“სტალინის შვილმა, სვეტლანამ დამიქირავა პედაგოგად, სანამ ის თბილისში ცხოვრობდა. იმ პერიოდიდან მის ნათესავებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა"
ახალ წელს პიანისტ ლეილა სიყმაშვილს რომ ეწვევი ინტერვიუსთვის, სამართლიანი უნდა იყო და თქვა, რომ პროფესია განებივრებს, მით უმეტეს, თუ ინტერვიუს ფონად გასდევს მუსიკალური მოტივები ლეგენდარული "კავკასიური ცარცის წრიდან". ქალბატონი ლეილა დღესაც რობერტ სტურუას ამ სპექტაკლთან ასოცირდება. ის 43 წლის განმავლობაში რუსთაველის აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი გახლდათ.
- 1976 წელს ზაარბრიუკენში "კავკასიური ცარცის წრითა" და "სამანიშვილის დედინაცვლით" ჩავედით. "კავკასიურზე" ხომ გაგიჟდნენ და "სამანიშვილზე", ქართულ პიესაზე, სულ გადაირივნენ, ეს ვინ ყოფილხართო. გასტროლები რომ დავხურეთ, თეატრში იმხელა ბანკეტი გაგვიმართეს, მთელი გერმანიის ელიტა იქ იყო: მსახიობები, რეჟისორები, კომპოზიტორები... დიდი საკონცერტო როიალი იდგა, მე რომ მიყვარს, ისეთი, დავჯექი და რასაც ჰქვია, დავიმხე იქაურობა თავზე. გია ყანჩელი ეჭვიანობდა ხოლმე, ახლა არ მიხვიდე პიანინოსთანო, მეტყოდა ხოლმე. ჯანო კახიძე კი სულ მეუბნებოდა, გეხვეწები, ამას ნუ უსმენ, ჩემო ნიჭიერო, მე გამახარე, ამას ნუ აქცევ ყურადღებასო...
თბილისში, შაუმიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით, გვერდით ევდოშვილის ქუჩა იყო, სადაც დაიბადა ბიძაჩემი (დედაჩემის მამიდაშვილი) ბიძინა კვერნაძე, იროდიონ ევდოშვილის შვილიშვილი. ბიძინას დედა იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო. სკოლაში მაინცდამაინც არ მიყვარდა სწავლა. კონსერვატორიაში რომ ვაბარებდი, იონა ტუსკიამ არ მიმიღო, ეს უნიჭობის განსახიერება საიდან მოიყვანეთო და პირად საქმეში ჩამიწერა: случайное явление в искусстве. მოკლედ, მეორე წელს ჩავირიცხე, ძლივს გადავედი პირველიდან მეორეზე, მეორიდან მესამე კურსზე. ერთხელაც მე და რეზო ოჩიგავა აუდიტორიაში ჩავიკეტეთ და ჯაზი ვუბერეთ, ამის გამო კონსერვატორიიდან გაგვრიცხეს. ეს რომ მოხდა, 1964 წელი იყო. მივიდა ბიძინა სულხან ცინცაძესთან, რას დაერიე ჩემს ნათესავებსო, ამის მერე აღმადგინეს. როგორც იქნა, დავამთავრე კონსერვატორია, დიდი სამიანი დამიწერეს. ჰოდა, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, მსოფლიო ორჯერ მოვიარე ამ სამოსანმა გოგომ, არგენტინა, მექსიკა, ინგლისი, შოტლანდია, ისრაელი...
- თეატრში როგორ მოხვდით?
- ცნობილმა ქორეოგრაფმა იური ზარეცკიმ ვახტანგ ჭაბუკიანს წაართვა ჩემი თავი და რობერტ სტურუასთან მიმიყვანა. მაშინ რევაზ მირცხულავა "ფარისეველთა შეთქმულებას" დგამდა, პიანისტი დეკრეტში გავიდა, ამიტომ ზარეცკიმ მითხრა, პრემიერა აქვთ, შენ უნდა დაუკრაო. თეატრში რა მინდა-მეთქი, გავიკვირვე. ეს თეატრი არ არის, ჭაბუკიანთან რომ უკრავო?
- ჭაბუკიანთან უშუალო ურთიერთობა გქონდათ?
- 11 წელი მისი პიანისტი ვიყავი, უჩემოდ გაკვეთილს არ ატარებდა. თუ სხვა შევიდოდა რეპეტიციაზე, а где Сикма? - მიკითხავდა ხოლმე. რომ წავედი, 1 წელი არ მელაპარაკებოდა. მე დღემდე ბალეტს მივტირი. 1991 წელს ავსტრალიაში რომ ვიყავით გასტროლებზე მე, რამაზი და 12 კაცი, იქ შემომთავაზეს სამსახური ავსტრალიის ბალეტში, 3 ან 5-წლიანი კონტრაქტი, რამდენიც გინდაო. წამოვედი სასტუმროში, ვრეკავ თბილისში, ჩემს ძმასთან, მაგარი სამსახური ვიშოვე-მეთქი. დარჩი, დედაჩემს უშენოდ დავმარხავო. თურმე უკვე ცუდად იყო დედა. რა ცხოვრება მელოდა, მე კი გამოვიქეცი და ახლა უსახლკაროდ ვარ, ნაქირავებში... მე უკვე შეგუებული ვარ ჩემს ბედს, შვილი და შვილიშვილი მეცოდებიან. მე რომ გასტროლებზე მივდიოდი, ჩემი გოგო, თამუნა, დედაჩემმა გაზარდა, ისე როგორც მერე მე გავზარდე ჩემი შვილიშვილი. ახლა მოგიყვებით, როგორ გაჩნდა თამუნა "კავკასიურ ცარცის წრეში".
- მიხეილის როლზე ჰო?
- კი ბატონო. გასტროლები როგორც გამოცხადდებოდა, საბჭოთა კავშირის ფარგლებში ბავშვების წაყვანის უფლება გვქონდა, საზღვარგარეთ - არა, იქაური ბავშვი უნდა აგეყვანა "კავკასიურზე". მივდივართ რიგაში გასტროლებზე. ვსხედვართ მე, თამუნა და დედაჩემი, უკან რობიკო, მესხიშვილი და დათო პაპუაშვილი, მათ უკან ჩახავა, ყანჩელი და თბილელი. თამუნას არასდროს შეეძლო ნორმალურად ჯდომა. სავარძელში დადგა, შეტრიალდა და უყურებს სტურუას. თამუნა, ითამაშე რა "კავკასიურში"? - ეუბნება რობიკო. "არა! მე სცენაზე არ გამოვალ". თბილელი უყვირის: "გოგო, არ გინდა დედაშენი ვიყო?!" არ მინდაო, მკვახედ მიახალა. ეს რა ბალღია, როგორ გადავაწყვეტინოთ სცენაზე გამოსვლაო, დაფიქრდა რობიკო. მეორე დღეს ისე მოხდა, რომ სპექტაკლისთვის ბავშვი ვერ მონახეს. რობიკომ, თამუნა, ბავშვი არ გვყავს, წადი, გამოიქეცი და იზას ჩაეხუტეო. დათანხმდა... გაატარეს რეპეტიცია და იმ ღამეს ითამაშა. სპექტაკლი რომ დამთავრდა, სცენაზე მაყურებელმა სათამაშო პიანინო ამოუტანა და გაგიჟდა ბავშვი სიხარულით, ხვალაც ვითამაშებო. ეს იყო 1981 წელი და მას მერე 6 წელი თამაშობდა მიხეილს. სხვათა შორის, თამუნას შვილმა გიორგიმაც ითამაშა მიხეილის როლი 1998-დან 2005 წლამდე.
- როგორ წარიმართა შემდგომში თამუნას ცხოვრება?
- 2000 წელს მიწისძვრამ ბინა დამინგრია. კომისიამ გამოგვიცხადა, სასწრაფოდ დაცალეთ ბინა და გადადით ნაქირავებშიო. თავიდან ის დანგრეული ფართობი გავყიდე 10. 000 დოლარად. ქირის ფული რომ გამომელია, ჩემს შვილსა და შვილიშვილს მოვკიდე ხელი და რუსეთში წავედი.
- ვისთან?
- “სტალინის შვილმა, სვეტლანამ დამიქირავა პედაგოგად 1984-დან 1986 წლამდე, სანამ ის თბილისში ცხოვრობდა, ვამეცადინებდი მის ქალიშვილს, ოლიას. იმ პერიოდიდან მის ნათესავებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. შემდეგ, მოსკოვში, კირა ალილუევამ, სტალინის ცოლისძმის, პავლიკას შვილმა შეგვიფარა. 10 წელი ვიცხოვრეთ იქ.
2006 წელს პუტინმა ქართველების დევნა დაიწყო, იძულებული გავხდით, თამუნა ხარკოვში უახლოეს მეგობართან გამგზავრებულიყო. იქ 10 წელი იცხოვრა. ქართულ რესტორანში მენეჯერიც იყო, მიმტანიც, თარჯიმანიც... იქაურ ბიჭზე, სერგეი პლატოვზე გათხოვდა. ქორწილში ვერ ჩავედი, არალეგალი ვიყავი მოსკოვში, 2006 წელს ქართველები რომ გამოყარა პუტინმა, კირამ გადამარჩინა. მეზობელმა დამასმინა, ალილუევასთან ქართველი ოჯახი ცხოვრობსო. მოვიდა მილიცია, კარი მე გავაღე და მეკითხება, სიყმაშვილი აქ ცხოვრობსო? მე ვარ-მეთქი. წამოგვყევითო! კირამ ოთახიდან იკითხა, ვინ არიანო, მილიცია ჩემს წასაყვანად მოვიდა-მეთქი. გამოვიდა კირა, სამხრეში ჩაავლო ხელი, შემოდი აქო! შეიყვანა ოთახში, სადაც ყველა კედელზე სტალინის ფოტო ეკიდა... სად მოხვედი, იციო?! - ჰკითხა. მილიციელმა რომ მიიხედ-მოიხედა, აღარც მილიციელად ვარგოდა და აღარც კაცად. მხოლოდ იმას ლუღლუღებდა, პრასტიტე, იზვინიტეო, და წავიდა...
- ალილუევების ნახევარი სტალინმა გაისტუმრა იმ ქვეყნად და მაინც იმისი ფოტოები ჰქონდა ოთახის კედლებზე გამოფენილი?
- სულ ყველა დაიჭირა, კირაც ციხეში იჯდა... მცირე თეატრის მსახიობი იყო, სცენიდან წაიყვანა ციხეში და მაინც მზე და მთვარე ამოსდიოდათ სტალინზე.
თამუნა და მისი ქმარი ტკბილად ცხოვრობდნენ. მე და გიორგი (შვილიშვილი) რომ წამოვედით მოსკოვიდან, ისინიც ჩამოვიდნენ ხარკოვიდან. მერე ჩემი სიძე დედამისის მოსანახულებლად დაბრუნდა. თამუნას უკრაინული პასპორტი უნდა აეღო და ორივე იტალიაში მიდიოდნენ, მაგრამ უკრაინაში ომი დაიწყო... ჩემი სიძე 3 თვის წინ დაიღუპა კრამატორსკში. ხარკოვში დაასაფლავეს. 24 ოქტომბერს ჰქონდა დაბადების დღე... 43 წლის უნდა გამხდარიყო....
ახლა სიარულიც მიჭირს, თუმცა სახლში რამდენიმე მოსწავლე დადის. მარიუპოლელი 13 წლის მოსწავლე მყავს. უსაყვარლესი ბიჭია, ფული არ შემომთავაზოთ, თორემ ჩემთან ვერ შემოდგამთ ფეხს-მეთქი.
- მსახიობებიდან ვისთან მეგობრობდით?
- ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი შვილის ნათლია ზეიკო ბოცვაძე იყო. 1971 წელს გავიცანი რამაზი, მას შემდეგ სულ ერთად ვხვდებოდით ახალ წელს. სოფიკო ჭიაურელი ჩემი სულის მეგობარი იყო. მის გაცნობამდე მამამისი გავიცანი. 1973 წელს, როცა უკვე ვმუშაობდი რუსთაველის თეატრში, კინოსტუდია "ქართული ფილმში" დაგვიბარეს, სადაც მიხეილ ჭიაურელმა კინოსტუდიის მსახიობთა სასწავლებელი გახსნა. დირექტორი იყო გივი თოხაძე, ვასწავლიდით მე, მიხელ ჭიაურელი, ლანა ღოღობერიძე... დღემდე მწერენ ყოფილი მოსწავლეები... ყველა მიყვარს.
მიხეილ ედიშეროვიჩმა, ასე ვუწოდებდით, სახლში დამპატიჟა და ასე გააცნო ოჯახს ჩემი თავი: это кривоногая и касаглазая, но ნიჭიერი კახელი. ვერიკომ უთხრა, მიშა, სადა აქვს დაგრეხილი ფეხებიო?.. მე რომ ვიტყვი, შენი ბეჭდის დასმა არ უნდაო, გაიცინა ბატონმა მიშამ.
ერთ მშვენიერ დღეს მიშა ჭიაურელმა კოლეგებს უთხრა, საქმეზე მიმყავსო, და ჩამისვა "ვოლგაში". გაჩერდა კინო "რუსთაველის" წინ, გადმომიყვანა. კინოთეატრის ორივე კარი გაიღო, მიხეილ ჭიაურელი მოვიდა ვიღაც ბავშვთან ერთადო. დაიწყო ფილმი, ბარბარა სტრეიზანდის მონაწილეობით ახალგამოსული "სასაცილო გოგონა". უნდოდა ყველაზე დაგრეხილფეხებიანი კახელისთვის ეჩვენებინა ის ფილმი. რომ დამთავრდა, ადგომა ვერ მოვახერხე. მოგეწონაო, ბატონმა მიშამ. კი-მეთქი. გინდა 6-საათიან სეანსზეც დავრჩეთო? კი-მეთქი. დავრჩით. არ ჰბეზრდებოდა ეს ფილმი, არც მე. მეორე დღეს ოჯახში წამიყვანა, დამსვა როიალთან, დაუკრა თვითონაც...
რომ იცოდეთ რას უკრავდა და მღეროდა... ერთადაც ვიმღერეთ "ყვავილების ქვეყანა". მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, რომ ჩაგვეწერა სამახსოვროდ. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ მოგონებად დარჩა.
- თქვენი ქმარი ვინ იყო?
- "რეროს" კონფერანსიე, ქართლოს კასრაძესთან ერთად მიჰყავდა კონცერტები. როცა ფილარმონიაში ვმუშაობდი, იქ გავიცანი და გაჩაღდა რომანი... 1965 წელს მოვაწერეთ ხელი. 1971 წელს როცა ოთარი გამეყარა, ჭაბუკიანმა რომ გაიგო, გაგიჟდაო, უკითხავს გაკვირვებულს. სინამდვილეში დედამთილს არ ვუნდოდი, არ მინდა მუსიკოსი რძალიო. ჩემი ქმარი გასტროლებზე იყო, დედამთილმა ჩანთა ჩამილაგა და სახლიდან გამომიშვა. ჩემი ქმარი რომ ჩამოვიდა და იკითხა, სად არის ჩემი ცოლიო, დედამისს უთქვამს, შენმა ცოლმა თავისი გზა მონახა, შენთვის აღარ სცალიაო. იმან დაიჯერა. მერე დედამისის შერჩეულ ექთანზე იქორწინა. თუმცა ლოგინად რომ ჩავარდა, ოთარი უვლიდა. წლების მერე, ჩემი ყოფილი დედამთილი რომ კვდებოდა, (ჩვენ ერთი უბნელები ვიყავით), უბანში საბნების მკერავი გვყავდა, არექა, სთხოვა, ლეილა მომიყვანე, ბოდიში მინდა მოვუხადოო. მართლაც მოსულა ჩვენთან და დედაჩემს უთქვამს, ლეილა ერთი თვით გასტროლებზეაო. ჩემს დედამთილს დაუბარებია არექასთვის, მე 1 თვე ვერ ვიცოცხლებ და სიტყვა მომეცი, როცა ნახავ, ეტყვი, შენმა დედამთილმა ბოდიში მოგიხადაო. ეს იყო 1981 წელს...
- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- მთავარი ცხოვრებაში შუბლზე დაწერილი ბედია.
- საშობაოდ რა სურვილები გაქვთ?
- ჩემს ჭერზე ვოცნებობ... უკვე შეტანილი მაქვს საბუთები კახა კალაძის პროექტზე "არც ერთი უსახლკარო" და ველოდები, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გულით, სულით ვუსურვებ ჩემს ქვეყანას გაბრწყინებას. არ მინდა ქართველს გაუჭირდეს, არც ჩემნაირად, არც ჩემზე უარესად, მხოლოდ ბედნიერება მემეტება ჩემი ხალხისთვის. მადლობა, რომ გახსოვართ, მადლობა, რომ გიყვარვართ. გკოცნით თქვენი ლეილა სიყმაშვილი.