„ერთი ახალი წელი მოგვპარა და ჩაგვიბნელა რუსეთმა, მაგრამ მომდევნო წლები მისთვის ჩაბნელდება“ - კვირის პალიტრა

„ერთი ახალი წელი მოგვპარა და ჩაგვიბნელა რუსეთმა, მაგრამ მომდევნო წლები მისთვის ჩაბნელდება“

ხშირად გათიშული დენი, წყალი და გაზი, სირენების გამაყრუებელი განგაში, ბომბსაფრები, რუსული რაკეტების, ჭურვებისა და არტილერიის შეტევით აზანზარებული ქალაქები და სოფლები - ასეთია უკრაინის ყოველდღიური ცხოვრება. გამონაკლისი არც ახალი წლის დღეები ყოფილა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.

როგორ შეხვდა ქვეყანა ახალ წელს, შეეჩვივნენ თუ არა ომში ცხოვრებას და რას ელოდებიან ახალი წლისგან - ეს არის თემები, რომლებზეც ადგილობრივებს ვესაუბრეთ. ყველაზე მძიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ამბებია.

მიწასთან გასწორებული ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი რუსეთის თავდასხმის პირველივე თვეებში იქცა უთანასწორო ომის სიმბოლოდ. რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც თვეების განმავლობაში ბლოკადაში ცხოვრობდნენ, რუსმა სამხედროებმა ფილტრაციის ბანაკის გავლით რუსეთში გადაიყვანეს. ნაწილმა სარდაფებში, დაბომბილი შენობების ნანგრევებსა და ფარეხებში დამალვა შეძლო, გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქალაქზე კონტროლი დაამყარა, იქაურობის დატოვება ვეღარ შეძლო.

62 წლის ვალია ერთ-ერთი მათგანია. ოჯახის წევრებს დიდი ხნის განმავლობაში დაღუპული რომ ეგონათ. მან ალყას თავი დააღწია და ქალაქის გარეუბანში ქმრის სახლს შეაფარა თავი.

- ჩვენი მეზობლების დანგრეული სახლის სარდაფიდან გამოვიტანეთ ნაძვის ხის სათამაშოები. ნაძვი არა გვაქვს, მაგრამ არა უშავს. ერთი კუთხე მოვრთეთ, განწყობისთვის, რომ არ გავგიჟდეთ. ახალი წელი მარიუპოლში მხოლოდ კალენდარულად შემოდის, სხვა არაფერი შეცვლილა. აქ უმეტესობა ასეა, ოჯახის წევრები ჩემსავით "ომის ღობის" მიღმა დარჩათ. ეს იცის ახალმა ხელმძღვანელობამ, განსაკუთრებით კოლაბორაციონისტები ფრთხილობენ. თავიდან უფრო მედიდურობდნენ, მბრძანებლობდნენ, ახლა რბილი ძალით ცდილობენ აქაურობის ათვისებას, თუმცა კატეგორიულად ამბობენ, აწი არაფერი შეიცვლება, ერთად ვიცხოვრებთ და მორჩაო!

ქალაქში ისედაც არანორმალური სიძვირე იყო, ახალი წლისთვის კი უფრო მოიმატა. კილოგრამი ხორცი 500 რუბლზე მეტი ღირს, კილოგრამი შაქარი 60 რუბლი, თითქმის იგივე ფასი აქვს მარილს. ერთი ლიტრი ზეთის ფასი 200 რუბლამდე ავიდა, სამჯერ გაძვირდა პური. ახალ წლამდე დენი და ტრანსპორტი უფასო იყო, ახლა კი გვეუბნებიან, რომ "დანარჩენ რუსეთში" 2023 წლიდან ყველაფერი ძვირდება და ეს ჩვენც შეგვეხება. ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები შემოიყვანეს, მძღოლები ყირიმიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოჰყავთ, ისევე, როგორც გზის მშენებელი მუშები. ეს მაშინ, როცა ჩვენი ხალხი მხოლოდ პენსიებით ცხოვრობს, ვისაც პენსია არა აქვს, მას ნაგვის გატანაზე ამუშავებენ, თან უნდათ ყველაფერი ისე შეფუთონ, თითქოს აქ ცხოვრება დუღს, ყველა ბედნიერია, ისე, როგორც საძულველი საბჭოთა კავშირის დროს. მხოლოდ იმაზე წუხან, რომ სპირტიანი სასმელები გაძვირდა. მათთვის ეს ტრაგედიაა.

