მკვლელი „ხლაპუშკები“ - კვირის პალიტრა

მკვლელი „ხლაპუშკები“

ყოველ ახალ წელს, შობას თუ ძველით ახალ წელს ქვეყნის მოსახლეობა დიდი ზარ-ზეიმით ხვდება, რასაც, გრანდიოზული ფეიერვერკებიც ახლავს თავისი შედეგით - დასახიჩრებული ადამიანებით, დამწვარი კიდურებით, დამწვარი საცხოვრებელი სახლებით... უამრავი ადამიანი ახალი წლის მომდევნო დღეებს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო ქირურგიის ეროვნულ ან დამწვრობის ცენტრში ატარებს. ზოგიერთი სახის დაზიანება იმდენად სახიფათოა, რომ ცხოვრებას მიღებული ტრავმებითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით განაგრძობენ. ექიმების თქმით, პიროტექნიკის არასწორად გამოყენებისას მიღებული ტიპის ტრავმიდან გამომდინარე ასაფეთქებელი მასალით დიდი ქსოვილოვანი სტრუქტურა იხლიჩება, ამიტომაც მტევნის ფუნქცია პირვანდელ, ანუ დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობას ვერ უბრუნდება.

"ყველა პაციენტმა დაუშვა მთავარი შეცდომა, პიროტექნიკა რომ დაიკავა ხელში, რაც დაუშვებელია. საახალწლო პიროტექნიკა უნდა ჩაფლათ მიწაში ან დაფიქსირდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, არ შეიძლება მისი ხელით მართვა. პიროტექნიკის აფეთქებით მიღებული დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკურ ტრავმად ითვლება, რადგან ძლიერი ტალღის გამო ჭრილობის გარშემო მდებარე ქსოვილები იჭეჭყება და შეიძლება სრულიად უსიცოცხლო გახდეს. ქსოვილთა დიდი ნაწილის კვდომის გამო მათ ჩანაცვლებასა და აღდგენას არაერთი ოპერაცია სჭირდება და რეაბილიტაციაც ზოგჯერ ხანგრძლივია. პიროტექნიკის არასწორად გამოყენება აზიანებს როგორც კუნთებს, ისე ძვლებს, იმდენად, რომ შესაძლოა მათი აღდგენა ვეღარასდროს მოხდეს.

ძველით ახალი წელი მოდის და ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ ინსტრუქცია და ახსოვდეთ, რომ ქაღალდის მილში აფეთქების ჯამური სიმძლავრე არაფრით ჩამოუვარდება ხელყუმბარისას. ხარისხსა და ფასს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ის საშიშია თქვენი და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია ქირურგიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში, რომლითაც ვიგებთ, რომ დაშავებულთა უმეტესობა 30 წელს გადაცილებულია.

ახალი წლის ღამეს კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო შეფ გურამ ბაღდოშვილმა. მას პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მან საზოგადოებას მიმართა: "ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე!.. ხალხო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფეიერვერკები, მაშხალები, სოლისტები. ძალიან ცუდი ხარისხისაა. პალატაში სამნი ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული. ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, სისულელე ჩავიდინე. მე ამის მაგალითი ვარ!" - დაწერა მან.

ფიზიკური დაზიანების გარდა, ყოველ ახალ წელს ფეიერვერკებს აუცილებლად ეწირება ვიღაცის მატერიალური ქონება. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ახალი წლის ღამეს თბილისში რამდენიმე სახლი დაიწვა, დაზიანდა თბილისის მთავარი ნაძვის ხეც. დაზარალებულებს შორის არის გიორგი მსხვილიძე, რომლის სახლი ხანძარმა გაანადგურა. "დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, მიუხედავად ყოველ ახალ წელს ათობით ხანძრისა, არ კრძალავს პიროტექნიკის, კერძოდ, საახალწლო მაშხალებისა და ფეიერვერკების შემოტანას, გაყიდვას და მოხმარებას (რაც აკრძალულია ნებისმიერ ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოში). დიდი მადლობა გონიერ ქართველ ერს, რომელიც ყოველწლიურად, მიუხედავად ათობით გადამწვარი სახლისა და კიდურებმოგლეჯილი ბავშვების, პიროტექნიკის შეძენას და გამოყენებას განაგრძობს".

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, მხოლოდ დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა. "დაშავებულებს არ დასჭირვებიათ სტაციონარში მკურნალობა, თუმცა ჩვენი გამოცდილებით სერიოზული შემთხვევები ჯერ კიდევ წინ არის.

მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო, ეს არ არის ნივთი, რომლითაც ოჯახში ბავშვები გაერთობიან. სულ რომ ზედმიწევნით დავიცვათ ინსტრუქცია, მაინც შეიძლება სერიოზული ტრავმა მივიღოთ. ჯობს, საერთოდ არ გაეკარონ".

მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც, რომლის თქმითაც პიროტექნიკის ინტენსიურად გამოყენების გამო ცხოველებს წინასწარ მისცეს დამამშვიდებლები და ანტისტრესული პრეპარატები. "პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ და გაუთავებლად დარბოდნენ. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ყველაფერი. ანტისტრესული პრეპარატები ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება. ამასთან, ასეთი შიში, სტრესული სიტუაცია უკვალოდ არასდროს ჩაივლის. შესაძლოა შემდეგ სხვადასხვა სახის დაავადებით გამოვლინდეს. გასულ წელს სტრესის გამო პატარა გნუ დაგვეღუპა. მიუღებელია, როდესაც რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო იღუპება ცოცხალი არსება".

ახალი წლის დღეები, თითქმის მთელი იანვარი, მძიმეა მეხანძრე-მაშველებისთვისაც. როგორც 32 წლის მეხანძრე-მაშველი სანდრო ამბობს, არაერთი გაფრთხილების, მიმართვის, თხოვნის თუ რეკომენდაციის მიუხედავად, ძველი თბილისის უბნების მოსახლეობა არ ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რაც ფეიერვერკების გამოყენებას თან ახლავს.

- ეს იმ ხის ტოტის მოჭრას ჰგავს, რომელზეც სხედან. პიროტექნიკის არასწორად გამოყენება ძალიან სახიფათოა, მაგრამ იმ უბნებსა და რაიონებში, სადაც იტალიური ეზოები და სახლებია, რომელთაც ხის კიბე და აივნები, ფარდულები, სარდაფები და სხვა სათავსები აქვთ, ამ მშრალ და მზიან ამინდებში ცეცხლი იოლად ჩნდება. ყოფილა შემთხვევა, ნაპერწკალი სხვენში შევარდნილა და ცეცხლი უეცრად აგიზგიზებულა.

შობა-ახალ წელს ბევრი ჩვენი მოქალაქე მიდის უცხოეთში, სოფელში ან რაიონში. დაკეტილი სახლის აივანი ყველაზე დიდი საფრთხეა. ზოგჯერ სარკმელს შეღებულს ტოვებენ, საიდანაც შეიძლება ნაპერწკალი შევარდეს სახლში, ფარდაზე ან ხალიჩაზე დაეცეს და ხანძარი გაჩნდეს. ხშირად სახლის ბინადრებს აივანზე უამრავი ადვილად აალებადი ნივთი უწყვიათ მუყაოს ყუთში ან პარკებში ჩალაგებული. სახიფათო ხანძარს აჩენს ბამბა და მისი შემცველი ნივთები, რომლებიც ხრჩოლავენ და მომწამლავ კვამლს გამოყოფენ, თუმცა დაბალი ცეცხლით იწვიან.

ერთხელ სარდაფში გაჩნდა ხანძარი. ნაპერწკალი ღია ფანჯრიდან იმ ადგილას ჩავარდა, სადაც პატრონს სარეცხი საშუალებები ეწყო. ჩვენი მეხანძრე სარეცხი საშუალებების გალღობის შემდეგ შიგ ჩავარდა და ფეხები დაიწვა. გვქონია შემთხვევა, რომ პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო სახლის ჭერი ჩამოინგრა და ცეცხლიც გაჩნდა. როგორც იქნა, ჩავაქრეთ და სახლი დაწვას გადავარჩინეთ. სახლის პატრონმა შემოგვჩივლა, არ მინდოდა ამ უბედურების ყიდვა, მაგრამ ბავშვებს როგორ გინდა აუხსნა, რომ არ შეიძლება, როდესაც გარშემო ყველა ისვრისო. ეს ნიშნავს, რომ ის დაზიანებულ სახლს შეარემონტებს, მაგრამ პიროტექნიკის გამოყენებაზე არც მომავალ წელს იტყვის უარს. რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო, მხოლოდ საზოგადოების ნაწილის სუსტი აქტიურობით არაფერი შეიცვლება.