"სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე თამაშიდან გასული ფიგურაა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე თამაშიდან გასული ფიგურაა"

"გადაარჩინეთ მიშა", - ამ სლოგანით საქართველოს გარდა, მსოფლიოს არაერთ ქევყანაში, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სოლიდარობის არცთუ მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები ხელისუფლებისგან სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. ამ აქციების არსზე და ექსპრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე "კვირის პალიტრასთან" პოლიტფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ისაუბრებს.

- 2012 წლის შემდეგ ოპოზიცია აქციებით გვატყობინებს, რომ არსებობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სხვა ტიპის მუშაობა ოპოზიციაში ვერც წარმოუდგენიათ, გარდა იმისა, რომ აქციების საშუალებით დაამხონ ხელისუფლება. გაჩნდა სააკაშვილის თემაც. როცა სააკაშვილი დაიჭირეს, მისი მომხრეები არაერთგზის შეიკრიბნენ ციხესთან და არც ისინი ყოფილან მრავალრიცხოვანი.

საქართველოში მიტინგებისა და აქციების მეტი რა გვინახავს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რაც მახსოვს, გახლდათ 9 აპრილის უზარმაზარი მიტინგი, მერე ზურაბ ჟვანიას გამართული. ამ აქციის ინიციატივა ზვიად გამსახურდიასგან აიღო, ცნობილი ფრაზა რომ თქვა: "2 გზა არის, ბარაბას და ქრისტეს გზა და უნდა ავირჩიოთ". მაშინ დინამოს სტადიონი სავსე იყო.

შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ სააკაშვილი შევარდნაძეს მიტინგით ებრძოდა. შევარდნაძის გასტუმრების მიტინგების შემდგომ იყო ივანიშვილის მიერ მიშას გასტუმრების მიტინგი. თუ შევარდნაძის გასტუმრებისას მიშას გვერდით იდგა 30 ათასი კაცი - მიტინგის დროს მან თქვა, 30 ათასი კაცი ვართ შეკრებილი, გადადექიო - არჩევნების წინადღეს ივანიშვილის მიტინგზე 150 ათას კაცზე ლაპარაკობდნენ ისინი, ვინც ამ საქმეში ერკვევიან. ასე რომ, დიდი მიტინგები გვინახავს, ოღონდ ყველას აქვს ერთი საერთო თვისება - 9 აპრილს საქართველო საბჭოთა წყობილებას ებრძოდა, ზვიადის დროს მიდიოდა ბრძოლა ლოზუნგით "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს", მიშას პერიოდში მიტინგი იბრძოდა კორუფციის წინააღმდეგ, ხოლო ბიძინას დროს უკვე მიტინგი გაიმართა მიშას ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ.

აი, ასეთი პათოსი იყო საყოველთაო ამოცანის გარშემო, რაც ყველას ეხებოდა - საბჭოთა კავშირის დანგრევა, დამოუკიდებლობა, კორუფცია და მიშას ძალადობა ყველას ეხებოდა. აი, მაშინ ბევრი ხალხი იკრიბებოდა. როცა ამბობენ, მიშას მხარდასაჭერად შევიკრიბოთო, ეს არის საყოველთაო ამოცანა?! ბევრისთვის მიშა მიუღებელი ფიგურაა და ბუნებრივია, არ მიიღებენ მონაწილეობას ასეთ მიტინგში. მივა მხოლოდ მიშას ქარიზმით მოხიბლული ხალხი.

saakashvili-1673182381.jpg

- მიტინგებმა მსოფლიოს ბევრი წერტილი მოიცვა, მართალია, მრავალრიცხოვანი არაა, მაგრამ მრავალწერტილოვანი კი იყო. ამას არა აქვს მნიშვნელობა?

- ზბიგნევ ბზეჟინსკი ამბობდა, პოლიტიკა ჭადრაკის დაფააო. აი, ამ ჭადრაკის დაფაზე სვლები სხვადასხვა მიზნით კეთდება. შეიძლება სულ არ აინტერესებდეს რაღაც პოლიტიკოსს, მაგრამ მხარი უნდა დაუჭიროს, იმიტომ, რომ მისი შედეგი აინტერესებს შემდეგი სვლისთვის... ანალოგიურად, მიშას მხარდამჭერები შეიძლება გამოჩნდნენ მსოფლიოს არენაზე, შეიძლება მათ ეს მიტინგები მოიმიზეზონ, აი, ხალხი უჭერს მიშას გათავისუფლებას მხარსო, ოღონდ მათ რაღაც სხვა მიზეზი უნდა ამოძრავებდეთ, თორემ რამდენი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვიცით, ციხეში რომ სხედან და არც ერთის დასაცავად მსოფლიო არ იჭრის ვენებს. არ არის მსოფლიოსთვის ასეთი მოულოდნელი ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მით უმეტეს, ახლა იმის პედალირება ხდება, რომ მოწამლულია, რომ კლავენ, მაგრამ სასიკვდილო დიაგნოზი რა აქვს, არ არის გამჟღავნებული. დემენცია სასიკვდილო დიაგნოზი არაა, ფსიქიატრიული დიაგნოზია, რომელიც დიდი კომპლიმენტი არაა პოლიტიკოსისთვის, ჭკუასუსტობას ნიშნავს.

