საბჭოთა/რუსეთის დაზვერვის "მუშკეტერები" - კვირის პალიტრა

საბჭოთა/რუსეთის დაზვერვის "მუშკეტერები"

როგორც უკვე აღვნიშნე, 1993 წლის 27 სექტემბერს ოთხმა ფიზიკურმა პირმა: ვალერი ნოდარის ძე მაისურაძემ, ვლადიმერ ივანეს ძე ჟიჟინმა, არნე ტრეჰოლტმა და თარიკ მაჰმუდმა ათასი რუბლის საწესდებო კაპიტალით (თითოეულს თანაბარი წილი – 25% ჰქონდა) მოსკოვში დააფუძნეს "დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება ისმოს ტრეიდინგი", რომელიც 2007 წლის 1 სექტემბრამდე არსებობდა.

1990 წლის დასაწყისიდან, როდესაც საბჭოთა კავშირს უკვე წყალი ჰქონდა შეყენებული და ინგრეოდა, ხოლო საბჭოთა სპეცსამსახურების ძველი "გმირობები" დღის სინათლეზე გამოდიოდა, კა-გე-ბეს სახე იმდენად იყო დისკრედიტირებული, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მოქმედების სტრატეგია შეცვალა. "ლუბიანკაზე" დამუშავებული ერთიანი გეგმის მიხედვით, სახელმწიფო უშიშროების მაღალი და საშუალო რანგის ოფიცრებს დაევალათ, ახალ ვითარებაში ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის შესანიღბად, შეექმნათ კომერციული ფირმა-საფარები და "ბიზნესმენები" გამხდარიყვნენ.

1990-იანი წლების დასაწყისში, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ე.წ. "ერთობლივი საწარმოების" შექმნა უცხოელ პარტნიორებთან. კა-გე-ბე ამ პროცესსაც საკუთარი ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების შესანიღბად იყენებდა. საბჭოთა (შემდეგ კი რუსეთის) საგარეო დაზვერვა ამ გზით იოლად ახერხებდა სხვადასხვა ქვეყანაში (უპირველესად, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში) აგენტურის შეგზავნასა და არალეგალური რეზიდენტურების შექმნას, ასევე, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ფარულ შესყიდვას.

ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო: შეიქმნა „ფირმა საფარი“, რომლის დახმარებითაც რუსეთის საგარეო დაზვერვა, „პლეხანოველი“ ევგენი პრიმაკოვის ხელმძღვანელობით, საკუთარ გეგმებს ახორციელებდა. „სამხრეებიანი ბიზნესმენები“ არც პირად ინტერესებს ივიწყებდნენ: საბჭოთა კავშირის სხვა მოქალაქეებთან შედარებით, მათ უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, როგორც ფინანსური, ასევე, ინფორმაციული რესურსების სახით. ამიტომაც, ისინი სხვადასხვა მეთოდით იოლად ახერხებდნენ ყველაზე "მსუყე" სახელმწიფო საწარმოების ხელში ჩაგდებას.

"დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება ისმოს ტრეიდინგის" დამფუძნებლებიდან ორი: გენერალ-მაიორი ვ. ჟიჟინი და პოლკოვნიკი ვ. მაისურაძე ოც წელზე მეტხანს საბჭოთა საგარეო დაზვერვაში მსახურობდნენ, ხოლო ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი არნე ტრეჰოლტი წლების განმავლობაში საბჭოთა დაზვერვის აგენტი იყო, რომელიც 1984 წელს გაასამართლეს ოსლოში და ოც-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვლადიმერ ჟიჟინი (1949-2014) ცნობილი საბჭოთა მზვერავი იყო, რომელმაც 1971 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. ის სკანდინავიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე სპეციალიზირდებოდა. ის იმავე წელს ჩაირიცხა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. ვ.ჟიჟინი 1973-1980 წლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, საბჭოთა საელჩოში მოღვაწეობდა "დიპლომატის" რანგში, სინამდვილეში კი სადაზვერვო დავალებებს ასრულებდა. 1980-1983 წლებში ის ნიუ-იორკში, გაეროში საბჭოთა წარმომადგენლობის თანამშრომელი და ნორვეგიელი დიპლომატის და საბჭოთა აგენტის, არნე ტრეჰოლტის კურატორია (ანუ მას ჰყავს კავშირზე: იღებს საიდუმლო ინფორმაციას, გადასცემს ფულად ანაზღაურებას და აძლევს ახალ დავალებებს).

