"მინდა მე და შენ საერთო სისხლი გვქონდესო და დააყოლა, მინდა ჩემი შვილი იყოო...მაკოცა და ცრემლი მოერია" - პატრიარქის და ინგუში ამინის ძმადნაფიცობის ისტორია - კვირის პალიტრა

"მინდა მე და შენ საერთო სისხლი გვქონდესო და დააყოლა, მინდა ჩემი შვილი იყოო...მაკოცა და ცრემლი მოერია" - პატრიარქის და ინგუში ამინის ძმადნაფიცობის ისტორია

არქივი

ის პირველი ინგუშია, რომელსაც პირადად შევხვდი, ხეირიანად გავიცანი და რომელთანაც ხანგრძლივად ვისაუბრე; ინგუში, რომელიც ინგუშეთში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე იქ ცხოვრობს. იქ ჰყავს დიდი ოჯახი - დედა, ოთხი ძმა და ხუთი და.­ ეგ კი არა, ფაქტობრივად, მისთვისაც მე აღმოვჩნდი პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც თავისი ამბები გულწრფელად გაუზიარა. სანამ შევხვდებოდი, მეგონა, მთიელებისთვის დამახასიათებელი მკაცრი იერი ექნებოდა და მძიმედ ილაპარაკებდა, მაგრამ... როდესაც ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ახსენებდა, თვალები და სახე ისე უნათდებოდა, თითქოს სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდა, ჯადოსნურად იღიმოდა, უდიდესი სიყვარულით. მას ამინ შადიჟევი ჰქვია და მიუხედავად განსხვავებული მრწამსისა და აღზრდისა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად არ ვსაუბრობდით, შეგრძნება მქონდა, რომ პირისპირ ერთი გულიანი ქართველი მეჯდა და თანაც, დიდი ხნის ნაცნობი, რადგან მენდო და მიყვებოდა ამბებს, რომლებიც საჯაროდ არავისთვის მოუყოლია. ამინი ხშირად ჩამოდის თბილისში და ყოველთვის სტუმრობს ჩვენს უწმინდესს. მითხრა, ასე მგონია, არც არავის შეხვედრია პატრიარქი იმდენჯერ, რამდენჯერაც მე და, ფაქტობრივად, ეს მთელ ცხოვრებად ღირს. პატრიარქი ძალიან გაიხარებს, ამ სტატიას რომ წაიკითხავს, აღსაყდრებისა და დაბადების დღეებისთვის ეს დიდი საჩუქარი იქნება მისთვისო. გამოდის, ჩვენც თანაზიარი ვართ ამ საჩუქრის და "კვირის პალიტრის" ფურცლებიდან ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 45-ე წლისთავს და 90 წლის იუბილეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა არ მოჰკლებოდეს! ამინისა და უწმინდესის ურთიერთობაზე კი რა გითხრათ? - ამ მონათხრობს საფუძვლად უდევს საოცარი ამბავი, რომლის ფესვები მათივე წინაპრებშია.

- უპირველესად ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საიუბილეო დაბადების დღეს და გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - გისურვებთ, რომ პატრიარქმა კიდევ ერთი ამდენი იცხოვროს, რამდენიც დღემდე იცხოვრა. საქართველოს პატრიარქი დიდი ადამიანია და მასთან ყოველი შეხვედრა გასაოცარია. ვერც დავითვლი, რამდენჯერ შევხვდი, რამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი მოვისმინე. ამ შეხვედრებისას შევიტყვე, რომ ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის დედა ინგუში ყოფილა. ისტორიულ წყაროებში თურმე ისიც წერია,­ რომ თამარ მეფეც ინგუშების ნათესავი იყო, დედა მასაც ინგუში ჰყოლია. ყველა ეპოქაში ახლობლობდნენ ინგუშები და ქართველები, თუნდაც ჩემი ბაბუა და დიდი ბაბუაც მეგობრობდნენ ქართველებთან. დედა გვარად ჰამათხანოვა მყავს. ერთ ქართველ თავადს მისი ბიძა, მამის ძმა, ბავშვობაშივე წამოუყვანია საქართველოში და აქ აღუზრდია, შესანიშნავი განათლება­ მიუცია და უცხო ენებიც უსწავლებია. ასე რომ, ჩემი ბაბუა ქართველების სიყვარულში­ გაიზარდა და მისი საქმიანი ურთიერთობებიც მხოლოდ ქართველებს უკავშირდებოდა.­ დიდი ადამიანები დიდ ისტორიას ქმნიან. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ასე გრძელდება ახლაც - პატრიარქი უდიდესი ადამიანია და ქართველებისა და ინგუშების ურთიერთობის ახალ, დიდ ისტორიას ქმნის. ჩვენი უხუცესები ჰყვებოდნენ, 1990-იან წლებში, როდესაც საქართველოში ვითარება­ დამძიმდა, არც ჩვენთან ულხინდა­ ხალხს, მაგრამ მთელ ინგუშეთში დიდი ოდენობის ფული შეაგროვეს და ქართველებს გამოუგზავნეს ხორბლით, ფქვილითა­ და სხვა პროდუქტებით სავსე სატვირთო მანქანებთან ერთად. ამით ინგუშებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ძმობა ქართველებს­ - ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართო!

