ქიზიყური ესკიზები - კვირის პალიტრა

ქიზიყური ესკიზები

ქიზიყელმა თქვა, ერთი კვირაა ახალი წელი დადგა და უკვე იმდენ ღორის ქელეხში ვიყავი, სირცხვილით ღორებს თვალებში ვეღარ ვუყურებო.მხიარულ ამბებს, რომლებიც კახეთის ერთ-ერთ კუთხეში შევკრიბეთ, ქიზიყური ესკიზები შევარქვით. მარო და მიხო, ხაშლამა, ღორის ქელეხი ამ კუთხის ჯანსაღი იუმორის ატრიბუტებია. ჰოდა, სანამ მსუყე ამბებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე პატარა ქიზიყურ ესკიზს შემოგთავაზებთ:

პაციენტი და ექიმი

ექიმი მამაკაცს სინჯავს: - ღვიძლი იგეთ მდგომარეობაში გაქ, რო აქ შენი დედა მოვ... და იქ კიდე შენი ძმაკაცებისაო!

გაგიჟდა პაციენტი ექიმის გამოხდომის გამო, წამოუხტა "ტაფჩანიდან", ეს რეებ მაკადრებ ან მე და ან ჩემ ძმაკაცებსაო!

ექიმი წყნარად პასუხობს: - ბჯო! შენ ღვიძლი გასიებული გაქ, ცეროზი ნიშნებია და მე დალევა უნდა აგიკრძალო. ამის მერე გარეთ გახვალ და ძმაკაცები გეტყვიან, იგე, ექიმთან ხო იყავ, წამო ეხლა, ბატკანი რო გვყავ დაკლული, ჩავუსხდეთ და პური ვჭამოთო. შენ ეტყვი, არა, ძმაო, ექიმმა სასტიკად ამიკრძალა დალევაო! ისენი კიდე გეტყვიან, ერთი ექიმის დედაც მოვ..., წამოო...

ჰოდა, მეც პასუხი უკვე გაგეცით: - აქ შენი და იქ კიდე შენი ძმაკაცებისა!

"ჭიპალა"

სოფელ ზემო მაჩხაანში ცხოვრობდა მძღოლი "ჭიპალა". საბჭოთა ეპოქაში კოლმეურნე რამეს თუ დააშავებდა, არსებობდა ადგილობრივი სასჯელი, თავმჯდომარე პატიმრობისთვის არ სწირავდა მცირე დანაშაულის ჩამდენს და ექვსი თვით ან ერთი წლით ცხვარში უშვებდა სამუშაოდ (ეს კარგად არის ასახული ფილმ "თუშ მეცხვარეში", სადაც მძღოლ ლექსოს 1 წლით ცხვარში უშვებენ სამუშაოდ). ჰოდა, ამ "ჭიპალამაც" ჩაიდინა დანაშაული და თავმჯდომარე ნიკო მამაიაშვილმა ეს ჩვენი ,,ჭიპალა" ცხვარში გაამწესა.

ზემო მაჩხაანს "ქურანჩაზე" ჰქონდა საზაფხულო იალაღები. იმ ზაფხულს თავმჯდომარე ავიდა მთაში ცხვარ-მეცხვარის დასახედად. დაინახა, ცხვარი დინჯად ძოვს და იქვე კომბალს ჩახუტებული და ნაბადში გახვეული "ჭიპალა" ცახცახებს.

- რაო "ჭიპალ", მთამ შამოგიბერა მუცელი?

- ჰო, პეტროვიჩ.

- გონი, რამდენსაც გააკ..., სუ მე მიგზავნი არა?

- იი, როგო ყველაფერი იცი, პეტროვიჩ!

გავიდა დრო. "ჭიპალამ" სასჯელი მოიხადა და დაუბრუნდა თავის მანქანას. ზემო მაჩხაანის კანტორაში საერთო კრებაა. ერთადერთი საკითხი აქვთ - ბუღალტრის, რომელმაც ფული გაფლანგა. მამაიაშვილს არ უნდა ბუღალტრის გაწირვა და ხალხს ასე მიმართა, ხალხო, მეც დამნაშავე ვარ, ვერ გავიგე, ეს როგორ და როდის მოხდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ე ჩვენი ბუღალტერი უცხო ხო არ არი, ჩვენია და ვაპატიოთო. ამ დროს "ჭიპალამ” ხელი ასწია:

- მოკლეთა თქვი, "ჭიპალ", რა გინდა, - უხალისოდ უთხრა კრების თავმჯდომარემ.

