ღვინო გაძვირდება?! - კვირის პალიტრა

ღვინო გაძვირდება?!

2023 წლის 1-ლი იანვრიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. გარდა ამისა, სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ლ ივნისამდე დანერგოს - ეს არის იმ ახალი რეგულაციების ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლიდან ამოქმედდა.

სერტიფიკატს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს აკრედიტებული ლაბორატორიის ოქმის საფუძველზე.

"ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტია, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს", - განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. როგორც აქ განმარტავენ, სერტიფიცირების მიზანი ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებაა და ის ხელს შეუწყობს სასმლის მაქსიმალურ კონტროლს, ფალსიფიცირებისგან დაცვას და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას.

რაც შეეხება HACCP-ის სისტემის დანერგვის ბოლო ეტაპს, რომელიც სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება, ეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DჩFთA) ნაწილია და საქართველოში ეტაპობრივად ინერგება 2015 წლიდან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც ამ სისტემის დანერგვას ზედამხედველობს, ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოება; სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება; შაქრის, მარილის წარმოება; გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.

საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და წინასწარ განახორციელებს აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP).

"სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. როგორც აღინიშნა, სისტემა 2015 წლიდან ეტაპობრივად ინერგება სხვადასხვა სფეროში და უკვე განსაზღვრული გამოცდილებაც დაგროვდა, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესშიც. შესაბამისად, როგორ მიდის ეს პროცესი, რა დაბრკოლებებს აწყდებიან სისტემის დანერგვისას, როგორ აისახება ბაზარზე და რას უნდა ელოდონ ის ბიზნესოპერატორები, რომელთაც ახლა უწევთ ამის გაკეთება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტს, შოთა ბურჯანაძეს ესაუბრა.

- ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება, რაც ახალი წლიდან სავალდებულო გახდა, ბაზარსა და მომხმარებელზე რა გავლენას მოახდენს?

- ჩემი აზრით, ქართული ღვინო იმდენად ძვირფასი პროდუქტია, რომ დღეს ბაზარზე მისი ფასი შეუსაბამოა. მინდა სწორად გაიგოს მკითხველმა თუ მსმენელმა - ღვინო უნდა გაძვირდეს იმ დონემდე, რომ დაფასდეს როგორც გლეხის, ისე მეწარმის შრომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარება იქნება ძალიან ნელი და ქართული ღვინის პერსპექტივაც შორს გადაიწევს.

- ხარისხის სერტიფიკატის აღება გააძვირებს პროდუქციას იმდენად, რომ "გლეხისა და მეწარმეების შრომა დაფასდეს", თუ სხვა ხარჯებიც არის მოსალოდნელი?

- ჩემი აზრით, სერტიფიცირების გაუქმება თავის დროზე სწორი იყო, რათა ადამიანები შედარებით ადვილად ჩართულიყვნენ ბიზნესში და შესაბამისად, პროდუქციაც შეექმნათ. მაგრამ გადის დრო და იცვლება მიდგომები და საჭიროებები. ამიტომ დღეს სერტიფიცირება აუცილებელია, რათა დავიცვათ ხარისხი და შესაბამისად, გაიზარდოს მწარმოებლის მოგება. ვისაც ამ ბიზნესში დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ამას შეძლებს. ხოლო თუ ბიზნესში ისეთ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებ, რომლებიც მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი, მაშინ ამ ბიზნესში არასწორად ხარ ჩართული და სხვა რამ უნდა მოძებნო.

- გასაგებია, რომ ალკოჰოლი არ არის პირველადი მოხმარების პროდუქცია, მაგრამ მაინც მომხმარებლის თვალით რომ შევხედოთ, ამ რეფორმის გამო გაძვირდება ისე, რომ მათთვის მტკივნეული იყოს, მით უმეტეს, ისედაც მაღალი ინფლაციისა და მწვავე სოციალურ პირობებში?