უწმინდესის მამა, გიორგი, და ბაბუა დედის მხრიდან მეწარმეები ყოფილან და იმხანად ინგუშეთის ქალაქ სლეპცოვსკში ბიზნესი ჰქონდათ - საცხობების ქსელი. დიდი ხნის წინათ, 1920-იან წლებში, ისინი­ ჩეჩნებს გაუტაციათ და ჩემს წინაპრებს გადაურჩენიათ. სხვათა შორის, მეც სწორედ იმ ქალაქში, სლეპცოვსკში ვცხოვრობ. წარმოგიდგენიათ? 100 წლის წინ უწმინდესისა­ და ჩემი წინაპრების ურთიერთობა ამ ქალაქიდან დაიწყო, 100 წლის შემდეგ კი მათი შთამომავლები ისევ ამ ქალაქმა შეგვახვედრა. შემთხვევით არაფერი ხდება.

ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი პატრიარქის მოწვევით ჩამოსულა თბილისში და სწორედ მისთვის უკითხავს პატრიარქს ჩვენი ოჯახის ამბავი.­ შადიჟევების გვარი ცნობილია ინგუშეთში­, და არა მარტო იქ. უწმინდესი ამბობს, რომ ჩვენ წარმოშობით ქართლიდან ვართ. დაწვრილებით არა, მაგრამ ვიცოდით, რომ ფესვები საქართველოდან გვქონდა. ეგ კი არა, გინდა ინგუშეთში ვესტუმრო ვინმეს ან თუნდაც ჩეჩნეთში, დამინახავენ თუ არა, იმას კი არ ამბობენ, ინგუში მოვიდაო, ქართველი მოვიდაო. სწორედ აუშევს უამბო პატრიარქმა, რა დიდი მეგობრობა აკავშირებდა მის ოჯახს ჩემს ოჯახთან. აუშევი ჩვენ კარგად გვიცნობდა, ვენათესავებით კიდეც ერთმანეთს, ამიტომ პატრიარქმა სწორედ მას გამოატანა ჩვენთან ოფიციალური სამადლობელი წერილი და მადლობის ნიშნად საჩუქარი - ოქროს ბეჭედი გამოგვიგზავნა. მაშინ რატომღაც ამ ამბავს არ მივყევით, მაგრამ დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2012 წელს, საუდის არაბეთში მომლოცველად წასული შინ დასაბრუნებლად რატომღაც თბილისის გავლით წამოვედი. ალბათ, ესეც ბედისწერა იყო, თორემ პირდაპირაც შემეძლო ინგუშეთში გადაფრენა. 30 წლის ვიყავი და მანამდე საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი.

321959585-471892348454580-6683119575443798350-n-1672814490.jpg

ინგუშეთში რომ დავბრუნდი, ქუჩებში მომლოცველებს დიდი ზარ-ზეიმით გვხვდებოდნენ. ჩვენს ქუჩაზე უხუცესები ცხოვრობდნენ. იმ დღეს შინ მამას ბიძაშვილი გვეწვია და რომ გაიგო, საქართველოს გავლით დავბრუნდი, გაიხსენა პატრიარქის მამისა და ბაბუის გატაცების ამბავიც. ჩვენებსაც სცოდნიათ ყველაფერი, პატრიარქის სამადლობელ წერილზეც ილაპარაკეს. რამდენიმე თვის შემდეგ იმ ნათესავმა გადმომცა პატრიარქის წერილის ასლი და მითხრა, ეს წერილი საქართველოში წაიღე და როგორმე დაუკავშირდი პატრიარქსო. ამჯერად უკვე გამიზნულად ჩამოვედი საქართველოში. გული მიგრძნობდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყებოდა. ღმერთს ვფიცავ, იმხანად ისიც კი არ ვიცოდი, სიტყვა "პატრიარქი" რას ნიშნავდა და მეგონა, ასე ჩვეულებრივ მღვდელს უწოდებდნენ. სლეპცოვსკში დიდი მართლმადიდებლური ტაძარია, ინგუშეთის მთებში კი უძველესი ქართულ-ინგუშური თხაბაერდი, 1500 წლის წინანდელი და კავკასიაში პირველი. ნათქვამია, რომ თხაბაერდი აუცილებლად ქართველებმა უნდა აკურთხონ. როგორც ამბობდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა ჩამოსულიყო ინგუშეთში და ეკურთხებინა ტაძარი, მაგრამ მიზეზთა გამო დღემდე ვერ მოხერხდა. ინგუშები კვლავ მოუთმენლად ელიან პატრიარქს. ერთხელ ვიღაცები ჩამოვიდნენ და თხაბაერდის კურთხევა მოინდომეს, მაგრამ ისინი "სხვები" იყვნენ და არაფერი ესაქმებოდათ ჩვენს ტაძართან, ამიტომ უკან გაბრუნდნენ, ხოლო ვინც აქაურობა უნდა აკურთხოს, ანუ ქართველებმა, ისინი ჯერ არ მოსულან, მაგრამ მოვლენ და თანაც ისე აკურთხებენ ტაძარს, რომ ამ ამბავს მთელი მსოფლიო შეიტყობს!

