„უამრავი ცნობილი ქართველის გამიხარებია შარჟებით“ - კვირის პალიტრა

„უამრავი ცნობილი ქართველის გამიხარებია შარჟებით“

"კარიკატურა ერთ-ერთი ურთულესი დარგია მხატვრობაში, ათასი მხატვრიდან ორი-სამი თუ შეძლებს კარიკატურის სწორად დახატვას. ერთხელ სერგო ზაქარიაძის კარიკატურა დავხატე ფილმიდან "ჯარისკაცის მამა", სადაც პერსონაჟი აცრემლებული სახით იყურება. იმის მიუხედავად, რომ კარიკატურაა, მნახველში ძალიან დიდ სევდას იწვევს", - ამბობს ნიკოლოზ კემულარია (კემო), რომელიც "კვირის პალიტრას" თავის შემოქმედებაზე ესაუბრა:

- თქვენ მსოფლიო მხატვარ-კარიკატურისტთა გაერთიანების წევრი ხართ, სადაც 7 500 რეგისტრირებული მხატვრიდან 800-მდეა გაერთიანებული. თვე-ნახევრის განმავლობაში ორჯერ მოხვდით მსოფლიო სამეულში, კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოს მხატვრები მონაწილეობდნენ. რა შეცვალა თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში ამ ყველაფერმა?

- გამარჯობა, მივესალმები თქვენს მკითხველს... პირველად 2009 წელს ავიღე მეორე ადგილი, საერთაშორისო კონკურსების საიტზე, სადაც 33 ქვეყნის კარიკატურისტი მონაწილეობდა.

მას შემდეგ იყო რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვება სხვადასხვა ქვეყანაში. 2019 წელს ამერიკის საერთაშორისო კონკურსების გაერთიანებაში (ISCA) მეორე ადგილი ავიღე, სადაც ცნობილი და გამოცდილი ჟიური აფასებდა მონაწილეებს, კერძოდ, ჯეისონ სეილერი, პოლ მოსი და ჯეფ სტალი... მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ფესტივალი 2012-ში, სადაც ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემმა ნახატმა ცნობილი ავსტრალიური ვებსაიტ CARICATUREKINGS.com-ის ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც დღესაც ვთანამშრომლობ ამ კომპანიასთან.

kemo4-1673191234.jpg

- თქვენ ქართული იუმორის ენციკლოპედიაშიც ხართ შესული. გვიამბეთ ამის შესახებ...

- რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ქართული იუმორის ენციკლოპედია და მეც მხვდა წილად მასში მოხვედრის ბედნიერება სხვა ცნობილი ადამიანების გვერდით. გვარიდან გამომდინარე კახი კავსაძესა და აკაკი კვანტალიანს შორის აღმოვჩნდი, რაც ორმაგად სასიხარულოა.

- გითქვამთ, რომ საზღვარგარეთ ბევრად გაფასებენ, ვიდრე სამშობლოში.

- ძალიან რთული და ეკლიანი გზა გამოვიარე. ძნელია, საყვარელი საქმე აქციო შემოსავლის წყაროდ, მით უმეტეს, ხელოვნების იშვიათი მიმდინარეობა, რომელზეც წინა წლებში არცთუ დიდი მოთხოვნა იყო. კარგია, რომ დღეს ხალხის დაინტერესება კარიკატურით გაიზარდა, ეს კი ჩემი და ჩემი მეგობრების დაუღალავი შრომის შედეგია.

kemo3-1673191234.jpg

- დისნეიდან გქონდათ შემოთავაზება, როგორ გადაწყდა ეს საკითხი?

- ერთ-ერთ ფესტივალზე გავიტანე ლუი დე ფიუნესის კარიკატურა და ფესტივალის მონაწილე "დისნეის" მხატვარს მოეწონა ჩემი კარიკატურა. მან შემომთავაზა "დისნეიში" სატესტო რეჟიმში მუშაობა. სწორედ მაშინ იწყებდნენ "Frozen"-ის მეორე სერიაზე მუშაობას. სამწუხაროდ, პირადი პრობლემების გამო ვერ მოვახერხე მუშაობის დაწყება, რასაც დღესაც ვნანობ. ხანდახან გვიწევს უარის თქმა იმაზე, რაც ყველაზე ძალიან გვინდა.

- კარიკატურის ნახვა სახალისოა, მაგრამ მისი დახატვა არც ისე იოლია. გვიამბეთ მსოფლიოსა და საქართველოში ცნობილი ადამიანების კარიკატურებზე, ვინ დაგიხატავთ?