- სწორად აღნიშნეთ, ეს ხომ ფუფუნების საგანია და სოციალური პირობები არაფერ შუაშია. რაც მთავარია, სწორად განსაზღვრული ფასი განსაზღვრავს ღვინის სწორად მოხმარებასაც. ბოთლის ღვინის დამკვიდრების შემდეგ სწორად დაიწყეს ღვინის სმა, ისწავლეს მისი დაგემოვნება. როცა შინ დაყენებულ 20 ლიტრ ღვინოს 3-4 კაცი სვამდა, უკვე წარსულია. დღეს ღვინოს უფრო როგორც დელიკატესს, ისე უყურებენ და არა როგორც თრობის საშუალებას. ამიტომაც ქართული ღვინისა და ღვინის ბიზნესის განვითარებისთვის სერტიფიცირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ეტაპი გაიარა ბევრმა ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ და მით უმეტეს, ჩვენ, როგორც ღვინის სამშობლო, მას უფრო უნდა ვაფასებდეთ.

- ევროპაში ფართო სამომხმარებლო სეგმენტში ღვინის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან. ეს რითია განპირობებული და შესაძლებელია ამ რეფორმის შედეგად საქართველო ევროპას ამ მხრივ გაუთანაბრდეს?

- ჩვენთან ღვინის წარმოების ინდუსტრია გარკვეულწილად პრობლემატურია. ვგულისხმობ იმ დანადგარებს, იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ღვინის წარმოებისთვის. ევროპაში ეს ეტაპი ძალიან დიდი ხნის წინ გაიარეს. ამიტომ იქ ღვინის თვითღირებულება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ადევს ფართო მოხმარების ღვინოებს დაბალი ფასი და არა განსაკუთრებული ტიპის ღვინოებს - ვგულისხმობ ენდემურ, ადგილწარმოშობის (საგემოვნო) ღვინოებს, რომლებიც არასდროს არის იაფი. სერტიფიცირება სწორედ იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გლეხმა და მეღვინემ სწორად განავითარონ თავიანთი ბიზნესი, რაც, ცხადია, საბოლოოდ სტანდარტებამდე, ხარისხამდე და ფასებამდე მიდის.

- რაც შეეხება HACCP სისტემას, მისი დანერგვა უკვე მთელ კვების ინდუსტრიას შეეხება...

- რესტორნებისთვის ის სავალდებულოდ მიღებულია უკვე ორი წელიწადია. არსებობს რესტორნების კატეგორია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს 100%-ით HACCP-ის მოთხოვნებს. ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს სურსათის უვნებლობის სამსახურის მეშვეობით უხდებოდა ამ ვითარების გათვალისწინება. ახლა მიმდინარეობს სწავლების პერიოდი, თუ რა არის გამოსასწორებელი გონივრულ ვადებში. ევროკავშირი გვავალდებულებს, რომ HACCP-ი დაინერგოს და ეს ივნისიდან უკვე ყველა ბიზნესოპერატორისთვის გახდება სავალდებულო. ჩვენ ყველანი, უპირველესად, მომხმარებლები ვართ და HACCP-ი არის შესაძლებლობა, არ ვიყოთ დამოკიდებული ამა თუ იმ ბიზნესოპერატორის კეთილსინდისიერებაზე, არამედ დამოკიდებული ვიყოთ წესებსა და სტანდარტებზე. სტანდარტიზაცია ბიზნესის განვითარების ხელშემწყობია, ჩვენ კი, როგორც მომხმარებელი, ნებისმიერ ობიექტზე შესვლისას მშვიდად ვიქნებით, რადგან დანერგილი იქნება სისტემა, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

- რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული და ახდენს თუ არა უკვე გავლენას სამომხმარებლო ფასებზე?

- რა თქმა უნდა, ამ სისტემის დანერგვა დაკავშირებულია ხარჯებთან. კოვიდვითარების გამო ამა თუ იმ ბიზნესოპერატორს დიდი პრობლემები ჰქონდა და დამატებითი ხარჯის გაღება არ შეეძლო. მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია. მე, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელს, დაბეჯითებით და პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა გარკვეულწილად გამოსწორებულია. ამ ხარჯის გაღება კი მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებლებმა თავი დაცულად იგრძნონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მაგრამ მაშინ, როცა ერთი ნაწილი მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ხარჯებსაც სწევს, რათა მოწესრიგებული იყოს, ვიღაც სხვა ხარჯს თავს არიდებს და ამით კონკურენტული გარემოც ირღვევა. ამიტომაც ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ იქით, რომ HACCP-ის მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს.