320866589-567316425242506-1367262243218599219-n-1672814523.jpg

2013 წელს თბილისში, პატრიარქთან შესახვედრად რომ წამოვედი, როგორც გითხარით, ის რიგითი ღვთისმსახური­ მეგონა­. ვიპოვე მისი რეზიდენცია და დაცვას ვთხოვე, თუ შეიძლება პატრიარქს­ დაუძახეთ-მეთქი. ისე მოვიქეცი, როგორც ინგუშეთში მოვიქცეოდი - ნებისმიერ ეზოში რომ შემიძლია შევიდე და ვითხოვო,­ მასპინძელს დაუძახონ. გაოცებულმა დაცვამ შემომხედა, ეს უცნაური ადამიანი ვინღა­ არისო და სპეცსამსახურს დაუძახა. რა თქმა უნდა, საბუთები შემიმოწმეს, ჩემი საკონტაქტო ნომრებიც ჩაიწერეს და ისე გამომაბრუნეს, პატრიარქი აქ არ არისო, ეზოშიც არავინ შემიპატიჟა (იცინის). წამოვედი გაბრაზებული, ეს რა სტუმარმასპინძლობაა­-მეთქი, იქ მისვლა ვინანე და სასწრაფოდ გამოვემგზავრე თბილისიდან. ერთი კვირის­ შემდეგ, პარასკევს, შინ ვიყავი, ის იყო, ლოცვაზე მეჩეთში უნდა წავსულიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. უცხოური ნომერი იყო და უცნობმა მამაკაცმა მოსალმების შემდეგ მე მიკითხა, თან დააყოლა, გაწუხებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეო. მითხრა, ვიცი, რომ ჩემთან იყავით მოსული, მაგრამ თურქეთში გახლდით ოფიციალური ვიზიტით, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დაგხვდითო. მახსოვს, კიდევ რამდენჯერმე მომიბოდიშა­ და ვიუხერხულე, ასაკით ჩემზე უფროსი ადამიანის ხმა გაქვთ და ამდენ ბოდიშს თქვენ არ უნდა მიხდიდეთ-მეთქი. მერე გამომკითხა, რა ერქვა ჩემს მამას, დედას, რამდენი და-ძმა მყავდა, რას ვსაქმიანობდით... როგორი შეგრძნება გამიჩნდა, იცით? ადამიანი­ დიდი ხნის წასული რომ არის შინიდან და ახალი დაბრუნებული ყველას ამბავს დაწვრილებით რომ კითხულობს. ისეთ ყოფით კითხვებს მისვამდა, მეგონა, ჩემი ოჯახის წევრი იყო, საიდანღაც დაბრუნდა და აინტერესებს, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდით. რასაკვირველია, ყველა კითხვას ვპასუხობდი, რადგან ასე გაგვზარდეს: უფროსი რომ გელაპარაკება, თვალი არ უნდა გაუსწორო და არც უნდა შეეკამათო, ენის შებრუნების უფლება არა გაქვს. მეც მორჩილად ვუსმენდი ჩემთვის უცნობ საქართველოს პატრიარქს და თან ძალიან გაოცებული ვიყავი. ბოლოს მკითხა, ამინ, შეგიძლიათ კვლავ ჩამოხვიდეთ ჩემთანო? დავეთანხმე, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანის ნახვა. სხვათა შორის, მთელი ოჯახი დაგვპატიჟა. რჩევისთვის ჩემს უფროს ძმასთან წავედი, ის თანამდებობაზე მუშაობდა და როდესაც მკითხა, ვინ დაგირეკაო, პატრიარქის სრული ტიტულის დასახელებაც არ დამასრულებინა, ისე შეჰყვირა, რაო?! თურმე ბევრი რამ იცოდა საქართველოს პატრიარქის შესახებ. მერე მითხრა, ყველა რომ წავიდეთ, ბევრნი ვართ და მასპინძელს შევაწუხებთ, ამიტომ სამი ძმა წადითო. მეორე დღეს, შაბათს, წამოვედით საქართველოში, საღამოს 9 საათზე ვესტუმრეთ პატრიარქს და ღამის პირველ საათამდე მასთან ვიყავით.

ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი?

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მოხუცები და მათთან ვმეგობრობ კიდეც. პატრიარქი პირველად რომ მოგვიახლოვდა, იკითხა, თქვენგან ამინ შადიჟევი რომელიაო? ჩემზე მიუთითეს და პირველადაც მე ჩამიხუტა, მაკოცა და ცრემლი მოერია, ბავშვობიდან ვევედრებოდი ღმერთს, გარდაცვალებამდე თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს შევხვედროდი და დღეს უფალმა ჩემი ლოცვა ისმინაო. იმავე დღეს პატრიარქს უწმინდესი ვუწოდე და მას შემდეგ სულ ასე მივმართავ. ვიფიქრეთ, არ გადავღალოთ-მეთქი და დამშვიდობება მოვინდომეთ, ის კი განერვიულდა, ასე რატომ ჩქარობთ, ხომ არაფერი გაწყენინეთო? ავუხსენით, მისი შეწუხება­ რომ არ გვინდოდა და გვითხრა, ამინ, თქვენთან საუბრისას მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ და კარგა ხანია, ასე კარგად არ მიგრძნია თავი. გთხოვთ, ჯერ არ წახვიდეთო. ჩვენც დავრჩით. ადამიანი პირველად გვხედავდა და ისე გვენდო, პირადი დაცვაც კი გაუშვა... მას შემდეგ, როცა პატრიარქს ვახლავარ, დაცვაც კი არ მოდის ახლოს.

ვიცი, ჩვენი ძმადნაფიცობის ამბავიც გაინტერესებთ. მე არ მსმენია, რომ პატრიარქს მსგავსი რამ ვინმესთვის ეთქვას. ეს იმიტომ კი არ მახარებს, რომ მაინცდამაინც მე შემომთავაზა ძმად გაფიცვა, არამედ ჩემი ხალხის, ინგუშების გამო მიხარია, რადგან ეს დიდი პატივია. მახსოვს, 2014 წელი იყო, მისი რეზიდენციის კელიაში ვისხედით. იქვე იყვნენ დაცვა და რამდენიმე მოძღვარი. პატრიარქი დიდხანს მაკვირდებოდა და უცებ მითხრა, ამინ, შეგიძლია ხელი გაიჭრა და სისხლი გამოუშვა? მეც გავიჭრი ხელს და გამოვუშვებ სისხლსო. ვკითხე, უწმინდესო, ეს რისთვის არის საჭირო-მეთქი? ასეთი რიტუალი გვაქვს, როდესაც გვინდა სისხლისმიერი ძმები გავხდეთ, მინდა მე და შენ საერთო სისხლი გვქონდესო. უწმინდესო, მართლა გინდათ ხელი გაიჭრათ-მეთქი? კი, მინდაო, მითხრა და დააყოლა, მინდა ჩემი შვილი იყოო. ეს ნამდვილად უწმინდესის სიტყვებია, ასე უნდოდა და თქვა. ყველაფერი ღვთის ნებაა და რაც მოსახდენია, ის ყოველთვის მოხდება. სხვათა შორის, უწმინდესს ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი? კი, მინდაო. ვუთხარი, უწმინდესო, ხელს ვერ გაგაჭრევინებთ, მაგრამ თქვენი შვილი ვიქნები-მეთქი. ღვთის წინაშე მართლაც ასეა, რადგან უწმინდესმა თქვა და მე დავთანხმდი, ხელი კი მაინც არ გავაჭრევინე! უმალ საკუთარ ხელს მოვიჭრიდი, ვიდრე მას გავაჭრევინებდი ხელს!

მცხეთაში აქვთ სახლი, სადაც პატრიარქის ძმა, ოქროს ადამიანი, აწ განსვენებული ვიქტორ გიორგის ძე ცხოვრობდა ოჯახით. იუსტიციის სახლში საქართველოს მოქალაქეობა რომ მომცეს, პატრიარქის სურვილით იმ სახლშიც ჩამწერეს. ამგვარი ამბები მხოლოდ უფლის ნებით ხდება. გააგრძელეთ კითხვა