"ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა“ - კვირის პალიტრა

"ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა“

2023 წელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი წელია, რის შემდეგაც იცვლება პოლიტიკური წესრიგი და ჩნდება კოალიციური მთავრობის შექმნისთვის არსებითი ბერკეტები. რამდენად აქვს დღეს ოპოზიციას ეს გაცნობიერებული და ემზადებიან თუ არა ამისთვის, რა პერსპექტივა აქვს თითოეულ მათგანს და რა უნდა გააკეთონ, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრებით:

- მგონი, ეს წელი არა მარტო ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი იქნება. ვგულისხმობ უკრაინაში მიმდინარე ომს და ყოველივე იმას, რაც მის გარშემო ტრიალებს. ქართული პოლიტიკური სპექტრი ისეთივე არეულ-დარეულია, როგორიც იყო წინა წლებში, როდესაც არ ჰქონდა არც სერიოზული ორიენტირი, არც სტრატეგია, არც ტაქტიკა და ქაოსურად მოქმედებდა. დაშლილი, უფერულია და ვერ ახერხებს ოპოზიციური ამომრჩევლის, რომელიც მთელი ამომრჩევლის დაახლოებით 2/3-ია, გაერთიანებას და რაღაც მიმართულების მიცემას. ხელისუფლებაზე ყველაფერი გასაგებია - მას აქვს სახელისუფლებო ბერკეტები, ფინანსები, ჰყავს მხარდამჭერები. ამიტომ თუ ოპოზიცია წელს ვერ მოახერხებს სათანადო პოლიტიკური სახის მიღებას, რათა ამომრჩევლისთვის მისაღები გახდეს, მაშინ არანაირი შანსი იმისა, რომ 2024 წლისთვის ხელისუფლება შეიცვლება ან თუნდაც კოალიციური ხელისუფლება გვეყოლება, თითქმის არ არსებობს. ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გააცნობიეროს ერთი რამ - სანამ არის დაპირისპირება, მანამდე "ქართული ოცნება" 5%-იან ბარიერს არ დასწევს. მას ხელს აძლევს გაკრეფილი შუა. ამ ვითარებაში კორექტივები, უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება შეიტანოს, მაგრამ ოპოზიცია ამის იმედზე ვერ იქნება. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა მოხდება მას შემდეგ, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება, რადგან ამ პარტიამ ყველაფერს თავი დაანება და დღეს მხოლოდ სააკაშვილის თემა აქვს. მანაც უნდა გააცნობიეროს, რომ სააკაშვილი მოსახლეობის 2/3-ისთვის მიუღებელია და ასეთ ვითარებაში მხოლოდ სააკაშვილზე ორიენტირება ნიშნავს, რომ იმასაც დაკარგავს, რა თქმა უნდა, გარდა ორთოდოქსი სააკაშვილისტებისა. გარდა ამისა, ისიც საკითხავია, არჩევნების შემდეგ პარტია შეინარჩუნებს ერთიანობას თუ ორად გაიხლიჩება. პროცესი ისე მიდის - და ამაში, ალბათ, მონაწილეობს სხვადასხვა ძალა ქვეყნის გარეთაც და ქვეყანაშიც - რომ პარტია, დიდი ალბათობით, ორად გაიხლიჩება. კარგი იქნება, თუ შეძლებენ და ერთად იმუშავებენ, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ასე ჩანს. ამიტომ წვრილმა პარტიებმა გამოსავალი უნდა მოძებნონ, მათაც უნდა შეცვალონ დღის წესრიგი, უნდა მოძებნონ სააკაშვილის თემის ალტერნატივა და მხოლოდ ამაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებული. უნდა იფიქრონ გამსხვილებაზეც. როგორც კი ოპოზიციურ ფლანგზე, "ნაციონალების" გარდა, გაჩნდება ერთი ან ორი პარტია, რომელთაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის რეალური შანსი ექნებათ, "ქართული ოცნება" დასწევს ბარიერს. თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ ივანიშვილი, როგორც ამბობდა, ნამდვილად იქნება 2030 წლამდე, თუ მანამდე კიდევ რამე დიდ უბედურებაში არ გავეხვიეთ.

- "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკურ რეალობას როგორ შეცვლის?

- როგორ გაიყოფა ელექტორატი, არჩევნების შემდგომ გამოჩნდება. თუმცა მოიგებს უფრო ის ფრთა, რომელიც, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის თემა ექნება, სხვა ბერკეტებსაც მოძებნის ამომრჩევლის შესანარჩუნებლად. არ ვიცით რას იზამს სააკაშვილიც, ბოლო მომენტში შესაძლოა მან რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთოს განცხადება. თუ არაფერს იტყვის, მაშინ არჩევანი გაკეთდება ხაბეიშვილსა და მელიას შორის და აი, ეს გაყოფს ამ ელექტორატს.