ღმერთმა დაიფაროს და, მიშას რამე რომ დაემართოს, კი, მის გასვენებაში უამრავი ხალხი მოიყრის თავს, მაგრამ ყოველ კვირის ბოლოს მობილიზაციას რომ აცხადებ, მარტო იმიტომ, რომ მიშა გადაარჩინო, აღარავინ მოიკლავს თავს, თუ მისი ინტერესიც არ არის მიშას გადარჩენაში. ჩვეულებრივი ადამიანების რაიმე ინტერესიც უნდა იდოს მიშას გადარჩენაში, ეს კი ნაკლებადაა, თუ არ იგულისხმებ იმას, რომ შეიძლება ამ ადამიანებს ურიგდებათ ფული და ასე შემდეგ... თავის მხრივ, მომაკვდავი სააკაშვილი წერს და წერს წერილებს... მაკრონსაც მისწერა, მაგრამ რეაქცია არ ყოფილა. მერე ფეიგენს მისწერა, მკლავს პუტინიო. ამ დროს ფეიგენმა თქვა, დადექით საელჩოსთანო, მაგრამ დიდი ხალხმრავლობა არც მაშინ ყოფილა.

- "ვაშინგტონ პოსტშიც" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა".

- ეგ "ნაციონალების" ტექსტია. მერე მათი ლობისტები ბეჭდავენ იმავე ტექსტებს საერთაშორისო პრესაში. პუტინი კლავს­ სააკაშ­ვილსო, ამბობენ. რაში სჭირდება პუტინს სააკაშვილის ციხით მოკვლა? ჩვენ ხომ ვიცით პუტინის სისხლიანი მხარე. მან ინგლისში მოკლა ორი კაცი, უშიშროების ყოფილი თანამშრომლები, ისე, რომ თვალი არ დაუხამხამებია, ორივე მოწამლა.

- სააკაშვილიც მოწამლულიაო, ხომ ამბობენ?

- თუ ასეა, მაშინ რატომ არ კვდება? ამხელა ბრალდებას ამბობს, პუტინი მწამლავსო და, კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას. იმიტომ, რომ არ სჯერათ მისი ნათქვამის. იციან, თუ პუტინმა მოკვლა გადაწყვიტა, ამდენი ლაპარაკის თავი მის მსხვერპლს არ ექნება. ლიტვინენკოს, რომელიც პოლონიუმით მოწამლა, ამდენი ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და არც იცოდა, ვინ მოწამლა, გამოძიებამ მერე დაადგინა. სააკაშვილმა საიდან იცის, ვინ მოწამლა? თუ ვინმეს დასჭირდება საქართველოზე პოლიტიკური გამოლაშქრება, ამ მიზეზს, რა თქმა უნდა, გაიხსენებს და იტყვის, აი, თქვენ პუტინის დავალებას ასრულებთო. ამაზეა გათვლილი ეგ ყველაფერი. ვიმეორებ, თუკი დასჭირდათ ამა თუ იმ წრეებს საქართველოზე შეტევა, მაშინ შეიძლება ეს გაახსენდეთ. მაგალითად, უკრაინას ჰქონდა ასეთი პასაჟი, ადრე მეტად, ახლა ნაკლებად - საქართველომ უნდა გახსნას ფრონტიო. სამხედრო თვალსაზრისით ნამდვილად სჭირდებოდა უკრაინას საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნა. მაგას მიაყოლეს მოგვიანებით, საქართველო ეთამაშება რუსეთს, მხარს უჭერსო და ასე შემდეგ, ოღონდ ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიმართლეა.არ მესმის, რატომ სჭირდებათ ასე თავგამოდებით სააკაშვილის გაყვანა საქართველოდან. ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ვარაუდი, რომ სააკაშვილის ახლობლებს, დედიან-ბიძიანად, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს ფლობენ, ჰქონდეთ დათქმული, თუ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, მიიღებთ ანაზღაურებასო, თორემ პოლიტიკური პერსპექტივისთვის სრულიად გაუგებარი ბრძოლაა. როცა გამოაცხადეს, ჭკუასუსტობა სჭირს ამ ადამიანსო, ესე იგი, ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის ის უფრო მიუღებელი გახდება როგორც პოლიტიკური ლიდერი. ფაქტობრივად, მოკლეს როგორც პოლიტიკოსი.

სააკაშვილს პოლიტიკაში ყოფნა უნდა, მაგრამ რატომ ვერ ხვდება, რომ მსოფლიოში არ არსებობს ჭკუასუსტი პირის პოლიტიკაში ყოფნის პრეცედენტი. ერთი ის იყო, როცა კამო დაიჭირეს, მან გადაწყვიტა თავის მოგიჟიანებით ციხიდან გასვლა და მოგეხსენებათ, რაც შეჭამა - ის, რასაც გონებასაღი ადამიანები არ ჭამენ და ექიმებმა დაასკვნეს, მართლა სულით ავადმყოფიაო და შეუმსუბუქეს მდგომარეობა. საბჭოთა სისტემამ კამო გმირად აღიარა. წესით, სააკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, იმის ძახილით, ავად ვარო, ფაქტობრივად, მას იცილებენ პოლიტიკიდან, შეიძლება უახლოესი გარემოცვაც იშორებს ამით თავიდან.

