"მერვეკლასელო, როგორ ხარ?“
"ამერიკაში ისევ ჩემმა პროფესიამ მიხსნა - მოვედი ქართული კულტურის ცენტრში და დავაარსეთ საბავშვო თეატრი, უფრო სწორად, უკვე იყო საბავშვო თეატრი, სადაც მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი მიგვიწვიეს. შეიქმნა ნიუ-იორკის ქართული თეატრიც და ამან გადაგვარჩინა. 2008 წლის 15 სექტემბერს, როცა ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცის" პრემიერა ვითამაშეთ, სპექტაკლის დასასრულს მე და ხათუნამ სცენაზე ერთად შევძახეთ, "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" დიახ, თეატრმა და ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა და დღემდე ეს მაცოცხლებს", - მეუბნება ემიგრაციაში მყოფი ქართველი მსახიობი ცუცა კაპანაძე, რომელიც ასაკის მატების მიუხედავად, ქართველების მეხსიერებაში ისევ "მერვეკლასელია".
- ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ისე, როგორც ყველა ემიგრანტი. ძალიან მენატრება საქართველო, ყველა და ყველაფერი. ბრუკლინში, ქართული კულტურის ცენტრში საბავშვო თეატრი მაქვს, სადაც 3-დან 10 წლამდე ბავშვები არიან. ახლა "ბულბულის იუბილეზე" ვმუშაობთ და პრემიერისთვის ვემზადებით. პირველი ქართული კულტურის ცენტრი არსებობის 26 წელს ითვლის. მისი ხელმძღვანელები და დამაარსებლები არიან ვიქტორ და ლია სირელსონები. ამის გარდა, სამი თეატრი გვაქვს და ერთ-ერთია ნიუ-იორკის ქართული თეატრი, სადაც ჩვენ - მე, ხათუნა იოსელიანი და აქ დარჩენილი მსახიობები მოღვაწეობენ. ახლა ორკაციან პიესაზე ვმუშაობთ, ვემზადებით პრემიერისთვის - რეზო კლდიაშვილის "იადონას თეატრი", ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდი ნახეს" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი). სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, "მოდი ნახეს" მსახიობი ვიყავი. ბატონ ნუგზარს, რომელიც ჩემი რეჟისორია, ძალიან უნდოდა სპექტაკლი დაედგა და ახლა ორკაციან პიესაზე ვმუშაობთ მე და გიორგი მაისურაძე - მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი მსახიობი, რომელიც ახლა ემიგრაციაშია. პრემიერას, ალბათ, სექტემბერში ვითამაშებთ. აპრილში მექნება გადაღება ნოდარ მარშანიშვილთან მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელშიც მთავარ როლს მერაბ ნინიძე თამაშობს. გადაღება გერმანიასა და ბარსელონაში იქნება. ამერიკაში მოღვაწეობს კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი, ქეთი ორჯონიკიძე, მან ემიგრანტებზე ფილმი "ნანა" გადაიღო, რომელიც ძალიან წარმატებული გახდა. ახლა ქეთი იწყებს სერიალის გადაღებას და მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ვარ. მანამდე გადამიღეს ლევან კოღუაშვილის ფილმში "ბრაიტონი 4", მისი პრემიერა საქართველოში შედგა და დიდი აღიარება მოიპოვა, ის "ოსკარზეც" იყო წარდგენილი ნიუ-იორკში, ტრაიბეკას ფესტივალზე, სადაც ფილმმა სამი გრან-პრი აიღო (საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობის). ლოს-ანჯელესშიც იყო კინოფესტივალზე წარდგენილი და იქაც აიღო პრიზი, შუა აზიაში, საუდის არაბეთში... მოკლედ, "ბრაიტონი 4" 6 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. დიდი მადლობა ლევანს, რომ მომცა შანსი, "ოსკარის" ნომინაციაში გასულიყო ჩემი სახელიც. ფილმში სასტუმროს დიასახლისს ვთამაშობ, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ. ფილმის თემა ემიგრაციაა.
- სიტყვამ მოიტანა და, ძალიან ხომ არ გაგიხანგრძლივდათ ემიგრაციაში ყოფნა?
- ამერიკამ ბევრი გადაგვარჩინა. ის, რომ აქ სამუდამოდ დავრჩე, გამორიცხულია. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მაქსიმუმ 5 წელიწადში უნდა დავბრუნდე...
არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ როცა საქართველოში სამსახური გაქვს, არ უნდა წამოხვიდე იმიტომ, რომ აქ ნულიდან დაიწყო ყველაფერი. აქ ადვილი არ არის საბუთების გაკეთება, ამას ბევრი წელი, ნერვიულობა და ენერგია სჭირდება. 16 წელია აქა ვარ, ბევრი წვალება გამოვიარე, თუმცა ისეთი საბუთები მქონდა, ადვილად მივიღე მწვანე ბარათიც, მოქალაქეობაც. 16 წლის წინ სხვა ამერიკა იყო, ახლა სულ სხვაა, ყველაფერი შეიცვალა და ძალიან გართულდა, ამიტომ ჯობია, სამსახური თუ გაქვს, შენს ქვეყანაში დარჩე. როცა მირეკავენ, რითაც შემიძლია ვეხმარები, ინფორმაცია იქნება თუ სხვა, მაგრამ ყველას ვეუბნები, რომ მანდ ყოფნის შანსი თუ გაქვს, ჯობია დარჩე. ამას რომ ვეუბნები, 99% ერთსა და იმავეს ამბობს, თქვენ მანდ ხართ და ამას ამიტომ ამბობთო, მაგრამ ასე არ არის. ბევრი, ვინც აქ ჩამოვიდნენ, უკან გაბრუნდნენ, სხვა წარმოდგენა და მოლოდინი ჰქონდათ და სხვა სიტუაცია დახვდათ.
- თქვენ რამ გიხსნათ?
- ისევ ჩემმა პროფესიამ - მოვედი ქართული კულტურის ცენტრში, გავაკეთეთ საბავშვო თეატრი... უფრო სწორად, უკვე იყო საბავშვო თეატრი, სადაც მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი მიგვიწვიეს. შეიქმნა ნიუ-იორკის ქართული თეატრიც. 2008 წლის 15 სექტემბერს, როცა ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცის" პრემიერა ვითამაშეთ, სპექტაკლის დასასრულს მე და ხათუნამ სცენაზე ერთად შევძახეთ: "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" დიახ, თეატრმა და ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა და დღემდე ეს მაცოცხლებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ თეატრის შემოსავლით არ ვარსებობ, ამჟამად უმუშევარი ვარ, ბებო, რომელსაც ვუვლიდი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. რთული მოსავლელი არ იყო, - დადიოდა, მოთამაშე ბებო იყო და კარგად ვერთობოდით. ძალიან ცნობილი ბებო გახლდათ, "შინდლერის სია" მასზეა გადაღებული.
- იუმორის ჟანრს უღალატეთ, რითიც მაყურებელმა გაგიცნოთ?
- ახალ წელს ქართულმა რესტორანმა "ნოტა ბენემ" შემომთავაზა და საახალწლო საღამო წავიყვანე. იქ გამოვიყენე ჩემი იუმორი. როგორც ყოველთვის, როცა ჩემი ქართველები მხვდებიან, აღტაცებით მეუბნებიან ხოლმე, ვა, მერვეკლასელო, როგორ ხარო. შემრჩა ეს სახელი... "პა-სეანსელებს" დღემდე გვაქვს ურთიერთობა, ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოვდივართ, თეატრ-სტუდია "მოდი ნახედან".
- ბრუკლინში ბევრი ქართველი ცხოვრობს, უთქვამთ, აქ მოვიწყვეთ ჩვენი პატარა საქართველოო.
- ბრუკლინშია თავმოყრილი ქართველობა და არა მარტო - ბრაიტონზე რომ გაივლით, ქართული ან რუსული საუბრები ისმის, აქ იყრიან თავს, ვინაიდან უფრო ადვილია კონტაქტი, სამსახურის პოვნა.
ქართული კულტურის ცენტრში თითქმის 150 ბავშვი გვყავს, არიან მათი მშობლები და როცა ვიკრიბებით, ჩვენი პატარა საქართველო ეგ არის. ბავშვების უმრავლესობა ქართველია, მაგრამ უფრო შერეული ოჯახებია (დედა ან მამა ჰყავთ ქართველი). მსახიობი იმედა არაბულიც აქაა და როდესაც ახალ პიესაზე მუშაობას დავიწყებთ, სურს ერთად ვითამაშოთ თეატრში. ისიც განიცდის, ძნელია მოსწყდე საყვარელ საქმეს, პროფესიას, თეატრს...
სამშობლოშო ჩამოსვლას ხშირად ვერ ვახერხებ, იქ ძმები და ძმისშვილები, სამეგობრო და ნათესავები მყავს, მშობლები ძალიან ახალგაზრდები გარდამეცვალნენ. მეგობრებიც მყავს ამერიკაშიც. ასე რომ, ერთმანეთს ვაძლებინებთ უცხოობაში.
- კაეშანი უფრო როდის გეძალებათ?
- საკუთარ თავთან მარტო როცა ვარ, სულ თბილისის ქუჩებში ან იმერეთში დავდივარ. დაილოცოს ეს ინტერნეტი, ამან ძალიან შეამოკლა მანძილი და ჩაკლა მონატრებაც - ჩართავ სკაიპს და ყველას ნახავ, ყველას ელაპარაკები, ვხედავთ, როგორ ვიზრდებით და გვემატება ასაკი.
- პირადში რამე სიახლე ხომ არა გაქვთ?
- არაფერი, ველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს და ვნახოთ, თუ მოვა. არ მოვა და არც მაგაზე ვიდარდებ.
- როგორი მოჩანს საქართველო ოკეანის გაღმიდან?
- არ ვერევი პოლიტიკაში, ყველამ თავისი საკეთებელი აკეთოს და აკეთებს. იმდენად მომწონს თბილისი, ისე ლამაზადაა მორთული საახალწლოდ, როგორც კოხტა პატარძალი. 2 იანვარს მაქვს დაბადების დღე და როგორც წესი, სახლში და მეგობრების გარემოცვაში ვატარებ.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ, ყველა სურვილი აგსრულებოდეთ, აღარასოდეს ყოფილიყოს ქუჩაში ხელგამოწვდილი ბავშვი, არც მოხუცი. მალე ჭეშმარიტად დამოუკიდებელი საქართველო გვქონოდეს, აღარ ყოფილიყოს ომი.