"წელი, როცა რუსეთის იმპერია მართლაც საბოლოოდ დაინგრა" - კვირის პალიტრა

"წელი, როცა რუსეთის იმპერია მართლაც საბოლოოდ დაინგრა"

ბრიტანული ჟურნალის - "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "წელი, როცა რუსეთის იმპერია მართლაც საბოლოოდ დაინგრა" (ავტორი - გებრიელ გევინი), რომელშიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დღევანდელი მდგომარეობაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოსკოვის ერთ-ერთ წყნარ უბანში, კრემლიდან მეტროთი 20 წუთის სავალზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის, რაც საბჭოთა კავშირის პასუხს წარმოადგენს ამერიკულ დისნეილენდზე. საბიუჯეტო სუპერმარკეტსა და პედაგოგიურ ინსტიტუტს შორის მდებარეობს "სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა", რომელიც ცნობილია რუსული აბრევიატურით - ВДНХ ("ვედეენეხა").

ყოველ წელს ათობით ათასი მნახველი მიდი-მოდის გამოფენის კარიბჭესთან მდგარი ტრიუმფალური თაღის ქვეშ, რომელიც ძალიან ჰგავს ლონდონის მარმარილოს თაღს. მოსკოვურ თაღზე ორი პროლეტარის - ქალისა და მამაკაცის მოოქრული ქანდაკება დგას, რომლებსაც ხელში ხორბლის კონა უკავიათ. თაღის უკან კიოსკებია "ჰოთ-დოგებით", დგას ვლადიმერ ლენინის საკმაოდ დიდი, შთამბეჭდავი ძეგლი და მოქმედებს წყლის დიდი შადრევანი, რომლიდანაც ძველი კომუნისტური სიმღერების ჰანგები ისმის.

მაგრამ გამოფენის ყველაზე მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც პარკის ირგვლივ ნახევარწრედ განლაგებული პავილიონები ითვლებიან - თითო პავილიონი თითო საბჭოთა რესპუბლიკის შესახებ, რომლებიც ძველი საბჭოთა იმპერიის მასშტაბსა და მრავალფეროვნებას ასახავენ. მაგალითად, გრძელი შენობა, რომელიც ხის ჩუქურთმებით არის დამშვენებული, კარელია-ფინეთის სსრ-ს ეძღვნება, სომხეთის სსრ-ის პავილიონში ტრადიციული წესით შემწვარი ღორის ხორცით გაგიმასპინძლდებიან.

ესენი იმ "რუსული სამყაროს" წარმომადგენლები არიან, რომლის გაერთიანებაც ვლადიმერ პუტინს სურდა, როცა მან თებერვლის ერთ ღამეს უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ გამოფენის ტერიტორიაზე გამართულ მიტინგზე გამოსული ყოფილი საბჭოთა პოპ-ვარსკვლავი ომის დაწყებას მიესალმა სიმღერით, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა, მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დიდი საბჭოეთის შემადგენლობაში შედიან. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელსაც დასავლეთი ოდესღაც ლიბერალურ რეფორმატორად თვლიდა, თავის ინტერნეტ-ანგარიშში დაწერა, რომ ყაზახეთს სინამდვილეში რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიაო (მოგვიანებით თავი იმართლა, ანგარიში ჰაკერებმა გამიტეხესო).

ბევრი რუსი დღემდე ვერ გამოსულა საბჭოთა კავშირისდროინდელი აზროვნებიდან, საბჭოთა კავშირი მათ ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობს. ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი, რუსეთის მაღალჩინოსანი სამხედროები და 30 წელს გადაცილებული ყოველი რუსი მოქალაქე არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში არიან დაბადებულნი, არამედ იმის მოწმენიც გახდნენ, როგორ დაინგრა 1990-იანი წლების დასაწყისში მათი დიადი სამშობლო, როგორ იქცა მიუწვდომელ მიზნად კომუნიზმი. დღეს კი ახალგაზრდა რუსები უპირატესობას აძლევენ დასავლეთ ევროპაში და თურქეთში დასვენებას. დღევანდელი ახალგაზრდა თაობა ნაკლებ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთ ევროპას, რომელსაც საბჭოურის მსგავს ნაცრისფერ ზონად თვლიან.

"30 წლის წინ დაწყებული ველური კაპიტალიზმის პერიოდში, თავისი საშინელი სიღატაკით, კორუფციით, გაურკვეველი პერსპექტივით - იმით, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობამ თავიანთი ეროვნული იდენტურობა მოიპოვა. უკრაინაში პროდასავლური მაიდნის რევოლუცია მოხდა, რასაც მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია მოჰყვა. გენოციდისა და სტალინური რეპრესიების გაცნობიერებამ უკრაინელთა მახსოვრობაში საკმაოდ ღრმა ანტისაბჭოური ფონი დატოვა. რაც შეეხება ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას, მათ თავიანთი ევროპული ინტეგრაცია იოლად განახორციელეს და საბჭოური ხსოვნა წარსულში დატოვეს.