- იანვრის დასაწყისში მერაბიშვილს თავს დაესხნენ. ამას როგორ ხსნით? რა მოლოდინს ბადებს ასეთი ფაქტები თავისი გაგრძელებებით, პოსტი იქნება თუ სხვა რამ მხარეებს შორის ურთიერთობის მხრივ. ანტიმიშას გაღვიძებას ვგულისხმობ...

- საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია ერთ რამეს - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კაცს, რომელმაც ძალიან კარგად იცის კანონები და არ იჩივლა.

- ამ დროს "უცნობის" სიძემ თქვა, მზად ვარ პასუხი ვაგოო...

- გენიალური სიტუაციაა... რატომ? მგონი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ერთი ინციდენტი წვეთია ზღვაში, ზღვის წვეთი კი მთელ ზღვას, მთელ ისტორიას, მერაბიშვილის მთელ ისტორიას მოიცავს. ქართველების უკმაყოფილება ადამიანით, რომელსაც ერთ-ერთი მიტინგის დარბევის დროს ნათქვამი აქვს, ორი ტრუპი მჭირდებაო, შეიძლება გქონდეს დადებითი ემოცია? მგონი, არა, მიუხედავად იმისა, რომ მან სასჯელი მოიხადა. ერთხანს ქართველები, როცა ვინმე რაღაც შეუფერებელს სჩადიოდა და სასიკვდილოდ გასამეტებელი არ იყო, განდევნიდნენ, მოიკვეთდნენ, რათა აღარ ყოფილიყო მათ გვერდით. აი, ასეთი მოკვეთილის ნიშნები აქვს მთელ "ნაციონალურ მოძრაობას". ადრე უგულავაც აღმოჩნდა ანალოგიურ კონფლიქტში, ყოფილან "ნაცმოძრაობის" სხვა ცნობილი სახეებიც... ასე რომ, ისინი თუ არ მოიკვეთა საზოგადოებამ ან თვითონ თუ არ მიხვდნენ და არ გადავიდნენ საცხოვრებლად სხვაგან, საზოგადოებას სულ გაახსენდება მათი ნაღვაწი და სულ ექნებათ აგრესია. პარადოქსული და სასაცილოა, რომ თავდამსხმელი თვითონ მიდის პოლიციაში, დაზარალებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კი, რომელმაც წესით კანონები კარგად უნდა იცოდეს, იმალება და ხმას არ იღებს.

- შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ისიც ხომ ჩვეულებრივი მოქალაქეა და სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?

- არ არის მანდ პოლიტიკაში საქმე, მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი. მათთან დაპირისპირება ან ტოლერანტობა დანაშაულთან დაპირისპირება ან ტოლერანტობაა. "ქართულ ოცნებას" მაგას საყვედურობენ - კოაბიტაციის დროს დანაშაულთან ტოლერანტობას, თორემ მას შემდეგ რამდენი პარტიული ჯგუფი გაერთიანდა და დაიშალა, არც ერთზე ასეთი რეაქცია არ ყოფილა. "ნაციონალებთან" ტოლერანტობა და თანამშრომლობა მიუღებელია, იმიტომ, რომ "ნაციონალების" პრობლემა მათი კრიმინალური წარსულია და არა პოლიტიკური.

- თქვენი აზრით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებები დასრულდება მისი გათავისუფლებით?

- ბევრი, ვისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, ამბობს, გაათავისუფლონ, წავიდეს, მოგვშორდესო, მაგრამ ხელისუფლებისთვის ეს ძალიან ცუდი იქნება - "ქართული ოცნება" მომხრეების დიდ ნაწილს დაკარგავს. თუ "ოცნება" დაუთმობს "ნაციონალებს", საზოგადოებაში საყრდენი გამოეცლება. სხვა პარტიებს რეიტინგი არა აქვთ, "ოცნებას" აქვს, თუ მასაც აღარ ექნება, მოგვიწევს უპარტიო ქვეყანაში ცხოვრება. ბევრი რამ არის "ოცნებაზე" დამოკიდებული და თუ მან მოახერხა ისევე ბეჯითად დაიცვას სააკაშვილის ეს თემა, როგორც დაიცვა ომში ჩაურევლობის თემა, ჩაქრება­ ეს ამბავი. არავის აინტერესებს ახლა სააკაშვილის საკითხი, სულ სხვა თემებია წამყვანი მსოფლიოსთვის. აგერ უკრაინაში ომი დუღს. რა დროს სააკაშვილია? ან რა დროს პუტინისთვის სააკაშვილია, გამწარებული საომარი მდგომარეობა აქვს. მსოფლიო პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე ის თამაშიდან გასული ფიგურაა. ჭადრაკის დაფის გვერდით ფიგურების ყუთი რომ დევს ხოლმე, იმ ყუთშია.