"ჯერ "ჯაველინები", შემდეგ "ჰაიმარსები", ახლა კი "პატრიოტები". მომდევნო რომელი იარაღი იქნება უკრაინისთვის?" - კვირის პალიტრა

"ჯერ "ჯაველინები", შემდეგ "ჰაიმარსები", ახლა კი "პატრიოტები". მომდევნო რომელი იარაღი იქნება უკრაინისთვის?"

ამერიკულმა გაზეთმა "პოლიტიკომ" (Politico) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით - "ჯერ "ჯაველინები", შემდეგ "ჰაიმარსები", ახლა კი "პატრიოტები". მომდევნო რომელი იარაღი იქნება უკრაინისთვის?" (ავტორები - პოლ მაკლირი, ერიკ ბანკო, ლარა სელიგმანი). მასში ვრცლადაა განხილული უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გავრცელებული ინფორმაციებით, ამ ზამთარს უკრაინელებს ბრძოლის ველზე რუსების წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი შეტევები აქვთ დაგეგმილი, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით. კიევის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიაწოდებს მას დასავლეთი იარაღს.

2023 წელს უკრაინის კონფლიქტი დასავლეთის ქვეყნების მძიმე გამოცდის გაგრძელება იქნება. ამ დროს გამოჩნდება, რამდენად გადაკვეთს "წითელ ხაზს" დასავლეთი იმ იარაღის მიწოდებით, რომელსაც ადრე არ აძლევდა უკრაინას და ამით რუსეთის გაღიზიანებას ერიდებოდა.

საბრძოლო მოქმედებების განვითარება-გაფართოების კვალობაზე, ადრე დადგენილი თამასა სულ უფრო მაღალი ხდება "გადასახტომად". დასავლეთის დედაქალაქებისათვის სულ უფრო რთული ხდება უკრაინის სურვილთა სიის დაკმაყოფილება, რომელშიც ამჯერად უკვე "ფანტომის" ტიპის თანამედროვე (F-16) ამერიკული ავიაგამანადგურებლები, ამერიკული და გერმანული წარმოების ტანკები და დამრტყმელი დრონებია შეტანილი. დასავლეთისთვის, ასევე, სულ უფრო ძნელი გადასაწყვეტი ხდება, რამდენი უმაღლესი კლასის იარაღის გაგზავნა შეუძლია (ან სურს) უკრაინისთვის უახლოეს პერსპექტივაში.

უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე ახლო დისტანციის გააფთრებული ბრძოლები და სამხრეთში შექმნილი სტატიკური სიტუაცია იმას მოასწავებს, რომ ომი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. ამერიკას და ევროპას კიდევ მოუწევს ათეული მილიარდი დოლარი/ევროს მომზადება უკრაინელთა ხელფასებისთვის და სოციალური მხარდაჭერისათვის და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჰორიზონტზე კონფლიქტის შეჩერების გზა არ გამოჩნდება. დღეს დასავლეთისა და უკრაინისთვის საკითხი ასე დგას: რომელი მიზნისკენ უნდა ესწრაფვონ და როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზანს?

"ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სახის ახალი იარაღის მიწოდებაზე დათანხმდებიან აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები უკრაინისათვის უახლოეს ხანში", - ამბობენ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები.

"მე ვფიქრობ, რომ აშშ და სხვა ქვეყნები დღეს თავს იმტვრევენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ომის წარმატებული ენდშპილი (ბოლო სტადია)", - ამბობს ერთ-ერთი დასავლელი ჩინოვნიკი, რომელმაც, ისევე, როგორც სხვა გამოკითხულებმა, ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა, - "როდესაც კონფლიქტი ფართოვდება, უნდა ვიფიქროთ ერთ საკითხზეც - იქნებ ჩვენ ახლა სულ უფრო მეტად ვშორდებით იმ მომენტს, როცა შეგვიძლია უკრაინელებისათვის უფრო კარგი და სასარგებლო პირობებით შევაჩეროთ კონფლიქტი, რაც ჩვენს ინტერესებშიც შედის და რაშიც მათი მხარდაჭერა შეგვიძლია?".

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ფედერიკ ბენჯამენ ჰოჯესი, რომელიც 2014-2018 წლებში ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის ჯარების სარდალი იყო, ამბობს, რომ ყოველმა მცდარმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. "ამერიკის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინას მაქსიმალურად დაეხმაროს, მაგრამ ისე, რომ კიევისადმი დახმარება აშშ-სა და რუსეთს, ან ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში არ გადაიზარდოს", - აღნიშნავს ექსსარდალი.