- ჯოო, "ქურანჩაზე" გავაკ... და ზემო მაჩხაანში გაიგე, ამან გვერდზე ოთახში ამოტოლა ფული შაჭამა და დავიჯერო არაფერი გაგიგია? - ჰკითხა ,,ჭიპალამ".

***

ბოდბისხევში ბაზრობაზე ვიღაცას ჩაუტანია 3 ტომარა ფქვილი და ყიდის კილოობით, ერთი გახსნა, ორი კი იქვე უდევს. გამოუვლია ქალს და ამოურევია ხელი, გაუსრესია ფქვილი, დაუსუნია და პატრონისთვის უკითხავს, ძარღვიანიაო?

- კიი ქალბატონო, - უპასუხია ფქვილის გამყიდველს.

- კარგა დგება? (თონეში)

- კიი...

- მალე ხო არა ვარდება?

- არააა, კარგა იჭერამს თავსა...

ქალმა ამოურია კიდე ხელი და, ეს არ მამწონს, ეგ აააყენეო (მეორე ტომარა). ვერ ავაყენებ, ინდე, აყენებულია, თუ გინდა წაიღეო, გაჯიუტებულა მეპატრონეც.

ააყე, რო გელაპარაკებიო. ვერ ავაყენებო...

დაირივნენ, ეს ეძახის ააყენეო, ის - ვერ ავაყენებო. შემოეხვიათ თურმე ხალხი და მისულა ქალის ქმარიც. ცოლისთვის დაუყვირნია, გამო, ქალოოო, სანამ ამ შუა ბაზარში არ მეეტ..., იქამდე არ დაანებებ თავსაო?

"ჟმოტი" უშანგა

მაჩხაანელ უშანგი პაპაჩაშვილს ორკარიანი "კოლხოზნიკი" ჰყავდა და კვირაობით ბოდბისხევის ბაზრის მიმართულებით ტაქსაობდა ხოლმე... დიდი მანქანით ან ავტობუსით მგზავრობა 50 კაპიკი ღირდა, მსუბუქით - მანეთი. "კოლხოზნიკი" მსუბუქებში გადიოდა.

ერთხელაც ბაზრიდან გამოვიდა თურმე ამ უშანგის ღვიძლი ბიძაშვილი, პაპაჩაშვილი იოსება. ამ დროს უშანგის რიგია და იოსებაც ჩაუჯდა მანქანაში.

ამოვიდნენ მაჩხაანში, ყველა იხდის თითო მანეთს და ჩადის.

იოსებას სახლთან რომ მივიდნენ, იოსებამაც ამოიღო მანეთი და მიაწოდაა!

უშანგამ გამოართვა და ეუბნება, რა ვქნა, იოსებ, კვირა რო არ იყოი, ბიძაშვილი ხარ, ფულ არ გამოგართმევდიო.

შე ვირიშვილო, კვირა რო არ იყოი, ბოდბისხევში რა ეშმაკი მინდოდაო, უპასუხა იოსებამ.

ღია გაკვეთილი

დაწყებით კლასებში ქართულის ღია გაკვეთილს დირექტორი ესწრება. ქართულის პედაგოგმა ჰკითხა ბავშვებს, მამასახლისი ვინ არის, აბა, ვინ მეტყვისო. გაისუსა კლასი, ბუზიც აღარ ბზუოდა. ერთმა მოწაფემ მოიწყვიტა ხელი ქნევით, მე ვიცი, მე ვიციო. მასწავლებელს გაუხარდა, რომ არ შერცხვა დამსწრეებთან და შეაგულიანა ბიჭი, აბა, გვითხარიო. ბიჭმაც ამაყად უპასუხა, მამასახლისი არის დიასახლისის მეუღლეო. დირექტორმა კი ბევრი იცინა, მაგრამ მასწავლებელი ბიჭს მას მერე სულ 2-იანებით ამკობდა.

"ბუივანიჩი"

სოფელში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად, ბიჭიკო, ივანეს ძე. უწყისზე ხელს ასე აწერდა: ბ. ივანიჩი.

