ნატო იწყებს ტანკების გადაცემას უკრაინის არმიისთვის, ოღონდ ჯერ... ბორბლიანების - კვირის პალიტრა

ნატო იწყებს ტანკების გადაცემას უკრაინის არმიისთვის, ოღონდ ჯერ... ბორბლიანების

მალე ერთი წელი შესრულდება, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ამ უთანასწორო ბრძოლაში უკრაინის დამცველთა გმირულ ბრძოლას ზურგს უმაგრებდა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ პერიოდულად მიწოდებული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი...

მაგრამ, საქმე ტანკებით უკრაინის არმიის დახმარებამდე მაინც ვერ მივიდა, უფრო სწორად, ნატოს წევრი აშშ-ისა და გერმანიის მიერ დაფინანსებული პროგრამებით პოლონეთმა, სლოვაკეთმა თუ ჩეხეთმა კი გადასცეს უკრაინელებს სამასზე მეტი ტანკი, მაგრამ ისინი, ძირითადად, ტ-72 და ტ-55 ტიპის საბჭოთა სტანდარტის ტანკების მოდიფიცირებული ვარიანტები გახლდათ.

ამერიკული „აბრამსებისა“ და გერმანული „ლეოპარდების“ გადაცემისგან ნატო იმ მოტივითაც იკავებს თავს, რომ ამან რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ესკალაცია არ გამოიწვიოს, მაგრამ რომელ ესკალაციაზეა საუბარი, როდესაც ამ ომში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე გამოიყენეს მის არსენალში არსებული ყველა სახეობისა და ტიპის შეიარაღება და საბრძოლო მასალა, მასობრივი განადგურების ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გარდა?!

ან როგორ შეიძლება ომის ესკალაცია გამოიწვიოს უკრაინის არმიისთვის გადაცემულმა „აბრამსებისა“ თუ ლეოპარდების“ ერთი-ორმა ბატალიონმა, როდესაც აქამდე მიცემული ამერიკული „ჰაიმარსებითა“ და გერმანული საზენიტო კომპლექსებით უკრაინელები ისედაც უდიდეს საბრძოლო ზიანს აყენებენ რუს დამპყრობლებს?

და, აი, ფრთხილი ამერიკელებისა და გერმანელების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე და ოლაფ შოლცზე უფრო გაბედული აღმოჩნდა და ზელენსკის აღუთქვა, რომ საფრანგეთი პირველი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ნატოს სტანდარტის ტანკებს მიაწვდის უკრაინის არმიას, ოღონდ... ბორბლიანებს.

ფრანგულ მძიმე ჯავშანმანქანას AMX-10RC-ს, ხშირად ბორბლიან ტანკსაც ეძახიან, რადგან ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე დაყენებულია ტანკის ქვემეხი.

1976-94 წლებში საფრანგეთში დამზადდა 457 ასეთი ბორბლიანი ტანკი, საიდანაც 337 ერთეული ფრანგულმა არმიამ თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი კი ექსპორტირებული იქნა მაროკოსა და კამერუნში.

დღეისათვის AMX-10RC შეიარაღებაში ასევე აქვთ ყატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და სინგაპურის არმიებს და მათ რიცხვს მალე უკრაინის არმიაც შეემატება, თუკი შეპირებულ 30-ბორბლიან ტანკს პარიზიდან დროულად მიაწვდიან კიევს.

რას წარმოადგენს ფრანგული ბორბლიანი ტანკი AMX-10RC ?

ეს არის ექვსბორბლიანი 16,6 ტონა მასის ჯავშანმანქანა, აღჭურვილი 105 მმ კალიბრის სატანკო ქვემეხითა და 48 ჭურვის მარაგით, შეიარაღებულია, ასევე, ერთი 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით და ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალური, 85 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ფრანგული ბორბლიანი ტანკის მთავარი მინუსი ის გახლავთ, რომ მისი ალუმინის ჯავშანი ვერანაირად ვერ გაუძლებს მოწინააღმდეგის არათუ 125 მმ-იანი სატანკო ჭურვის მოხვედრას, არამედ, ქვეითთა საბრძოლო მანქანების ავტომატური ქვემეხებიდან გაშვებულ 30 მმ-იან ჯავშანგამტანი ჭურვების ჯერსაც.

სამაგიეროდ, ფრანგული ბორბლიანი ტანკი ძალიან მანევრირებადია, შეუძლია ცურვით წყლის წინააღმდეგობების გადალახვა და თავისი 105 მმ-იანი ჭურვებით მოწინააღმდეგის ნებისმიერი ჯავშანმანქანის განადგურება, ტანკების გარდა (თუმცა 105 მმ-იანი ჭურვის პირდაპირი მოხვედრა ყველაზე დაცულ ტანკსაც კარგ დღეს არ დააყრის).

უკრაინის არმიისთვის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მასშტაბური კონტრიერიშების წამოწყებას გეგმავს, სწორედ რომ მისწრებაა ასეთი მანევრირებადი და თანაც - სატანკო ქვემეხით აღჭურვილი ჯავშანმანქანების ქონა, რათა სხვადასხვა მიმართულებიდან სწრაფი იერიშები განახორციელონ რუსი ოკუპანტების თავდაცვით პოზიციებზე...

პ.ს. სხვათა შორის, თავად რუსეთის არმია აპირებდა ნატოს სტანდარტის ბორბლებიანი ტანკების დიდი პარტიის შეძენას, როდესაც რამდენიმე იტალიური ბორბლიანი ტანკი Centauro ათი წლის წინ რუსეთის სამხედრო პოლიგონზე გადიოდა შეფასებით გამოცდას.

ბორბლებიანი ტანკების კლასის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამერიკული M1128 Stryker Mobile Gun System -ის რამდენმა ერთეულმა ხუთიოდე წლის წინ ფოთის პორტიდან ვაზიანის პოლიგონამდე თავისი სვლით იარა, რომლის კოლონაში ამ ბლოგის ავტორიც იმყოფებოდა...