უკრაინის ლიდერები ცხარედ ამტკიცებენ, რომ თანამედროვე შემტევი საბრძოლო ტექნიკა (დიდი სიშორის რაკეტები და მძიმე საბრძოლო ტანკები სწორედ ის იარაღია, რომლის მიწოდებას დასავლეთი საჭიროდ არ თვლის) ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს რუსეთის თავდაცვითი პოზიციების გასარღვევად და ომის დასამთავრებლად [ანუ რუსეთის დასამარცხებლად]. ვაშინგტონში კი ამერიკელი მაღალჩინოსნები ყოყმანით განიხილავენ ამგვარი ნაბიჯის ეფექტიანობას და ფიქრობენ - ხომ არ გამოიწვევენ ამით რუსეთის პროვოცირებას ომის ესკალაციის უფრო სახიფათო დონით, რასაც პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკების ხანგრძლივი დროით გაჭიანურება შეუძლია.

არადა, მოლაპარაკების დაწყების შანსი ძალიან მცირეა - იმის მიუხედავად, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიანიშნა, შეიძლება თებერვალში მზად ვიყოთ სამშვიდობო დისკუსიებისათვის გაეროს შუამავლობითო. მოლაპარაკების შანსი მცირეა იმიტომ, რომ მინისტრმა იქვე დააზუსტა: ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა რუსეთი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე ბრალდებულის როლში წარდგება ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოო. ბუნებრივია, ასეთ მოთხოვნას კრემლი არ დაეთანხმება.

ამასობაში უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარ პრიორიტეტად ერთი რამ რჩება: მეტი იარაღი, საბრძოლო მასალები და სამხედრო აღჭურვილობა. უკრაინის ლიდერმა გაიმეორა თავისი თხოვნა უფრო სრულყოფილი იარაღის მიწოდების თაობაზე, როცა იგი თეთრ სახლს ეწვია და ჯო ბაიდენს შეხვდა. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტი "გულგრილი" დარჩა უკრაინელი კოლეგის თხოვნების მიმართ ტანკების, თვითმფრინავებისა და რაკეტების გადაცემის თაობაზე, ვიზიტის დროს მაინც გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები დახმარების გაფართოებასთან დაკავშირებით: მალე ვაშინგტონი უკრაინაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - Patriot-ის პირველ ბატარეასა და მაღალი სიზუსტის მქონე ახალ შეიარაღებას გაგზავნის, რაც რამდენიმე კვირის წინ თითქმის შეუძლებელი ჩანდა.

იარაღის მასობრივი მიწოდება უკრაინისათვის იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა უკან დაიხია კონფლიქტისადმი თავისი ადრინდელი მიდგომებიდან. ყირიმის ანექსიის შემდეგაც კი აშშ უარს ამბობდა უკრაინისათვის შემტევი იარაღის მიწოდებაზე და ამის ნაცვლად სასწავლო პროგრამებს უგზავნიდა "არასასიკვდილო იარაღით" სარგებლობაზე - ისეთებისა, როგორებიცაა ღამის ხედვის ხელსაწყოები. მხოლოდ დონალდ ტრამპის ადმინიტრაციის დროს მისცა პენტაგონმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები"...

მაგრამ გასული წლის თებერვლიდან, რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ვაშინგტონმა "პრინციპები დათმო" და იარაღის მიწოდების შემზღუდავ "წითელ ხაზს" გადააბიჯა - კიევს მისცა 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცები, შემდეგ კი - "ჰაიმარსის" (Himars) სარაკეტო სისტემები, რითაც ის პოლიტიკური ზღვარი დაარღვია, რომელსაც ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი იცავდნენ.

განცხადება იმაზე, რომ ამერიკა უკრაინას Patriot-ების ჯერ მხოლოდ ერთ ბატარეას და ავიაბომბებს გადასცემს, სავარაუდოდ, იმის მინიშნებაა, რომ ეს არის სამხედრო ტექნიკით დახმარების ბოლო პაკეტი. შესაძლოა, 2023 წელს ვაშინგტონის მიდგომები შეიცვალოს და ყველა მხარემ დაიწყოს კონფლიქტის შეწყვეტის გზების ძიება.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, მიანიშნა, თუ როგორი სახის დარეგულირება სურს - 2014 წლიდან ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების სრული დაბრუნება. ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ჩამოაყალიბა აზრი სამართლიანი მშვიდობის შესახებ: "არანაირი კომპრომისი ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში". ჯო ბაიდენი სწრაფად დაეთანხმა უკრაინელი კოლეგის აზრს და თქვა, ამ საკითხის მიმართ ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვსო.

