"კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან?" - ოლექსი დანილოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან?" - ოლექსი დანილოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას ეხმაურება

კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? - ასე გამოეხმაურა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ვინ დაუჯერებს საზიზღრობას, რომელიც ბავშვებს კლავს, სამშობიარო სახლებს ესვრის, ტყვეებს აწამებს? ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობა", - წერს დანილოვი „ტვიტერის” პირად გვერდზე.

მან ტელემარათონის ეთერში გააკეთა აღნიშნულ თემაზე კომენტარი და განაცხადა, რომ ასეთ შეთავაზებას უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ვის სთავაზობენ ისინი ამ დაზავებას? არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება - წაიღეთ თქვენი ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. მათთან რაღაც დაზავებებზე არანაირი მოლაპარაკებები არ გვექნება. ჩვენთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს”, - აღნიშნა დანილოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

"ინტერპრესნიუსი"