ამასთან, არის პრობლემებიც, რომელთა გამოც არსებული ვითარება შეუსაბამოა ევროკავშირის მოთხოვნებთან. ცხადია, ყველა ობიექტს ეს არ ეხება. არსებობს ობიექტები, რომლებიც კულტურული ძეგლების სტატუსის მქონე შენობებშია განთავსებული, ასეთ ადგილებზე სარემონტო სამუშაო კი არა, ხელის შეხება არ შეიძლება. გარდა ამისა, არის ნიუანსებიც, რაც შეუსაბამოა ქართული რეალობისთვის - ქართული კერძებიდან გამომდინარე. ამიტომ ამ საკითხზე ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად, რათა სტანდარტიზაცია მოხდეს არა მტკივნეულად, არამედ თანამშრომლობის საფუძველზე.

- საშუალოდ რა თანხა სჭირდება ამ სისტემის დანერგვას, არის საფრთხე, რომ პატარა ბიზნესებმა ამის დანერგვა ვერ შეძლონ და დახურვამ მოუწიოთ?

- ახალი ხარჯი ყოველთვის მტკივნეულია ბიზნესოპერატორისთვის, მაგრამ ამ საკითხს უნდა შევხედოთ როგორც ინვესტიციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვითარების გასაუმჯობესებლად, რაც მეტ შემოსავალს მოიტანს. რა თქმა უნდა, არის ობიექტები, რომლებისთვისაც დღეს ბიზნესის წარმოება არცთუ იოლია და დამატებითი ხარჯი შეიძლება პრობლემა გახდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სფეროების სტანდარტიზაცია მნი­შვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენთვის, მომხმარებლისთვისაც, რათა მიმზიდველი იყოს ის სერვისები, რომლებსაც შემოგვთავაზებენ.

- ანუ შედეგი ღირს დანახარჯებად?

- არსებობს წამგებიანი და მოგებიანი ბიზნესები. არსებობს HACCP-ით თუ უმისოდ მოგებიანი ან წამგებიანი ბიზნესები და ამიტომ თუ საკითხს დავსვამთ ასე, რომ შესაძლოა მტკივნეული იყოს და ამიტომ არ უნდა გვქონდესო, ეს ნიშნავს, რომ სტანდარტიზაცია ვერასდროს ვერ გვექნება და ევროპულ დონეს ვერასოდეს მივუახლოვდებით. ამიტომაც სახელმწიფო ცდილობს, ეს იმდენად მტკივნეული არ იყოს, რომ ამ სისტემის დანერგვამ ბიზნესი დახურვამდე არ მიიყვანოს. ხარჯს ამ პროცესში ვერ გავექცევით. ამასთან, ყველა ბიზნესოპერატორს მივმართავ, არ წამოეგონ ისეთ პროვოკაციულ წინადადებებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის კეთებაზეა გათვლილი, მით უმეტეს, არ იქნება ისეთი დიდი ხარჯი, რომ საქმიანობა ვერ განაგრძონ.

- პროდუქციის ფასზე ეს აისახება?

- შესაძლოა ძალიან მცირედით აისახოს. და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს პროდუქციას ძალიან გააძვირებს. ყველა ბიზნესოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ხარჯი შეიძლება იყოს ყოველთვიური მინიმალური თანხა, რამაც მკვეთრად არ უნდა მოახდინოს გავლენა პროდუქციის ფასზე. ჩვენთან ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, მწვავედ მიიღეს, მაგრამ სინამდვილეში ისე არ არის, რომ ქვეყანამ ამაზე უარი თქვას ან გადავადება მოითხოვოს, მით უმეტეს სახელმწიფო ამ საკითხს კაბალურად არ უდგება. ეს დასაფასებელია.

რუსა მაჩაიძე