ცხადია, ეს განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისს, რომლის განცხადებით, უკრაინასთან არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გაიმართება მანამ, სანამ კიევი უარს არ იტყვის თავის პირობაზე - რუსეთმა 2014 წლის შემდგომ მიერთებული ტერიტორიები უნდა დათმოსო.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კრემლის უმაღლესი ხელისუფალნი მანამ არ გამოავლენენ რამე კომპრომისის ნიშნებს, სანამ ბრძოლის ველზე სიტუაცია მათ საზიანოდ არ შეიცვლება", - ამბობს მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ეუთოში.

"გამარჯვება, ჩემი აზრით, სტაბილური და მდგრადი უნდა იყოს", - ამბობს ალექსანდრე დანილიუკი, უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, - "სამშვიდობო მოლაპარაკებისა და კონფლიქტის "გაყინვის" ყოველი მცდელობა მიუღებელია, მოსახლეობა ამას ვერ გაიგებს... ვფიქრობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ".

თუ უკრაინა გააგრძელებს იმის დაჟინებას, რომ ომის დასრულება მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელიო, ბრძოლები შეიძლება წლების განმავლობაში არ შეწყდეს - ანუ მანამდე, ვიდრე მხარეებს რესურსები ეყოფათ და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ექნებათ.

"ამჟამად მეომარი მხარეები დნეპრის ორივე ნაპირზე გათხრილ სანგრებში, ტრანშეებში და მიწურებში არიან "თავშეფარებულები". წინ რომ გაიჭრან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ ევროპის ერთ-ერთი ფართო და წყალუხვი მდინარის - დნეპრის გადალახვა, მარცხენა ნაპირზე გამაგრება და მისი შენარჩუნება, რაც რთული საზღვაო დესანტის გადასხმის ტოლფასია - ისეთისა, რომელიც ნორმანდიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელდა", - ამბობს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი 2011-2012 წლებში.

მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ შეუძლია მსხვილმასშტაბიანი შეტევის დაწყება იმდენად, რამდენადაც ამ ეტაპზე საჭირო კლიმატური პირობები არ არის დამდგარი. უკრაინის სამხრეთში და აღმოსავლეთში გრუნტი ჯერ კარგად არ გაყინულა, მიწა ატალახებულია და მძიმე ტექნიკის მოძრაობას ზღუდავს. ეს ნიშნავს, რომ სანამ მკაცრი ყინვები არ იქნება, იერიში მოსალოდნელი არ უნდა იყოს.

უკრაინა დასავლურ იარაღს იღებს, მაგრამ რუსებიც მოემზადნენ ამ იარაღისაგან მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ისინი საბრძოლო მასალების საწყობებს ფრონტის ხაზისაგან მოშორებით ქმნიან, რაც მიუღწეველია Himars-ის ტიპის რაკეტებისათვის (ფრენის სიშორე - 120 კმ.). ამიტომ უკრაინელები ახლა ითხოვენ უფრო შორსმოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს (ფრენის სიშორე - 250 კმ.).

"დიახ, "ჰაიმარსებმა" გარკვეული დროის განმავლობაში თამაშის წესები უკრაინის სასიკეთოდ შეცვალეს", - ამბობს ალექსანდრე დანილიუკი, უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, - "მაგრამ ზუსტად იმ დრომდე, სანამ რუსეთმა საპასუხო ზომები არ მიიღო. დღეს "ჰაიმარსებმა", შეიძლება ითქვას, თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. ჩვენ ახლა უფრო შორს მოქმედი რაკეტები გვჭირდება, რომელთა მეშვეობით ისეთივე წარმატებას მივაღწევთ".

გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინას ახლა სწორედ ATACMS-ის ტიპის რაკეტები სჭირდება. უკრაინის არმიას ATACMS-ებით ისეთი ობიექტების განადგურების შესაძლებლობა ექნება, როგორებიცაა ქერჩის ხიდი, რუსეთის საზღვაო და ავიაბაზები ყირიმში, აგრეთვე, სტრატეგიული საკომუნიკაციო ხაზები.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ების მიწოდება ითხოვა, მაგრამ "ამერიკა ადგილიდან არ განძრეულა, ისევ უარს აცხადებს უკრაინაში გაგზავნაზე". სხვათა შორის, ჯო ბაიდენმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას ისეთ იარაღს არ მისცემს, რომელიც ხელს შეუწყობს ნატოში განხეთქილების შეტანას. "ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს რუსეთთან ომი არ სურთ. მათ არ უნდათ, რომ მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება მოხდეს", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს.

