ქრისტესშობას გამოვაცხადოთ ქრისტე რუსეთუმედ
„ღმერთი თუ გინახავსო? -უცებ მეკითხება. ჯერ არ შემხვედრია და თუ ვნახავ, ვთხოვ, რომ შენც შეგხვდეს აუცილებლად“
ნინო ხარატიშვილი „მერვე სიცოცხლე“
25-ში ყველა ჩემს უცხოელ მეგობარს მივულოცე ქრისტეშობა. ბუნებრივია ისინიც მილოცავდნენ და ვიღებდი ამ მოლოცვებს. ქართულ სოციალურ ქსელში კი იწერებოდა - „ნამდვილ შობას გილოცავთ და არა თავსმოხვეულსო“ ქვეყნის სულიერ მოძღვარს ქვეყნის მტრებთან აიგივებენ. გამიჩნდა გრძნობა, რომ ცოტა ხანში ქრისტეც შეიძლება რუსეთუმედ გამოაცხადონ, ამ ქვეყანაში აღარაფერია გასაკვირი. აქ ღიმილის „იმოჯი“ მინდა დავსვა, რადგან ამ თემაზე უკვე ძალიან მეცინება.
მე თეოლოგი არ ვარ, თუმც წამიკითხავს ამ საკითხზე და ბევრიც დამიწერია. ამჯერად, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ვამბობ, რომ არანაირად ხელს არ მიშლის თუ ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მინდა და 7-ში შობის. არაქრისტიანები რატომ დარდობთ იმაზე, ჯერ ახალ წელი იქნება და მერე შობა, თუ პირიქით.
ჯერ ერთი ევროპის ქვეყნებში 25 დეკემბერს ქრისტეშობის აღნიშვნა ატარებს სუფთა კომერციულ ხასიათს და არავითარი კავშირი არა აქვს სულიერთან. ჩვენთან პირიქით. მართლა უხერხულია ქრისტეშობის პირდაპირი დაკავშირება საცივთან. სხვა შემთხვევაში, ასე ზუსტ რიცხვებსა და წამებს არა აქვს მნიშვნელობა, თქვენს თავებს ის უნდა ჰკითხოთ მართლა არსებობს ქრისტე თუ არა?
არც მხოლოდ რუსეთი აღნიშნავს 7 იანვარს ქრისტეშობას. დღეს საქრისტიანო სამყაროში-მართლმადიდებლობაში 13 ავტოკეფალური და სამი ავტონომიური ეკლესიაა. ანუ ჯამში 16 თემი. აქედან იულიუსის კალენდრის წესს ოფიციალურად 4 ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია იცავს. იერუსალიმი, საქართველო, სერბეთი, რუსეთი. მართლმადიდებლურ სივრცეში კიდევ სამი სათემო ეკლესია: სინაიისა და რაითის(მთელი რიგი არაბული სივრცე), ფინეთის, იაპონიის. აღნიშნული ეკლესიები იულიუსის კალენდარს მისდევენ! ადრე ბევრჯერ დამიწერია მსგავს თემაზე და ახლა კიდევ განხილვად არ ღირს, უბრალოდ ვისურვებდი, თუ რამეს ეწინააღმდეგებით იქნებ არა ლანძღვით და არაქრისტიანული დამცირებით აკეთოთ ეს, არამედ დასაბუთებულად.
სინამდვილეში კი ერთი რამ დევს ხელისგულზე. ადრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თქვა: "ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება რაღა იქნება ჩვენი ყოფა?!"
ჩემი მოსაზრებით ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იმ პროცესებს, რაც ზოგადად მსოფლიოში მიმდინარეობს და ჩვენ ვცდილობთ ავყვეთ ფეხის ხმას.
ჩემთვის ყველაზე მეტად დღეს თვალში საცემია აღრევა: ღირსების დაცვისა და პატივმოყვარეობისა, თავდაცვისა და ძალადობისა, სიმართლის თქმისა და განკითხვისა, მხილებისა და დაბეზღებისა, დათმენისა და სისუსტისა... თუკი ძალიან ვეცდებით წავშალოთ ზღვარი ცოდვასა და უცოდველობას შორის, უბრალოდ უწონადობის მდგომარეობაში მოვექცევით. უწონადობას კი, შეგახსენებთ, ჰქვია ზესკნელი. ზესკნელია სატანის სამფლობელო. ზესკნელია, სადაც ადამიანი პირველად გარდაცვალების შემდეგ ხვდება. შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ ზესკნელის დამკვიდრებას ცდილობენ დედამიწაზე, „რაღაც“ ძალები...
შორია ადამიანობამდე და ეპოქის პრობლემაც ეს არის. დაიცალა სამყარო სულიერებისგან და მერე, რიცხვსა და წუთზე დავას რაღა აზრი აქვს.
ყოველი არაფრისმთქმელი სიტყვა და ღირებულებათა გადამფასებელი პირი - ეული და ტრაგიკულია. სწორედ, ადამიანთა ამ ტრაგიკულობის განცდიდან იძენს ის თავის მნიშვნელობას. გამოგონილი პრობლემით პოულობს გამართლებას...
შობა თენდება და სულ სხვა რამ მინდოდა დღეს მეთქვა. რამე თბილი. თუნდაც ის, რომ მხოლოდ ის ადამიანია ბედნიერი, რომელიც თავის თავში ატარებს უფალს. ან ის, რომ ბედნიერების პოვნა თვით უმცირეს მარცვალშიც შეიძლება.
ცხოვრებაში სილამაზის მთავარი გამოვლინება - მოძრაობაა. ხაზში, ფერში, წელიწადის დროთა ცვლილებაში, ტალღების მიმოქცევაში, ქარში - ბუნების სრულ მშვენიერებაში უწყვეტი მოძრაობა არსებობს. სწორედ ეს მოძრაობა იწვევს ღამეს და დღეს, წელიწადის დროთა ცვლას, და ეს მოძრაობა გვაგრძნობინებს იმას, რასაც ჩვენ დროს ვეძახით. სხვა შემთხვევაში დრო ალბათ არ იარსებებდა, რამდენადაც სინამდვილეში მხოლოდ მარადისობა არსებობს და ეს ჩვენ გვასწავლის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს, ვაკვირდებით და ვაღწევთ ეს სიცოცხლეა.
ყველაფერი დედამიწაზე სრულყოფილი ცხოვრებით ცოცხლობს და სიცოცხლის ნიშანი, უპირველესი, ეს ქრისტეშობაა. დაე, ჩვენს გულებში იშვას ქრისტე! მრავალჟამიერ!