ვიქტორი – სახელად გამარჯვება!
ზუსტად ერთი წლის წინ - 2022 წლის 3 იანვარს, ლეგენდარული ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა. კაცი, რომელსაც ლეგენდარული კარიერა ჰქონდა, სიცოცხლის ბოლო წლები კი სამშობლოდან შორს გაატარა. ნამდვილი გმირი იყო და "უსახელო გმირად" ყოფნა არჩია ქვეყანაში, სადაც მძლეოსნებზე მეტს კენგურუები დახტიან...
გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დაიწერა:
...Victory ინგლისურად გამარჯვებას ნიშნავს. იყო კიდეც: გამარჯვების, სტაბილურობის, წარმატების სიმბოლო. ვიქტორ სანეევი - ერთადერთი სპორტსმენი სამხტომის ისტორიაში, ვინც ზედიზედ სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!
სადაც სამართალია, ზედიზედ ოთხი უნდა დაგვეწერა, მაგრამ... მოსკოვში საბჭოელთათვის საშინაო ოლიმპიადაზე ვიქტორ სანეევი ვერცხლის მედალს დააჯერეს. მსაჯებმა "ვერ დაინახეს", სად დაადგა ესტონელმა უუდმიაემ ხაზს ფეხი და... იმ ჯერზე, ოქრო საბჭოეთის ესტონურ ნაწილში წავიდა, "ოქროკაცი" სანეევი კი მისთვის მანამდე უჩვეულო - მეორე ადგილზე დარჩა...

ცნობილი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი იური როსტი, რომელსაც "მოსკოვი-1980"-ის დრამატული ფინალის კადრებიც აქვს გადაღებული, პირდაპირ ამბობს, რომ "ვიტიას ჯიბიდან ამოაცალეს ზედიზედ მეოთხე ოლიმპიური ოქრო": "17,35 მეტრი უუდმიაეს პირადი რეკორდი გახლდათ. არც მანამდე და არც ოლიმპიადის შემდგომ ესტონელს ამაზე მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონია. მსაჯებმა, უბრალოდ, თავი დაიზღვიეს ოლიმპიური ოქრო საბჭოეთში უნდა დარჩენილიყო".
გეგონება, სანეევიც საბჭოთა სპორტსმენი არ იყო და ბრაზილიელი ან კუბელი გახლდათ.
სხვათა შორის, მოსკოვის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ჩირაღდანი სწორედ უნიკალური მიღწევის მქონე ქართველ სპორტსმენს უნდა აენთო, თუმცა "ზემოთ" გადაწყვიტეს, რომ უპრიანი იქნებოდა, თუ ცეცხლს სოხუმელი სანეევი კი არა, ტომსკის ოლქის სოფელ ნაშიოკოვოში დაბადებული სერგეი ბელოვი აანთებდა. ასეც მოხდა: ჩირაღდანი სანეევსაც ეჭირა (საქართველოდან ის ერთადერთი სპორტსმენია, რომლესაც რუსებმა ასეთი პატივი დასდეს. - რ.შ.), ოლიმპიური ცეცხლის ანთება კი მაინც კალათბურთელ ბელოვს "ანდვეს". სხვათა შორის, სანეევის მსგავსად, სერგეი ბელოვიც 3 ოქტომბერს დაიბადა, უმაღლესი კლასის კალათბურთელიც გახლდათ, მაგრამ ვიქტორს მხოლოდ სიმაღლით (ისიც მხოლოდ 2 სანტიმეტრით!) სჯობდა, ოლიმპიურ ოქროს კი ერთადერთხელ – 1972 წლის ოლიმპიადაზე შესწვდა.
საბოლოოდ, ცეცხლი რუსს გადასცეს, ოქრო - ესტონელს. კიდევ კარგი, ჩემპიონად გამოცხადების შემდგომ უუდმიაემ ის მაინც თქვა: რაც სანეევმა გააკეთა, ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიმეორებსო!

დიახ, ვიქტორ სანეევი სამხტომის ისტორიაში ერთადერთი მძლეოსანია, ვინც ზედიზედ სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!
