"მეუბნებიან, კარგია, რომ წახვედიო... რა არის კარგი, სხვა ქვეყნის სახელით რომ ვასპარეზობ?" - ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან, რომელიც სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს
"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ... მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილმა, როდესაც სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. 31 წლის დათუნაშვილს ჯილდო სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.
როცა ზურას დავურეკე, ბელგრადიდან სამშობლოში გამოსაფრენად ემზადებოდა, თუმცა ინტერვიუსთვის დრო მაინც დამითმო. - ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ, მინდა, ოჯახთან ერთად შევხვდე ახალ წელს, მერე ეს ემოცია მთელი წელი მიმყვებაო...
"ეს აღიარება ჭიდაობას სცდება..."
- მესამე წელია, სერბეთში ვარ. ამასობაში უსაზღვრო შრომა გავწიე და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მივაღწიე. სხვათა შორის, სერბეთის ჭიდაობის ისტორიაში 3 წლის განმავლობაში ამდენი მედალი არავის მოუტანია - 2 წელში 5 მედალი ავიღე (ევროპის ჩემპიონატი, 2 მსოფლიოს, ოლიმპიური ბრინჯაო და მსოფლიო თასი). ეს აღიარება ჭიდაობას სცდება... სერბეთში სპორტი პრიორიტეტულია, ზოგადად, ძალიან ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ - კალათბურთელები, წყალბურთელები, ფეხბურთელები, ჯოკოვიჩი საერთოდ ლეგენდაა. მართალია, შედეგები მქონდა, მაგრამ წლის საუკეთესო სპორტსმენად რომ დამასახელებდნენ, ცოტა ეჭვი მეპარებოდა. მე არ ვარ სერბი, ქართველი ვარ, შეიძლება ჩამოსული ადამიანი არც დავესახელებინე კიდეც, მით უფრო იმიტომ, რომ მათ ასეთი სახელოვანი სპორტსმენები ჰყავთ, მაგრამ... დამასახელეს და კიდევ ერთხელ მადლობა სერბეთს და მათ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. (გააგრძელეთ კითხვა)