- კარიკატურა ერთ-ერთი ურთულესი დარგია მხატვრობაში. ათასი მხატვრიდან ორი-სამი თუ შეძლებს კარიკატურის სწორად დახატვას. ერთხელ სერგო ზაქარიაძის კარიკატურა დავხატე ფილმიდან "ჯარისკაცის მამა", სადაც პერსონაჟი აცრემლებული სახით იყურება, იმის მიუხედავად, რომ კარიკატურაა, მნახველში ძალიან დიდ სევდას იწვევს. ამ ნახატმაც მეორე ადგილი აიღო საერთაშორისო ასპარეზზე, ბრიტანელ მსახიობ ვინი ჯონსს გადავეცი ჩემი ნახატი, როცა თბილისში გახლდათ, უამრავი ცნობილი ქართველის გამიხარებია შარჟებით.

kemo2-1673191234.jpg

- თუ შეგხვედრიათ იუმორს შემომწყრალი ადამიანები, რომლებიც თქვენს კარიკატურას გაუბრაზებია?

- დიახ, ხანდახან ხდება. ერთხელ შეყვარებული წყვილი დავხატე ლუდის ფესტივალზე. ცოტა ხანში ბიჭი მოვარდა, დახია ნახატი და გაიქცა, თან მომაძახა, ამ ნახატის გამო ჩემმა შეყვარებულმა იტირაო... მთავარია, ნახატის შინაარსით არ ვაყენებდეთ შეურაცხყოფას ვინმეს, თორემ ყველამ კარგად ვიცით კარიკატურას რამხელა ძალა აქვს და როგორი იარაღია.

- მოწაფეები თუ გყავთ?

- დროის უქონლობის გამო არა მყავს. 14 წლის წინ მქონდა "კემოს სტუდია", სადაც ახალგაზრდებს ხატვას ვასწავლიდი. დასანანია, რომ კარიკატურაში ჯერ ვერ გამოჩნდა ახალგაზრდა, რომელიც ჩემს თავს გამახსენებს 20 წლის წინ, როდესაც დიდი მონდომებით ვცდილობდი ამ დარგის შესწავლას.

- ახლახან ჩატარდა ფესტივალი ფიროსმანის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ.

- გაჩნდა იდეა, რომ ჩვენ (Art&Society da RAY-11) ჩაგვეტარებინა ნიკალას 160 წლის იუბილესთან დაკავშირებული საერთაშორისო კარიკატურების ფესტივალი "ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება", სადაც მსოფლიოს 32 ქვეყნის 132 მხატვარი მონაწილეობდა. გასაოცარია, შორეული ქვეყნებიდანაც გამოგზავნეს ნამუშევრები და სელფვიდეოები, სადაც მოგვითხრობენ, თუ რას ფიქრობენ ფიროსმანზე. ეს საქართველოს ძალიან დიდი პოპულარიზაციაა საზღვარგარეთ. გამოიცა ალბომიც, სადაც შევიდა ფესტივალში მონაწილე ყველა მხატვრის ნამუშევარი. ჟიური ხუთკაციანი იყო: ზალიკო სულაკაური, ვალენტინ ქიბრიტი (რუმინელი კარიკატურისტი), მე, კატო ჯავახიშვილი და სალომე ჭანტურიძე. პირველ ადგილზე გავიდა ქართველი მხატვარი ზურაბ მარხვაშვილი, რომელსაც ჯილდოდ 1.000 ევრო ერგო, მეორეზე უკრაინელი იგორ ტალალაი (700 ევრო), ხოლო მესამე ადგილი (500 ევრო) ორმა გაიყო - მენექშე ჩამიმ (თურქეთი) და ლუკა კიკნაველიძემ. ჩვენ ვერ ჩავატარებდით ამ გრანდიოზულ ფესტივალს, რომ არ დაგვხმარებოდა კულტურის სამინისტრო, მადლობა მას!

kemo5-1673191234.jpg

- წელს სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც იყო თქვენს შემოქმედებაში.

- დიახ, წელს მომიწია მუშაობამ გაგლოსა და რეი-11-ის ერთობლივ ანიმაციურ პროექტზე "ალუდა ქეთელაური", სადაც ანიმაციის ფონები შევასრულე. ვიმუშავე ყველასათვის საყვარელი ჟირაფ ჟოზეს საახალწლო სერიის ფონებზე, რომელიც ახალ წელს გაახარებს პატარებს. სხვა ნამუშევრები ჯერ არ გამოქვეყნებულა, საიდუმლოა...

რაც შეეხება მომავალს, ძალიან მინდა მეოთხე პერსონალური გამოფენის გამართვა, რომელსაც დიდი ხანია ვერ მოვაბი თავი და იმედია, 2023-ში მაინც შევძლებ. მინდა კარიკატურების წიგნის გამოცემაც, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანის კარიკატურა შევა. აპრილში მიწვეული ვარ თურქეთში კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალზე, იზმირში, სადაც ჩემს მეგობარ ზალიკო სულაკაურთან ერთად მივემგზავრები.