მაჩხაანელებსაც მეტი რა უნდოდათ და შეარქვეს "ბუივანიჩი". საუკეთესო მექანიზატორი იყო! ახალი ტექნიკა თუ შემოვიდოდა სოფელში, ბუივანიჩს უნდა აეწყო და დაემონტაჟებინა. 70-იანი წლების ბოლოს სკოლაში ტრაქტორების შემსწავლელი გაკვეთილები დაამატეს მეათე კლასში და "პედაგოგად" ბუივანიჩი დააყენეს, მაგრამ პედაგოგობისა არა ესმოდა რა - გაკვეთილზე პაპიროსს მოუკიდებდა, ან ვინმე თუ არ მოეწონებოდა, გაჩერდი, შე ვირიშვილოო, ეტყოდა და ა.შ.

მოკლედ, დირექტორის ყურამდე მივიდა ბუივანიჩის "პედაგოგიური" მოღვაწეობის ამბები. დაიბარა და ეუბნება, ივანიჩ, შენი საქციელი არ მამწონს, მასწალებლად არ გამაიდგებიო!

ბუივანიჩმა, რატოო? ეგრე ბავშვებ ვერ ასწავლი ტრაქტორისტობასო, მიუგო დირექტორმა.

ვალიკო, აი, შენ ხო ისტორიი მასწალებელი ხარ, ერთი მაჩხაანელებიდან ისტორიკოსი ვინ გამოიდა, ეგ მიპასუხე, სუ ტრაქტორისტები არ გამოდიანო?!

პაემანი ,,ჰაერში"

წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს თბილისში ოპერის თეატრი დაიწვა. მის აღდგენამდე ვაჟა-ფშაველაზე, პროფკავშირების სასახლეში იმართებოდა საოპერო წარმოდგენები.

შეყვარებული გოგო და დედამისი დგანან ქალაქის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებაზე.

ჩამოუარა ამ გოგოს შეყვარებულმა ბიჭმა და პაემანი დაუნიშნა "ჰაერში", ანუ უსწრაფესად, ოთხითვინა, ოპრიწინაო. გოგომაც, უცბათ აუღო ალღო და ასეთივე ენაზე შეეკითხა, რომლიწინა, ახლიწინა თუ დამწვრიწინაო? ახლიწინა, ახლიწინაო, მიუგო ბიჭმა. სასიდედროც კაი ოხერი კახელი იყო და "სასიძოს" გეეძრახა, ოთხითვინ ვერ მოა, გიტრიკვრი წრეზე დადისო.

"მარშრუტკით"

გურჯაანის "მარშრუტკა" გადის ვაგზლიდან. მანქანაში ამოვიდა ერთი გარე მოვაჭრე და მოსცხო: ,,აბა ჩიფსები, აბა შოკოლადებიიი". მიყიდ-მოყიდა და ჩავიდა. ახლა მეორე ამოვიდა: ,,აბა, ზეფირი, აბა კარამელი", დაიძახა, მიყიდ-მოყიდა და ჩავიდა. მარშრუტკა გადავსებულია და ელოდება, მესამე გარე მოვაჭრე როდის გაყიდის ფანტა-კოკა-კოლა-სპრაიტს. ჩავიდა ისიც და უკანა რიგიდან გამწარებული გურჯაანელი წამოუხტა მძღოლს, შე დედააფეთქებულო, სანამ შილა-ფლავს არ ჩამაატარებენ, ეგრე უნდა ვიდგეთ დაქოქილი "მარშრუტკით" გაჩერებაზეო!

კახური მეტსახელები:

ქრისტე ჯემალა - მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.

გამაიღე ანზორა - 9 შვილი ჰყავს.

ცვრიანი კაკო - ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.

აგენტი მიშა - ყურის აპარატი უკეთია.

მიქელა დალი - სამი ქმარი გაისტუმრა საიქიოს.

ჩაწეული ვანო - ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.

თოფილულა გურამა - ძალიან დიდი ნესტოები აქვს.

ქართველი რეზო - დედა რუსი ჰყავს და ცოლი სომეხი.

უკრაინა ზვიადა - თმა ყვითელი აქვს და ლოთობის გამო, ლურჯი სახე.

მლაშე ვანო - ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში და გადარჩა.

ჩარიდუ გრიშა - მარცხენა ხელზე 4 თითი აქვს და მარჯვენაზე - 2.

ტურისტი მახოია - ზურგჩანთასავით კუზი აქვს.

უკარება თენგო - ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.

მთელი ლიზიკო - 80 წლის გაუთხოვარია.

არკა გია - მხოლოდ წინა ორი კბილი შერჩა.

წითელქუდა თამაზა - ბებიამისი მგელმა შეჭამა.

ნელი ვარდიაშვილი