უკრაინელების "საახალწლო საჩუქარი" პუტინს: რა მოხდა მაკეევკაში? - მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ კრემლმა ამის დამალვა ვერ შეძლო
უკრაინელებმა, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, HIMARS -ის სარაკეტო იერიშის შედეგად, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ მაკეევკაში, რუსეთის მიერ ორგანიზებული, მობილიზებულების ბაზა გაანადგურეს. მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ კრემლმა ამ ამბის დამალვა ვერ შეძლო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა 2 იანვარს დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიღუპა 63 სამხედრო, თუმცა უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ მობილიზებული სულ ცოტა 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ და ახალი წლის საზეიმოდ ემზადებოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 სარაკეტო ჭურვის ჩამოგდება შეძლო, ბაზის ტერიტორიაზე კი 4 ჩამოვარდა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, მაკეევკაში დიდი მსხვერპლის გამო, პასუხისმგებლობა გადაიტანოს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე.
ამერიკელი ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების დარტყმის გამო, რუსეთში მწვავედ აკრიტიკებენ სამხედრო ხელმძღვანელობას, ამიტომ, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უსაფრთხოების ზომების ცუდად დაცვის გამო, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურებს და მობილიზებულებს დააკისროს პასუხისმგებლობა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. გააგრძელეთ კითხვა