როგორ შესრულდა ევროკავშირის 12 პუნქტი - კვირის პალიტრა

როგორ შესრულდა ევროკავშირის 12 პუნქტი

პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ "12 რეკომენდაცია, რომლებიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით შესრულდა პარლამენტის მიერ, მთავრობისა და ყველას ჩართულობით." თუმცა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ამ განცხადებას ძალიან სკეპტიკურად შეხვდა. საბოლოო სიტყვა, ცხადია, ევროკავშირმა უნდა თქვას, რომელიც საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულების საფუძველზე მიიღებს.

ამ 12 პუნქტიდან უმნიშვნელოვანესია 1-ლი (დეპოლარიზაციის), მე-3 (სასამართლო რეფორმა), მე-4 (ანტიკორუფციული სააგენტო), მე-5 (დეოლიგარქიზაცია) და მე-12 (დამოუკიდებელი სახალხო დამცველის დანიშვნა) პუნქტები.

ვნახოთ, როგორია თითოეულ მათგანთან დაკავშირებული დღევანდელი მდგომარეობა.

სასამართლო რეფორმა (მე-3 პუნქტი)

ამ პუნქტის შესასრულებლად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შექმნილი სამუშაო ჯგუფმა მოამზადა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 5 კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილებებით, 1. დადგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი; 2. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს დასაბუთებისა და გამჭვირვალობის იმავე მაღალი სტანდარტით, როგორც გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურით; 3. Dგინდება გარკვეული შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართულ პროცესში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის; 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატს უფლება ეძლევა, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება; 5. დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე; 6. საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმები იხვეწება და უმჯობესდება შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით.

ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ეს პაკეტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

ანტიკორუფციული სააგენტო (მე-4 პუნქტი).

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მმართველი პარტიის მომზადებული "ანტიკორუფციული ბიუროს"“შექმნის შესახებ ცვლილებათა პაკეტი 2022 წლის 26 ოქტომბერს დაარეგისტრირა, პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 ნოემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "ანტიკორუფციული ბიურო", რომელიც „დამოუკიდებლად საქმიანობს“ და მისი ამოცანა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ამასთან, ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.

გარდა ამისა, ბიურო შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს; უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კონტროლს; ატარებს პარტიათა, ასევე საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს; იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვ. ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე და საქმიანობის შესახებ ანგარიშებსაც სწორედ მათ წარუდგენს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს 6 წლის ვადით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, კანდიდატურებს კი ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია შეარჩევს. 5 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი კომისია უკვე შეიქმნა, რომლის უფროსი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება.

დეოლიგარქიზაცია (მე-5 პუნქტი)

მმართველი პარტიის მომზადებული კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინულის ანალოგიაა მცირედი განსხვავებით და პოტენციურ ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად, პარლამენტი იქნება. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი ოთხი კრიტერიუმიდან, სულ მცირე, სამს ერთდროულად აკმაყოფილებს: 1. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; 3. არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; 4. მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

მოქალაქის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება თავად პარლამენტს უნდა მიეღო და რეესტრთან დაკავშირებული წესები დაემტკიცებინა. თუმცა 16 ნოემბერს, პროექტის მეორე მოსმენისას, "ოცნების" ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მოქალაქეების ოლიგარქებად აღიარებისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა მიიღებს.

ოლიგარქების რეესტრში შეყვანილ პირს ძირითადად პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო პროცესის ფინანსური და ფინანსებთან დაკავშირებული მომსახურება ეკრძალება, მაგრამ არა თავისი საარჩევნო ფონდის. ასევე ეკრძალება, ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი).

სანამ მმართველი პარტია კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 21 ნოემბერს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მოითხოვა. 28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „"ოცნება"“ პროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნიდა და არსებობს ხელისუფლების პირობა, რომ კომისიის შეფასებამდე მესამე მოსმენა არ გაიმართება.

ახალი ომბუდსმენის დანიშვნა (მე-12 პუნქტი)

მმართველმა პარტიამ სახალხო დამცველის ასარჩევად ახალი წესი 31 აგვისტოს წარადგინა. ეს არის დროებითი წესი, რომელიც ნინო ლომჯარიას შემცვლელის ასარჩევად შექმნეს, მაგრამ ახალი ომბუდსმენის დანიშვნა დღემდე ვერ ხერხდება.

დროებითი წესი რამდენიმე ახალ პრინციპს ითვალისწინებს, მათ შორის არის ის, რომ პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა, ფრაქციების გარდა, პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებსაც შეეძლოთ.

ამისთვის კი პარლამენტის რეგლამენტში დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილება, რომლითაც 2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები არსებული წესებისგან განსხვავებულად დადგინდა და ასე წარიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდა ომბუდსმენობის მსურველთა განცხადებების მიღება. Gგანცხადების შეტანა ყველა პირს შეეძლო და ასეთი 19 აღმოჩნდა, რომლებიც 4 კრიტერიუმით საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ შეაფასა. შეფასების შემდეგ კანდიდატებს სათითაოდ მოუსმინეს პარლამენტში.

სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის 3/5-ით, ანუ 90 ხმით უნდა იქნეს არჩეული, დღეს კი პარლამენტში 90 დეპუტატი არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „"ქართულ ოცნებას"“ არა ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა, როგორც „"ოცნების", ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები. "ქართულ ოცნებას"“ საკუთარი კანდიდატი წარდგენილი არ ჰყავდა, მაგრამ ერთ კანდიდატურაზე შეთანხმება დღემდე ვერ მოახერხეს, რადგან მმართველი პარტიისთვის მიუღებელია ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის ყველაზე მაღალი შეფასება და ამასთან, ოპოზიციის მხარდაჭერა მიიღო.

რუსა მაჩაიძე