"მართალია, ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ იღბალმაც გადმომხედა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი..." - კვირის პალიტრა

"მართალია, ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ იღბალმაც გადმომხედა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი..."

იღბლიანი, მშვიდი და უკონფლიქტო კურდღლები

"იღბლიანი ადამიანია. მასში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის. სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს, მშვიდი და მარტივი ცხოვრება ურჩევნია, ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები ეზიზღება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ ადამიანებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნინო შავგულიძე:

"მიხარია, რადგან ჩემი წელი იწყება. ბოლო დროს ხშირად მესმის, კურდღლებისთვის გამორჩეულად კარგი, წარმატებული წელი იქნებაო და ეს განწყობაზე მოქმედებს. ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ. 12 წლის წინაც კარგი წელი მქონდა, გადაღებები მაშინ დამეწყო..."

"ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, არ მქონია სიტუაცია, ვინმესთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი გამჩენოდეს. პატარა ბრაზი და წყენა ყველას ცხოვრებაშია... შეუცდომელი ხომ არავინ არის, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენი შეცდომები გვეპატიოს, ისევე უნდა ვაპატიოთ სხვებს..."

ლაშა გურგენიძე:

"ასეთი ცოლი რომ მყავს, ასეთი 2 შვილის მამა რომ ვარ, 2 თეატრში რომ ვარ, თეატრალურის დასრულებისთანავე დასში რომ მოვხვდი და დღემდე ამდენი რამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ?! მართალია, ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ იღბალმაც გადმომხედა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი..."

სალომე ჭულუხაძე:

"სნობიზმი გარკვეული დოზით საკუთარ თავში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს აღმოუჩენია, გამონაკლისი მეც არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ამ მიმართულებას ჩემში განვითარება არ მივცე და ვებრძოლო. მაღალი საზოგადოებისკენ სწრაფვა არ მაქვს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე