"მინდოდა უბრალოდ ირაკლი ვყოფილიყავი და არა ბაგრატიონი" - კვირის პალიტრა

"მინდოდა უბრალოდ ირაკლი ვყოფილიყავი და არა ბაგრატიონი"

პრინცი ირაკლი ბაგრატიონი სოფელ ღვანკითიდან; სამეფო ოჯახის წევრი იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის შტოდან, ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, რომელსაც, მართალია, მეფური სიმდიდრე არა აქვს, მაგრამ ქველმოქმედებისათვის ხალხის დარაზმვას მაინც ახერხებს, სამშობლოს სამუდამოდ დატოვების სურვილი კი არასოდეს ჰქონია.მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუები დიდად არ მოსწონს, ბატონ ირაკლი ბაგრატიონთან­ არა მარტო ამაზე, არამედ კიდევ სხვა თემებზეც ვისაუბრე: ღვანკითში, თოვლში ჩაფლულ ბაგრატიონთა თბილ სახლზე, შობა-ახალ წელსა და სიყვარულზე.

- ვიცი, რომ ინტერვიუები არ გიყვართ, მაგრამ როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელს, ალბათ, არ გამოგივათ. ისე, საკმარისი უნდა იყოს სიჩუმე, რაც თქვენმა მამა-პაპამ ბაგრატიონობის გამო აიტანა.

- ზოგჯერ ჩემი ბაგრატიონობა მეც არ გამიმხელია. მინდოდა უბრალოდ ირაკლი ვყოფილიყავი და არა ბაგრატიონი. ასე გავეცანი ყველას. შესაძლოა ზოგი ბაგრატიონობას მსუბუქად აღიქვამს, მაგრამ ეს ჩემთვის ტვირთიც არის, თანაც ყოველწუთიერი, როდესაც ვცდილობ არ და ვერ გავაკეთო ის, რაც ჩემი წინაპრების სახელს ჩრდილს მიაყენებს. მე ხომ მათი ისტორიის ნაწილი ვარ. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ნამდვილად ვამაყობ, რომ ხშირად მათ მხრებზე ქვეყნის ტვირთი უფრო იდგა, ვიდრე საკუთარი თავი. სხვა აღარაფერი რომ არ ვთქვათ, 15 წმინდანი გვყავს გვარში. თხუთმეტმა ბაგრატიონმა ქვეყანას აჩუქა ღვთისაგან ბოძებული ერთადერთი სიცოცხლე, ქვეყანა იყო მათთვის უპირველესი. როდესაც პატარა ვიყავი და ამ თემაზე საუბარი არ შეიძლებოდა, თუ რაღაცას ოდნავ არასაკადრისად გავაკეთებდი, სოფელში მეზობლებიც კი მეუბნებოდნენ, ირაკლი, ეს შენ არ გეკადრებაო! ასე რომ, მე სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ. ზოგჯერ კი ბაგრატიონობა მხოლოდ იმიტომ დამიმალავს, რომ გარშემო მყოფთ ჩემს ამ პასუხისმგებლობებზე არ ეფიქრათ.

- თუმცა, ალბათ, მაინც გქონდათ შემთხვევები, როცა, მაგალითად, ბაგრატიონთა სკანდალებზე დაიწყებდნენ თქვენთან არასასიამოვნო საუბარს, მაგალითად, სამეფო ქორწინებასა და თქვენს ნათესავებზე.

- პირიქით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს დანახვაზე გაჩუმებულან.

- ღვანკითში როგორი დამოკიდებულება გქონდათ ამ თემასთან, თქვენი ბაგრატიონობა თქვენს სახლში თუ იყო ხაზგასმული?