აღარც ცენტრალური აზია აღარ განიხილება, როგორც კოლონიური და მივარდნილი ადგილი. დღეს ყოფილ საბჭოურ "შუა აზიის" რეგიონს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი აქვს შეძენილი - ის ჩინეთიდან ევროპისაკენ მიმავალ ისტორიულ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტზე მდებარეობს. სხვათა შორის, ყაზახეთში ჩასულ რუსებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას გაექცნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მასპინძლების ენის შესწავლა მოსთხოვა, რუსი მიგრანტებისთვის მშობლიური რუსული ენის გამოყენება პრობლემატური გახდა.

იგივე ელოდებათ რუს "უკლონისტებს" საქართველოშიც, სადაც ბედის ირონიით, ინგლისურ ენას უფრო მეტი უპირატესობა ეძლევა, ვიდრე - "კოლონიურ" რუსულ ენას... და ეს არცთუ უმიზეზოდ - საქართველოს ტერიტორიის 20% ვლადიმერ პუტინის არმიის მიერ არის ოკუპირებული.

უკრაინაში შეჭრით რუსეთის ოცნებას, აღედგინა ზესახელმწიფოს სტატუსი, ხაზი გადაესვა. "მე მეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს დიდ და ძლიერ სახელმწიფოდ გადააქცევდა, მაგრამ მან ის პირიქით -გაანადგურა", - თქვა ჩემთან საუბარში რუსმა ნაციონალისტმა კომენტატორმა ოლეგ კაშინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ვლადიმერ პუტინის ხისტი და წარუმატებელი მცდელობის შედეგები მთელმა მსოფლიომ დაინახა.

ოდესღაც რუსეთის ახლო პარტნიორები, როგორიცაა ყაზახეთი, დღეს კრემლის წინააღმდეგ გამოდიან. ყაზახები უარს აცხადებენ, აღიარონ რუსეთის სუვერენიტეტი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილზე (დონბასსა და ყირიმზე) და უარს ამბობენ მოსკოვისადმი დახმარებაზე, დასავლური სანქციების თავიდან აცილების მიზნით. ყაზახეთი დღეს უპირატესობას აძლევს იმას, რომ თავისი საკუთარი ენერგორესურსები დასავლეთს რუსული ნავთობისა და გაზის ალტერნატივად შესთავაზოს. ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი ოქტომბერში გამართულ სამიტზე კიდევ უფრო შორს წავიდა და ვლადიმერ პუტინს თავისი კოლეგების - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურების ინტერესებისადმი პატივისცემა მოსთხოვა. "თქვენ ძალიან მცირე ყურადღებას უთმობთ პატარა სახელმწიფოებს და ხალხებს, არ იზიარებთ მათ ინტერესებს", - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა. სწორედ რუსების სწრაფვამ, ექსპლუატაცია გაეწიათ ყოფილ იმპერიაში შემავალი ხალხებისათვის, ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს, რომლის აღდგენას ვლადიმერ პუტინი ცდილობს.

ასე რომ, ვლადიმერ პუტინის ოცნებები "რუსული სამყაროს" აღდგენის შესახებ საბოლოოდ დასამარდა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ადრინდელ სტატუსკვოს ვერ ინარჩუნებენ, ერევანსა და ბაქოს შორის მტკიცე მშვიდობა ჯერ არ დამყარებულა. იმავე ცენტრალურ აზიაში ტაჯიკეთი და ყირგიზეთი ერთმანეთთან სასაზღვრო კონფლიქტში ჩაებნენ - სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა იქ მდებარე რუსეთის ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინის ფრონტზე გადაისროლეს.

მოლდოვას, რომელიც კრემლის მიმართ ადრე მეტ-ნაკლებად ლმობიერად იყო განწყობილი [ენერგოუზრუნველყოფის გამო], დღეს ევროკავშირში მისაღები სახელმწიფოს სტატუსი აქვს. თურქეთი, ჩინეთი, ირანი და დასავლეთი მოსკოვის დასუსტებას თვალს ადევნებენ და, სავარაუდოდ, საჭირო მომენტში თავიანთი პოზიციების განმტკიცებას შეეცდებიან.

და სანამ "ვედეენხას" თანამშრომლები პარკის ტერიტორიას სასრიალოდ ამზადებენ და საახალწლო სტუმრებს მასპინძლობენ, როგორც ჩანს, ოდესღაც დიდი რუსული იმპერიის მზე სამუდამოდ ჩაესვენა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