფიქრობდი, ამ შერეკილს როგორ შემოვუჯდე ცხენზე, ხალხი რას იტყვის-მეთქი, და უარს ვეუბნებოდი. მაშინ ნესტანს დასტაცებდა ხელს, წინ დაისკუპებდა და ასეირნებდა ქუჩებში. სიგიჟემდე უყვარდა თავისი სიყრმის შვილი. გაგიკვირდებათ და, ამ გადარეული სიყვარულის მერე მალევე შეირთო მეორე ცოლი. ეს შემთხვევით გავიგე. სტუდენტები სპექტაკლებს ვდგამდით ხოლმე. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მსახიობთა მცირე ჯგუფი შემოვიდა, თქვეს, იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ ნუგზარ შარიას ქორწილში ვიყავითო. გავქვავდი. ამას ნამდვილად არ მოველოდი. ნუგზარი ისე წავიდა უცხოეთში, აღარც მინახავს. თავდაპირველად, საფრანგეთში წავიდა. მართალი გითხრათ, მეცოდება, იქ მარტო იყო, ჩვენ კი, მისი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები - ყველანი აქ.
საფრანგეთში იულ ბრუნერი გაიცნო ("შესანიშნავ შვიდეულში" მთავარი როლის შემსრულებელი), ის დაეხმარა ამერიკაში წასვლასა და ფეხზე დადგომაში. იქ ნუგზარი ჯაზორკესტრში მღეროდა, მე კი აქ გაუთავებლად დამატარებდნენ დაკითხვებზე. მე რატომღა მიბარებდნენ უშიშროებაში, ვერ გამეგო. როცა ნესტანი წამოიზარდა და უცხო ენათა ინსტიტუტში გადაწყვიტა ჩაბარება, ერთი ამბავი ატყდა: იმიტომ უნდა ენების შესწავლა, რომ მამამისთან “გაიქცეს”ამერიკაშიო. სწავლის პერიოდში შრომითი სემესტრი ვარძიაში უნდა გაევლო. კვლავ აიფოფრნენ, შარიას ქალიშვილს ვარძიაში რა უნდა, იქიდან თურქეთამდე არცთუ შორიაო. მე ერთ-ერთი ფილმის გადაღებიდან მომხსნეს. გადაღება შავ ზღვაში უნდა ყოფილიყო, ალბათ, იფიქრეს, ვაითუ ცურვა-ცურვით ან ყვინთვით მიადგეს სხვა ქვეყნის სანაპიროსო. ერთი სიტყვით, სხვები შიშობდნენ იმას, რაც ჩვენ ფიქრადაც არ გაგვივლია" იხილეთ სტატია სრულად
მარინა ბაბუნაშვილი