1984 წელს, არნე ტრეჰოლტის, როგორც საბჭოთა აგენტის გამომჟღავნების შემდეგ ვ. ჟიჟინიც სასწრაფოდ გამოიწვიეს ამერიკიდან და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში "გადამალეს". ჩემი ვარაუდით, ძველი დამსახურების აღსანიშნავად და "ჩამოლაბორანტების" საკომპენსაციოდ ვ. ჟიჟინს 1986 წელს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და ის 37 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი საბჭოთა უშიშროების ორგანოებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1988 წლის შემოდგომაზე ვ. ჟიჟინის მფარველი ვიქტორ კრიუჩკოვი კა-გე-ბეს თავმჯდომარის პოსტზე დანიშნეს, რომელმაც ვ. ჟიჟინი ჯერ თავის თანაშემწედ, შემდეგ კი სუკ-ის კანცელარიის უფროსად დააწინაურა. 1991 წლის იანვრის ბოლოს ვ. ჟიჟინი უკვე საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილედ გადაჰყავთ. ვ. ჟიჟინის კარიერა 1991 წლის "აგვისტოს პუტჩმა" შეიწირა და ის იძულებული გახდა 42 წლის ასაკში თადარიგში გასულიყო.

ამ პერიოდიდან 2012 წლამდე ვ. ჟიჟინი სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურაში ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობდა. ის 2014 წლის 30 მაისს გარდაიცვალა.

"სამხრეებიანი ბიზნესმენების" შემადგენლობიდან ჩვენ განსაკუთრებულ ინტერესს არნე ტრეჰოლტი იწვევს.

ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი არნე ტრეჰოლტი საბჭოთა დაზვერვამ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გადაიბირა. ის მოსკოვს აწვდიდა სრულიად საიდუმლო დოკუმენტებს ნორვეგიისა საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, ნატოს სამხედრო-პოლიტიკური გეგმების შესახებ. კა-გე-ბედან ტრეჰოლტის კურატორები იყვნენ გენადი ტიტოვი და ვლადიმერ ჟიჟინი (1978-1984 წლებში). ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის, პარალელურად საბჭოთა საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკის, ოლეგ გორდიევსკის მინიშნებით ნორვეგიის კონტრდაზვერვამ გააძლიერა კონტროლი ტრეჰოლტზე და დააფიქსირა მისი რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა საბჭოთა საგარეო დაზვერვის ოფიცრებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1983 წლის აგვისტოში ვენაში არნე ტრეჰოლტისა და საბჭოთა დაზვერვის ოფიცრის, გენადი ტიტოვის შეხვედრის ფაქტი, რომლის ფოტოგადაღება ნორვეგიის კონტრდაზვერვამ საბავშვო ეტლში დამონტაჟებული ფოტოაპარატით მოახერხა.

pagebb-1672988701.jpg

არნე ტრეჰოლტი, გენადი ტიტოვი, კგბ-ს ოფიცერი ალექსანდრე ლოპატინი. ვენა, 1983 წ (ნორვეგიის სპეცსამსახურების ფარულად გადაღებული ფოტო )

არნე ტრეჰოლტი 1984 წლის 20 იანვარს დააკავეს ოსლოს აეროპორტში, როდესაც საიდუმლო დოკუმენტებით სავსე პორტფელით კვლავ ვენაში მიიჩქაროდა საბჭოთა დაზვერვის ოფიცერთან შეხვედრაზე. სასამართლო პროცესზე დოკუმენტურად დამტკიცდა ტრეჰოლტის დანაშაული და მას ოც-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. არნე ტრეჰოლტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, კრიუჩკოვმა გენადი ტიტოვი, ვლადიმერ ჟიჟინი და ალექსანდრე ლოპატინი თვალს მოაფარა და აღმოსავლეთ გერმანიაში კა–გე–ბეს წარმომადგენლობაში გადაიყვანა...

თუმცა მსოფლიოში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა, კერძოდ კი საბჭოთა კავშირის დაშლამ, ტრეჰოლტის მომავალზეც იმოქმედა და 1992 წელს ნორვეგიის მეფემ ის შეიწყალა, რის შემდეგაც ის საპატიმროდან გაათავისუფლეს. გენერალი ვლადიმერ ჟიჟინი წლების შემდეგ ამგვარად იხსენებდა ამ ფაქტს: „ჩვენ მივმართეთ გერმანელ შუამავალს, რომელიც დაგვეხმარა არნეს რამდენიმე გერმანელ დისიდენტში გაცვლაში... მე და ტრეჰოლტი ვაგრძელებთ კარგ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამო, მისი ცხოვრების გზა ეკლიანი გახდა“.