ესეც ბედის ირონიაა, შავი ზღვის პირას დაბადებულმა ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა სიცოცხლის ბოლო 30 წელიწადი ოკეანის პირას რომ გაატარა შორეულ ავსტრალიაში. ქვეყანაში, სადაც კენგურუს ნახტომზე უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ლეგენდარული სამმხტომელის მიღწევების შესახებ. ისე არავინ გაიგოს, თითქოს ავსტრალიას ვუწუნებდეთ სპორტის სიყვარულს. მათნაირი პირობები ნეტავ ჩვენ გვქონდეს, ვერც სანეევისადმი უყურადღებობას დავწამებთ. ჩვენ ჩვენი გვადარდებს - უნიკალური მიღწევების სპორტსმენი რომ ვერ შევინარჩუნეთ.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 13 იანვარს სიდნეიში დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ისმოდა "ცისფერი ტრიოს" გულში ჩამწვდომი სიმღერები: "ზამთარია" და "საქართველოო ლამაზო".
ზამთარიც არის, საქართველოც ლამაზია, მაგრამ, ალბათ, არაფერია იმაზე სევდიანი სანახავი, უყურებდე, როგორ მიაგებენ ლეგენდარულ სპორტსმენს უკანასკნელ პატივს სამშობლოდან ასე შორს. შორს იმ ქვეყნიდან, რომელსაც არაერთხელ აჩუქა დიდი წარმატება და სიხარული. სამშობლოდან, რომელმაც XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად კი აღიარა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლომდეც ვერ უპატრონა!
ვიქტორ სანეევს ქართველობაზე უარი არასდროს უთქვამს. არაერთხელ დაურეკეს მოსკოვიდან და კიევიდან, 18 წლისას ყაზახეთის სახელით ასპარეზობა და ალმა-ატაში (ალმათი) სამოთახიანი ბინაც შესთავაზეს, მაგრამ... "წასვლაზე არასდროს მიფიქრია. მშობლიურ სოხუმში თუნდაც ერთოთახიანი ბინის მიცემაზე უარი მივიღე, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა და საცხოვრებლის უქონლობას სხვაგან გადასვლის მიზეზად ვერ ვაქცევდი. მოგვიანებით, თბილისში მომცეს ბინა", - ამბობდა ვიქტორ სანეევი.

საქართველო ჩემი სამშობლოა და სხვაგან ვერ წავიდოდიო, მაგრამ... იმ პირქუშ, უიმედო 1990-იანებში წარმატებას მიჩვეულმა, უსაქმოდ დარჩენილმა კაცმა თავისი ადგილი ვეღარ დაინახა: "თავის დროზე, კალთებს მახევდნენ, მაგრამ საქართველო არ დავტოვე. თუმცა ბოლოს მაინც მომიწია წასვლამ - უმუშევარი დავრჩი და ავსტრალიას შევაფარე თავი, - იხსენებდა ლეგენდარული მძლეოსანი 30 წლის წინანდელ ამბებს, - 1991 წელს ავსტრალიის მძლეოსნობის ფედერაციამ კონფერენციაზე მიმიწვია, ქვეყნის დიდ ქალაქებში ვარჯიშების სერიაც უნდა ჩამეტარებინა. მაშინ საქართველოში დღითი დღე უარესდებოდა მდგომარეობა, ჰაერში ომის სუნი ტრიალებდა, ავსტრალიაში კი 900-დოლარიან ანაზღაურებას შემპირდნენ. იმ დროისთვის ეს დიდი ფული იყო, თანაც ეს შორეული ქვეყანაც მიზიდავდა და სიდნეიში დარჩენა გადავწყვიტე. კოლეჯში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა... მას შემდეგ ავსტრალიაში ვცხოვრობ".
ერთხანს ავსტრალიაშიც დარჩა სამსახურის გარეშე და ისე გაუჭირდა, ოლიმპიური მედლების გაყიდვის გარდა, აღარაფერი დარჩენოდა: "განცხადება გამოვაქვეყნე, მსურველებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ოქროს მედლებში ხუთი ათას დოლარზე მეტი არავინ შემომთავაზა. კიდევ კარგი, დროულად მივხვდი, რომ ჩალის ფასად არ უნდა შევლეოდი იმას, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი". მედლები კი შეინარჩუნა, მაგრამ სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, კარგა ხანს მანქანით პიცის მიმტანად მუშაობდა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი პიცის დამტარებლად!