- ჩვენს ისტორიას რომ გადახედოთ, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, სხვებზე მეტად ნაწვალები ჩვენ აღმოვჩნდებით. სოფელი ღვანკითი იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ შვილს უბოძა. მეც ამ შტოდან მოვდივარ. ჩემი პაპის პაპა, როსტომ ბაგრატიონი, რომელიც რუსების მიერ საქართველოს დაპყრობას აუჯანყდა, გადაასახლეს და გათავისუფლების შემდეგაც აღარ აბრუნებდნენ სოფელში. როსტომი იმდენად ცუდად გახდა საქართველოს ნატვრაში, რომ იმერეთის მეფე სოლომონის მეუღლემ რუსი იმპერატორისაგან გამოითხოვა მისი სამშობლოში დაბრუნების უფლება. 1942-ში ბოლშევიკებმა დახვრიტეს ჩემი დიდი ბაბუა, ბაბუაჩემ ირაკლი ბაგრატიონის მამა, დავით ბაგრატიონი. დააპატიმრეს მისი მეუღლეც, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდა და ბაბუაჩემი დებთან ერთად უვლიდა. ამ დროს ბაბუაჩემი და მისი დები იმდენად პატარები იყვნენ, რომ თავისით საკვების მოპოვებაც არ შეეძლოთ, მეზობლები საჭმელს ღობის ძირას უწყობდნენ და ასე გადარჩნენ. მეზობლები მათ სახლში შიშით ვერ შედიოდნენ, ამიტომ ზოგჯერ ღობესთან კერძს ძაღლებიც ჭამდნენ ხოლმე. ბაბუაჩემი ირაკლი ამ ამბებს ხშირად მიყვებოდა და ყოველთვის დაამატებდა, შვილო, ფრთხილად იყავი, შენც არაფერი გაგიკეთონ ცუდიო. სამაგიეროდ, 90-იანი წლებიდან, როდესაც მიწა დაგვიბრუნეს, მე და ბაბუაჩემმა ამ მიწაზე ტყე გავაშენეთ. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ მასთან ერთად მშვენივრად ვახერხებდი ნერგების დარგვას: ძირითადად, მუხა, კოპიტი და ალვის ხეები დავრგეთ. ახლა უკვე ტყე შრიალებს. სხვათა შორის, ცოცხალი ნერგის, ტყისა და სიცოცხლის ფასი რომ ვიცი, იმიტომაც არ მიყვარს ხელოვნური ნაძვის ხე. წელსაც დიდხანს ვეძებე ქოთანში ჩარგული ნაძვის ნერგი, რომ ახალი წლის მერე მიწაში გადავრგო და გაიხაროს.

- ბედნიერებაა, რომ ისეთი ბაბუა გყავდათ, რომელმაც ხის ფასი გასწავლათ.

- მართლა კარგი ბაბუა მყავდა. ძალიან ლამაზი ხომ იყო, თანაც ხმა ჰქონდა ისეთი, ღმერთებთან რომ ააღწევდა. სოფლის გუნდში მღეროდა. როდესაც გუნდთან ერთად მოსკოვში წაიყვანეს გასტროლებზე, ბაბუა იქ დაიჭირეს. ეს იყო 50-იანი წლები, მერე რა რომ მღერი, აქ მოტყუებით ჩამოხვედი, სინამდვილეში აეროპორტიდან საზღვარგარეთ გაპარვა გინდოდაო. არადა, ბაბუაჩემი მიწის და სოფლის გარეშე ვერ სუნთქავდა. მართლა საოცარი სოფელი მაქვს. ეს არის სოფელი, სადაც თითქოს საფეხურებად არის განლაგებული საყვარელი ხალხის ოჯახები, სადაც ყველგან მიგესვლება; მოეფერები და მოგეფერებიან, ხალხი, რომელსაც გულწრფელად უყვარხარ და შენც გიყვარს. დღეს ბევრია ჩემი სოფლიდანაც წასული, უმეტესობა დედაქალაქში, მაგრამ არის მომენტები, როცა მთელი სოფელი ისევ ერთად ვართ. რა თქმა უნდა, შობა-ახალ წელიწადსაც ასე ხდება. გული როგორ მომითმენს, რომ ამ დღეებში ჩემს სოფელში არ ვიყო.

irakli2-1673182904.jpg

- ვიცი, რომ ძალიან ბევრს კარგ საქმეს აკეთებთ ბაგრატიონების სახლისთვის, მათ შორის, საქველმოქმედო ღონისძიებებსაც, შემოსულ თანხას კი უპოვრებს გადასცემთ.

- ეს თემა მირჩევნია საუბრის გარეშე დარჩეს.