რამდენიმე ახალმა ხელმძღვანელმა საახალწლო კონცერტის გამართვაც დააპირა, მაგრამ მერე ვეღარ გაბედეს. მარიუპოლი ულამაზესი ქალაქი იყო, ლაღი და მხიარული ადამიანებით, რამდენი ხანია, ბედნიერი წყვილი არ შემხვედრია.

ამას წინათ სილამაზის სალონები გაიხსნა. იქაც სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოსულები მუშაობენ. სურსათის, ტანსაცმლისა და სხვა ნივთების მაღაზიებიც იხსნება, მაგრამ ყველგან უცხო ადამიანები ან კოლაბორაციონისტები მუშაობენ.

რუსეთიდან ჩამოყვანილები დაასაქმეს სახლების, მიკრორაიონების აღდგენაზე. გზისპირა სახლებს არემონტებენ. ჩვენი სახლის სახურავის გაკეთება დაიწყეს. ინტეგრირებულ ახალ ქალაქს, რაიონს, დასახლებას ქმნიან.

ukraina2-1673192943.jpg

- ადგილობრივებს რატომ არ ამუშავებენ, არ ენდობიან?

- დიახ, ეშინიათ, არ დავნაღმოთ, არ ჩავხოცოთ... ხუმრობით ვეუბნები, ლამის სუნთქვას გვიკონტროლებთ, მაგრამ ჩვენი მაინც გეშინიათ-მეთქი.

ავტობუსის მძღოლი "კალაშნიკოვით" ზის საჭესთან, რადგან ეშინია, რომელიმე მგზავრმა უეცრად ყელი არ გამოსჭრას. იმდენად ეშინიათ ჩვენი, რომ მოხუც დედასთან დაბრუნების მსურველი ქალი არ შემოუშვეს ქალაქში მხოლოდ იმიტომ, რომ მისი და ინგლისში ცხოვრობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ შემოვუშვებთო.

ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ეს დროებითია და ერთი წელი დასჭირდება, ორი თუ მეტი, ჩემი ქვეყანა გაუძლებს და ამ კოშმარს დაასრულებს.

ამ ერთი წლის განმავლობაში უამრავი რამ ვნახეთ, შიმშილი, სიცივე, სიკვდილი, ცრემლი, წყურვილი, მაინც გადავრჩით და ახლა დანებების უფლება არა გვაქვს.

მე და ჩემს ქმარს ქალაქიდან წასვლაზე არც გვიფიქრია, რადგან ჩემი შვილი "აზოველია", მარიუპოლს იცავდა, რამდენჯერმე დაიჭრა. ქალაქის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ჩვენთან კავშირი დაიკარგა, ჩვენ კი შვილისგან რაიმე სიგნალს ველოდით.

ჩვენს საცხოვრებელ კორპუსს რუსულმა რაკეტამ ჯერ ერთი სადარბაზო "ჩამოათალა", შემდეგ სახურავი გადახადა. მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით და ჩემი ბინა ღია ცის ქვეშ დარჩა. როდესაც მარიუპოლის იმ სკოლის შენობის სარდაფში ვიყავით, რომელიც დაბომბეს, მაშინ ჩემი მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავდა ჩახუტებული და ღმერთს შევპირდი, ამ წყალობის გამო არასდროს არაფერზე ვიწუწუნებ-მეთქი...

ირინა ბრაგინეცი, ხერსონი: - ნაძვის ხე მაინც დავდგით და ამით ვცადეთ იმ მძიმე დღეების დავიწყება. ხშირად არ გვაქვს დენი და წყალი, გაზი ჯერ არის. ადვილი არ არის გაძლება, მაგრამ ჩემმა შვილებმა ისედაც ბევრი ცუდი ნახეს და ამ ახალ წელსაც ვერ გავაუქმებინებ ოკუპანტს.

რამდენიმე დღის წინ, ხერსონის რეგიონის დაბომბვისას, 5 კაცი დაიჭრა. რუსული ძალები უტევენ ქალაქ ბერისლავსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დნეპრის მეორე მხარეს რუსულმა სამხედრო ძალებმა ადგილობრივ ბაზარს ტანკიდან ესროლეს. დაჭრილებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მათი ხერსონიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. ჩვენ პერიოდულად სისხლს ვაბარებთ სისხლის ბანკში.

ომია, შესაძლოა სადღესასწაულო განწყობა არ არის, მაგრამ სიცოცხლე საჩუქარია და ყოველი დღით უნდა დატკბე. ეს ამ თითქმის ერთწლიანმა ომმა უფრო ნათლად დაგვანახა.

ჩემი ძმა მოხალისეა. ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს ჰყვება. სახლში უამრავი ტკბილეული მოაქვს, აქაურები უნაწილებენ. ის ცხელ წერტილებში დარჩენილებს პურით, წყლით, სანთლებით, მედიკამენტებით, კონსერვებითა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათით ეხმარება. ხერსონი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი წავიდა, მაგრამ ყველანი ვერ წავალთ. აქ მყოფებს უამრავი პრობლემა გვაქვს, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანები დარჩნენ, თუმცა მათ ახალგაზრდებზე მეტი გამძლეობა და მოთმინება აქვთ. აქ ხშირად შეხვდებით მოხუცებს თვითნაკეთი ორთვალათი, რომლითაც წყალსა და შეშას ეზიდებიან. აქ დარჩენილებმა საახალწლოდ ერთად მოვამზადეთ კერძები. გარეთ გვაქვს ღუმელი, სადაც მორიგეობით ვამზადებთ.

ჩემს მეზობლად ბერძენი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ექიმები. ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს დაეხმარნენ. მათ შესთავაზეს წასვლა, მაგრამ არ წავიდნენ, ეს ჩვენი ქვეყანაა, სად უნდა წავიდეთო. არადა, ვიცი, საბერძნეთში წასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასეთი ადამიანების თავდადებით გაძლო უკრაინამ ამდენი ხნის განმავლობაში. ერთი ახალი წელი მოგვპარა და ჩაგვიბნელა რუსეთმა, მაგრამ მჯერა, მომდევნო წლები მისთვის ჩაბნელდება. რუსეთს ძალიან უნდა ჩვენი მოსახლეობა შიშისგან ქვეყნიდან გააქციოს, შუქისა და წყლის გარეშე დატოვოს, წელში გაწყვიტოს, მაგრამ ვერ ეღირსება. თუ ხერსონის ერთი ქუჩა ან რაიონი ცარიელია, მეორე ქუჩაზე აუცილებლად იპოვით თუნდაც შუაცეცხლის გარშემო შემოკრებილ ღიმილიან ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ამხნევებენ და ხვალინდელ დღეს იმედით შესქცერიან. ამ დღეებში ძალიან დაბალ ტემპერატურას ვარაუდობენ. ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ჩვენთან მკაცრი ზამთარი იცის. ამიტომ გამაგრდა ხალხი ეზოებში მოწყობილ საცხოვრებლებში, ფარეხებსა და ფარდულებში, რუსეთმა ისევ რომ დაბომბოს, დენისა და გაზის მიწოდება შეწყდეს, კორპუსებში გაიყინებიან, ამიტომ მუდმივად ცეცხლი უნთიათ. მორიგეობენ, რომ არ ჩაქრეს.

ლესია, კიევი: - ახალი წლის წინა საღამოს რუსეთის იერიშს 3 უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენები ამბობენ, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით მხოლოდ ერთ ღამეში 40 დრონი გამოუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა გაანადგურეს, მანამდე კი იყო საჰაერო იერიშები, რომლებმაც ნგრევა მოიტანა.

ახალი წლის ღამეს ერთადერთი რამ ვინატრეთ - ჩვენებს წინსვლა ჰქონდეთ. უკრაინა იბრძვის, ჩვენ მშვიდობა და განვითარება გვინდა. ასიათასობით ადამიანი დაეცა გმირულად უკრაინის მიწაზე, ჩვენები, ქართველები, ბელარუსები, ამერიკელები, პოლონელები, აზერბაიჯანელები...

როგორც კი ჩვენი ბიჭები წინ წაიწევენ, რუსული რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობაზე იწყებს იერიშს. მეტი რა შეუძლიათ, ეშინიათ ჩვენი. მათი ჯარი დემორალიზებულია, ყოველდღე გარბიან, ტყვედ ბარდებიან. სოლედარში გაყინულ ჯარისკაცებს ადგილობრივები პოულობენ, ათბობენ და ჩვენი ტერიტორიული უსაფრთხოების ბიჭებს აბარებენ. ეს იცის მტერმა, ამიტომაც უტევს კვირაში ორჯერ ან ერთხელ მაინც უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას, ცდილობს გაგვტეხოს, მაგრამ ეს არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ომში ვცხოვრობთ. ჯერ ზამთარი წინ არის. არ ვიცით, კიდევ რა "სიურპრიზს" გვიმზადებს ოკუპანტი, მაგრამ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ჩვენთან არის და გადავიტანთ.