"პიცუნდიდან" (ბიჭვინთა) 90 კილომეტრში დაბადებული ლეგენდარული სპორტსმენი - პიცის მიმტანად.
ავსტრალიაში კი არა, "ასტრალში" უნდა ყოფილიყო. ყველაზე მაღლა, თვალშეუდგამ სიმაღლეზე... სპორტში უმაღლეს სიმაღლეებს მიაღწია და დაფასებაც შესაბამისი უნდა ჰქონოდა. თუმცა მოვრჩეთ სიტყვების თამაშს. ვიქტორ სანეევი წყნარი, თავმდაბალი კაცი იყო და საქართველოდან დაუფასებლობის გამო არ წასულა. რა გასაკვირია, სამშობლოდან გულისტკივილიც წაეღო, მაგრამ... ტყუილად კი არ უწოდა იური როსტმა "სპორტის სამყაროში ტაქტისა და ღირსების ეტალონი". საყვედურს ვერავისზე წამოაცდენინებდი, მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგაც კი, როცა მეოთხე ოქრო ცხვირწინ ააცალეს, საყვედური არც მსაჯებზე უთქვამს და იააკ უუდმაიეზე ხომ მით უმეტეს, მხოლოდ იმას გაიძახოდა, ვინმე თუ შეცდა, უუდმაიე რა შუაშიაო?!
ასეთი იყო კაცი, რომელსაც ლეგენდარული კარიერა ჰქონდა, სიცოცხლის ბოლო წლები კი სამშობლოდან შორს გაატარა. ნამდვილი გმირი იყო და "უსახელო გმირად" ყოფნა არჩია ქვეყანაში, სადაც მძლეოსნებზე მეტს კენგურუები დახტიან. არადა, ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს. არა მარტო იცნობდეს - აფასებდეს კიდეც და თუ ბოლომდე ვერ მიუზღავს საკადრისს, "ქვეყნის დასალიერში" გასაქცევად მაინც არ გაუხადოს საქმე.
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს. იმ ახალგაზრდებმა, რომელთაც ვიქტორ სანეევზე არაფერი სმენიათ, უნდა იცოდნენ, რომ კაცი, რომელიც შორეული ქვეყნიდან "კიდევ უფრო შორეულ ქვეყანაში" ტკბილხმოვანი ქართული სიმღერებით გააცილეს, ჩვენი ნაწილია - საქართველოს, ქართული სპორტის, ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
ვიქტორი დაარქვეს და სწორედ გამარჯვება იქცა მისი ცხოვრების წესად. ოქტომბერში დაიბადა და სამივე მსოფლიო რეკორდი 17 ოქტომბერს აქვს დამყარებული: მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ორი (17,23 და 17,39 მეტრი), 1972 წლის 17 ოქტომბერს კი მშობლიურ სოხუმში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელიც (17,44)! ოთხი ოლიმპიური მედლის გარდა, ლეგენდარული მძლეოსანი ევროპის ორგზის და სსრკ-ის რვაგზის ჩემპიონიც გახლავთ. არის უამრავი ჯილდოს, მედლისა და წოდების მფლობელი. იქნებ გულნატკენიც წავიდა სამშობლოდან, მაგრამ ამბობდა, რომ "ყველაფრის მიუხედავად, დასაფლავება სამშობლოში ერჩივნა". საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის გარდაცვალების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ გამოთქვა კიდეც ამისთვის მზადყოფნა – საქართველომ ვიქტორ სანეევის ოჯახს ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სათანადო პატივით დაკრძალვა შესთავაზა. ცხადია, ქართული მხარის ხარჯით.