სანამ რაკეტები ისევ ამერიკაში რჩება, არის შესაძლებლობა, რომ კიევმა ამერიკული და გერმანული თანამედროვე ტანკები - "აბრამსები" (Abrams) და "ლეოპარდები" (Leopard) მიიღოს. უკრაინელი სამხედროების აზრით, მძიმე ჯავშნიანი ტექნიკა სასწორს უკრაინის სასარგებლოდ გადახრის, ვთქვათ, დონბასში, ბახმუტთან და სხვა ქალაქებთან მიმდინარე ბრძოლებში.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გერმანია უარს ამბობს თავისი ტანკების უკრაინისათვის გადაცემაზე: გერმანელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი პირველები არ იქნებიან, ვინც უკრაინას მძიმე თანამედროვე ტანკებს მისცემს. კიევი ამიტომ პენტაგონს სთხოვს, რომ სამი ან ოთხი "აბრამსი" მაინც მისცეს, რათა გერმანიამ დაინახოს და ბუნდესვერის წინააღმდეგობა გატყდეს. ამასთან, დასავლელი სამხედრო ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ტანკების გადაცემა საკითხს არ წყვეტს, იმ ტანკების მართვას და გამოყენებასაც ცოდნა უნდა, რასაც თვეები დასჭირდება.

კიევი კასეტურ საბრძოლო მასალებსაც ითხოვს, რომლებსაც რუსეთიც იყენებს. ეს იარაღი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია და ამიტომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მისი უკრაინისადმი გადაცემის არავითარი სურვილი არ აქვს, მათ ნაცვლად პენტაგონი უკრაინის არმიას ქვემეხების ათი ათასობით ჭურვით ამარაგებს.

აქვე აუცილებელია ითქვას ისიც, რომ დასავლელი ექსპერტების თქმით, უკრაინის ჯარში Patriot-ებისა და ATACMS-ების არსებობას სამომავლო ზამთრის ბრძოლებისათვის მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს: უფრო მნიშვნელოვანია ჯარის მომზადება, ლოჯისტიკა და ტაქტიკა. Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ისეთ შორი მოქმედების სისტემას წარმოადგენს, რომელიც, ძირითადად, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და სტრატოსფეროში, დიდ სიმაღლეზე მფრენი ბომბდამშენების წინააღმდეგ არის გამიზნული. ეს ის იარაღი არ არის, რომელიც ჩვეულებრივი რაკეტისა და დრონის ჩამოსაგდებად გამოიყენება. თანაც, მარკ ჰერტლინგის თქმით, Patriot-ის ერთი ბატარეა არასაკმარისია 500-კილომეტრიანი სიგრძის ფრონტის ხაზის გადაფარვისათვის. გენერალი ხაზს უსვამს, რომ მისი გამოყენება მეტ-ნაკლებად შეიძლება მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სხვა სისტემებთან ერთობლიობაში, რომელთა რეზერვი, სხვათა შორის, უკრაინის არმიას უთავდება.

"Patriot-ები იმას ვერ გააკეთებენ, რასაც უკრაინელები მისგან ელოდებიან", - განმარტავს გენერალი, - "ის არ არის პანაცეა ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელიც უკრაინას სჭირდება".

მარკ ჰერტლინგის თქმით, პენტაგონის მიერ გამოცხადებული ახალი სასწავლო პროგრამით უკრაინელი ჯარისკაცები მანევრირების ისეთ ტაქტიკას დაეუფლებიან, არტილერიის მხარდაჭერით, რაც დნეპრის წარმატებით ფორსირების გასაღები უნდა გახდეს. "მე არ ვამბობ იმას, რომ რუსები ხელებაწეულები ჩაბარდებიან და წინააღმდეგობას არ გასწევენ, მაგრამ მათთვის ძნელი იქნება კარგად მომზადებული უკრაინელებთან გამკლავება", - აღნიშნა გენერალმა.

"უკრაინა შეეცდება თავი დაიცვას ყველანაირად და ყველაფრის ფასად", - განაცხადა ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსი დანილოვმა, - "უკრაინა გამოიყენებს იმ იარაღს, რომელიც მას აქვს. და თუნდაც არ გვქონდეს ის იარაღი, რომელიც გვჭირდება, რუსებთან ხელჩართულები, კბილებით ვიბრძოლებთ, რომ ისინი ჩვენი მიწა-წყლიდან გავაძევოთ". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