ძალიან კარგია, რომ ეს არჩევნები ახლა, იანვარში გაიმართება, რადგან დრო ექნებათ რაღაც სახის მისაღებად. ყველაზე კარგი იქნება, თუ ერთიანობას შეინარჩუნებენ. გასულ არჩევნებზე, როდესაც კანდიდატები მელია და ვარშალომიძე იყვნენ, არჩევანი კი გაკეთდა, მაგრამ ერთმანეთისა და ერთმანეთის მხარდამჭერების მიუღებლობა არ ჰქონიათ, ახლა კი არის.

- ბრძანეთ, კარგი იქნება, თუკი ერთიანობას შეინარჩუნებენო. რატომ იქნება კარგი? თუ გაიყვნენ, ოპოზიციას ხომ მეტი სივრცე დარჩება, რათა "ნაცმოძრაობის" გავლენისგან გათავისუფლდეს?

- დღეს "ნაცმოძრაობას" აქვს მყარი ელექტორალური ბაზა, დაახლოებით ხუთასი ათასი კაცის ფარგლებში. გაყოფის შემდეგ ეს ელექტორატი ორად კი არ გაიყოფა, არამედ დაიშლება და შეიძლება "ნაცმოძრაობის" შვილობილ პარტიებზეც გადანაწილდეს. შესაბამისად, ჯამურად იმდენ ხმას ვეღარ აიღებენ, რასაც აქამდე იღებდნენ, ანუ ხმები დაიკარგება და "ნაცმოძრაობის" შვილობილმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი თუ ვერ გადალახეს, მანდატები "ოცნებაში" წავა. ამიტომ ჯობს, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ, რათა მათი ელექტორატის ხმები არ დაიქსაქსოს, ხოლო წვრილმა პარტიებმა იმუშაონ 5%-იანი ბარიერის გადალახვაზე.

- რა შანსი აქვთ პატარა პარტიებს და რა უნდა გააკეთონ?

- ჯერ ერთი, უნდა გამსხვილდნენ. უნდა შეძლონ ერთმანეთთან მოლაპარაკება, შეთანხმება და ორიენტირად აიღონ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო თემები. ხომ ხედავთ, რომ არ ამართლებს სააკაშვილის თემა. გასაგებია, რომ იმ კაცს ძალიან უჭირს, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა. მოკლედ, მე ასე ვიტყოდი - "ნაცმოძრაობისგან" წარმოშობილი წვრილი პარტიები უნდა გაერთიანდნენ, ხოლო ცალკე გაერთიანდნენ სხვა პარტიები. როგორც ამ პატარ-პატარა პარტიებში, ისე "ნაცმოძრაობაში", არიან პირები, რომლებიც პოლიტიკისთვის გაჭრილი კარტები არიან. ამიტომ ისინი კულისებში უნდა გადავიდნენ. არჩევნებს ერთი უცნაურობა ახასიათებს - შესაძლოა ადამიანი იყოს ძალიან წესიერი, მაგრამ ელექტორატი მას ასე არ აღიქვამდეს. ამიტომ მთავარი ის კი არაა, ვინ როგორია, არამედ ის, თუ ელექტორატი როგორ უყურებს. ამიტომ ამომრჩევლის გადასახედიდან უნდა დაინახონ საკუთარი თავი და ამის მიხედვით იმოქმედონ. თუ ხედავ, რომ პროცესს ხელს უშლი, შენ კი ქვეყნისთვის მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, უნდა გაერიდო.

სადღაც სექტემბრამდე კიდევ არის იმის დრო - რომ ამ პარტიებმა მოსინჯონ, რა შეუძლიათ. კი თუ ეს შემდგომისთვის ვერ მოახერხეს, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.

- თქვენი აზრით, მოახერხებენ?

- ჯერ არ ჩანს, რომ ვინმე რამეს აკეთებდეს. სამი პარტია: ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია, კოალიციაზე ლაპარაკობს და, ბოლოს და ბოლოს, გაერთიანდნენ. რად უნდა ამას ბევრი ფიქრი და ლაპარაკი?! მაგრამ თუ გაერთიანდებიან, კარგი იქნება, თუ ლიდერის ასარჩევად არჩევნებსაც ჩაატარებენ, რადგან პრეტენზია შეიძლება სამივეს ჰქონდეს. ჩემი აზრით, ელექტორალურად სამივე მთლად მისაღები არაა და ამას უნდა ანგარიშის გაწევა.

- "ლელოს" რა შანსი აქვს.

- "ლელომ" ის მოახერხა, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მისი რეიტინგი მხოლოდ ეცემა.

- ამ პარტიების გარდა, პერსპექტიულად ვინ გეჩვენებათ?

- საინტერესოა ანა დოლიძე, ასევე მეორე "გირჩი" და ალეკო ელისაშვილიც, მაგრამ მათაც სჭირდებათ მოლაპარაკება. იგივე ითქმის "ლელოზეც". შეიძლება მოიძებნოს რაღაც კარგი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამენ.

რუსა მაჩაიძე