- თქვენს საუბარზე წამსვე დამეხატა სურათი, როდესაც მშობლიურ სახლში მონატრებულს გხვდებიან მშობლები, ნათესავები... ამასთან ერთად იმერული ხაჭაპურის სურნელიც. ალბათ, დედა აცხობს ხომ?

- ულამაზესი დედა და განსაკუთრებული მამა მყავს. დღესაც კი ვერ ანებებს თავს გამუდმებულ სტუმარმასპინძლობას და სტუმრის მოფერებას.

იმ პერიოდში, როდესაც ბაგრატიონებისა და ჩვენი ოჯახის შესახებ ინფორმაცია თავისუფლად გავიდა, ღვანკითში ჩვენს ოჯახშიც რამდენიმე ჟურნალისტი გვეწვია. მახსოვს, ერთი ინტერვიუს ასაღებად მეორედ დაბრუნდა და თან მთელი ოჯახი, მეუღლე და შვილები მოიყვანა. მახსოვს, როგორ გამიხარდა მეც და ჩემს ოჯახსაც. იმიტომ, რომ იმ ქალმა შვილები ჩვენს გასაცნობად მოიყვანა, უნდოდა ერთი ქართული ტრადიციული ოჯახი ენახათ.

იცით, როდესაც ქართველი ხალხის სულიერ ღირებულებებზე მიფიქრია, მუდამ იმ დასკვნამდე მივსულვარ, რომ ჩვენ უფრო სიყვარულისკენ მიდრეკილი ერი ვართ, ვიდრე ბოროტებისაკენ. იცით, რატომ? სულიერი კულტურა გვაქვს ძალიან მაღალი. ზეცამდე ადის ჩვენი სიმღერა. ჩვენს სისხლშია სტუმარმასპინძლობა - სიყვარულის უდიდესი იარაღი. ჩვენ ბოროტება ვერ დაგვიმორჩილებს, რასაც ხელს ის უწყობს, რომ გამუდმებით ვიბრძვით ღირსების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ქვეყნის შესანარჩუნებლადაც ხომ სულ ვიბრძვით.

- ახლა ვხვდები, რატომ არასოდეს გქონიათ სამშობლოდან სამუდამოდ წასვლის სურვილი.

- სამუდამოდ? არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონდა. კარგად როგორ ვიყო, თუ საყვარელი ადამიანების გვერდით არ ვიქნები?! პირიქით, მე იმაზე ვწუხვარ, რომ ბევრმა დატოვა სამშობლო და მეეჭვება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ოდესმე დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ბავშვებს, რომლებიც უცხოეთში დაიბადნენ და ის გარემო გაითავისეს, ძალიან გაუჭირდებათ სამშობლოში დაბრუნება. კი ბატონო, ქართველი კაცი ყველგან საქართველოზე ფიქრობს, ცდილობს შვილს ქართული ენა ასწავლოს, ჩოხა ჩააცვას, მაგრამ ახალი თაობის უკან დაბრუნება ძნელად გამოვა. მინახავს ხალხი, რომ დაბრუნებულან და ისევ უკანვე წასულან, რადგან სხვა გარემოს მიჩვეულმა ბავშვებმა საქართველოში ვეღარ გაძლეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყანა დარჩება და გადარჩება.

ისე კი, მოგზაურობა ძალიან მიყვარს, სიამოვნებით ვნახავ სამყაროს, რომლის მოვლის შანსს უფალი სიცოცხლესთან ერთად მხოლოდ ერთხელ გვაძლევს.

- თუმცა ყველა მოგზაურობა უნდა დამთავრდეს მყუდრო მშობლიური სახლით და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრით.

- ასეა. ამ ბედნიერებას ვერასოდეს შეველევი. გამიჭირდება სხვაგან ყოფნა შობა-ახალ წელიწადს, თუ არა მშობლიურ სახლში, სადაც ღვთისმშობლის სადიდებელი ყველა ოჯახში წარმოითქმება. სადაც ლხინი ყველა ოჯახს გამოივლის და ბოლოს ბაგრატიონებთან დამთავრდება.

მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს, საამისოდ ჩემს ქვეყანას, მცირედს ჩემი საქმითაც შევეწევი.