დაგვიანებული ინიციატივაა? ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამწუხაროდ, სახელგანთქმული სპორტსმენის მეუღლისგან უარი მივიღეთ, ქალბატონი იანა ამბობს, რომ ის და მისი ვაჟი მადლიერნი არიან იმ თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ბოლო დღეებში გრძნობენ საქართველოდან. ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიქტორი ყოველთვის ამაყობდა ქართველობით და მადლიერი იქნებოდა ასეთი დაფასებით, მაგრამ... ოჯახმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, უარი თქვას ქართული მხარის შეთავაზებაზე: "ჩვენ სიდნეიში ვცხოვრობთ. ამ რთულ დროში ჩვენი საქართველოში მოგზაურობა, მით უმეტეს, ჩემი ასაკის გათვალისწინებით, სულ უფრო გართულდება და არ გვექნება შესაძლებლობა ისე ხშირად მივაკითხოთ საფლავს, როგორც ვისურვებდით. გმადლობთ გაგებისთვის", - ნათქვამია ვიქტორ სანეევის მეუღლის წერილში.

რაღა გვრჩება? ისევ შორიდან უნდა მივაგოთ პატივი ლეგენდარულ სპორტსმენს, რომლის ცხოვრებაშიც უამრავი მიღწევისა და ჯილდოს, სამი რეკორდისა და სამი მთავარი ქალაქის გახსენება შეიძლება - სოხუმის, თბილისისა და სიდნეის. ცხოვრების მთავარი ნახტომი კი 2022 წლის 3 იანვარს, 76 წლის ასაკში შეასრულა - მარადისობაში "გადახტა", მაგრამ სულ იქნება, სანამ საქართველო და ქართული სპორტი იარსებებს. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ყოველთვის ვიქტორ სანეევი იქნება! ლეგენდა გარდაიცვალა, მაგრამ ლეგენდები არ კვდებიან!
"დღევანდელმა ავსტრალიელებმა ცუდად იციან თავიანთი სპორტის ისტორია. მე კი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მიაღწიო უმაღლეს შედეგებს, თუ არ იცი, ვის ჰქონდა წარსულში საუკეთესო მაჩვენებლები", - თქვა სანეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დღევანდელმა ავსტრალიელებმაო? დღევანდელ ქართველებზე რაღა ვთქვათ?!
ავსტრალიელებმა უკანასკნელად უმღერეს "საქართველოო ლამაზო". დიახ, ლამაზია, ოღონდ ბუნების სილამაზე არ კმარა - ქვეყანას ადამიანებიც ალამაზებენ. ნიჭიერი, ღირსეული, თავმდაბალი ადამიანები. ისეთები, იური როსტმა რომ გაიხსენა: "1980-იან წლებში, ჩემს უახლოეს მეგობარ გოგი ხარაბაძესთან ერთად თბილისის სპორტის სასახლეში მივედი საკალათბურთო მატჩზე. ვხედავთ, რომ მცველი ვიქტორ სანეევს ტრიბუნაზე არ უშვებს. ვიტია მორიდებული ადამიანია, უხმოდ გაბრუნდა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ ხარაბაძე წამოხტა და მთელი დარბაზის გასაგონად დაიყვირა: "როგორ შეიძლება არ შეუშვა საქართველოში დაბადებული უდიდესი სპორტსმენი?! ეს ხომ სანეევია - "ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი!" (ასე განგებ თქვა, რადგან მე და გოგი ვიქტორს სწორედ ასე ვეძახდით ხოლმე - "ოთხგზის ჩემპიონი"!). მაყურებელი წამოდგა, ტაში დასცხო. ვიქტორი კი გვერდით მოგვიჯდა, თავი ჩაღუნა და ჩაილაპარაკა: "გოგი, გინდა ამატირო?"
ვიქტორი, სახელად გამარჯვება. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული კაცი, რომელსაც სიდნეიშიც სოხუმი და თბილისი ესიზმრებოდა.
..."საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?" აქ არის და ახლა მაინც უნდა გამოასწოროს შეცდომები, რაც წლების განმავლობაში დაუშვია. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება.
სადაც უნდა ცხოვრობდნენ, ლეგენდები არ კვდებიან.
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ყოველთვის ვიქტორ სანეევი იქნება!