ტრეჰოლტის გათავისუფლების შემდეგ იწყება ძალზე საინტერესო მოვლენები: ის ჯერ საბერძნეთში გაემგზავრა და ცნობილი ბერძენი პოლიტიკოსის, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ანდრეას პაპანდრეუს ოჯახში დაბინავდა, შემდეგ კი მოსკოვს მიაშურა და ბიზნესი დაიწყო... კა-გე-ბეს "ყოფილ" მაღალჩინოსნებთან: ჟიჟინთან და მაისურაძესთან ერთად.

blog6-1672988796.jpg

blog7-1672988796.jpg

ოცი წლის შემდეგ: არნე ტრეჰოლტი და გენადი ტიტოვი. მოსკოვი, 2004.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტრეჰოლტი აცხადებდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ იმდენად უჭირდა, რომ სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს. ჩემი აზრით, საბჭოთა კა-გე-ბეს სამართალმემკვიდრემ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ტრეჰოლტს ერთგულება დაუფასა (ის ხომ ყოველთვის უარყოფდა საბჭოთა აგენტობას და არც კა-გე-ბეს ოფიცრების გვარები გაუმხელია) და "ჯაშუშობის ჰონორარი" გადაუხადა, პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაში მაქსიმალური დახმარება გაუწია. გასული საუკუნის ბოლოსათვის არნე ტრეჰოლტი მრავალმილიონიანი ქონების მფლობელი გახდა.

დღეს კი "ჯაშუშთა სკანდალების" ერთ-ერთი მთავარი გმირი არნე ტრეჰოლტი, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, "უცოდველ კრავად" ცდილობს თავის წარმოჩენას და საბჭოთა დაზვერვის აგენტობას სასტიკად უარობს. მან წიგნიც კი გამოსცა, რომელიც 2005 წელს, იური კობალაძის დახმარებით, უსწრაფესად თარგმნეს და დაბეჭდეს რუსეთში მეტად ნიშანდობლივი სახელწოდებით: "რუხი ზონები. ჯაშუში, რომელიც არ არსებობდა". თუმცა ტრეჰოლტმა თვითლუსტრაცია მაშინ მოახდინა, როდესაც თავის მეგობრებს, კა-გე-ბეს "ყოფილ" მაღალჩინოსნებს (ჟიჟინსა და მაისურაძეს) მიაკითხა მოსკოვში და მათთან ერთად კომერციული ფირმების შექმნა და ბიზნესი დაიწყო. ეს ფირმები კი, მოსკოვში ვალერი მაისურაძის საცხოვრებელ მისამართზე იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება მეოთხე ბიზნესმენს - „თარიკ მაჰმუდს“, ჩემი აზრით, ის რუსეთსა და უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენი, თარიკ მაჰმუდ ჩაუდრი უნდა იყოს.

თარიკ მაჰმუდ ჩაუდრი დაიბადა 1958 წელს პაკისტანში, არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და შავი მეტალურგიის საწარმოებში მუშაობდა. 1988 წლიდან ის სსრკ-პაკისტანის ერთობლივ საწარმოს ხელმძღვანელობს. შემდეგ მეტალურგიულ ფირმებს ფლობდა რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში. ის 2018 წლიდან უკრაინის საფეხბურთო კლუბ "მარიუპოლის" (ყოფილი "ილიჩოვეცი", სადაც ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა) პრეზიდენტია.

საბჭოთა სპეცსამსახურებთან თარიკ მაჰმუდ ჩაუდრის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა ის სულ „უცოდველი ანგელოზიც“ რომ იყოს, ისეთ პიროვნებებთან დაუწყია "ბიზნეს-საქმიანობა", რომ საბჭოთა, დღეს კი რუსეთის, დაზვერვასთან მისი კავშირი გასაკვირი სულაც არ იქნება.

ქართველი "სამხრეებიანი ჟურნალისტები": იური კობალაძე და ვალერი მაისურაძე დღესაც სიტყვით და საქმით განაგრძობენ რუსეთის იმპერიის სამსახურს და კვლავ არა საქართველოს გასაძლიერებლად და საკეთილდღეოდ.

(მეექვსე ნაწილის დასასრული)