„არ ჯობია შობა-ახალ წელს „ბომბაჩკებით“ კი არა, „მრავალჟამიერით“ შევეგებოთ?“ - კვირის პალიტრა

„არ ჯობია შობა-ახალ წელს „ბომბაჩკებით“ კი არა, „მრავალჟამიერით“ შევეგებოთ?“

"თუ 2023 წლის ციფრებს შევკრებთ, 7-ს მივიღებთ - რიცხვს, რომელიც ნუმეროლოგიაში მშვიდობის და ბედნიერების სიმბოლოა, ამიტომაც მჯერა, რომ 2023 მშვიდობის და გამარჯვების წელი იქნება", - გვითხრა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ.

- ბატონო ზურაბ, მგონი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შობა-ახალ წელიწადს ორჯერ აღნიშნავენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- მთელი ბავშვობა გურიაში, ლანჩხუთში გავატარე და მახსოვს, როგორი სიყვარულით ხვდებოდნენ ჩვენი წინაპრები ამ დიდ დღესასწაულს. ისინი თითქოს, ქვეცნობიერად გრძნობდნენ, რომ 25 დეკემბერი სინათლის ბნელზე გამარჯვების დღეა. სხვათა შორის, ამას თავად ბუნებაც ადასტურებს: 21 დეკემბერს მთელი წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი ღამეა, 25 დეკემბერს კი დღეს უკვე ერთი წამი აქვს მომატებული. ამ დღეებში თითქოსდა, ნათელი ბნელზე იმარჯვებს და სწორედ ამის სიმბოლოა 25 დეკემბერი - მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინების დღე. სიმართლე გითხრათ, შობას და ახალ წელს ორჯერ რატომ ვზეიმობთ, არ ვიცი. ცუდია, რომ ქართველები ამ საკითხშიც ვერ შევთანხმებულვართ, ამიტომაც გვაქვს ორი შობა და ორი ახალი წელი. ყველა რელიგიური თუ საერო დღესასწაული მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა აღნიშნოს, რადგან ერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის საღვთო საქმეა, ხოლო დაყოფა და გაორება - საეშმაკო.

- ბატონო ზურაბ, რა მოლოდინი გაქვთ ახალი, 2023 წლისაგან?

- მთელი არსებით მჯერა, რომ ეს წელი მშვიდობის და გამარჯვების იქნება, რომ ყველაფერი ცუდი გასულმა წელმა წაიღო.

- ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობა-ახალი წლის დღეებში საქართველოში 70 მილიონი ლარის პიროტექნიკა გაიყიდა. ხომ შეიძლებოდა ამ ფულით გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდით?

- სულ მაინტერესებს, ვის შემოაქვს ჩვენთან ეს საწამლავი?! ნაცვლად იმისა, ახალ წელს "მრავალჟამიერით" და დალოცვით ვხვდებოდეთ, ჩვენ "ბომბაჩკებით" ვეგებებით. პიროტექნიკის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ზიანდება, ფრინველები და ცხოველებიც იღუპებებიან. მე ბათუმში ვცხოვრობ და წელს ჩემი ქალაქის ქუჩებში დახოცილი მტრედები საკუთარი თვალით ვნახე! რა ბიზნესია ეს და ბიუჯეტში რა თანხა შეაქვს, ან ვის მოსწონს, რომ ყოველ ახალ წელიწადს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხმაური და ღრიანცელია? როგორც ვიცი, ეს ჩინური ტრადიციაა: ჩინელებს სწამდათ, რომ მზის დაბნელების დროს გველეშაპი მზეს ჩაყლაპავდა, ამიტომ ხმაურობდნენ, რომ გველეშაპი დაეფრთხოთ. ჩვენ ვის ვაშინებთ?

- ძველით ახალ წელს თუ აღნიშნავთ?

