"2023 წელს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც მართლა საოცარი მოხდეს" - სურვილის ასრულების რამდენიმე მეთოდი - კვირის პალიტრა

"2023 წელს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც მართლა საოცარი მოხდეს" - სურვილის ასრულების რამდენიმე მეთოდი

2023 წელს "სისხლისმსმელ" ვეფხვს სიყვარულის სიმბოლოდ მიჩნეული კურდღელი ჩაანაცვალებს. დიახ, 2023 წელი ჩინური კალენდრით წყლის, ლურჯი კურდღლის ნიშნით ჩაივლის. ასეთი წელი 40 წელიწადში ერთხელ დგება. კურდღლის წელი დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს. როგორც ამბობენ, კურდღელი ნაყოფიერებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის, ერთდროულად ორი - ფიზიკურ და სულიერ სამყაროში ტრანსფორმაციისა და გარდასახვის სიმბოლოა. ტრანსფორმაცია კი ცვლილებებს უდრის. სპეციალისტების თქმით, კარგი სიახლეა ის, რომ 2023 წელი, ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მშვიდობისმოყვარე იქნება, ვიდრე წინა წელი იყო. მტაცებელი ვეფხვისგან განსხვავებით, კურდღელი მეგობრული არსებაა, რომელსაც ემპათია და თანაგრძნობა ახასიათებს. იქ, სადაც ვეფხვი ემოციებს აფრქვევდა და ჯიქურ იკვლევდა გზას, კურდღელი ლოგიკისა და დიპლომატიის ენაზე უფრო ეფექტურად ილაპარაკებს. როგორ უნდა შევხვდეთ ლურჯი კურდღლის წელს, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე და სიხარული მოგვიტანოს, ამის შესახებ ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი გვესაუბრება.

- სიკეთითა და მხიარულებით სავსე წელი გვექნება. ციკლის დასასრულია, სრულდება რვიანის და იწყება ცხრიანის პერიოდი. რაც კი გასულ წელს ცუდი მოხდა, მომავალ წელს ყველაფერი გამოსწორდება და დაბალანსდება, სიმშვიდე დაისადგურებს. ეს ომიც დამთავრდება...

ძველი ჩინელების თქმით, წყლის კურდღელი მეგობრული, დიპლომატი, მკურნალი და ემპათიურია. მას სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების, ცოცხალი არსებების ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან გათავისუფლების, ნებისმიერი კონფლიქტისა და ჩხუბის მოგვარების სურვილი ამოძრავებს. ვეფხვი ბიძგს აძლევდა კონკურენციას, ბრძოლას მიწიერი კეთილდღეობისთვის, კურდღელი კი წაახალისებს გულისხმიერებას, თანაგრძნობას და გულმოწყალებას. თუ ადამიანები სხვებს დაეხმარებიან, კურდღელი მათ უამრავი პოზიტიური ენერგიით, ახალი რესურსებითა და პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობებით დაასაჩუქრებს.

კურდღლის წელს საოცრად გაიზრდება ისეთი პროფესიებისა და საქმიანობის მნიშვნელობა, რომლებიც დაკავშირებულია შერიგებასთან, სუსტების დაცვასთან. ის მფარველი გახდება იმ საქმიანობისა, რაც დაკავშირებულია მკურნალობასთან, ფსიქოლოგიასთან, დედობასთან, ბავშვების აღზრდასთან, ბუნებასთან, სოფლის მეურნეობასთან, კვების პროდუქტების დამზადებასთან, სახლის მოწყობასთან; ასევე კავშირების დამყარებასთან და კონფლიქტების მოგვარებასთან მსუბუქი, დიპლომატიური გზით.

კურდღლის მეორე მხარეა სისასტიკე და დაუნდობლობა ყველაფერ იმის მიმართ, ვისაც ნგრევა მოაქვს. ძალიან რთულად წავა იმ ადამიანების საქმე, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, დესტრუქციულად მოქმედებენ სხვებზე, აყენებენ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზიანს ნებისმიერ ცოცხალ არსებას. ისინი დისონანსში შევლენ წლის მშვიდობისმოყვარე ენერგიასთან და ნეგატიური მოქმედებები ბუმერანგივით დაუბრუნდებათ.

- რა იქნება რჩევები, რომელიც წელს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ?

penshuis-tika-1672819644.jpg

- ვინაიდან კურდღელი ძალზე მგრძნობიარეა ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ, ეცადეთ აქტიურად არ ჩაებათ სხვის საქმეებში. კურდღელი ხშირად გზავნის მნიშვნელოვან ინფორმაციას სხვადასხვა მინიშნების მეშვეობით, ინტუიციის დონეზე, ამიტომ იყავით ყურადღებით. დაუშვით აზრი, რომ 2023 წელს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც მართლა საოცარი მოხდეს. მნიშვნელოვანია იყოთ ძალზე მოწესრიგებული, დაიცვათ დისციპლინა. წყლის კურდღლის რჩევაა, არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

- როგორ უნდა მოვემზადოთ წყლის კურდღელთან შესახვედრად?

- ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კურდღლის წელს მისი გამოსახულებიანი ფიგურით შევხვდეთ. ვინაიდან ბაჭიას სტიქია წყალია, ფიქრობენ, რომ ლურჯი ან ცისფერი კურდღლის ფიგურა უნდა შეიძინონ. თუმცა, ასტროლოგიური ცხრილი გვეუბნება, რომ ცისფერი ან ლურჯი კურდღელი აუცილებელი არ არის. ის შეიძლება იყოს თეთრიც, ოქროსფერიც და წითელიც, მთავარია ბაჭიას ფიგურა დავდოთ იქ, სადაც ტკბილეული გაქვს.

- ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ქოთნის ნაძვის ხეები...

- მოჭრილ ნაძვს სიკვდილის ენერგია აქვს. არ წაიღოთ სახლში მოჭრილი ნაძვი. ასევე არ ვარგა ფიტულები, გამხმარი ყვავილები, მაგრამ კარგია ქოთანში ჩარგული ნაძვი, რომელიც შეგიძლიათ, საახალწლო დღეების შემდეგ ეზოში გადარგოთ.

- ისიც მსმენია, რომ ეზოში ნაძვის დარგვა არ ვარგა.

- ეზოში ნაძვი არ არის ცუდი, მთავარია, შემოსასვლელ კარს არ კეტავდეს ან ფანჯრებს არ ეფარებოდეს. სხვათა შორის, ეზოს გარეთ მდგომი ნაძვი ოჯახს ყოველივე ცუდისგან იცავს.

- საახალწლო სუფრა როგორ უნდა გავაწყოთ?

- მნიშვნელოვანია, რომ სუფრაზე 8 ან 9 სანთელი იყოს. ბევრს უყვარს სუფრის წითელ ფერებში გაფორმება და რა თქმა უნდა, ეს დასაშვებია, მაგრამ ვინაიდან ლურჯი ბაჭიას წელი მოდის, 8 თუ 9 სანთლიდან ერთი მაინც უნდა გვქონდეს ლურჯი. მთავარია, დისბალანსი არ იყოს ან ყველაფერი ერთ ფერში არ გვქონდეს. ბალანსში არის ცეცხლის, წყლის, მიწის, ხის სტიქია და მეტალი. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ სანთელი თეთრიც გვექნება, წითელიც, მწვანეც, ყვითელიც და სტაფილოსფერიც.

- რაც შეეხება კერძებსა და ხილს...

- კარგი იქნება, თუ სუფრას ვეგეტარიანული წესით გავაწყობთ. დასაშვებია ფრინველის ხორცი და თევზი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კურდღლის ხორცი. ძირითადი აქცენტი ბოსტნეულზე გადაიტანეთ. კარგი იქნება სტაფილოს წვენი, ტკბილეული, კვერცხი. მნიშვნელოვანია, ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრება. ვინაიდან ამ პერიოდში მთელი სამყარო მხიარულობს, სურვილები მაშინ უნდა ჩავიფიქროთ, როცა მაგიდა უკვე გაშლილია, ჯერ კიდევ ვფუსფუსებთ, ახალი წლის დადგომამდე, თორემ საათი 12-ს რომ ჩამოჰკრავს, სურვილებზე კონცენტრაციას ვეღარ მოვახერხებთ. არის ასეთი ლოცვა: "მოგიხმობ უზენაესო მხსნელო და მფარველო, განანათლე მლოცველნი შენი (სახელები თქვენი და ოჯახის წევრების), შენის ნათელი დიდებულებით და ანგელოზთა დასის ძალით, ამინ! დიდება შენდა უზენაესო! ძლიერებითა და მეუფებით თქვენით, გამომიწოდეთ ხელი და მატარეთ გამარჯვების და წარმატების გზებით! დაე, იყოს ასე, ამინ!" სურვილები ამის შემდეგ უნდა ჩაიფიქროთ. სურვილების ჩაფიქრების ძალიან მაგარი პრაქტიკა მაქვს, რომელსაც დიდი ხანია უკვე ვაკეთებ: ავიღებთ ლამაზ ქილას, გავუკეთებთ ბაფთას და 52 სხვადასხვა ფერის პატარა ფურცელს (რადგან წელიწადში 52 კვირაა). ამ ფურცლებს გადავუნაწილებთ ოჯახის წევრებს და ჩამოვწერთ ჩვენს სურვილებს, ჩავყრით ქილაში და შევინახავთ. შემდეგ ყოველ მომდევნო კვირას თითო სურვილს ამოვიღებთ, წავიკითხავთ და დაწვავთ. თუ ერთი ან ორი კვირა გამოგრჩებათ, არა უშავს, შეგიძლიათ მომდევნო კვირაში ორი ან სამი ცალი ერთად დაწვათ. ვინც ამ რიტუალის ჩატარებას 31 დეკემბერს ვერ მოასწრებს, შეუძლია ძველით ახალ წელს - 14 იანვარს ან ჩინურ ახალ წელს - 22 იანვარს გააკეთოს. კიდევ არის ერთი ლამაზი რიტუალი - შეგიძლიათ, ოჯახის წევრებს წითელ კონვერტში ჩაუდოთ კუპიურა და თეფშზე დაუდოთ. მთავარია, თანხა სიმბოლური იყოს, არ არის აუცილებელი ასი დოლარი. ასე მათთვის მთელი წელი ბარაქიანი იქნება.

- როგორი საჩუქრები უნდა გავუკეთოთ ოჯახის წევრებს?

- აკრძალული საჩუქრებია ხელთათმანი, ქამარი, მჭრელი საგნები, საათი, იარაღი, მარგალიტი. სჯობს თქვენთვის ძვირფას ადამიანებს სურნელოვანი, არომატული საჩუქარები მიართვათ.

ბედნიერ წელს გისურვებთ!

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"