„სამწუხაროდ, ოპოზიციამ თავისი რესურსები სათანადოდ ვერ გამოიყენა“ - კვირის პალიტრა

„სამწუხაროდ, ოპოზიციამ თავისი რესურსები სათანადოდ ვერ გამოიყენა“

2023 წელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქციებით დაიწყო. 4 იანვრის აქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატ, ლევან ხაბეიშვილს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. აქციების ნაწილი მელიამ გამართა, ნაწილი - ხაბეიშვილმა. ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები ერთმანეთის აქციებს არ შეუერთდნენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაზე, პროცესების შესაძლო განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებია, "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საქმეში. ადამიანის უფლებების უკრაინელი და რუსი დამცველების, ასევე ჩვენი მუშაობის შედეგად აქტიური საერთაშორისო ჰუმანიტარული აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი. მან "ქართული ოცნების" ლიდერებს სთხოვა "გულმოწყალება გამოიჩინონ" და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ. სულ ცოტა ხნის წინ კი რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ საქართველოში მოვლენები ძალიან მძიმედ განვითარდება, თუ სააკაშვილი სიცოცხლეს ციხეში დაასრულებს. ამიტომ დროულად არის მისაღები გადაწყვეტილება. ერთია, ამის დაჯერება უნდა თუ არა ვინმეს, მაგრამ სინამდვილეში სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა.

- რას ელით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც თან საკუთარი ლიდერის გათავისუფლებას თუ სასჯელის გადავადებას სთხოვთ და თან პუტინის მონებს უწოდებთ?

- ბევრს ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს პოლიტიკური გამოუცდელობით ან უცოდინარობით სჩადიოდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ჩვენი მთავრობის განცხადებებშიც კი არ იგრძნობა უკრაინის სოლიდარობა, სხვა ტიპის მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ. მას შემდეგ, რაც საქართველოში უკრაინის საელჩომ ამხილა მთავრობა იმაში, რომ გენერატორებით დახმარების დაპირების მიუხედავად, მაინც არაფერი გაუკეთებია, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, გადაწყვიტა 500 ათასი დოლარის ღირებულების გენერატორების შეძენა. ამ რაოდენობის ხელფასს ნებისმიერი მარეგულირებელი სამსახურის უსაქმური სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იღებენ ყოველწლიურად. სხვა რაიმე დახმარება გვახსენდება? ერთხელ მილიონი ლარის თუ 300 ათასი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნეს მთავრობის სახელით და ამით მორჩა ყველაფერი. ივანიშვილმა რომ მილიონი დოლარი გადარიცხა ბრაზილიის ტყეების აღსადგენად, რამდენი გადარიცხა უკრაინაში დამწვარი სახლების აღსადგენად? ნული! საკითხი ძალიან მარტივად დგას - უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვას რუსეთი აღიქვამს ივანიშვილის პირობის დარღვევად. თუ ვის მხარეზეა და რატომ საქართველოს ხელისუფლება, ეს ამ მარტივი მაგალითის მოყვანითაც კმარა. შეადარეთ, თუ რა თქვა საახალწლო მილოცვაში ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და რას ამბობენ ევროპაში უკრაინის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა კი უკრაინას არც მშვიდობა უსურვა და მით უმეტეს, არც გამარჯვება. მხოლოდ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს უსურვა ომის დამთავრება და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება. თბილისის მერმა უკრაინას უსურვა მშვიდობა და არა გამარჯვება. რუსეთი, აგრესია, ომი, რა თქმა უნდა, არ უხსენებია. პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინა სულ არ გახსენებია და შესაბამისად, არც მშვიდობა უსურვებია.

- ბატონო რომან, "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ლიდერის გათავისუფლებისთვის სწორი სტრატეგია აქვს არჩეული?

- ეს რომ ადვილი ყოფილიყო, სააკაშვილი ახლა 70 კილოგრამი კი არ იქნებოდა დარჩენილი, თავისუფალი იქნებოდა. სწორედ ის არის პრობლემა, რომ საქმე უაღრესად არაჰუმანურ, არადემოკრატიულ ძალასთან გვაქვს. ყველა საღად მოაზროვნე, მათ შორის, ისინიც კი, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერნი არასდროს ყოფილან, თვლის, რომ ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყანაში უნდა გაუშვან სამკურნალოდ. ყველა ხვდება, რომ საკითხი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობას კი არა, ქვეყნის მომავალს ეხება. "ნაციონალური მოძრაობა", და საზოგადოდ, ოპოზიცია, ყველაფერს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სანქცირებულია უკრაინაში, ხოლო ევროკავშირსა და ამერიკაში მის შესახებ უამრავი რეზოლუციაა მიღებული, სწორედ ოპოზიციის მუშაობის შედეგია. ზოგი მიმართულებით აქტიურები ვართ, მაგალითად, საგარეო ასპარეზზე, ზოგი მიმართულებით კი, მაგალითად, საპარლამენტო მუშაობაში, ნაკლებად ვაქტიურობთ.

- ოპოზიციის ნაწილი დღემდე გსაყვედურობთ იმის გამო, რომ პარლამენტში დარჩით.

- ვინც გვსაყვედურობს, ისიც თქვან, გარედან რითი არგეს ოპოზიციურ საქმეს? სწორედ ოპოზიციური ძალების არათანამიმდევრულმა პოლიტიკამ და ილუზიამ, თუ პარლამენტის კარებს გამოიჯახუნებდნენ, გულს გაუხეთქდნენ ხელისუფლებას, მოიტანა ეს შედეგი. სამწუხაროდ, ოპოზიციამ თავისი რესურსები სათანადოდ ვერ გამოიყენა. შიდაპარტიული არჩევნები სულ რაღაც სამ კვირაში ჩატარდება. კარგი იქნებოდა, ეს ამბავი არ მომხდარიყო და ურთიერთბრალდებების ნაცვლად ახლა ერთ საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, მაგრამ რას ვიზამთ, რაც მოხდა, მოხდა. რაც მთავარია, ყოველივე ეს 29 იანვარს დამთავრდება. პარტია ამ ამბიდან გამარჯვებული რომ ვერ გამოვა, უკვე ცხადია. მთავარია, საბოლოოდ არ დავმარცხდეთ.

- თქვენი აზრით, 29 იანვრის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი გამოეყოფა?

- არა, საქართველოში კი ხდება ასე - დამარცხებული ან თავისით მიდის, ან აგდებენ, მაგრამ ჩვენ დასავლური, ცივილიზებული წესებით უნდა ვითამაშოთ. დამარცხებულმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს, გამარჯვებულმა კი დამარცხებულის წარსული ღვაწლი დააფასოს და შემდგომ ერთობლივად იმუშაონ.

- თქვენ არჩევანი ვის სასარგებლოდ გააკეთეთ?

- გეტყვით, ოღონდ ამ საკითხზე მეტს აღარ ვისაუბრებ, არ მინდა პარტიაში მძიმე ვითარება უფრო გავართულო - მე ნიკა მელიას ვუჭერ მხარს.

- სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილის საქმეზე?

- სააკაშვილის საკითხი სასამართლომ კი არა, ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გააცნობიერებს ივანიშვილი მის წინაშე არსებულ პრობლემას. არის კიდევ ერთი გზა - სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არა მარტო ჰუმანური მოსაზრებით, არამედ ქვეყანაში მოსალოდნელი უმძიმესი კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

ხათუნა ბახტურიძე