- ნებისმიერი სუფრა და ზეიმი კარგია, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენი ხალხი მთელ იანვარს სმასა და გართობაში ატარებს. ესე იგი, რა გამოდის? - კვირაში ხუთი შაბათი გვაქვს და უქმად ყოფნა მოგვწონს? ეს რანაირი ქრისტიანობაა? სხვათა შორის, ისლამი არაფხიზელ მდგომარეობაში ლოცვას კრძალავს, მათ დღეში ხუთგზის ლოცვა აქვთ, ხოლო ჩვენ - შვიდგზის. თუ მთელი თვე ნაბახუსევზე ვიქნებით, როგორღა ვილოცებთ?

- წეღან ამბობდით, რომ ერთმანეთთან შეთანხმება გვიჭირს, ქართველები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ხშირად კამათობენ...

- უნდა დაგეთანხმოთ, მაგრამ ამას წინათ ამ თემაზე საუბრისას ერთმა ჭარმაგმა ძალიან ჭკვიანმა აჭარელმა კაცმა მითხრა, ცხვარიც დასაკლავად რომ მიჰყავთ, ხომ უცოდველი და უდანაშაულოაო. სამწუხაროდ, ბოროტებას ყოველთვის ეწირება უცოდველი და უდანაშაულო ხალხი. უკრაინელებიც ამ დიდი კონფლიქტის და დიდი ბოროტების ზვარაკად იქცნენ: ორი მონათესავე ეთნოსი ერთმანეთის მოსისხლე მტრად იქცა. მსგავსი რამ ჩვენთანაც მოხდა: გავიხსენოთ, 1990-იან წლებში როგორ წავიდა აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ იარაღიანი ხალხი, როგორ დაუპირისპირდა თავის სისხლსა და ხორცს, რამდენი უბედურება მოუტანა სამეგრელოს სოფლებს, განსაკუთრებით ზუგდიდს! ქართველები თანამოძმეებს არ ინდობდნენ, მთავრობის სასახლეს ტყვიებს უშენდნენ და იმ წლებში ჩვენი სამშობლო ისე განადგურდა, რომ დღემდე წელში ვეღარ გაიმართა!

- ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მტერი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის წარმატებით იყენებდა პრინციპს "გათიშე და იბატონე".

- სამწუხაროდ, დღეს ისიც კი არ ვიცით, რამდენი მტერი გვყავს ან ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი თუ მოყვარე, თუმცა ერთმანეთის მტრობა რომ გვეხერხება, აშკარაა. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩვენი სასიქადულო მსახიობი ოთარ კობერიძე ავღანეთში იყო, ფილმში იღებდნენ, სადაც შაჰის როლს ასრულებდა და რომ ჩამოვიდა, ასეთი რამ მიამბო: იქ ნამდვილი შაჰების შთამომავალი გავიცანი. რადგან ქართველი ვიყავი, გვერდზე დამისვა და მითხრა, გურჯების დამმარცხებელი არავინაა, მხოლოდ ერთი ერია, რომელიც გურჯს დაამარცხებს, ისევ გურჯიო. ახლაც ასეა! თავის დროზე საოცარი სიტყვები თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც დღევანდელ ეპოქას ზუსტად მიესადაგება: "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა... მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"! ახლაც ასეა: ყველა ფიქრობს, ჯიბე როგორ გაივსოს, რომ მერე სავსე ჯიბით თანამოძმე, თავისი სისხლი და ხორცი დაჩაგროს.

- რას უსურვებთ საქართველოს ახალი, 2023 წლისთვის?

- მინდა თქვენს მკითხველს და მთელ საქართველოს დიდი სიყვარულით მივულოცო ახალი წლის მოსვლა და დიდი ილიას სიტყვები შევახსენო: "სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო"!

ჩემი აზრით, ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი: აქ გზაც მოჩანს და გამოსავალიც, რომ ყოველ ახალ წელიწადს ისევ დიდი ილიას სიტყვებს არ ვიმეორებდეთ - "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"

ხათუნა ჩიგოგიძე